2025-12-02

19:48

გალაყებული ქვირითის გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ეს სახეობა ფოჩიანი გველკუაა (Cheloserpentus pochii), რომელიც ფრანგმა პალეობიოლოგმა ოლივიე ბლომანჟემ აღწერა

საზოგადოება
03-04-2025 12:47

როგორც ცნობილია, ამჟამად თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის მშენებლობა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ჰიპოპოტამის ტბორი, რომლის მოცულობაც 3000 კუბური მეტრია.

თოვლის დადნობის შემდეგ საგაზაფხულო სამუშაოები წამოვიწყეთ და ტბორის დასუფთავება გადავწყვიტეთ. წყლის ამოტუმბვის შემდეგ ფსკერზე, ტალახში პინგ-პონგის ბურთები შევნიშნეთ. ცოტა კი გაგვიკვირდა. ბურთები? ტბორში? ან რანაირად ჩაიძირა? ამოსაღებად რომ მივუახლოვდით აღმოჩნდა, რომ ეს მოთეთრო სფეროები არა ბურთები, არამედ ჭაობისფერ ხავსისმაგვარ მასაში ჩაფლული გაურკვეველი ჟელესებური წარმონაქმნი იყო. ცხადია, დავინტერესდით, ფრთხილად ამოვკრიფეთ და სტერილური ჭურჭლით ჩვენს ლაბორატორიაში გადავიტანეთ. ულტრაიისფერი სხივებით ქენდელიზაციამ დაგვანახა, რომ „ბურთების“ ეპიდერმისის ქვეშ, ყვითრში, რაღაცა ზანტად ფუთფუთებდა. ჭაობისფერი სუბსტანცია კი, რომელშიც სფეროები იყო მოთავსებული, დანაწევრების შემდეგ ცენტრისკენული ძალებით კვლავ ერთიანდებოდა. მივხვდით, რომ ეს უჩვეულო ბურთულები სხვა არაფერი იყო, თუ არა ქვირითი. 

გადავწყვიტეთ, რომ შესაბამისი პირობები შეგვექმნა და სასწრაფოდ Gugul Bu-De 1962 ინკუბატორში გადავიტანეთ, სადაც არა მხოლოდ ფრინველებისა და ქვეწარმავლების კვერცხების, არამედ ამფიბიებისა და თევზების ქვირითის გამოჩეკაცაა შესაძლებელი. ქვირითისთვის სათანადო აბიოტური პირობები უზრუნველვყავით, კერძოდ: მაღალი ტენიანობა (87 %) და ტემპერატურა (23 °C). ინკუბაციის პერიოდმა 13 დღე გასტანა და 3 მარტს, გამთენიისას ლარვებიც გამოიჩეკნენ. ჩვენდა სამწუხაროდ, მხოლოდ 7 მათგანი გადარჩა, დანარჩენი კი გალაყდა. გალაყებული მასალა ვალენსიაში (ესპანეთი), „ვესტ და ისტ პარათეტისის კვლევის სამეფო ინსტიტუტში“ გადავგზავნეთ. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ საქმე აწ უკვე გადაშენებულ სახეობასთან გვქონდა, რომელიც დედამიწაზე 34 მილიონი წლის წინ, ოლიგოცენის ეპოქაში ბინადრობდა და ე.წ. პარათეტისის აღმოსავლეთ სანაპიროებთან იყო გავრცელებული. მთათწარმოქმნის პროცესის დროს სწორედ ამ პარათეტისის წიაღიდან ამოიზვირთა კავკასიონის ბუმბერაზი, მკაცრი, ამაყი და სპეტაკი თოვლით დაფარული მთათა სისტემა. 

კავკასიონი ოლიგოცენში, 25 მილიონი წლის წინ, არაბეთისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების სუბდიქციის შედეგად წარმოიქმნა. როგორც ჩანს, ეს ქვირითი კავკასიონის ამოზვირთვას ამოჰყვა, ამ ჭაობისფერ სუბსტანციაში ინცისტირდა და კრიოლიპოლიზის შედეგად ყინულის ფენაში ჩაიყინა. განადგურებისგან ქვირითი სწორედ ამ მწვანე სუბსტანციამ დაიცვა, შეუწყო რა ხელი მის ანაბიოზში გადასვლას. აშკარაა, რომ კლიმატის ცვლილებით განპირობებული მყინვარების დნობის შედეგად ქვირითი დანალექ ქანებს ჩამოჰყვა და, სავარაუდოდ, არაგვში მოხვდა, საიდანაც თბილისის ზღვაში აღმოჩნდა. თბილისის ზღვიდან კი, დიდი ალბათობით, ჩხიკვებმა და კაჭკაჭებმა გადმოიტანეს, რომლებიც მრავლად ბუდობენ ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე (მოგეხსენებათ, რომ ეს ფრინველები საკვების მარაგს მიწაში მალავენ). სავარაუდოდ, თოვლის დნობისას მიწის ზედაპირზე დაფლული ქვირითი დამდნარი თოვლის ნაკადმა ჰიპოპოტამის ტბორში გადაანთხია და ლარვებმაც იქ გააგრძელეს ზრდა-განვითარება.  

გალაყებული ქვირითის გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ეს სახეობა ფოჩიანი გველკუაა (Cheloserpentus pochii), რომელიც ფრანგმა პალეობიოლოგმა ოლივიე ბლომანჟემ აღწერა. ცნობილია, რომ მეცნიერი და ნატურალისტი იოჰან გიულდენშტედტი, თავის ნაწარმოებში „კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კავკასია“ მოიხსენიებდა ცხოველს, რომელიც არც ქვეწარმავალი იყო, არც თევზი და გუდამაყრელი მენახირეების აღწერით კისრიდან ფოჩები ჰქონდა გამოზრდილი. ვფიქრობთ, რომ გიულდენშტედტის წიგნში ნახსენები არსება ბლომანჟეს მიერ აღწერილი სახეობა გახლდათ და ჩვენი ქვირითიც მასვე ეკუთვნის. ამ თეორიას ეთანხმება ცნობილი ესპანელი პალეობიოლოგი ბეატრის უპოჩოც. ეს ცხოველები პერიოდულად მართლაც ჩნდებოდნენ ამიერკავკასიის ტერიტორიაზე და, ჩვენი ვარაუდით, სწორედ ამ სახეობამ დაუდო საფუძველი ქართულ ზეპირსიტყვიერებაში დღემდე შემორჩენილ ლეგენდებს გველკუას შესახებ.

გადარჩენილი ლარვები ამჟამად ზოოპარკის დირექტორის მოადგილის (სამეცნიერო დარგში), დავით თაქთაქიშვილის, მზრუნველ კალთას ებარებიან. რადგან დაზუსტებით არ ვიცით, თუ რით იკვებებიან ეს არსებები, სპეციალურ პასტას ვამზადებთ და პატარებს მწყრის კვერცხის გულის, ფეტვის ჭიებისა და დაბალცხიმიანი არაჟნის ნაზავით ვკვებავთ. საკვებს ინსულინის შპრიცით ვასხამთ ციცქნა პირებში ყოველ 3 საათში ერთხელ. მათი განვითარების დინამიკით დ. თაქთაქიშვილი ფრიად კმაყოფილია.

უკან დაბრუნება

ნანახია: 1052

მსგავსი სიახლეები

2025-11-28 11:56
საზოგადოება

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

დღეს ღვინის საერთაშორისო კონკურსზე - IWSC Wine Judging in Georgia გამარჯვებულები გამოვლინდებიან

2025-11-26 13:22
საზოგადოება

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მ

PSP-ს კამპანიამ “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ბარსელონაში წლევანდელი ADCE გრან პრი და ჯამში 5 ჯილდო მოიპოვა

2025-11-25 15:44
საზოგადოება

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

IWSC (International Wines and Spirits Competition) საქართველოში რიგით მეოთხე კონკურს გამართავს

2025-11-19 12:32
საზოგადოება

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

რუსთავში „ლოვენბრაუს“ ლუდის პაბი გაიხსნა

2025-11-18 14:22
საზოგადოება

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის

ინკლუზია პრაქტიკაში - სოციალური საწარმო „ბაბალე“ საქართველოში შშმ პირთა დასაქმების კულტურას ცვლის





clickss

სიახლეები

ბიზნეს ნიუსი

კატეგორიები