ი. კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, 24-27 აპრილს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე, „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი.
საგაზაფხულო სესიის ფარგლებში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე შეხვდება ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.
დელეგაციის წევრებს ექნებათ სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტებში.
სესიას მიმართავს ევროპის ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვოჩი.
გაიმართება დებატები მაისში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების რეიკიავიკის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც შეაფასებს რუსეთის ომს უკრაინაში და მის გავლენას ევროპის კონტინენტზე.
ასევე გაიმართება დებატები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით.
კახა ოქრიაშვილი: „დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„ალტ-ინფო“ წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ქართული ოცნების“ რადიკალურ ფრთას. დღეს, პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ორგანიზატორი არის „ქართული ოცნება“, შემსრულებელი - „ოცნების“ რადიკალური ფრთა, „ალტ-ინფო“.
„ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ, გავუშვებთ ხელისუფლებიდან, ქვეყანაც დამშვიდდება და პროგრესული განვითარების საშუალება მიეცემა!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: „დღეს კიდევ ერთხელ გვსურს შევაჯამოთ საქართველოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა უცხოელი აგენტების შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა:
- პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო - ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის;
- საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან. ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ. - სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან;
- გარდა ამისა, კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ ენჯეოების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას. შეგახსენებთ, რომ ენჯეოების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოუტანა. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასოდეს დავუშვებთ.
კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.
გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის - გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა - 2012 წლამდე ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან.
იგივე ლოგიკით, 2012 წლამდე ნაცმოძრაობის მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი, სახალხო დამცველზე ნაცმოძრაობის მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არცერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია.
ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის ნაცმოძრაობა, იქ არის ძალადობა, იქნება ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში.
გასულ კვირაში, სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავებს, პირადად შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ამისათვის.
ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდათ.
ხელისუფლებისა და ნაცმოძრაობის ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“. როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ ნაცმოძრაობა „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი. ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერცერთი ადამიანის, ვერცერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მით უმეტეს, სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი.
უნდა აღინიშნოს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ პროტესტი გამოხატეს ჩვენი ქვეყნის გულწრფელმა მოქალაქეებმაც. თუმცა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ჩვენ მოგვცა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებების გაშიფვრის შესაძლებლობაც. სწორედ ამ დაჯგუფებების მეშვეობით იყო ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. თავად „ნაცმოძრაობასთან“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასთან“, „სირცხვილიასთან“ და „დროასთან“ ერთად, გასულ კვირაში გამოიკვეთა „ფრანკლინის კლუბის“ აქტიურობა. „ფრანკლინის კლუბი“ არის უცხოური გავლენის აგენტი, რომელიც ასეულობით ათასი ლარით ფინანსდება. მისი მხარდამჭერია ამერიკული ორგანიზაცია „ატლას ნეთვორქი“, რომელიც წარსულში არაძალადობრივ და ძალადობრივ პროტესტს აორგანიზებდა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, ასევე აქტიურად მუშაობდა „ბრექსიტზე“, ანუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოყოფაზე.
„ფრანკლინის კლუბი“ პოლიტიკური აქტივიზმისთვის ახორციელებს როგორც სტუდენტების, ისე არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეების რეკრუტირებას. სტუდენტების მობილიზაცია წარმოებს არსებითად ორი უნივერსიტეტის ბაზაზე. ესენია - კახა ბენდუქიძის მიერ თავის დროზე 1 ლარად მითვისებული „თავისუფალი უნივერსიტეტი“ და გიული ალასანიას მიერ ასევე 1 ლარად მითვისებული „საქართველოს უნივერსიტეტი“. აქტივობებისათვის „ფრანკლინის კლუბი“ აქტიურად იყენებს „საქართველოს უნივერსიტეტის“ ინფრასტრუქტურას. კლუბის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ორივე ზემოაღნიშნული უნივერსიტეტის რექტორები, ვატო ლეჟავა და კონსტანტინე თოფურია, აგრეთვე სხვა რეაქციონერი ნაციონალები, როგორებიც არიან ლევან რამიშვილი, გია ნოდია და სხვები. „ფრანკლინის კლუბში“ ტრენინგებს ატარებენ ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მშვენიერაძე, გიორგი მელაძე და ოპოზიციის სხვა ექსტრემისტი ლიდერები, რომლებიც მსმენელებს რევოლუციურ გეგმებზე დაუფარავად ესაუბრებიან.
გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარპისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოებშია აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორიცაა წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმელებთან ყვავილების მიტანა და ა.შ.
აგენტების კანონის წინააღმდეგ აგორებულ პროტესტს წითელ ხაზად გასდევდა კამპანია, რომელიც ლიბერალური ფაშიზმის „საუკეთესო“ ტრადიციების შესაბამისად იყო დაგეგმილი. ორგანიზებული ჯგუფების მეშვეობით, ხორციელდებოდა უპრეცედენტო ზეწოლა პოლიტიკოსებზე, ცნობად სახეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვნებზე. გარდა ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებებისა, ლიბერალური ფაშიზმის კამპანიაში დღემდე აქტიურად არიან ჩართული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ყოფილი სახალხო დამცველი, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერი ჟურნალისტები, ენჯეოების წარმომადგენლები, ისევე, როგორც რიგითი ნაციონალები. ლიბერალური ფაშიზმი ნაცმოძრაობის ძალადობრივი ბუნების კიდევ ერთი გამოხატულებაა.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ფაშისტური კამპანია, რომელიც უნივერსიტეტებსა და სკოლებში წარმოებდა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როგორიცაა სკოლის პედაგოგების მიერ საკუთარი მცირეწლოვანი მოსწავლეების მშობლების მოღალატეებად მოხსენიება, რაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის უმძიმესი გამოხატულებაა. აგრეთვე დაფიქსირდა კამპანია საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესიდან პროფესორების ჩამოშორების მოთხოვნით. ამგვარი კამპანია საქართველოში ბოლოს წარმოებდა ზუსტად ერთი საუკუნის წინ ახალგაზრდა ბოლშევიკების მიერ, რომლებმაც საწინააღმდეგო შეხედულების მქონე პროფესორები (მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ივანე ჯავახიშვილი) უნივერსიტეტიდან გააძევეს. შემაშფოთებელი იყო ნაციონალი ლექტორების მიერ სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების პოლიტიკური პროპაგანდისთვის გამოყენება, რაც აკადემიური ეთიკის უხეში დარღვევაა. შეგახსენებთ, რომ ნაციონალი ლექტორები თავად შლიდნენ სასწავლო პროცესს, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ სთავაზობდნენ ნიშნების მომატებას და ა.შ. უნივერსიტეტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაც ნაციონალური მოძრაობის უცვლელი ხელწერაა.
დასასრულს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არაფერი ქონდა საერთო რუსულ კანონთან. ამგვარი კანონები დიდი ხანია მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ისრაელში. ამჟამად, აქტიურად განიხილება ანალოგიური კანონების მიღება ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და კანადაში. შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციისა და მისი მფარველების მიერ წარმოებული კამპანია ე.წ. რუსული კანონის შესახებ თავიდან ბოლომდე სიცრუეზე იყო დაფუძნებული. ათასობით ადამიანს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი, რომელიც ენჯეოების დაფინანსების შესახებ მათივე ინფორმირებას ისახავდა ერთადერთ მიზნად. ეს იყო ერთგვარი „საუკუნის პიარ-თაღლითობა“, რომლის მთავარი მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების გადატრიალება იყო. ეს გეგმა ჩავარდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჰუმანური, მაგრამ ძლიერი სახელმწიფო სისტემა, რომელიც დგას და კვლავაც მყარად იდგება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე.
რაც შეეხება რუსულ ფაქტორს: სრული პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას შარშანწინ, შარშან ან წელს თავისი რევოლუციური გეგმები რომ აღესრულებინა, თბილისში დღეს რუსული ტანკები იდგებოდა. ისინი ზუსტად ისევე შემოუძღვებოდნენ საქართველოში რუსულ ტანკებს, როგორც ეს 2008 წელს გააკეთეს.
დღეს სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაა იმის გარანტი, რომ საქართველოში არ განხორციელდება მეორე ფრონტის სცენარი, რაც ჩვენს ქვეყანას რუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ინტერვენციას და უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანდა.
ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობას და განაგრძობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას ჩვენი ქვეყნის ჭეშმარიტად ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ! ღრმად გვწამს, რომ ევროკავშირის წევრობა არა ღირსებისა და დამოუკიდებლობის დათმობის ხარჯზე, მონური დამოკიდებულებითა და ცალ ფეხზე დგომით, არამედ მხოლოდ ღირსებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი!", - წერს თავის განცხადებაში ირაკლი კობახიძე.
კახა ოქრიაშვილი: „საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ“!
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„არალეგიტიმური, უკანონო „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სრულად დაიმორჩილოს და დაამონოს ქართველი ხალხი, ჩაახშოს ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ და ჩვენი სურვილი, ვიცხოვროთ თავისუფალ, დაცულ, სამართლიან საზოგადოებაში. მათი ერთადერთი მიზანია, შეინარჩუნონ ხელისუფლება და მომავალშიც გააგრძელონ ამ ქვეყნის ყვლეფა, ჩვენი ხალხის ხარჯზე.
დღეს მათ ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, აიძულა გადაედგათ ნაბიჯი უკან და განეცხადებინათ, რომ გაიწვევენ არადემოკრატიულ, უკანონო კანონპროექტს.
ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია გამარჯვებისკენ! ვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს აქციის უკანონოდ დაკავებული ყველა მონაწილე!
საბოლოო გამარჯვება დადგება მაშინ, როცა „ოცნებას“, როგორც სიმსივნეს, თავისი მეტასტაზებით, ჩვენი უსაყვარლესი ქვეყნის და ხალხის სხეულს ჩამოვაშორებთ.
გამარჯვება წინ არის!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი-მმართველი პარტია
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო, „ხალხის ძალა“ და საპარლამენტო უმრავლესობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ გაიმართა კონსულტაციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.
ვხედავთ, რომ მიღებულმა კანონპროექტმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა. კანონპროექტს მიაკერეს „რუსული კანონის“ ყალბი იარლიყი, ხოლო მისი პირველი მოსმენით მიღება საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს.
გარდა ამისა, რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ. მადლობა გმირ სამართალდამცავებს, რომლებმაც ძალადობას მოთმინებითა და უმაღლესი სტანდარტით უპასუხეს.
ჩვენ ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ მშვიდობას, სიმშვიდესა და ეკონომიკურ განვითარებას ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც საქართველოს წინსვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ენერგია არა დაპირისპირებაზე, არამედ ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებაზე დაიხარჯოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, როგორც საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე პასუხისმგებელმა მმართველმა ძალამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.
ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განვუმარტავთ, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. ამისათვის, დავიწყებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან და ფართო საზოგადოებას გავაგებინებთ სიმართლეს საკითხის თითოეულ დეტალთან დაკავშირებით.
ჩვენ ვმოქმედებთ იმ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით, რომელიც, როგორც მმართველ ძალას, საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე გვაკისრია.
საქართველო შეინარჩუნებს მშვიდობასა და სტაბილურობას და განაგრძობს სვლას ღირსებით ევროპისკენ, რაც ქართული საზოგადოების პრინციპული არჩევანია“, - ნათქვამია განცხადებაში.
კახა ოქრიაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "„აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას - ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“ რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური! ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე - ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა და დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა! დღეს საქართველოს არ ჰყავს კანონიერი ხელისუფლება. მტერი შემოიპარა საქართველოს ხელისუფლებაში!
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ჩვენი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის დარბევასთან დაკავშირებით, არის უკანონო. მომავალში, ვერავინ გაექცევა პერსონალურ პასუხისგებლობას, მათ შორის, „გავრილოვის ღამის“ დამნაშავეები, ვის მიმართაც „ოცნებამ“ ამნისტია გამოცხადა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით. ამგვარი ამნისტიები უკანონოა და მომავალში ვერ დაიცავს დამნაშავეებს!
რუსეთის მონებო, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გუშინ დაკავებული 66 პატრიოტი!
ყველანი მშვიდობიან პროტესტზე!", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "როგორც მოგეხსენებათ, დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი რა თქმა უნდა ყველა პარლამენტარს, რომელმაც ზეწოლისა და მუქარის მცდელობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ კანონპროექტს.
როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტის მიმართ რადიკალურ ოპოზიციას და მის მედიასაშუალებებს ფართოდ ჰქონდათ გაშლილი სიცრუეზე აგებული კამპანია.
თავიდან ბოლომდე სიცრუეზე დაყრდნობით ცდილობდნენ კანონპროეტებისთვის რუსული კანონის იარლიყი მიეკერებინათ. გარდა ამისა, ვრცელდებოდა უამრავი სიცრუე, რომ ამ კანონპროექტით აგენტებად გამოცხადდებოდნენ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები, შეიზღუდებოდა მათი საქმიანობა , საუბარი იყო შშმ პირთა მიმართ მზრუნველობაზე და ამის შეზღუდვაზე, სოფლის მეურნეობის პროექტების გაჩერებაზე, საუბარი იყო სტუდენტებისთვის აგენტის წოდებაზე , რომლებიც იღებენ დაფინანსებას უცხოეთიდან. ეს ყველფერი არის მარტივი, მტკნარი სიცრუე , რაც მარტივად დასტურდება ელემენტარულად ამ კანონპროექტის შინაარსის გაცნობით, თუმცა თქვენ ხედავთ რომ არავინ ინტერესდებოდა რეალურად ამ კანონპროექტების შინაარსით, თავიდან ბოლომდე წარიმართებოდა ზედაპირული სიცრუეზე აგებული კამპანია, იარლიყების მიკერებით, სტიგმატიზაციით, რასაც არაფერი საერთო არ ქონდა სინამდვილესთან. ეს ყველაფერი არის ტყუილი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას ბუნებრივია საზოგადოებას.
სინამდვილეში, ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს - ეს არის უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების საქმიანობის გამჭვირვალობა. ეს არის ერთადერთი საკითხი რაც წესრიგდება ამ კანონპროექტით . ქართული კანონის თანახმად, უნდა შეიქმნას რეესტრი, რომელშიც აისახება ყველა ამგვარი ორგანიზაციის შემოსავლებისა და ხარჯების ყოველწლიური ანგარიში. ეს არის ერთადერთი რამ , რასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმას, ვისაც რაღაც მნიშვნელოვანი აქვს დასამალი.
ვფიქრობთ, საზოგადოების ინტერესებშია იცოდეს, ვისი დაფინანსებით ცდილობენ კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები მაგალითად ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის დასუსტებას, მაგალითად აგინებენ ეკლესიას, ვისი დაფინანსებით აყალბებენ არჩევნების პარალელური ხმის დათვლის შედეგებს, სცენიდან ითხოვენ მთავრობის გადადგომას და ა.შ. ასეთი ფაქტების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მე მგონი საზოგადოებისთვის საინტერესოა ვის მიერ ფინანსდებიან, რა დაფინანსებით მოქმედებენ შესაბამისი ორგანიზაციები, ეკლესიის მაგინებლები , მთავრობის გადადგომის მომთხოვნი სუბიექტები და ა.შ როდესაც იქნება უზრუნველყოფილი ამ ყველაფრის გამჭვირვალობა მაშინვე ამას ბუნებრვია ექნება პრევენციული ეფექტი და ელემენტარულად მოხდება უარის თქმა თუნდაც დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა , რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნის ინტერესებს, ეკკლესიის ინტერესებს და ყველაფერ იმას, რასთანაც დაჯავშირებულია ჩვენი ქვეყნის იდენტობა.
კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება იყო სერიოზული დარტყმა ნაციონალური მოძრაობისთვის და აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ისტერიკა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენს გადაწყვეტილებას შეხვდა.
ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და ე.წ. პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის საშუალებას.
ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა იმ ადამიანის წუხილს, რომელსაც მასშტაბური დეზინფორმაციის გამო, კანონპროექტის შესახებ მცდარი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა. მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში მივაწოდოთ მათ დეტალური ინფორმაცია კანონპროექტის შინაარსისა და ამოცანების შესახებ.
