საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2023 14:23

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით უზრუნველყოფილ იქნა რეკომენდაციების შესრულების ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგადაც განხორციელდა როგორც ინსტიტუციური რეფორმები, ასევე ინიციირებულ იქნა 100-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა როგორც ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების, ისე ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განსაზღვრული რეფორმების პროცესის მიმართ ქართული მხარის ერთგულებას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის.

გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხრიდან სათანადოდ დაფასდება საქართველოს ძალისხმევა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გადაიდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დადებითი შეფასება მიეცა ასოცირების შეთანხმების, ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით, შესრულების პროცესს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და სექტორულ დაახლოებას და მნიშვნელოვნად ამზადებს ქვეყანას ევროკავშირში წევრობისთვის.

მხარეები მიესალმნენ ევროკავშირთან მაღალი დონის თანამშრომლობის არსებულ დინამიკას, მათ შორის, გადაწყვეტილებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრის მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამართვის გადაწყვეტილებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ როლზე ევროპასა და აზიას შორის ენერგოდერეფნებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ჩართულობით მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, შავი ზღვის შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

ქართულმა მხარემ უმაღლეს წარმომადგენელს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე მაღალი შეფასება მიეცა ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

VIDEO/პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2023 13:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა.

ჯოზეფ ბორელის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში 7-8 სექტემბერს შედგება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 სექტემბერი 2023 09:49

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუდანში ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 18 აპრილი 2023 12:52

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩს, ეიდან ოჰარას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ.

"ტრტ-ქართულის" ცნობით, შეტაკებები არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის სუდანში 15 აპრილიდან გრძელდება.

ბორელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში თავს დაესხნენ მის რეზიდენციაში. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური ობიექტების და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლით დაკისრებულია ვალდებულებაა“.

ოჰარას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში ფოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

პერტესმა მიმდინარე კონფლიქტზე თქვა: „ეს არის ძალიან არასტაბილური სიტუაცია, ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ სად გადაიხრება ბალანსი“.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას ერთგულება დემოკრატიისადმი და შეახსენებს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 08 მარტი 2023 11:11

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას ავრცელებს.

„სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს არის ძალიან ცუდი განვითარება საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით ქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციებისთვის შემაკავებელი ეფექტის რისკს ნეგატიური შედეგებით მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებელს იღებს მათი მუშაობიდან.

ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მის საბოლოოდ მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენი ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ და ახსენებს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის მე-8 სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 29 სექტემბერი 2022 10:39

ევროკავშირმა წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი, რომელიც რუსეთთან სავაჭრო აკრძალვებს და რუსული ნავთობზე მაქსიმალური ფასის დაწესებასაც მოიცავს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ევროკავშირის ახალი სანქციების პაკეტის წინადადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გამოაცხადეს.

ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების „ყალბ“ რეფერენდუმს და უკრაინის ტერიტორიის ანექსიას არ აღიარებენ და რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბირთვული მუქარა და მობილიზაციის გამოცხადება დაძაბულობას ზრდის.

მანვე თქვა, რომ ამის გამო ევროკავშირმა მოამზადა და წარადგინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-8 პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას.

ფონ დერ ლაიენის მიერ შემოთავაზებული ახალი სანქციების პაკეტის მიხედვით, რომელიც ამოქმედებისთვის უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ, სანქციების სიას დაემატება ზოგიერთი პირი და ორგანიზაცია, ასევე ვაჭრობისა და ნავთობის იმპორტის გარკვეული შეზღუდვები.

ამ კონტექსტში ზოგიერთი რუსული საქონლის იმპორტი აიკრძალება. ევროკავშირის გაანგარიშებით, რუსეთი 7 მილიარდი ევროს შემოსავალს დაკარგავს, რადგან ეს საქონელი, რომლის დეტალები ჯერ არ არის ხელმისაწვდომი, ევროპულ ბაზარზე ვერ მოხვდება.

გარდა ამისა, დაწესდება შეზღუდვები ევროკავშირის მიერ წარმოებული ზოგიერთი საქონლის რუსეთში ექსპორტზე. ამ გზით ისინი მიზნად ისახავენ რუსეთის არმიისთვის სამხედრო სფეროში სასიცოცხლო ტექნოლოგიების ჩამორთმევას. ამ საქონელში შედის საავიაციო მასალები, ელექტრონული კომპონენტები და ქიმიკატები.

