PSP-ს ბლოგი: რა არის კრეატინინი და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?
კრეატინინი ადამიანის ორგანიზმში კუნთების მიერ წარმოიქმნება და ის კრეატინის ნარჩენ პროდუქტს წარმოადგენს. კრეატინი კი, თავის მხრივ, ქიმიური ნივთიერებაა, რომელსაც სხეული კუნთების ენერგიით მოსამარაგებლად იყენებს. საგულისხმოა, რომ რაც უფრო მეტი კუნთოვანი მასა აქვს ადამიანს, მით მეტ კრეატინინს გამოიმუშავებს მისი სხეული.
ენერგიის მოხმარების პარალელურად, კუნთოვან ქსოვილებში მიმდინარე პროცესები სისხლში კრეატინინის გამოყოფას იწვევს. როგორც წესი, ეს ნარჩენი პროდუქტი სისხლში თირკმელების დახმარებით იფილტრება, ხოლო სხეულიდან შარდის საშუალებით გამოიყოფა. თუმცა თირკმელების არასწორმა ფუნქციონირებამ შეიძლება ორგანიზმში კრეატინინის ნორმაზე მეტად ზრდა გამოიწვიოს.
კრეატინინის დონის გაზომვამ შეიძლება მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებს თქვენი თირკმელები. შესაძლოა, ექიმმა გადაწყვიტოს პაციენტის კრეატინინის დონის შემოწმება სისხლში და შარდში. თავის მხრივ, ამ მაჩვენებლის ნორმაზე მაღალი ან დაბალი დონე შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემის არსებობაზე მიუთითებდეს. მოდით, ეს საკითხი უფრო ვრცლად განვიხილოთ.
რას ნიშნავს დაბალი და მაღალი კრეატინინი?
ორგანიზმში კრეატინინის ნორმალური დონე განსხვავებულია რამდენიმე ისეთი ფაქტორის მიხედვით, როგორიც არის კუნთოვანი მასა, ასაკი და სქესი.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში კი წარმოდგენილია კრეატინინის ნორმა ზრდასრულ ქალებსა და კაცებში. მისი დონე გაზომილია მილიგრამებში, სისხლის თითოეულ დეცილიტრში (მგ/დლ):
კრეატინინის დონე |
კაცები |
ქალები |
დაბალი |
0.6მგ/დლ-ზე ნაკლები |
0.5მგ/დლ-ზე ნაკლები |
ნორმალური |
0.6-1.2მგ/დლ |
0.5-1.1მგ/დლ |
მაღალი |
1.2მგ/დლ-ზე მეტი |
1.1მგ/დლ-ზე მეტი |
დაბალი კრეატინინი სისხლში შეიძლება მიუთითებდეს პაციენტის ორგანიზმში მისი გამომუშავების დარღვევაზე. შესაძლოა, ეს მდგომარეობა განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
- კუნთების დაავადება;
- ღვიძლის დაავადება;
- კვების რაციონი;
- ანემია (სისხლში ერითროციტების და ჰემოგლობინის შემცირება);
- ლეიკემია (ძვლის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე);
- ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ჭარბი ზრდა);
- ორსულობა;
- ნერვული აშლილობა;
- ასაკის მატება.
აღსანიშნავია, რომ თუ კრეატინინი სისხლში ნორმაზე მაღალია, ეს ხშირად კუნთოვანი მასის ან ღვიძლის პრობლემებზე მიანიშნებს. შარდში კრეატინინის დაბალი დონის არსებობა კი, როგორც წესი, თირკმელების ფუნქციის დარღვევის ან ჭარბი ჰიდრატაციის ნიშანია.
ორგანიზმში კრეატინინის დაბალი დონით გამოწვეული სიმპტომებია:
- მცირე კუნთოვანი მასა — ძალის ნაკლებობა, ვარჯიშის გაძნელება, გამხდარი ან სუსტი სხეული;
- ღვიძლის დაავადება — ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა მხარეს, დაღლილობა ან გულისრევა.