კანონპროექტის მიღებით დაზარალებული ერთადერთი მხარე არის რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც მასთან დაკავშირებული ენჯეოების ფინანსების გასაჯაროება მოუწევს. შესაბამისად, როგორც უკვე ითქვა, ეს კანონი უზრუნველყოფს რადიკალიზმის შემცირებას ქართულ პოლიტიკაში.
ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე მძიმე დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. ევროპა ნიშნავს სწორედ რომ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენს მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. ჩვენ აუცილებლად ვივლით წინ ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით.
დასასარულს, მინდა გაცნობოთ, რომ როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც სამართლებრივ დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ.
დღეს ვრცელდებოდა ამაზეც დეზინფორმაცია , თითქოს საბოლოოდ იყო მიღებული ეს კანონპროექტი ჩვენს მიერ, სინამდვილეში მინიმუმ 3 თვე დასჭირდება ვენეციის კომისიიდან დასკვნის მიღებას , ამის შემდეგ გაგრძელდება დისკუსია და საბოლოო ჯამში ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მივიღებთ ამ კანონპროექტს.
ასევე მინდა მოვუწოდო, რა თქმა უნდა, ყველას სიმშვიდისკენ , ჩვენ ვხედავთ რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან , იქ არის რა თქმა უნდა გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან ადამიანები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართადამცავების მიმართ , არის სერიოზული ფიზიკური დააზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში ,რა თქმა უნდა , ნებისმიერი კანონდამრღვევი , კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი. და ბოლო საკითხი, რასაც ასევე მინდა შევეხო ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების , არა მარტო ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ბუნებრივია ევროპასთან. მე ძალიან მაინტერესებს რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებასთან დაკავშირებით ის ორგანიზაციები რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ენჯეოები , რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს ჩვენს მიერ დღეს მიღებული კანონპროექტი.
მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას , რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართაც მომავალში მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება", - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
ვინც ხმას მისცემს ბატონ იოსელიანს, მომავალ არჩევნებზე უნდა დარჩეს პარლამენტს და პოლიტიკის მიღმა!
კახა ოქრიაშვილი: „ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ!“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "90-იან წლებში, საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და ჩვენმა ხალხმა, გადავიტანეთ ურთულესი სამოქალაქო ომების მთელი ტალღები, სადაც ათიათასობით ქართველი ქართველის ხელით დაიღუპა. სულ მეგონა, რომ ეს უახლოესი ისტორიული მეხსიერება დაგვიცავდა ანალოგიური შეცდომებისგან, რომ 90-იანი წლების ომები, ერთგვარი ვაქცინის როლს შეასრულებდა, რათა იგივე შეცდომები არ დაგვეშვა.
ბოლო პერიოდში, სულ უფრო და უფრო გამეზარდა შეგრძნება, რომ დაგვავიწყდა, რა გამოვიარეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ, ისე რომ ვერც ვამჩნევთ, სამოქალაქო ომის მდგომარეობაში შევდივართ. არც კი მსურს ვიფიქრო, რა შეიძლება მოხდეს - რამდენი ათასი ადამიანი დაიღუპოს საქართველოში და საბოლოოდ დაინგრეს ჩვენი სახელმწიფოებრიობა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ამისთვის ყველაფერს აკეთებენ და საინტერესოც კი არ არის, რატომ.
ჩვენ, პასუხისმგებლიანმა საზოგადოებამ, ყელაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა სამოქალაქო ომი, რომელსაც ქართველ ხალხს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი სთავაზობენ, თავიდან ავირიდოთ.
2024 წელს, ქართველმა ხალხმა არჩევნებით უნდა შეცვალოს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რაც ერთადერთი გზაა, ჩვენს ქვეყანაში დამანგრეველი ომის თვიდან ასარიდებლად", - წერს თავის განცხადებაში პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი.
