თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2023 17:40

გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას

თბილისი. 13 სექტემბერი 2023 — თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.

უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.

უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.

უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.

„გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა.

„რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

"უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება", - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა.

უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის  დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.

აშშ-ი უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 მაისი 2023 11:27

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისინი უკრაინას 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გაუწევენ. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ე. ბლინკენმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ გავაგრძელებთ გვერდში დგომას ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, როდესაც ისინი იცავენ თავს რუსეთის აგრესიული ომისგან. პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან მიღებული მანდატის თანახმად, მე ვამტკიცებ ტრანზაქციას უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების შესახებ, აშშ-ს ინვენტარიდან.“

ბლინკენი თავის განცხადებაში ასევე იმასაც აღნიშნავს, რომო რომ რუსეთს შეუძლია ომის დასრულება დღესვე, თუ იგი ამას ისურვებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს.

თავის მხრივ, პენტაგონის მიერ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში 300 მილიონი დოლარის პაკეტის მოცულობა იქნა გაზიარებულია.

შესაბამისად, პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა „ჰაიმარსი“ (HIMARS), TOW და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Hydra-70 საჰაერო რაკეტები და სხვა საბრძოლო მასალები.

ასევე აღინიშნა, რომ პაკეტში შედის მცირე იარაღის საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები, მძიმე ტექნიკა, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა სათადარიგო ნაწილები.

G7 გაზრდის თანამშრომლობას რუსეთის მიერ ეკონომიკური სანქციების თავიდან აცილების წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2023 14:52

დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნები გააძლიერებენ თანამშრომლობას, რათა რუსეთმა, რომელიც აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე, თავიდან ვერ აიცილოს ეკონომიკური სანქციები. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.

დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იაპონიაში, რომელიც გახლავთ ამ ორგანიზაციის როტაციული თავჯდომარე, შეიკრიბნენ.

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრების შეხვედრისას ხაზი გაესვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელობას, რომელიც აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაზე.

შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მხრიდან სანქციების თავიდან ასაცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა და ასევე მესამე ქვეყნების მხრიდან იარაღის მიწოდების შეფერხების თაობაზე თანამშრომლობა უნდა გაზარდონ.

შეხვედრაზე მხარეები, რუსეთის წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებების გააქტიურებაზე და ამ სადამსჯელო ქმედებების სრულად და კოორდინირებულ განხორციელებაზეც შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, შეხვედრაზე G7-ის მინისტრებმა დაგმეს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გასული თვის ბოლოს გაჟღერებული გეგმები ბელორუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.   

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავის ქვეყანაში მიიწვია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 31 მარტი 2023 13:41

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავის ქვეყანაში მიიწვია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამომცემლობა „ასოშიეტედ პრესთან“ (AP) ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის უკრაინაში მიწვევისას, ზელენსკიმ თქვა, რომ მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე (2022 წლის 24 თებერვალი).

უკრაინაში ომის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 12 პუნქტიან დოკუმენტზე, ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ ის (სი) აქ ვიხილოთ. მსურს მასთან საუბარი. მე მასთან კონტაქტი მქონდა მანამ, ვიდრე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მე არ მქონია მასთან კონტაქტი.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების საუბარი იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ არ არის მიღწეული.

შეგახსენებთ, სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში"

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 30 მარტი 2023 12:24

2023 წლის 30 მარტს ქ. ბრიუსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო გერმანული ანალიტიკური ცენტრისა „DGAP“ და ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპული კვლევების სტოკჰოლმის ცენტრთან (SCEEUS) პარტნიორობით, გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - ,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ: ნავიგაცია ახალ რეალობაში ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“ (Russia`s war against Ukraine: Navigating the new reality in the EU Eastern Neigbourhood). ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის, აგრეთვე ტრიოს - საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა სესიაზე სახელწოდებით - „ევროკავშირის გაფართოებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გადახედვა“ (Rethinking the EU enlargement and Eastern Partnership policy). თავის გამოსვლაში თეიმურაზ ჯანჯალიამ აქცენტი გააკეთა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ მნიშვნელობაზე და მოკლედ მიმოიხილა ქვეყნის მიერ განხორციელებული ძალისხმევა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების მიზნით. აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომით შეფასდეს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მინიჭების კრიტიკულ მნიშვნელობას. მან ასევე ისაუბრა ევროკავშირში ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების მნიშვნელობაზე, რაც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას პრაქტიკულად მოამზადებს ევროკავშირის წევრობისთვის.
სესიაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში პრაგმატული, საერთო ინტერესის პროექტებზე ორიენტირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული საფლაგმანო პროექტების განხორციელების დაჩქარებას, განსაკუთრებით შავი ზღვის დაკავშირებადობის გაძლიერების მიზნით, რაც საქართველოსა და ევროკავშირის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს.
თეიმურაზ ჯანჯალიამ სესიის ფარგლებში ისაუბრა ასევე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიან აგრესიას მოჰყვა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით გართულებულ ვითარებაზე. ამ ფონზე მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას.

