ირაკლი კობახიძე - პარიზის ოლიმპიადა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი იყო ქართული სპორტის ისტორიაში
პარიზის ოლიმპიადა იყო ყველაზე წარმატებული, საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც ოლიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართა.
ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატებები მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის დამსახურებაა.
„საქართველომ ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი - სამი ოქროს, სამი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი და ამით გავიდა პირველ ადგილზე გუნდურ ჩათვლაში, რაც მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ. ჩვენ გავედით 24-ე ადგილზე მსოფლიოში. ესეც არის საუკეთესო შედეგი და არის მთლიანად გუნდის, თითოეული სპორტსმენის, მწვრთნელებისა და პერსონალის, ოლიმპიური კომიტეტის დამსახურება და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს გუნდს არ ჰყავდა არცერთი ნატურალიზებული სპორტსმენი. თქვენ ხედავდით, რომ არაერთი ქვეყანა ფონს გადიოდა სწორედ ნატურალიზებული სპორტსმენებით. ჩვენს შემთხვევაში, მთლიანად ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ჩვენი გუნდის წარმომადგენლები და ასეთ დროს კიდევ უფრო მეტად არის დასაფასებელი ის წარმატება, რომელსაც მივაღწიეთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა თითოეულ მედალოსანს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ტატო გრიგალაშვილს. მასთან მქონდა საუბარი, როცა მივულოცე ვიცე-ჩემპიონობა და მისი გამარჯვება იყო განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან მან გატეხა ნავსი, აიღო პირველი მედალი. გახსოვთ, რომ სტარტით ცოტა უკმაყოფილო ვიყავით, თუმცა, მისი მედლის შემდეგ ერთმანეთს მიეწყო და ყოველი შემდეგი დღე იყო უკვე ძალიან წარმატებული. მადლობა ტატოს ამ ძალიან დიდი წარმატებისთვის და იმ სტიმულისთვის, რომელიც მან მისცა სხვა სპორტსმენებს. ლაშა ბექაურმა დაამტკიცა, რომ არის წარმოუდგენელი ტალანტის მქონე სპორტსმენი და მადლობა მას განსაკუთრებული წარმატებისთვის. ზედიზედ ორი ოქროს მედალი არის ის, რაზეც ოცნებობს ნებისმიერი სპორტსმენი და არ შეიძლება, ლაშას განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრათ ოქროს მედლისთვის. ძალიან დიდი მადლობა ილია სულამანიძეს. ძალიან ცოტა დააკლდა ჩემპიონობისთვის. ყველას გული დაგვწყდა, მაგრამ ვიცე-ჩემპიონობა არის ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენს გულებში ის არის ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა, მგონია, რომ ამას მაინც გაფორმება სჭირდება და დარწმუნებული ვარ, 4 წელიწადში ეს ჩემპიონობა გაფორმდება. ვულოცავ ვიცე-ჩემპიონობას ილია სულამანიძეს. ლაშა გურულს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. სხვადასხვა სახეობებში ჩვენ ველოდებოდით მედლებს, თუმცა, კრივში დიდი ხნის განმავლობაში არ გვქონდა წარმატება. აქ ლაშამ გატეხა ეს ნავსი და აქედან გამომდინარე, ორმაგად დასაფასებელია მისი მედალი. მადლობა მას ამისთვის. ვულოცავ კიდევ ერთხელ ბრინჯაოს მედალს. გენო პეტრიაშვილს განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობდით წინა ოლიმპიადის ფინალის შემდეგ. ყველას გვახსოვს ის დრამატული წამები და ყველაზე მეტად იმსახურებდა ეს კაცი ოლიმპიურ ჩემპიონობას. ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას, წარმოუდგენელ ბედნიერებას, რომელიც მოგვანიჭა თითოეულ ჩვენგანს. ლაშა ტალახაძეზე რა შეიძლება ითქვას, ეს კაცი არის უბრალოდ ლეგენდა - ზედიზედ სამი ოქროს მედალი სამ ოლიმპიადაზე, - სიტყვები არ მყოფნის, როგორ შეიძლება ამ კაცს მადლობა გადავუხადოთ, მადლობა კიდევ ერთხელ და ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას. გივი მაჭარაშვილს ძალიან დიდი მადლობა. ვულოცავ მასაც წარმატებას, ვიცე-ჩემპიონობას, ძალიან დიდი წარმატებაა ეს ყველაფერი. ისეთი მიზანდასახული კაცია, დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩემპიონობასაც ვერაფერი დაუდგება წინ და ვუსურვებ წარმატებებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ტრადიცია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