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი - რუსული ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივის “უცხოური აგენტების შესახებ“ ვრცელ განცხადებას ავრცელებს
კრემლის დავალებით ბიძინა ივანიშვილი აჩქარებს სვლას ბნელი რუსეთისკენ, საკანონმდებლო ინიციატივა “უცხოური გავლენის აგენტი“ კი მისი უკანასკნელი თავშესაფარია
იმ დროს როცა ევროკავშირი დაჩქარებულად განიხილავს საქართველოს ევროპული მომავლის საკითხს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტში ოფიციალურად დაარეგისტრირა მათივე სატელიტი დაჯგუფების “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული, რუსული ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივა “უცხოური გავლენის აგენტი“
კრემლის პროპაგანდით ზურგგამაგრებული და ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო კანონპროექტი სრულად აცდენილია ადამიანის უფლებებთან, დემოკრატიის ფასეულობებთან და ევროკავშირის ღირებულებებთან.
ხაზგასმით აღსანიშნავია რომ, არც ერთ ევროკავშირის ქვეყანაში არ არსებობს მსგავსი ტიპის კანონი, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ,“უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი აქტიურად გამოიყენება მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში - თავისუფალი აზრის ჩასახშობად.
2 მარტს პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირებული რუსული ხასიათის კანონპროექტი, არასამთავრობო და დამოუკიდებელ მედეა ორგანიზაციებს ავალდებულებს ნებაყოფილობით აცნობონ სახელმწიფო სტრუქტურებს და ამავდროულად აღიარონ, რომ ისინი არიან “უცხოური გავლენის აგენტის“ სტატუსის მატარებლები, ჯაშუშობენ და მოქმედებენ საქართველოს საწინაამღდეგოდ, იმავდროულად ლობირებენ გრანტის გამცემი ქვეყნის ინტერესებს.
ანუ, “ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული რუსული კანონპროექტის თანახმად, ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეეძლება ევროპული ან ამერიკული გრანტით დაფინანსებული იურიდიული პირი, მედეა ორგანიზაცია თუ ბიზნეს სუბიექტი მოიხსენიოს უარყოფით კონტექსტში, მიანიჭოს მას მოღალატის იარლიყი და ამ სტატუსიდან გამომდინარე შეეზღუდოს თავისუფლად მუშაობის საშუალება. რუსული ხასიათის კანონპროექტი არის ძალიან კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ რა სისწრაფით მიყავს ივანიშვილის რეჟიმს საქართველო ბნელი რუსეთისკენ.
P.S. ორგანიზაციები უცხოური აგენტების რეესტრში არ დარეგისტრირდებიან ან ამოირიცხებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია შეწყვეტს უცხოური წყაროებიდან თანხების მიღებას და პოლიტიკურ აქტივობას.
ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი კანონპროექტის კანონად გადაქცევის შემთხვევაში, ლეგიტიმურად დაკანონდება მკაცრი შეზღუდვები სიტყვის გამოხატვის თავისუფლებაზე. დაწესდება მკაცრი შეზღუდვები სამოქალაქო აქტივობაზე, ქვეყანაში აღარ იარსებებს პლურალიზმისა და შეკრების თავისუფლების გარანტია, კიდევ უფრო შეიზღუდება სასამართლოს დამოუკიდებლობა და მართლმსაჯულების შემდგომი გაძლიერება.
მაგრამ ყველაზე მთავარი და საშიში ის არის რომ, ეს კანონი საქართველოს ხელისუფლებისთვის იქნება ივანიშვილის რუსული სურვილების აღსრულების ახალი ინსტრუმენტი განსხვავებული აზრის ჩახშობად. რუსული ხასიათის კანონი კიდევ უფრო გაადვილებს ხელისუფლების კრიტიკოსების დასჯას. კრემლის მიერ დაფინანსებული პრორუსი რადიკალების მხრიდან გახშირდება ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმები, ხელისუფლებას მიეცემა ღია რეპრესიებისა და ანგარიშსწორების შესაძლებლობა, რაც უარეს შემთხვევაში გამოიწვევს ოპოზიციის აქტივისტების ციხეში დიდი ხნით ჩასმას ან უმეტესობის ქვეყნიდან გაქცევას.
ძნელი დასაჯერებელია მაგრამ სამწუხარო ფაქტია რომ, პოლიციელები ანგარიშვალდებულები არიან არა ხალხთან, არამედ პარტია ქართული ოცნების ხელისუფლებასთან.
უკვე არავისთვის არ არის სიახლე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის გახდა ძლიერი პოლიტიკური ინსტრუმენტი, პოლიციის უკანონო ქმედება კი არ არის დასჯადი.
შეგახსენებთ რომ 2 მარტს სამოქალაქო საზოგადოება პარლამენტის წინ შეიკრიბა და მწვავედ გააპროტესტა ანტიდასავლური საპარლამენტო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული რუსული კანონპროექტი. ამ საშინელი კანონპროექტის კანონად ქცევამდე კი ვიხილეთ პოლიციელების მიერ გამოყენებული არაპროპორციული და აგრესიული რეაგირება მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსნების ტაქტიკური ქმედებები დაუნდობელი სისასტიკით გამოირჩეოდა მომიტინგეებთან ბრძოლაში. მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევამ, კიდევ ერთხელ დამანახა რომ, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებს ყველაზე მეტად სიამოვნებთ ხელისუფლებაში მყოფი პარტიული ლიდერების უკანონო დავალების შესრულება და მათ წინაშე პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციონირება.
2023 წლის 2 მარტს კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ, ჩვენ ვცხოვრობთ არა დემოკრატიულ სახელმწიფოში სადაც პოლიციის მაღალი თანამდებობის პირებს ამოძრავებთ პოლიტიკური მოტივაცია. განსაკუთრებით თვალშისაცემია ის გარემოება რომ, ამ პირთა დიდი ნაწილი, ნებისმიერ დროს მზად არის უერთგულოს ივანიშვილის რეჟიმს და თავი დააყენოს კანონზე მაღლა. გახშირდა შემთხვევები, როცა ამა თუ იმ საპროტესტო აქციიდან სახლში მიმავალი ადამიანი
უკანონობაზე თანხმობის გამოცხადება მათი გამოვლენილი ნება და არჩევანია, მაგრამ ყველა კანონდამრღვევ მაღალჩინოსან პოლიციელს მინდა შევახსნო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი სადაც ნათლად წერია, რომ ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო დაუშვებელია. ხშირია შემთხვევები, ზემოთაღნიშნული პოლიციელების საქციელი კი მთლინად ეწინაამღდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
რუსული ხასიათის კანონპროექტმა გაამყარა ეჭვი რომ ქართულ-უკრაინული მეგობრობის ხიდი შემთხვევით არ დანგრეულა
დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას რომ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე საქართველოს ხელისუფლების ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება არ იყო სიფრთხილით გამოწვეული შემთხვევითი ფაქტი, ან თუნდაც როგორც თავად განმარტავენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად მიღებული გადაწყვეტილება.
უკვე დადასტურებული ფაქტია, რომ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება იყო მკაცრად განსაზღვრული პოლიტიკური აქტი, საერთაშორისო მესიჯი და ევროპასთან დაპირისპირების პირველი ღია მცდელობა.
საზოგადოებაში ევროპული ამბიციის დასაქვეითებლად კრემლის ფავორიტმა საქართველოს ხელისუფლებამ, ონლაინ სივრცეში დაიწყო ევროპული არჩევანის წინაამღდეგ მოღალატეობრივი გეგმის ამუშავება. უფრო კონკრეტულად კი, პარტიის დაქვემდებარებული ჯგუფებიდან საინფორმაციო ომის იარაღად შეარჩია სანდო პირები, რომლებსაც ფულის სანაცვლოდ დაევალათ საინფორმაციო ომის წამოწყება უკრაინის ხელისუფლების წინაამღდეგ.
ამავდროულად, გონიერებას მოკლებული ხელისუფლებამ, ბოტების და ტროლების საშუალებით საზოგადოებაში მიზანმიმართულად განავითარა ანტიევროპული და ანტიამერიკული განწყობები.
სწორედ ამ საინფორმაციო ომის დაწყებისთანავე გაირკვა რომ, საქართველოს ხელისუფლება ამერიკის შეერთებულ შტატებთან, უკრაინასთან და ევროკავშირთან მეგობრობის ხიდს მიზანმიმართულად ანგრევდა.
ყოველგვარ ლოგიკას ცდება, როცა ხელისუფლების მაღალჩინოსანები ირიბად მაგრამ პატრიოტული მონდომებით, გულმხურვალედ უჭერენ მხარს რუსეთის უკრაინაზე გამარჯვებას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლება დაუფარავად აგრძელებს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას და კრემლის გზავნილების გავრცელებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად, არც ეს რუსული ხასიათის ინიციატივა შეიძლება შეფასდეს როგორც ქვეყნის ინტერესების გამტარებელი კანონპროექტი. პირიქით, კანონად გადაქცევის შემდეგ, ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული იქნება კონტროლირებადი ტელევიზიების თუ სოციალური მედიის მეშვეობით გაავრცელოს ყალბი ინფორმაცია და განავითაროს აზრი, რომ ქვეყნისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი ევროპულ ოჯახში დაბრუნების დაჟინებული მოთხოვნა. რუსული პროპაგანდის მსგავსი ყალბი ინფორმაციით კი ხელისუფლება ეცდება ფართო მასებზე სასურველი ზეგავლენის მოხდენას.
ამიტომ, სანამ დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მინიმალურ დონეზეა ივანიშვილის კონტროლირებადი ხელისუფლება მშვიდად განაგრძობს მოსკოვთან თავისი დიპლომატიურ საქმიანობას.
რუსული ხასიათის კანონპროექტით ივანიშვილს სურს რომ ამერიკელებს აჩვენოს თუ ვინ არის საქართველოში ძლიერი ძალა.
როცა საქართველოს მოსახლეობის 80% ფიქრობს, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ რა იმალება ამ საკანომდებლო ინიციატივის უკან? რა თქმა უნდა რუსეთთან ურთიერთოებების კიდევ უფრო გაღრმავების საშუალება.
უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით რომ ივანიშვილის სურვილია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს მომავალი დაუკავშიროს რუსეთს და ამერიკელებს აჩვენოს რომ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ის არის საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა.
ივანიშვილის ეს განზრახვა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ხელი შეუშალოს და მინიმუმამდე შეამციროს აშშ-ს და ევროკავშირის ყოფნა საქართველოში. მან ამ გეგმის განხორციელება ღიად დაიწყო და თუ მას შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეაფერხებენ, მზადაა კრემლის ანტიდასავლურ პროპაგანდას უფრო ფართოდ გაუხსნას კარები და კიდევ უფრო მეტი ანტიდასავლური კანონი მიაღებიოს საქართველოს პარლამენტს.
იქ რაშიც ქართული ოცნების ხელისუფლება მიზანმიმართულად გვაბრუნებს სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის პროდასავლურ საგარეო ორიენტაციას და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს. ეს რუსული ხასიათის საკანონმდებლო ინიციატივა ემსახურება საზოგადოების გახლეჩვას, ქვეყნის დასუსტებას, დესტრუქციას, პოლარიზაციასა და თავისუფალი აზრის დევნას.
ჩვენ ისტორიულად ყოველთვის წარმოვადგენდით ევროპის ნაწილს, ამიტომ ჩვენი ეროვნული ვალია გავერთიანდეთ და მიმდინარე წელი გავხადოთ ევროინტეგრაციისკენ სწრაფვის ქვაკუთხედი.
საკმარისია ჩუმად ყოფნა, გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება და პროპორციული პასუხი გავცეთ შეუხედავი და ბუჩქოვანი რუსი ოლიგარქის ზურგს უკან დამალულ დაჯგუფებას და მათ ინიცირებულ რუსული ხასიათის კანონპროექტს. ხმამაღლა გავაგონოთ ქართული ოცნების დეპუტატებს, რომ ქართველი ხალხის მყარი სურვილია ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი.
ყოველივე აქედან გამომდინარე, მოგმართავთ და მოგიწოდებთ კვლავ შევიკრიბოთ 6 მარტს დილის 9 საათზე პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან აქციაზე და ერთიანი ძალით ვუთხრათ არა ივანიშვილის და ქართული ოცნების რუსულ ხელისუფლებას.
ამ რუსული ხასიათის კანონპროექტის კანონად გადაქცევის შემთხვევაში ათასობით ადამიანი გახდება ივანიშვილის რეჟიმის მსხვერპლი, ქართული ოცნება კი კიდევ უფრო ღრმად გაიდგავს საქართველოს მიწაზე მის ფართოდ დატოტვილ რუსულ ფესვებს.
ილია ზუკაკიშვილი
ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი
5 მარტი, 2023 წელი