უკრაინამ რუსული სუ-24M ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 29 მარტი 2023 17:14

უკრაინამ განაცხადა, რომ რუსული სუ-24M ტიპის ბომბდამშენი ბაჰმუტის რაიონში ადგილობრივი დროით 01:30 საათზე ჩამოაგდეს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

უკრაინის გენშტაბის განცხადებაში ნათქვამია: „უკრაინის შეიარაღებული საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა გუშინ ღამით გაანადგურეს რუსული ბომბდამშენი სუ-24М. ინტერვენცია დაახლოებით 01:30 საათზე ბახმუტის მიმართულებით მოხდა“.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის ბრძანება გასცა, რითაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი.

ვ. პუტინმა თქვა, რომ ის მიზნად ისახავს ქვეყნის დემილიტარიზაციას, რათა თავიდან აიცილოს კიევის ნატოში გაწევრიანება და შეინარჩუნოს იგი რუსეთის გავლენის სფეროში.

სლოვაკეთი უკრაინაში საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელს გააგზავნის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 20 მარტი 2023 09:32

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ჰეგერმა განაცხადა, რომ უკრაინაში 13 ერთეულ საბჭოთა წარმოების Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავის გაგზავნას, რომლებიც ქვეყანაში არ გამოიყენება, დაეთანხმა მმართველი უმცირესობის მთავრობა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

უკრაინაში საბჭოთა წარმოების თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც დღის წესრიგში დიდი ხანია დგას, ჰეგერმა ეს განცხადება Twitter-ზე გააკეთა.

მისი თქმით, უკრაინისთვის მიცემული დაპირება უნდა შესრულდეს. „სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინაში 13 ერთეული Mig-29 თვითმფრინავის გაგზავნა“. -  განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

ჰეგერმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა უფრო მეტი იარაღი, მათ შორის სამხედრო თვითმფრინავები და რომ ისინი შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ, რაც შეუძლიათ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა: "სხვა ქვეყნებიც ასრულებენ მსგავს საქმეს. უკრაინაში ძირითადი სამხედრო დახმარების მასალების მიწოდების წყალობით, ეს ქვეყანა შეძლებს დაიცვას როგორც საკუთარი თავის, ისე მთელი ევროპა რუსეთის წინააღმდეგ“.

2022 წლის ივლისში თავის განცხადებაში ჰეგერმა გააზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავები შეიცვლება F-16-ებით და რომ ამ თვითმფრინავებს 2022 წლის სექტემბრიდან აღარ გამოიყენებენ.

IBSU-მ უკრაინის ომის თემაზე პანელურ დისკუსიას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 17 მარტი 2023 16:32

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლის თავზე, პანელისტებმა განიხილეს ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური ცვლილებები, დასავლეთის მხარდაჭერა, რუსეთის გეგმები და ჩინეთის როლი ამ პროცესში. პანელური დისკუსიის ფორმატში, მოწვეულმა ექსპერტებმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

დისკუსიის დასასრულს, მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხებს სტუდენტების კითხვებსაც.

მოწვეულ ექსპერტებს შორის იყვნენ შოთა კაკაბაძე, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ანალიტიკოსი; ნათია სესკურია, უსაფრთხოების კვლევების რეგონული ინსტიტუტის (RISS) აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის, Chatham House-ის მრჩეველი, IBSU-ს მოწვეული ლექტორი; დიმიტრი ნადირაძე, თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი და გიორგი გობრონიძე, IBSU-ს მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი. დისკუსიის მოდერატორი იყო IBSU-ს ასოცირებული პროფესორი ივანნა მაჩიტიძე.

სოლიდარობა უკრაინას! ორბელიანების სასახლე უკრაინის დროშის ფერებში განათდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 თებერვალი 2023 12:56

ორბელიანების სასახლე უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა და ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო Noli Me Tangere/ ,,არ შემეხო" გამოიფინა.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ მონუმენტური ნახატით გამოხმაურებოდა უკრაინაში ომის წლისთავს. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შთაგონებულია პიკასოს „გერნიკით“ (Guernica), როცა 1937 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე პიკასოს ერთადერთი ნამუშევარი ,,გერნიკა“ ჰყვებოდა ომის საშინელებებსა და ომის პერიოდში ადამიანურ ტრაგედიას. 

,,პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სწორედ ეს მონუმენტური ტილო გამოიფინა, რადგან ის ასე ლაკონურად გამოხატავს უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობას, უკრაინის ომთან მიმართებით ქართველი ერის განწყობას.

