საქართველომ პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სპორტი
30-08-2024 14:18
პარიზის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა - 19 წლის ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ (52 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სადებიუტო პარალიმპიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან ეგვიპტელი სალმა ალი აბდ მონეემ ჰასანი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.
ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ აზნაურაშვილი და პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი ესწრებოდნენ.
ანა ჯაფარიძე მესამე ქართველი პარასპორტსმენი ქალია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო. ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები ნინა თიბილაშვილმა და ინა ქალდანმა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი პირველად ერგო.
პარიზის პარალიმპიადაზე კიდევ ერთმა ქართველმა პარატაეკვონდოისტმა ლია ჩაჩიბაიმ(47 კგ) იასპარეზა. იგი მაროკოელ ნაუალ ლარიფის დაუპირისპირდა და შეხვედრა მინიმალური სხვაობით - 11:12 დათმო.
აღსანიშნავია, რომ ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ.
30 სექტემბერს საქართველოს ღირსებას დაიცავენ პარატაეკვონდოისტი გიორგი ნიკოლაძე, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული და პარამძლეოსანი დავით ქავთარაძე.
ნანახია: 535
მსგავსი სიახლეები
clickss