VIDEO: საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი სომხეთის დამარცხებით დასრულა
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონში ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. 2 წაგების შემდეგ გიორგი გოლიაძის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები სომხეთს შეხვდა და 2 ქულით – 83:71 (სტატისტიკა) დაამარცხა.
სამწუხაროდ, ეს გამარჯვება საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ საქართველო ჯგუფიდან გასულიყო. გათამაშების ფორმატის თანახმად, პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო გადიოდა, რომელთა ვინაობაც უკვე საწყისი 2 ტურის შემდეგ გაირკვა. აზერბაიჯანმა და კვიპროსმა 2-2 მატჩი მოიგეს, საქართველომ და სომხეთმა კი – წააგეს და მათ შორის გადაულახავი ზღვარი გაჩნდა. ჯგუფის ბოლო, მესამე ტურს პლეი ოფში გასვლის თვალსაზრისით მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტურნირზე ყველა ადგილი თამაშდება, სომხეთთან მოგებას ამ მხრივ ფასი ნამდვილად ჰქონდა.
საქართველო ჯგუფებიდან ვერგასულ კიდევ 3 ნაკრებთან ერთად ბრძოლას მე-5 ადგილისთვის განაგრძობს. A ჯგუფში მე-3 ადგილზე გასული ჩვენი ნაკრები B ჯგუფში ბოლო ადგილზე გასულ გუნდს შეხვდება, რომელიც დიდი ალბათობით გიბრალტარი იქნება, თუმცა თუ ამ უკანასკნელმა დარჩენილ მატჩში მოულოდნელად ალბანეთს სძლია, საქართველოს ალბანეთი შეხვდება.
რაც შეეხება სომხეთთან გამარჯვებას, ჩვენს გუნდს 18 ქულით, 13 მოხსნით და 5 ჩაჭრით ნიცა საბადაშვილმა ულიდერა. ბომბარდირი 21 ქულით ანა მესტუმრიშვილი გახდა, 19 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი ელენე ნიგურიანის ანგარიშზეა.
ნანახია: 342
მსგავსი სიახლეები
clickss