შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 08 მარტი 2023 14:48

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 7 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო.

სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.

სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას.

გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებული იყვნენ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

მოგვიანებით, შეკრებილთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

პარლამენტის შენობასთან შეკრებილებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არაერთი მოწოდებისა დაეცვათ წესრიგი, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით, კანონის ფარგლებში გამოეხატათ, აქციის მონაწილეები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

პოლიციამ, დაძაბულობის განმუხტვის და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გზა გახსნა და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციელებს. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს და ცეცხლი წაუკიდეს სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებს, დააზიანეს პოლიციის სპეციალური აღჭურვილობა.
პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.
მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.

აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლწესრიგის მასობრივ დარღვევას, რაც რამდენიმე საათის განმავლობაში უწყვეტად გრძელდებოდა.

შეკრებილთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, მათ შორის რამდენიმეს დაჭირდა ქირურგიული ჩარევა და ამ დრომდე რჩებიან სამედიცინო დაწესებულებებში. აქციის მიმდინარეობისას, დაზიანებები მიიღეს მოქალაქეებმაც.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.

ვახტანგ გომელაურმა ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 17 თებერვალი 2023 12:59

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ფერნანდო გრანდე მარლასკა გომესი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ოფიციალური შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პოლიციის ატაშეების როლი სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში და დადებითად შეფასდა ბოლო პერიოდში განხორციელებული ერთობლივი ოპერაციები.

ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით გადაწყდება მხარეთა შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების გაფორმების საკითხი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა ქართული მართვის მოწმობების ევროკავშირის სტანდარტებთან ჰარმონიზაცია.

შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ოქმს - „საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელების თაობაზე“. აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ესპანეთს შორის ურთიერთობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ქართულ მხარესთან ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების პრიორიტეტულ საკითხებზე აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ს. სულაბერიძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2023 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელოვან სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა და ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. "ნიუს დეი საქართველო" აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა".
შეგახსენებთ, რომ სანდრო სულაბერიძე საქართველოს ეროვნული გალერიის მიერ ორგანიზებული გამოფენის "ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე იყო. გამოფენის მსვლელობისას, ნახატის ავტორმა საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და კედელზე დატოვა წარწერა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლიდან ძებნილი ბ. ესებუა დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 08 თებერვალი 2023 11:53

შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი - 1988 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავა. ამის შესახებ შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ბ.ე. ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში თავდამსხმელის შესვლის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.

დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საგარეჯოში 1974 წ. დაბადებულმა ნ.ა.-მ გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც მოკლულია 4 და დაჭრილია 5 ადამიანი

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 20 იანვარი 2023 10:00

საგარეჯოში დღეს დილას მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

"საქართველოს შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან, 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა.-მ რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 4 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მოხდა პოლიციის დამატებითი ჯგუფების მობილიზება, ასევე ადგილზე გამოძახებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი, რომელთა მისვლისთანავე, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სავარაუდოდ თვითლიკვიდაცია განახორციელა.

ადგილზე მუშაობას იწყებენ გამნაღმველები და დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უკრაინაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 18 იანვარი 2023 13:11

უკრაინის დედაქალაქ კიევის მახლობლად, ბროვარიში, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგანგებო სიტუაციების საკუთრებაში მყოფი შვეულმფრენი ჩამოვარდა და საბავშვო ბაღის სიახლოვეს დაეცა. ამის შესახებ უკრაინის შსს-ს ადმინისტრაცია იუწყება.

მათი ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი მოადგილე ევგენი ენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. სულ დაღუპულია 16 ადამინი, მათ შორის 2 ბავშვი.

ასევე 22 დაშავებული, მათ შორის 10 ბავშვი მოთავსებულია საავადმყოფოში და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო პროცედურები.

შვეულმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი მიზეზი ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის. მიმდინარეობს ძიება და ყველა ვერსია განიხილება. მათ შორის არ არის გამორიცხული დივერსია.

შსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო (ვიდეო)

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2022 14:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ნ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ნ.ა.-ს სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 27 ვაზნა.
ამავე სამმართველოების თანამშრომლებმა ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს 1985 წელს დაბადებული ი.ლ.-ც. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.შ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1984 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ც.მ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
პოლიციამ თბილისში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ნ.ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ნ.ქ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, 70 ვაზნა.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1962 წელს დაბადებული თ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს.
პოლიციამ, თ.ტ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ვაზნა.
დანაშაულები 3-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.
 

 

შსს-მ ფრანგულ კომპანია ”Airbus Helicopters”-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გააფორმა

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2022 13:31

შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით ხელშეკრულება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ, ხოლო მომწოდებელი კომპანიის მხრიდან - "Airbus Helicopters"-ის წარმომადგენელმა, რომეინ ლანამ.

საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, სასაზღვრო პოლიცია "H145"-ის ტიპის 3 შვეულმფრენს შეიძენს. "Airbus"-თან რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ, პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 26 500 000 ევროს შეადგენს.
ხელშეკრულების პირობის მიხედვით წლების წინ მაღალი თანამდებობის პირებისთვის შესყიდულ AS332 L1e S/N 2833-ის (სუპერ პუმა) შვეულმფრენს ქართული მხარე Airbus Helicopters-ს გადასცემს. აღნიშნული ბორტის პრივატიზებით ახალი შვეულმფრენების შესყიდვისთვის სახელმწიფოს გასაწევი ხარჯი 5 500 000 ევროს ოდენობით დაიზოგება.
"H145" მრავალფუნქციური შვეულმფრენია, რომელსაც შეუძლია შეასრულოს პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციები. ახალი შვეულმფრენები სრულად იქნება დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
"H145" წარმოადგენს "Airbus"-ის ერთ-ერთ უახლეს მოდელს, რომელსაც წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ქართულ მხარეს პირველი შვეულმფრენი კონტრაქტის ხელმოწერიდან 17 თვეში გადმოეცემა, ხოლო სამივე საავიაციო ტექნიკა 20 თვემდე პერიოდში საქართველოში იქნება, სრულ საფრენოსნო მდგომარეობაში. კონტრაქტი ახალი შვეულმფრენების შეძენასთან ერთად, მოიცავს პილოტებისა და ინჟინრების გადამზადებას, მარაგი ნაწილების შეძენასა და 3-წლიან საქარხნო გარანტიას
 

შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2022 13:27

შინაგან საქმეთა სამინისტროს /შსს/ შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე და ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ. გამოძიება დაწყებულია "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.

ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
ამ დროისთვის, შენობაში მძევლად რჩება 12 პირი. სამართალდამცველები ყველა საჭირო ღონისძიებას ახორციელებენ მათი სწრაფად და უსაფრთხოდ გათავისუფლებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შსს - ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი!

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2022 13:18

შინაგან საქმეთა სამინისტრო /შსს/ ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიმდინარე საპოლიციო ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან.

შსს-ს ცნობით, პირველადი ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილია შეიარაღებული პირი.

„პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური