საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2023 09:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.
შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შ. მიშელი საქართველოს პრეზიდენტ ს. ზარუბიშვილს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 მარტი 2023 13:39

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზარუბიშვილს შეხვდა.

შარლ მიშელმა პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზისადმი და მიესალმა მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში“, - წერს შ. მიშელი Twitter-ზე.

მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ არის "ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვა ხელიდან".„პროგრესი რეფორმების მიმართულებით რჩება გადამწყვეტ ამოცანად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

პრეს-რელიზი

Press release

წყარო: https://euneighbourseast.eu/news/latest-news/charles-michel-meets-georgian-president-salome-zurabishvili/

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩინეთს ეწვევა!

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ორშაბათი, 28 ნოემბერი 2022 13:39

პეკინი, 28 ნოემბერი (სინხუა) -- ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩინეთს 1 დეკემბერს ეწვევა. ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჰუა ჩუნინგმა.

წყარო: Embassy of The People's Republic of China in Georgia

 

ილხამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 31 აგვისტოს შეხვდებიან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 29 აგვისტო 2022 10:03

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს სამმხრივ შეხვედრაზე შეხვდებიან. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებით, ი. ალიევი, ნ. ფაშინიანი და შ. მიშელი 31 აგვისტოს ბრიუსელში შეხვდებიან.

შ. მიშელის შუამავლობით ი. ალიევმა და ნ. ფაშინიანმა მანამდე შეხვედრები გამართეს ბრიუსელში 2020 წლის 14 დეკემბერს, 30 მარტს და 22 მაისს.

ი. ალიევისა და ნ. ფაშინიანის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საზღვრის დემარკაციის კომისიები ვიცე-პრემიერების ხელმძღვანელობით კვლავ შეიკრიბებიან.

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაევის და სომხეთის ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით კომისიები 30 აგვისტოს მოსკოვში შეხვედრას გამართავენ.

საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 ივნისი 2022 10:49

2022 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, სადაც თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.

იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი

თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ.

მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.

ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას.

შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი!

პატივისცემით,

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი)

რა საკითხები განიხილეს მიშელმა, ალიევმა და ფაშინიანმა?

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 მაისი 2022 09:36

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.  ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა განცხადებები გააკეთა. მიშელის თქმით, მათ უკვე მესამედ გამართეს ერთობლივი შეხვედრა რა, განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, ნაღმების გაწმენდა, დაკავებულების გათავისუფლება, გაუჩინარებულთა ბედის დადგენა და სხვა აქტუალური საკითხები.  

შარლ მიშელის თქმით რაც შეეხება აზერბაიჯან-სომხეთს შორის საზღვრის დადგენის საკითხს, ორი ქვეყნის სასაზღვრო კომისიები უახლოეს დღეებში გამართავენ პირველ ერთობლივ შეხვედრას. მიშელმა აღნიშნა, რომ ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო ბარიერების მოხსნის აუცილებლობაზე რა, ლიდერები შეთანხმდნენ პრინციპებზე, რომლებიც განსაზღვრავს გადასვლებს აზერბაიჯანსა და ნახჩევანს შორის, ასევე სომხეთის სხვადასხვა რეგიონებს შორის აზერბაიჯანის გავლით, საერთაშორისო სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფარგლებში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ბოლოს ისიც დასძინა, რომ ალიევი და ფაშინიანი შეთანხმდნენ იმ საკითხზეც, რომ ისინი ივლისში ან აგვისტოში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს პირისპირ.

შარლ მიშელმა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნის წინადადება წამოაყენა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა
ორშაბათი, 23 მაისი 2022 10:06

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ისაუბრა ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც მოიცავს. მიშელმა ეს წინადადება 18 მაისს ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში გამოსვლისას წამოაყენა.

როგორც მან აღნიშნა, ინიციატივის მიზანია „კავშირების გამყარება და ქმედითი თანამშრომლობის გაღრმავება საერთო გამოწვევების, მშვიდობის, სტაბილურობის და უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად ჩვენს კონტინენტზე“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს: „ჩემი აზრით, უკვე არსებობს დე-ფაქტო გეოპოლიტიკური საზოგადოება, რომელიც რეიკიავიკიდან ბაქომდე თუ ერევნამდე და ოსლოდან ანკარამდეა გადაჭიმული. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ამ გეოგრაფიულ სივრცეს პოლიტიკური განზომილება უნდა მივანიჭოთ“. 

მიშელის წინადადებით, ამ თანამშრომლობის ძირითადი სფერო საერთაშორისო პოლიტიკა უნდა იყოს. მისივე თქმით, განსაკუთრებული აქცენტი შესაძლოა გაკეთდეს იმ სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებზე, რომლებში გაერთიანებაც არ საჭიროებს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას, მაგრამ რომლებსაც კონკრეტული ორმხრივი სარგებლის მოტანა შეუძლიათ: „ნათელია, რომ ისეთი პროგრამები, როგორიცაა Erasmus თუ Horizon და ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორებში მოქმედი პროექტები ამგვარი თანამშრომლობისათვის სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს“.

მიშელმა ასევე აღნიშნა, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები 27 ევროპელ ლიდერთან გაიარა და გადაწყვიტა, რომ ის ევროპული საბჭოს ივნისის გეგმაში შეიტანოს. ევროკავშირის და შესაბამისი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან ამ წინადადების განსახილველად მან კონფერენციის ზაფხულში ან მოგვიანებით ჩატარების წინადადებაც წამოაყენა.

მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული გეოპოლიტიკური საზოგადოების შექმნამ არ უნდა ჩაანაცვლოს ევროკავშირის გაფართოების პროცესი. თავის მხრივ,  ეს უკანასკნელი უნდა წარიმართოს უფრო სწრაფად, დინამიკურად და შექცევადად, რათა წაახალისოს რეფორმები და  ხელი შეუწყოს ევროპულ ინტეგრაციას.

„ჩვენ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ: დღეს გაფართოების პროცესი ერთგვარი ნულოვანი ჯამის თამაშია. გარკვეულწილად, ეს უკომპრომისო თამაშია. ეს იწვევს ორივე მხარის ღრმა გულგატეხილობას და იმედგაცრუებას, რაც ყოველთვის უშლის ხელს ნდობის ჩამოყალიბებას“, — განაცხადა შარლ მიშელმა. მისი აზრით, გამოსავალი გაწევრიანების პროცესის ეტაპობრივ და განგრძობით ინტეგრაციად ქცევა შეიძლება იყოს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

საქართველოს ისტორიული არჩევანია, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს - ი. ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 18 მაისი 2022 10:11

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.

შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

შარლ მიშელი - ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ დაწყებულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 08 აპრილი 2022 11:08

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან ბრიუსელში გამართული დაახლოებით 5 საათიანი სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთა და აღნიშნა: „ჩვენ ერთად გადავწყვიტეთ დაწყებულიყო სამშვიდობო მოლაპარაკებების კონკრეტული პროცესი შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების მომზადების მიზნით“. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

„რამდენი დრო დასჭირდება ხელშეკრულების ხელმოწერას?“ შარლ მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, მაგრამ დეკემბრის პირველი შეხვედრის შემდეგ ბევრი სამუშაო გაკეთდა და განიხილეს ორი მხარის პრიორიტეტები და მოთხოვნები.

„ჩვენ პროგრესს ვაღწევთ. მე არ ვაფასებ ორივე მხარის გამოწვევებს, მაგრამ არსებობს საერთო სურვილი, წინ წავიწიოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ ეს  ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის შესაძლო ელემენტების შეკრება და რომ ჩვენ პროგრესს ვაღწევთ მდგრადი შეთანხმების მიღწევისკენ, რომელიც გარანტირებულია მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის“, განაცხადა მან.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა შარლ მიშელის, ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ეს შეხვედრა, აზერბაიჯანის ინტერესების, რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გადადგმული  მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახლდათ“.

ამავე ინფორმაციით, სამმხრივ შეხვედრაზე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახმელეთო და სარკინიგზო გზების გახსნის საკითხიც იქნა განხილული.

უკრაინის ომის შემდგომი აღდგენის მხარდასაჭერად ევროკავშირი სოლიდარობის ნდობის ფონდს შექმნის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 28 მარტი 2022 10:31

24 მარტს ევროპის კავშირის საბჭომ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის საკითხები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში განიხილა.

საბჭომ რუსეთისგან მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინაში სამხედრო აგრესია და ომის ისეთი დანაშაულების ჩადენა, როგორიც სამოქალაქო ობიექტების დაბომბვაა. მან რუსეთს ალყაში მოქცეული მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფაც მოსთხოვა.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს უკრაინის კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას. ის, ამასთან, განაგრძობს მუშაობას რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ მომდევნო მკაცრი, კოორდინირებული სანქციების სწრაფად მიღებაზე, რისი მიზანიც ომის დასრულებაა. ევროპულმა საბჭომ მოუწოდა ყველა ქვეყანას, შეუერთდნენ ამ სანქციებს და დასძინა, რომ „უნდა აღიკვეთოს სანქციებისთვის თავის არიდების ან რუსეთის რაიმე სხვა გზით დახმარების ყველა მცდელობა“.

ევროპულმა საბჭომ მოუწოდა ევროკავშირის სახელმწიფოებს, კიდევ უფრო გააძლიერონ უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისთვის გაწეული ძალისხმევა. მან ასევე სთხოვა ევროკომისიას, განახორციელოს ყოველგვარი საჭირო ინიციატივა იმ ქვეყნების მხარდასაჭერად, რომლებიც ლტოლვილებს იღებენ. 

ევროკავშირი აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესიის შეწყვეტისთანავე ის იღებს ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს უკრაინის მთავრობას დემოკრატიული უკრაინის დაუყოვნებელი აღდგენის საქმეში. ამ მიზნით ის უკრაინის სოლიდარობის ნდობის ფონდს ქმნის. ევროპული საბჭო თავის საერთაშორისო პარტნიორებსაც სთხოვს ამ პროცესში ჩართვას. ევროკომისიას კი საბჭომ მოუწოდა, განაგრძოს უკრაინისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა იმისათვის, რომ ქვეყანამ საჭირო რეფორმების გატარება შეძლოს. 

გარდა ამისა, ევროპულმა საბჭომ წამოაყენა საერთაშორისო კონფერენციის უახლოეს მომავალში ორგანიზების წინადადება. კონფერენციის მიზანი უკრაინის სოლიდარობის ნდობის ფონდის დაფინანსებისთვის თანხების მოზიდვა იქნება.

საბჭომ უკრაინის და მოლდოვის ენერგოქსელების ევროკავშირის ქსელთან სინქრონიზაციას „ღირსშესანიშნავი მიღწევა“ უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირს აღებული აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს უკრაინისთვის ელექტროენერგიის და გაზის უწყვეტი მიწოდება. 

წყარო: ყოველკვირეული სიახლეები - ევროკავშირი - საქართველო

გვერდი 1/ 4-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური