ექიმებმა და პაციენტებმა 2024-2030 წწ. საქართველოს იშვიათი დაავადებების ეროვნულ სტრატეგიასა და გეგმებზე იმჯელეს
„გააზიარე შენი ფერები“ - 29 თებერვალს საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს მეთხუთმეტედ შეუერთდა!
თებერვლის ბოლოს, მსოფლიო იშვიათი დაავადებების დღეს აღნიშნავს. დაავადებების ყურადღების ეპიცენტრში მოხვედრის მიზნით, აღნიშნულ დღეს ათასობით ღონისძიება ტარდება, რომელიც უამრავ ადამიანს აწვდის ხმას და იპყრობს მედიის ყურადღებას. 2024 წლის გზავნილია „გააზიარე შენი ფერები“. ამ მოვლენას უკვე მეთხუთმეტე წელია საქართველოც უერთდება.
29 თებერვალს, იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მოეწყო. მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს თბილისის ანძა იშვიათი დაავადებების ლოგოს ფერებში განათდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს იშვიათი დაავადების სიმძიმესა და მკურნალობის მიმართულებით დღეს მიღწეულ შედეგებზე. ასევე, განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: 2024-2030 წწ. საქართველოს იშვიათი დაავადებების ეროვნული სტრატეგია და გეგმები.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში, უკვე არსებობს გარკვეული გამოცდილება იშვიათი დაავადებების მართვის სფეროში. ზოგიერთი მათგანის მკურნალობა უკვე სახელმწიფოს მიერ ფინანსდება, მაგრამ ბევრი დაავადება ჯერ კიდე ელოდება სახელმწიფო ფინანსურ მხარდაჭერას. ჩვენი საქმიანობის ეფექტიანი დაგეგმვის მიზნით, ყოველ წელს თებერვლის ბოლოს, გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდი, ექიმები, პაციენტები და მხარდამჭერები კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და ვისაუბრებთ იშვიათი დაავადებების მართვის საკითხებზე, სად ვართ, რას ვგეგმავთ და რა პერსპექტივა გაგვაჩნია. ამჯერად, პროფესიონალები პაციენტთა საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ 2024-2030 წლების სტრატეგიულ პროექტებსა და გეგმებს, “ - განმარტავს გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ოლეგ ქვლივიძე.
ცნობისათვის, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, რაც დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს და მათი 70% ბავშვთა ასაკში ვლინდება. დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის მკურნალობა, ჯერ კიდევ, შეუძლებელია, თუმცა, ყოველწლიურად მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩნდება არაერთი ახალი ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც პაციენტებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს იშვიათი დაავადებებით გამოწვეულ უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ დაავადების მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩინება, რომლებიც ამ დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში. ამ ღონისძიების მიზანიც ხომ ზემოთხსენებული პრობლემების ერთობლივად გადაჭრის გზების ძიებას ემსახურება. საქართველო იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღეს წელსაც უერთდება. იშვიათად მიიჩნევა დაავადება, რომელიც ვლინდება ყოველ 2000 მოსახლეზე 1-ზე ნაკლებ ინდივიდში. დღეისათვის, 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადებაა გამოვლენილი 60 მილიონზე მეტ ადამიანში ევროპასა და აშშ-ში. ამ დაავადებათა მცირე გავრცელებულობის გამო, სამედიცინო ცოდნა და გამოცდილებაც, ასევე, მცირეა და ეს პაციენტები რჩებიან მიუსაფრებად ჯანდაცვის სისტემაში დიაგნოსტირების, მკურნალობისა და კვლევების სარგებლის კუთხით.
ნანახია: 486
მსგავსი სიახლეები
clickss