სანქციების პაკეტი, რომელიც ასევე მოიცავს მომსახურების სექტორს, უკრძალავს ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ რუსეთში საჯარო კომპანიების მართვაში.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ სანქციების პაკეტში ასევე შედის რუსული ნავთობი და დაამატა: „რუსეთი იყენებს წიაღისეული საწვავის გაყიდვით მიღებულ მოგებას ომის დასაფინანსებლად./.../. ამ პაკეტში ჩვენ ვქმნით სამართლებრივ საფუძველს რუსული ნავთობზე მაქსიმალური ფასის დასაწესებლად“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ასევე განაცხადა, რომ მათ გააფართოვეს იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების სია, რომლებიც სანქციებს დაექვემდებარებიან.

ბორელმა თქვა, რომ სია შედგება იმათგან, ვისაც წილი მიუძღვის "რუსეთის მიერ უკრაინის მიწების ოკუპაციასა და ანექსიაში", მათ შორის არიან მაღალი რანგის სამხედრო პირები, გადაწყვეტილების მიმღებები, ზოგიერთი ოლიგარქი და პროპაგანდისტი.

ბორელმა განაცხადა, რომ ისინი მიზნად ისახავენ „პირდაპირი პასუხის“ გაცემას მათთვის, ვინც ომის ესკალაციას იწვევს 300 000 ადამიანის გაწვევით.

მან ასევე აღნიშნა, რომ მათ სამიზნეს წარმოადგენენ ის რუსი ჩინოვნიკები, რომლებიც დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში ეგრეთ წოდებული "რუსეთის წარმომადგენლები" არიან, ადამიანები, რომლებმაც მოაწყვეს ყალბი რეფერენდუმები უკრაინის 4 რეგიონში და ამ სიას ასევე თავდაცვის ინდუსტრიიდან რამდენიმე ადამიანსაც დაამატებენ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო: საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 სექტემბერი 2022 17:01

6 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ასოცირების საბჭოს შეხვედრის ძირითადი თემა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება გახლდათ. კერძოდ, სხდომაზე ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს მზადყოფნას, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაშინვე, როგორც კი ის ევროკომისიის მოსაზრებებში კონკრეტულად ჩამოყალიბებულ პრიორიტეტებს შეასრულებს. 
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას და მმართველ პარტიას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ინკლუზიურ პროცესში ჩართვის რეკომენდაცია მისცა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზეა დამოკიდებული და რომ ევროკავშირი მზად არის, გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება მის მხარდასაჭერად. 
საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია, აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. „არ არსებობს მარტივი გზები და არც სასწაულები მოხდება“, — დასძინა მან, — „ეს არის არა პოლიტიკური დეკლარაციების საკითხი, არამედ — პოლიტიკური ნებისა, რომელიც ნებას შედეგებად გარდაქმნის“.
ასოცირების საბჭო მიესალმა ევროკავშირი-საქართველოს 2021-2027 წლების დღის წესრიგის შესწორებული ვერსიის დამტკიცებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფაც. 
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, დაეხმაროს ქვეყანას ჰიბრიდული თუ კიბერ საფრთხეების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
დამატებითი ინფორმაცია
რესრელიზი

ბორელის თქმით, მოსკოვს კომფორტულად ცხოვრებასა და ომს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 07 ივლისი 2022 13:46

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა, რომლებიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწესდა, უკვე ძლიერად დაარტყა ვლადიმერ პუტინს და მის თანამზრახველებს და ამ შეზღუდვების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე დროთა განმავლობაში უფრო თვალსაჩინო გახდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ფრანგულ გაზეთში, „Le Journal du Dimanche“, გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა. 

ბორელი განმარტავს, თუ როგორ არის რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთს სანქციები იმაზე გაცილებით ეფექტიანი, ვიდრე ეს ადამიანების უმრავლესობას წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დიდი რაოდენობით ნედლეულის ექსპორტიორია, მას, ამასთან, ისეთი მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტის დიდი რაოდენობით იმპორტიც უწევს,  როგორსაც თვითონ არ აწარმოებს. მოწინავე ტექნოლოგიების კუთხით ის  45%-ით ევროპაზეა დამოკიდებული, 21%-ით — ამერიკის შეერთებულ შტატებზე და მხოლოდ 11%-ით — ჩინეთზე. 