- კვების რაციონთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორებიც არის სისუსტის ან თავბრუსხვევის შეგრძნება, წონაში კლება.
როგორც წესი, სიმპტომები შეიძლება არა პირდაპირ კრეატინინის დაბალ დონეზე, არამედ ჯანმრთელობის სხვა პრობლემებზე მიუთითებდეს.
რაც შეეხება მაღალ კრეატინინს სისხლში, ის შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი ფაქტორებით:
- დეჰიდრატაცია;
- კვების რაციონი;
- ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში;
- თირკმლის დაზიანება, უკმარისობა ან ინფექცია;
- შოკი;
- გლომერულონეფრიტი (თირკმელების დაავადება);
- დიაბეტი;
- მაღალი წნევა;
- გულის უკმარისობა;
- საშარდე გზების ბლოკირება.
საგულისხმოა, რომ სისხლში კრეატინინის მაღალი დონე, როგორც წესი, თირკმლის ფილტრაციის ეფექტიანობის შემცირებას გვამცნობს; ხოლო მაღალი კრეატინინი შარდში ხშირად კუნთოვან მასას, დიეტას ან ფიზიკურ აქტივობას უკავშირდება.
რაც შეეხება სიმპტომებს, ორგანიზმში კრეატინინის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს:
- გულისრევის შეგრძნება;
- ღებინება;
- დაღლილობა;
- ცვლილებები შარდვაში;
- მაღალი წნევა;
- გულმკერდის ტკივილი;
- კუნთების კრუნჩხვები.
როგორ ტარდება კრეატინინის ანალიზი?
თირკმელების ფუნქციის შესაფასებლად ექიმები კრეატინინის ანალიზის ორ ძირითად გზას იყენებენ:
შარდის ანალიზი
პაციენტის GFR (გლომერულური ფილტრაციის ხარისხი — მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად სწრაფად ფილტრავს თირკმელები სისხლს) შეიძლება მისი შარდის ნიმუშში კრეატინინის დონის გაზომვით შეფასდეს. შესაძლოა, შარდის ნიმუში სამედიცინო დაწესებულებაში აიღოთ ან ის სახლში, 24 საათის განმავლობაში მოაგროვოთ. თუმცა ეს მეთოდი არ არის მოსახერხებელი და, როგორც წესი, აღარ გამოიყენება გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეიძლება საჭირო გახდეს თირკმელების ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტირება.
სისხლის ანალიზი
ექიმებმა შეიძლება პაციენტის GFR შეაფასონ კრეატინინის ერთი სისხლის ნიმუშის გამოყენებით, რომელიც შესაბამის ფორმულაში შეჰყავთ. მასში შეიძლება ასახული იყოს პაციენტის ასაკი და სქესი, ხოლო უფრო ძველ ფორმულებში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას რასა/ეთნიკურობა.
პრაქტიკული მიზეზებიდან გამომდინარე, კრეატინინის დონის შესაფასებლად სისხლის ანალიზი უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე — წინა მეთოდი.
თითოეული ანალიზის ჩატარებამდე ექიმი აგიხსნით, თუ რისი გაკეთება მოგიწევთ პროცედურისთვის მოსამზადებლად — მნიშვნელოვანია, რომ მისი ინსტრუქციები ზედმიწევნით გაითვალისწინოთ.
გაფრთხილება: ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ანალიზის სიზუსტეზე, ამიტომ მოსალოდნელია, საჭირო გახდეს მათი მიღების დროებით შეწყვეტა. ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია, რა თქმა უნდა, ექიმთან უნდა გაიაროთ, გააცნოთ მას იმ მედიკამენტების სია, რომლებსაც იყენებთ ან წარსულში მოიხმარდით.
ნანახია: 119
მსგავსი სიახლეები
clickss