იორდანიაში, ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების დასაგეგმად არქეოლოგთა ჯგუფი გაემგზავრა
კულტურა
15-08-2024 12:00
ივლისის თვეში საქართველოს კულტურის მინისტრის იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში იორდანულ მხარესთან შეთანხმდა ქართველ მეცნიერ-არქეოლოგთა გუნდის იორდანიაში გამგზავრება და ქალაქ კარაკის შიჰანის ქართველთა უდაბნო-მონასტრის ნანგრევებზე არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება.
მიღწეული შეთანხმების აღსრულების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ექსპედიციის ხელმძღვანელად მოიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ ლიჩელი.
რამდენიმე დღის წინ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგები შიჰანის მთაზე სამუშაო ვიზიტით გაემგზავრნენ. პროფესორ ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით ისინი ქართველთა მონასტრის ტერიტორიაზე ჩაატარებენ დაზვერვით არქეოლოგიურ სამუშაოებს და შეიმუშავებენ პროექტს ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად. ქართველ არქეოლოგთა ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფება იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელიც.
მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიური სამუშაოების დაგეგმვის პროცესში იორდანიის ტურიზმისა და კულტურულ ფასეულობათა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი არქეოლოგები სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ.
ქართული ექსპედიცია იორდანიაში ბოლო წლების მანძილზე ვეღარ საქმიანობდა; მანამდე ქართველი მეცნიერის, თამილა მგალობლიშვილის, ხელმძღვანელობით ქართული ექსპედიცია იორდანიასა და მის მეზობელ ქვეყნებში ქართულ მონასტრებს აქტიურად აღნუსხავდა და შესაბამის დოკუმენტაციას ადგენდა; მოგვიანებით გარკვეული მიზეზების, მათ შორის პანდემიის, გამო ქართულმა მხარემ არქეოლოგიური სამუშაოებისა და კვლევის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ქართველთა უდაბნო-მონასტერი, ქალაქ კარაკში ყველაზე მაღალ მთაზე, შიჰანზე, მდებარეობდა. ის მე-11 საუკუნეში ქართველმა სასულიერო პირმა გაბრიელ თბილელმა დააარსა და სიცოცხლის ბოლო წლებიც ამ მონასტერში გაატარა. უდაბნო-მონასტერი, მე-13 საუკუნემდე არსებობდა. შემორჩენილია მონასტრის რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს წიგნსაცავშია დაცული.
მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი (ერთგვარი ფილიალი) იყო.
ნანახია: 464
მსგავსი სიახლეები
clickss