ქართველმა მოკრივემ გიორგი ყუშიტაშვილმა სადებიუტო პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა!
სპორტი
29-07-2024 11:20
ქართველმა მოკრივემ, გიორგი ყუშიტაშვილმა (92 კგ), სადებიუტო პარიზის 2024 წ. ოლიმპიადაზე იასპარეზა. გუშინ მან მერვედფინალური შეხვედრა ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან გამართა.
მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით ბრძოლის გამარჯვებული მეორე ნომრად განთესილი ტაჯიკი სპორტსმენი გახდა.
გიორგი ყუშიტაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელია. მან პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია ტაილანდში გამართულ ტურნირზე მოიპოვა.
საქართველოს ღირსებას ოლიმპიადაზე კიდევ ერთი მოკრივე - ლაშა გურული დაიცავს, რომელიც პირველ ბრძოლას 29 ივლისს გამართავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, დღეს პარიზის ოლიმპიადაზე 3 ქართველი იასპარეზებს: ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო, 73 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო,57 კგ) და ლაშა გურული კრივი (63.5 კგ).
ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.
ნანახია: 351
მსგავსი სიახლეები
clickss