ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. ხვიჩას ჯილდო „ნაპოლისა“ და „ლეჩეს“ მატჩამდე გადაეცემა, რომელიც შაბათს, 26 ოქტომბერს, ნეაპოლის „სტადიო დიეგო მარადონაზე“ გაიმართება – ინფრმაციას სერია A-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გულშემატკივრების გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ აჯობა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც ბრემერი („იუვენტუსი“), კასტრო („ბოლონია“), კუტრონე („კომო„), დიმარკო („ინტერი“) და პულიშიჩი („მილანი“) არიან.
„თვის საუკეთესო ფეხბურთელობის ექვსი ნომინანტი ანალიტიკური პლატფორმის Stats Perform-ის ანალიზის გამოყენებით შეირჩა. K-Sport-ის მიერ 2010 წელს დაპატენტებული და მეცნიერულად დადასტურებული რეიტინგული სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ, არამედ პოზიციურ მონაცემებსაც. ეს საშუალებას იძლევა გაანალიზდეს ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები, როგორიცაა ბურთის გარეშე მოძრაობა, ასევე წვლილი გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში, რაც თამაშის ობიექტური და ხარისხობრივი შეფასების საშუალებას იძლევა“, – წერია სერია A-ს ოფიციალურ გვერდზე.
„კვარაცხელია „ნაპოლისა“ და მთელი ჩვენი ლიგის სიმბოლოა. ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც თავისი ხარისხიანი თამაშით ყოველთვის შეუძლია მატჩის შედეგის გადაწყვეტა. ხვიჩა ასევე პოზიტიური ფიგურაა ახალგაზრდებისთვის, ის ერთგულებისა და მიზანმიმართული შრომის სიმბოლოა, რაც აუცილებელია შედეგების მისაღწევად.
კვარაცხელია თვის საუკეთესო ფეხბურთელი მეოთხედ გახდა და ამ მაჩვენებლით პაულო დიბალას დაეწია, ვისაც ეს ჯილდო ასევე ოთხჯერ აქვს მოპოვებული“, – განაცხადა სერია A-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლუიჯი დე სიერვომ.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ხვიჩა კვარაცხელიამ სამ თამაშში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
წყარო: 1tv.ge
ნანახია: 272
მსგავსი სიახლეები
clickss