სამხედრო სფეროში, რომელიც უმნიშვნელოვანესია უკრაინაში ომის კონტექსტში, სანქციები რუსეთს ისეთი მაღალი სიზუსტის რაკეტების წარმოების უნარს უზღუდავს, როგორიცაა, მაგალითად, „ისკანდერი“ ან KH 101, აცხადებს ბორელი. მისივე თქმით, ავტომობილების თითქმის ყველა უცხოელმა მწარმოებელმა რუსეთში მუშაობის შეწყვეტა გადაწყვიტა; ხოლო ავტომანქანების ის მცირე რაოდენობა, რომლებსაც რუსეთის კომპანიები აწარმოებენ, უსაფრთხოების ბალიშების და ავტომატურ გადაცემათა კოლოფის გარეშე გაიყიდება. 

„ნავთობის ინდუსტრია არა მარტო უცხოელი ოპერატორების ქვეყნიდან გასვლით ზარალდება, არამედ ისეთ მოწინავე ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვითაც, როგორიცაა, მაგალითად, ჰორიზონტალური ბურღვა“, — აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, — „დიდი ალბათობით, რუსეთის მრეწველობას ნაკლებად შესწევს ახალი ჭაბურღილების ამოქმედების უნარი. დაბოლოს, საჰაერო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, რუსეთს მოუწევს, თავისი თვითმფრინავების დიდი რაოდენობა ამოიღოს მიმოქცევიდან, რათა მოქმედი თვითმფრინავები აუცილებელი სათადარიგო ნაწილებით მოამარაგოს. აღნიშნულს ემატება ფინანსურ ბაზრებზე წვდომის დაკარგვა, უმსხვილესი გლობალური საგამოძიებო ქსელებიდან გათიშვა და მეცნიერებისა თუ შემოქმედებითი ადამიანების მასიური გადინება“.

ბორელი ასევე აღნიშნავს, რომ ვარაუდების საწინააღმდეგოდ, ჩინეთს მხოლოდ შეზღუდულად შეუძლია რუსეთის ეკონომიკისთვის ალტერნატივის შეთავაზება, რაც განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიური პროდუქტების სფეროს ეხება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დღემდე ჩინეთის მთავრობა რუსეთს დასავლეთის სანქციების გვერდის ავლაში არ დახმარებია. 

„აიძულებს თუ არა ეს მნიშვნელოვანი და მზარდი ზეგავლენა ვლადიმერ პუტინს, შეცვალოს თავისი სტრატეგიული გათვლები? სავარაუდოდ, ეს დაუყოვნებლივ არ მოხდება: მისი ქმედებები უმეტესწილად არ არის მართული ეკონომიკური ლოგიკით.

Find out more

Press release

ჯოზეფ ბორელი: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში პოლიტიზებული სამართლის არსებობა დაუშვებელია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 ივნისი 2022 12:59

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეშფოთება გამოხატა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება.

თავის სიტყვაში, რომელიც ევროპარლამენტში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა გააჟღერა, ბორელმა ოპოზიციური სატელევიზიო არხ „მთავარის“  მფლობელის და დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზეც ისაუბრა. მისი თქმით, გვარამიასთვის სამწელნახევრიანი პატიმრობის მისჯა ეწინააღმდეგება ევროკავშირის განმეორებით მოწოდებებს სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების თაობაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები ნდობის დანერგვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის წინაპირობაა, რაც „დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს“. 

„ევროკომისიამ მკაფიოდ გამოთქვა აზრი ამ საკითხზე: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში დაუშვებელია პოლიტიზებული სამართლის არსებობა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა“,  — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, — „ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების გახშირებას საქართველოში. ძალადობა და მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია“.  

გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი კვლავ საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია და აქტიურად მონაწილეობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

უკრაინაში ომმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ევროკავშირის მთავარი ღირებულება მშვიდობაა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 10 მაისი 2022 15:02

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 9 მაისს, ევროპის დღის აღსანიშნავად განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს, რომ ევროკავშირის უცვლელ ფასეულობას მშვიდობა წარმოადგენს და რომ ის ევროპის კონტინენტსა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოების დამცველია.  

ევროპის დღე რობერტ შუმანის იმ დეკლარაციის მიღებას აღნიშნავს, რომელმაც ევროპულ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი დაბრუნდა, წელს ევროპის დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი უზარმაზარი წარმატების აღმნიშვნელია, მაგრამ, ამავდროულად, ზოგიერთ ევროპელს ევროპული პროექტის სარგებლიანობაში ეჭვი ეპარება“, — აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. მისი თქმით, უკრაინაში ომი გვახსენებს „ევროკავშირის, როგორც სამშვიდობო პროექტის, ფასეულობას“ და იმას, რომ ის მსოფლიო პოლიტიკაში სამშვიდობო პროცესის მძლავრი მონაწილეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ბორელმა ოთხ პუნქტს გაუსვა ხაზი:

  • წევრმა ქვეყნებმა აგრესიის ფონზე უძლიერესი პოლიტიკური ერთიანობა გამოავლინეს. „ჩვენ ყველამ გავაცნობიერეთ [რუსული] აგრესიის სერიოზულობა და მისით გამოწვეული საფრთხეები. აქედან გამომდინარეობს ის დაჩქარებული ტემპი, რომლითაც ევროკავშირმა G7 პარტნიორებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური და ეკონომიკური სანქციები მიიღო“.
  • ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა გამოიყენა ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფინანსური რესურსები აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოსთვის, რათა მას საკუთარი თავის დაცვაში დახმარებოდა. უკრაინისთვის გადარიცხული სამი ტრანშის მთლიანი ღირებულება 1.5 მილიარდ ევროს უტოლდება. ამ ევროპულ მხარდაჭერასთან ერთად, უკრაინას ევროკავშირის წევრი ქვეყნები პირდაპირი სამხედრო დახმარებითაც უდგანან გვერდში. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი თავის სახელმწიფოებს არათუ ზღუდავს, არამედ ხელს უწყობს თითოეული მათგანის გაძლიერებას“.
  • ევროკავშირი საერთო ძალისხმევით მუშაობს ევროპის რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების დასასრულებლად. ამ გზით ევროკავშირი უჩვენებს, რომ ის ერთობლივად უფრო ძლიერია, ვიდრე — მისი თითოეული ქვეყანა ცალ-ცალკე. „ევროკავშირი არა მარტო უფრო ძლიერი მოთამაშეა საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარზე, არამედ ის ასევე ეხმარება თავის წევრებს, არ იქცნენ ენერგეტიკული შანტაჟის მსხვერპლად. ეს ჩვენს სტრატეგიულ სიცოცხლისუნარიანობას გააძლიერებს“.
  • უკრაინის მხარდასაჭერად ევროკავშირის პასუხის სიძლიერე და სიმტკიცე საერთაშორისო სოლიდარობის გამოხატულებაა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 141-მა სახელმწიფომ მკაფიოდ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ გზით ისინი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მომავალი პოტენციური აგრესიისგან დასაცავად და საერთაშორისო ურთიერთობებში ჯუნგლის კანონის დაბრუნების საწინააღმდეგოდ გამოვიდნენ. გარდა ამისა, ევროკავშირი ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ზოგადი საერთაშორისო ზეგავლენის — მათ შორის, ეკონომიკური ზეგავლენის — შემცირებაში. „ამ მხრივ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებისას ევროკავშირის ერთიანობას ასევე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება“.

„ამ ომის გამო ევროპა უფრო სწრაფად სწავლობს, თუ როგორ გამოიყენოს სიძლიერის ენა“, — განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, — „2022 წლის 9 მაისმა ხაზი უნდა გაუსვას, რომ ჩვენ უკეთ ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია: ევროკავშირის და მისი ფუძემდებლური ფასეულობების დაცვა; ჩვენი კოლექტიური ძალის ჩვენი პარტნიორის, უკრაინის სამსახურში ჩაყენება, რათა მან საკუთარი თავის და სუვერენიტეტის დაცვა შეძლოს; საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა არსებითი საერთაშორისო ნორმების და უსაფრთხოების დასაცავად და სოლიდარობის გამოსავლენად ამ ომის გლობალური შედეგების დაძლევის მიზნით“.

უახლესი ცნობები და ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორებთან! 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური