იტალიური სპორტის მსოფლიო დღე!
9-15 სექტემბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება „იტალიური სპორტის დღე“, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიზანია, სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაცია. ეს ინიციატივა შესანიშნავი შესაძლებლობაა არა მხოლოდ სპორტის (როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და კვების ხელშემწყობი ინსტრუმენტის) ინკლუზიურობის, ეკოლოგიური მდგრადობისა და ინოვაციურობის, არამედ სპორტის აღმზრდელობითი ფუნქციისა და სპორტში ჩართული ახალგაზრდული კომპონენტის მნიშვნელოვანი როლის წარმოსაჩენად.
იტალიური სპორტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც წელს პირველად აღინიშნება, იტალიის საელჩო, Sports Orient-სთან თანამშრომლობით, სპორტის მოყვარულებსა და გულშემატკივრებს გამორჩეულ ღონისძიებას შესთავაზებს: 11 სექტემბერს თბილისში ჩატარდება სპორტის შედარებით ახალი, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სახეობის - პადელის - ტურნირი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს განსაკუთრებული სტუმარი იტალიიდან, ვეტერანი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა: ლუკა ტონი, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული და პირველი იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა.
იტალიის ნაკრების ყოფილ მოთამაშესთან ერთად, პადელის ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ „აიაქსის“, გლაზგოს „რეინჯერსისა“ და „ალკმარის“ ყოფილი ფეხბურთელი და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად აღიარებული შოთა არველაძე, პალერმოსა და ემპოლის საფეხბურთო გუნდების ყოფილი მოთამაშე ლევან მჭედლიძე და თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ქართველ ნახევარმცველად აღიარებული ჯანო ანანიძე.
ტურნირი გაიმართება 11 სექტემბერს, 19:00სთ-ზე, Gym Breeze-ის პადელის კორტზე (თბილისი, ნინოშვილის ქ. 64). არ გამოგრჩეთ! მოდით, ერთად აღვნიშნოთ იტალიური სპორტის მსოფლიო დღე!
ნანახია: 314
მსგავსი სიახლეები
clickss