„ჩემპიონების შემთხვევაში არის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი, პრიზიორებისთვის - ღირსების ორდენი და დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ბოლომდე იქნება მიყვანილი. მინდა თითოეულ თქვენგანს წინასწარ მოგილოცოთ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები. ვფიქრობ, ეს არის ის ტრადიცია, რომელიც უნდა გაგრძელდეს. განსაკუთრებული ფასი აქვს იმ ჯილდოებს, რომელთაც თქვენ იღებთ სპორტულ ასპარეზობებზე, თუმცა, სახელმწიფო ჯილდოს სხვა ფასი აქვს და ვფიქრობ, ამ ტრადიციას მომავალშიც აუცილებლად ასე გავაგრძელებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მადლობა გადაგიხადოთ და მინდა მადლობა გადავუხადო ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს, თითოეულ სპორტსმენს, რომელიც იყო წარმოდგენილი ჩვენს ოლიმპიურ გუნდში. ჩვენ ვიცით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთის გვერდში დგომას, ერთმანეთის გამხნევებას და სწორედ ასეთი სულისკვეთება იყო ჩვენს ოლიმპიურ გუნდში, რასაც ყველა ვხედავდით, - ერთმანეთს ამხნევებდით, ქომაგობდით. აქედან გამომდინარე, 28-ვე სპორტსმენის წვლილი საერთო გამარჯვებაში არის განსაკუთრებული. ყველას დიდი მადლობა ამისთვის. ამ გუნდში წარმოდგენილნი იყვნენ ჩვენი განსაკუთრებით ღვაწლმოსილი სპორტსმენები. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ქალბატონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მეათედ იყო წარმოდგენილი ოლიმპიადაზე და არაერთგზის იყო ჩვენი გუნდის მედროშე. ქალბატონი ნინო არის ოლიმპიური ჩემპიონი, სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მრავალგზის მსოფლიო, ევროპის ჩემპიონი და, რა თქმა უნდა, როცა ასეთი თანაგუნდელი გყავს, წარმატება უფრო იოლია. ცალკე მინდა ვახსენო ლაშა შავდათუაშვილი - ასევე სამივე სინჯის მედლის მფლობელი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. ასეთი თანაგუნდელებით ბევრად უფრო მარტივია წარმატება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 50 000 ლარის ოდენობის პრემია გადაეცემა გუნდის ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა, წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში.
„ამ წვლილის დასაფასებლად, 50 000 ლარი პრემია გადაეცემა გუნდის უკლებლივ ყველა წევრს, რომელსაც მედალი არ მოუგია ოლიმპიურ თამაშებზე, თუმცა, წვლილი შეიტანა საერთო წარმატებაში. ასევე გაზრდილ პრემიებს მიიღებენ მწვრთნელები, სამედიცინო პერსონალი, სხვა პერსონალი, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ჩვენს გუნდში. ასევე, მინდა ცალკე მივულოცო ქართველებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნების სახელით ასპარეზობდნენ და მიაღწიეს წარმატებას, - ლუკა მხეიძეს, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდიოდა, მინდა მივულოცო ვერცხლის მედალი, ვიცე-ჩემპიონობა. გიორგი მეშვილდიშვილს, რომელიც გამოდიოდა აზერბაიჯანის სახელით, მინდა მივულოცო ბრინჯაოს მედალი. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ჩვენს უდიდეს წარმატებაში, მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს, ოლიმპიურ კომიტეტს, პირადად ლერი ხაბელოვს მისი განსაკუთრებული წვლილისთვის ამ გამარჯვებასა და წარმატებაში. მადლობა ყველა ფედერაციას, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ ოლიმპიურ თამაშებზე. წინ გველოდება პარალიმპიური თამაშები, რასაც ყველა დიდი ინტერესით ველოდებით, და მინდა, თქვენთან ერთად, წარმატება ვუსურვო ამ თამაშების თითოეულ მონაწილეს, ჩვენი გუნდის წევრებს. განსაკუთრებული იყო ეს ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყო ფურცელი ქართული სპორტის ისტორიაში და ყველას განსაკუთრებული მადლობა ამ ისტორიის დაწერისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ოლიმპიელებს სიტყვით მიმართეს და მიღწეული წარმატებები მიულოცეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.
ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
ნანახია: 393
მსგავსი სიახლეები
clickss