ეს ნახატი არის პასუხი, რაც ქართულმა საზოგადოებამ ქართულმა სახელმწიფომ უნდა გამოხატოს მსგავსი საკითხების მიმართ, და ამ შემთხვევაში, კულტურა საუკეთესო ინსტრუმენტია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურის საკითხებში კოტე ნეცვლიშვილმა.

ინფორმაცია ლევან სონღულაშვილის ტილოს Noli Me Tangere შესახებ:

ლევან სონღულაშვილმა მონუმენტური ტილო "არ შემეხო" / "Noli Me Tangere" (Touch Me Not) 2022 წელს შექმნა, რუსეთ-უკრაინის ომის დროს. 

Noli Me Tangere-ის ინტერტექსტუალურ ანალიზს თუ მივმართავთ, თანამედროვეობის ეპოქალური კონტექსტების გათვალისწინებით, ძნელი მისახვედრი არ არის, თუ რა იგულისხმა ავტორმა ახალი აღთქმის რელიგიურ სცენაში. 

სურათის ცენტრალურ ფიგურას (ქრისტე) თმა უკრაინის დროშის ფერში აქვს წარმოდგენილი (ცისფერი), მის უკან მდგარ ფიგურას კი უკრაინელი ქალის ნაციონალური თავსაბურავი მოსავს. წინა პლანზე წარმოდგენილი მცენარეებიც ცისფრისა და ყვითლის ტონებისგან შედგება. 

უფრო საინტერესო კი სურათის სიღრმეში იმალება: მკვდარი ჩიტები როგორც დაღუპული უმანკოების, ან ზოგადად სიკვდილის სახე-ხატი და კუბოკრულ ქურთუკში გამოწყობილი პატარა უკრაინელი ბიჭუნა, რომელმაც პოლონეთის საზღვარზე ატირებულმა, მსოფლიო კიდევ ერთხელ აღაშფოთა და შეძრა!  

მწვანეს, თეთრის და ცისფრის ტონებს, ტილოს მარჯვენა ზედა ნაწილიდან შავად მოვლენილი ჩიტების გუნდი არღვევს, როგორც მოსალოდნელი საფრთხის და სიკვდილის გარდაუვალობის სიმბოლო. ნამდვილი ტრაგედია სურათის არა ფრონტალურ, არამედ მის ზედა ნაწილშია წარმოდგენილი, გარდაცვლილი ქალის სხეულს ადამიანები მიასვენებენ.

ინფორმაცია ხელოვანის შესახებ:

ლევან სონღულაშვილი - ხელოვანი (ფერმწერი, გრაფიკოსი, ინსტალაციის და ვიდეო არტისტი) ქართველი ხელოვანის, ლევან სონღულაშვილის (დაბადებული 1991 წელს თბილისში) შემოქმედება არა მარტო დიდ გამომსახველობით შთაბეჭდილებას იწვევს, არამედ კონცეპტუალურადაც კომპლექსურია. 

იგი ცნობილია უნიკალური სტილით და ტექნიკით, რომელიც აბსტრაქციის და რეპრეზენტაციული ხელოვნების ერთგვარ სინთეზს ჰქმნის. ხელოვანი მრავალფეროვანი მასალით მუშაობს, როგორც ფერწერასა და გრაფიკაში, ასევე კედლის მხატვრობაში, ინსტალაციასა და ვიდეო არტში.

აშშ-ის საელჩო - ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 თებერვალი 2023 12:34
ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მტრის ხატის შექმნა და მასთან ბრძოლა დიქტატორების შეუცვლელი სტრატეგიაა. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "ასევე არახალია, რომ დიქტატორები ერთმანეთის შეცდომებს იმეორებენ.
პუტინი საკუთარ ხალხს ეუბნება, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მათი მტერია, რომ მხოლოდ ის დგას ჭეშმარიტების გზაზე. პუტინის მტერია ფეხმძიმე ქალები, რომლებსაც სამშობიაროში ბომბავს, პატარა ბავშვები და მოხუცები, რომლებიც თავშესაფრებში ერთამენთს სიმღერით ამხნევებენ და ადამიანები, რომლებიც ირჩევენ თავისუფლებას.
ერთი წლის წინ პუტინი დარწმუნებული იყო, რომ კიევი ერთ დღეში დაეცემოდა, რომ მის ჯარს უკრაინელი ხალხი ყვავილებით შეეგებებოდა და დასავლეთი მის საქციელზე თვალს დახუჭავდა. მაგრამ კიევი დგას, უკრაინელი ხალხი არნახული სიმამაცით იბრძვის და დასავლეთი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს.
პუტინის მსგავსი დიქტატორები იმეორებენ შეცდომას, რადგან მათ ავიწყდებათ ის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების წინ რუსთაველმა გენიალურად ჩამოაყალიბა: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.", - ხასგასმულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური