საქართველოში ონკო-ენდოკრინოლოგიის მიმართულებით რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია ტარდება
2024 წლის 18 მაისს, 10:00 საათზე, "გარდენ ჰოლში", „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასიციაციის“ ეგიდით, რიგით მეორე საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია ტარდება თემაზე "მკურნალობის თანამედროვე ტენდენციები ენდოკრინული, ნეიროენდოკრინული და ონკოლოგიური პათოლოგიების თანხვედრისას".
ღონისძების მიზანია, ონკო-ენდოკრინოლოგიის დარგში საერთაშორისო გამოცდილების, მსოფლიოში უახლესი მიღწევების შესწავლა და ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობა. კონფერენციის მომხსენებლები იქნებიან ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი პროფესორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ ექიმებს ონკო-ენდოკრინოლოგიის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კიბოს საწინააღმდეგო თერაპიის ენდოკრინოლოგიური გვერდითი ეფექტები, ასევე პარათირეოიდული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, მკურნალობა და პორსტოპერაციული გართულებები და სხვა.
„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას დაესწრებიან საქართველოში მოღვაწე ენდოკრინოლოგები, ონკოლოგიის სხვადასხვა სფეროში მომუშავე სპეციალისტები, ონკო-ქირურგები, პათომორფოლოგები, რადიოლოგები, ქიმიოთერაპევტები და რაც მთავარია, ღონისძიების მონაწილეების სერთიფიკატები აკრედიტებული იქნება 6 უპგ ქულით.
„ონკო-ენდოკრინოლოგია არის მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ორგანიზმის ჰორმონდამოკიდებული და ჰორმონმაპროდუცირებელი სიმსივნეების ეტიოლოგიას და მკურნალობის მეთოდებს. ერთის მხრივ, ასეთი დაავადებების სტატისტიკურად სარწმუნო მატება, მისი გავრცელების ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემასა თუ ორგანოს, აუცილებელს ხდის, სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსების ჩართვას. მეორეს მხრივ, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ონკო-ენდოკრინოლოგიის, როგორც ცალკე სამედიცინო დარგის არარსებობა განაპირობებს მსგავსი საერთაშორისო კონფერენციების ჩატარების აუცილებლობას“ -აცხადებს „საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი თამარ მაკარიძე.
„საქართველოს ონკო-ენდოკრინოლოგთა ასოციაციის“ ორგანიზებით, პირველი და მასშტაბური საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია, 2019 წელს ჩატარდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეულმა მსოფლიოს წამყვანმა ონკო-ენდოკრინოლოგებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები გააცნეს.
ნანახია: 567
მსგავსი სიახლეები
clickss