ლევილის მამულში ქართული კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილი ფესტივალის მეოთხე კვირა წარმატებით დასრულდა
კულტურა
17-06-2024 13:52
ლევილის ისტორიულმა მამულმა მეოთხე საფესტივალო კვირას საინტერესო და მრავალფეროვან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს უმასპინძლა. ფესტივალი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ლევილის მამულში მეორედ იმართება.
ფესტივალის მხარდამჭერები ასევე არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.
16 ივნისს ფესტივალის სტუმრებმა ლევილის მამულში თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის წარმოდგენა უილიამ შექსპირის „ოტელო" (რეჟისორები დ. ხვთისიაშვილი და გ. მარღანია) იხილეს; მსმენელის წინაშე წარდგა ანსამბლი „ქართული ხმები“.
შეხვედრა გაიმართა ლიტერატურული პრემიის „მუზა“ ლაურეატ ნინო ხოფერიასთან, რომელმაც საზოგადოებასთან საინტერესო საკითხებზე, ქართულ-ფრანგულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ასევე, ,,იუმორინას“ მსახიობმა ბესო ბერულაშვილმა მსმენელს სახალისო ისტორიები უამბო.
მოსულმა სტუმრებმა იხილეს პარიზში მცხოვრები ფერმწერის, მერაბ ბულისკირიას, ოთხი ნამუშევარი: „ის და ღამე, გალაკტიონი”, „პირველი შეხვედრა ევასთან”, „დღევანდელობის ბავშვი” და „თავისუფლება”.
სპორტის მიმართულებით ლევილიში საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა კვლავ შეხვედროდნენ: ნიკა ხარაზიშვილს, გიორგი ლურსმანაშვილს, გიორგი ხმალაძეს, ბაქარ ერაშვილს, მიშიკო ნოზაძეს, ნიკოლოზ გოგალაძეს, ასევე, საქართველოს პარლამენტის წევრს, ოლიმპიურ ჩემპიონს, ქართული ჭიდაობის ფალავანს, შოთა ხაბარელს, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გელა ბერუაშვილსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯემალ წულუკიძეს.
აღსანიშნავია, რომ მოჭიდავეებმა სტუმრებს ქართული ჭიდაობის ილეთები აჩვენეს, რამაც დიდი ოვაციები დაიმსახურა.
გაიმართა კონცერტი ხონის, ოზურგეთისა და ამბროლაურის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, ხაზგასასმელია, რომ ეს მოსწავლეთა პირველი წარდგენაა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ახალგაზრდა შემსრულებლებმა საზოგადოების განსაკუთრებული და დიდი მოწონება დაიმსახურეს.
საფესტივალო დღე თამთა ცხვიტავასა და ბენდის შესანიშნავი მუსიკალური ნომრებით დასრულდა.
ფესტივალის მეოთხე კვირის ფარგლებში ლევილის ქართულ ფესტივალს ლევილის კარატეს კლუბის მოსწავლეები შეუერთდნენ, რომელთაც მამულში რამდენიმე საჩვენებელი ორთაბრძოლა გამართეს. თანამშრომლობის სურვილი ლევილის კარატეს კლუბს ფესტივალის მასშტაბურობამ და წარმატებამ გაუღვიძა.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლებმა - ქეთევან ბაიშვილმა და იზოლდა მელიქიშვილმა - ლევილის ქართულ-ფრანგულ მემორიალურ მუზეუმს საჩუქრად გადასცეს ქართული ხალხური საკრავები (ავთენტიკური ფანდური, ორენიანი სალამური და მსოფლიოში სახელგანთქმული საკრავის - პანის ფლეიტის - ქართული ვარიანტი; ასევე - „ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო - ჰარმონიის სახელმძღვანელო“ (ავტორი მალხაზ ერქვანიძე) და ბოლო დროს გამოცემული ქართული ეთნომუსიკოლოგიური ლიტერატურა.
შეგახსენებთ: წელს 26 მაისი ლევილის ისტორიულ მამულში პირველად აღინიშნა განსაკუთრებით მასშტაბურად.
წლევანდელი ფესტივალის ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა - ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება. ფესტივალში მონაწილეობენ კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები და შემოქმედებითი ჯგუფები.
წელს ფესტივალის სიახლე სპორტული მიმართულებაა, არაერთ სპორტის სახეობაში (რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება) იმართება შეჯიბრებები თუ საჩვენებელი ორთაბრძოლები.
ფესტივალში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
მნიშვნელოვანია, რომ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს (შვიდი სტუდენტი) ლევილის ისტორიულმა მამულმა წელს პირველად უმასპინძლა. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში იყვნენ კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციის სტუმრები და მათ მიერ აქ შექმნილი ნამუშევრები მამულის პარკში სამუდამოდ დაიდებს ბინას.
ნანახია: 457
მსგავსი სიახლეები
clickss