სუს-მა სახელმწიფო გადატრიალებაზე გაკეთებული განცხადებით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის აგენტის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე უპასუხა!
ნედ პრაისი - ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისა და აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს საქართველოს მოსახლეობისთვის პარტნიორობა
ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან“ დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
ნედ პრასის თქმით, ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე.
„თქვენ გრძნობების შესახებ იკითხეთ და ეს გრძნობა არის ღრმა შეშფოთება. თქვენ მოისმინეთ, რომ ჩვენ ამ განწყობას სისტემატურად გამოვხატავდით ბოლო დღეებში. ეს არის ღრმა შეშფოთების გრძნობა ამ კანონპროექტის პოტენციური შედეგების გამო. ეს კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს გარკვეულ უფლებებს, რომლებიც არის ძირითადი საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ნათელი მომავლისკენ. ის მოახდენს დამოუკიდებელი ხმების და საქართველოს მოქალაქეების სტიგმატიზაციას, რომლებსაც არაფერი უნდათ მეტი, გარდა ერთად მუშაობისა ნათელი მომავლის ასაშენებლად, მომავლის, რომელიც ინტეგრირებულია ევროპასთან, მომავლის, რომელიც არის დემოკრატიული და თავისუფალი, სადაც საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
მისი თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებული და შეწუხებულია იმის გამო, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს აღნიშნული კანონი ქართველი ხალხისთვის.
„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული და შეწუხებულები იმის გამო, თუ რას შეიძლება ეს ნიშნავდეს ქართველი ხალხისთვის, თუმცა ასევე იმიტომ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ არის საქართველოს პარტნიორი, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აშშ მის გვერდითაა და მხარს უჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ ეტაპზე ეს მისწრაფებები, გარკვეულ შემთხვევაში, იყო არაფერი, გარდა იდეისა. ათწლეულების განმავლობაში ქართველი ხალხი მუშაობდა ამ მისწრაფებების განხორციელებისთვის. მათ მიაღწიეს დიდ პროგრესს დემოკრატიად ჩამოყალიბებაში, რომელზეც ისინი ფიქრობდნენ ადრეულ ეტაპზე, ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციაში და იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველო დარჩეს ამ გზაზე, თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ კანონპროექტს, რომელიც იქნება დიდი უკუსვლა, ეს იქნება უკუსვლა საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებისთვის, ეს იქნება უკუსვლა აშშ-ის შესაძლებლობისთვის, გააგრძელოს, რომ იყოს პარტნიორი საქართველოს მოსახლეობისთვის. ყველა, ვინც ხმას აძლევს ამ კანონპროექტს, იქნება პასუხისმგებელი და მონაწილე საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხეში ჩაგდებაზე. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ეს მოხდეს. აშშ-ის გარდა, ევროკავშირმა, გაერო-მ და, რაც მთავარია, ქართველ ხალხმა, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა გაავრცელეს ძლიერი განცხადებები, სადაც გამოხატეს შეშფოთება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან და როგორ არის შეშფოთებული აშშ იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს.
„საუკეთესო მაგალითია კონტრმაგალითი. ეს არის იმის მაგალითი, თუ რა ტიპის პარტნიორობა შეუძლია აშშ-ის იმ ქვეყნების მოსახლეობასთან, რომლებიც მიისწრაფიან, გააგრძელონ დემოკრატიის, დემოკრატიული რეფორმების, ევროპასთან და უფრო ფართო ევროატლანტიკურ რეგიონთან ინტეგრაციის გზა. ვფიქრობ, საუკეთესო კონტრმაგალითი არის აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან, თუ როგორი შეიძლება იყოს ეს პარტნიორობა და როგორ ვართ შეშფოთებული იმის გამო, რომ ამ პარტნიორობას, შესაძლოა, სულ მცირე, ნაწილობრივ მაინც შეექმნას საფრთხე, თუკი მსგავსი კანონი წინ წაიწევს. საბოლოოდ, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები. ჩვენი ძლიერი იმედია, რომ საქართველოს მთავრობა უსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი საუბრობს მკაფიო ხმით. ზუსტად ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მკაფიო, ხმამაღალ ხმებს ახშობენ ცრემლსადენი გაზით, იმათი ჩახშობის ძალისხმევით, რომლებიც შეკრების თავისუფლების უფლებას იყენებენ. ეს ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია. თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, მთელ მსოფლიოში მთავრობებმა, რა თქმა უნდა, თბილისში მთავრობის ჩათვლით, მოუსმინოს თავის ხალხს“, – განაცხადა პრაისმა.
ნედ პრაისს ბრიფინგზე ასევე კითხვა დაუსვეს, არის რამე, რაც ხელს უშლის აშშ-ის მთავრობას, რომ სანქციები დაუწესოს ბიძინა ივანიშვილს, „რომელიც ამ ყველაფრის უკან დგას და რომლის პარტიამაც წამოაყენა ეს კანონპროექტი“.
„როგორც იცით, მე არ ვსაუბრობ კონკრეტულ პირებზე ან კომპანიებზე, რომლებიც, შესაძლოა, ექვემდებარებოდნენ აშშ-ის ან სხვა სანქციებს, თუმცა ჩვენ გვაქვს რიგი ინსტრუმენტებისა, რომელთა დამტკიცებაც მოგვცემს შესაძლებლობას, პასუხისგებაში მივცეთ მსოფლიოში ყველა და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უნივერსალური უფლებების ჩახშობაზე. არის უფლებამოსილებები, რომლებიც გაწერილია სხვადასხვა კანონში, აღმასრულებელ განკარგულებაში, რასაც ჩვენ განვიხილავთ ყურადღებით ამ კონტექსტში. ამას ვაკეთებთ ნებისმიერ კონტექსტში, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და რაც მნიშვნელოვანია, რასაც ქართველი ხალხი ელოდება და იმსახურებს უნივერსალური უფლებების კუთხით“, – განაცხადა პრაისმა.
ამერიკა ბულგარეთს 8 ერთეულ F-16-ებს მიყიდის
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ბულგარეთისათვის 8 ერთეული F-16 Block 70 სერიის და სხვა აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც 1,6 მილიარდი დოლარი გახლავთ. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აშშ-ს თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ დამტკიცდა ბულგარეთისთვის 8 ერთეული F-16 C/D Block 70 სერიის თვითმფრინავების და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობის მიყიდვა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 1,6 მილიარდი დოლარია.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაყიდვა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბულგარეთის უსაფრთხოებაში, მაგრამ არ შეცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იარაღის გაყიდვის დამტკიცება უბრალოდ ნიშნავს, რომ გაყიდვა არ არის აშშ-ს ადმინისტრაციის პრობლემა.
თუ აშშ-ის კონგრესი 30 სამუშაო დღის განმავლობაში არ გააპროტესტებს დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, ადმინისტრაცია იწყებს მოლაპარაკებებს იმ ქვეყანასთან, სადაც ხსენებული იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ
აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ, – ამის შესახებ განცხდება აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა.
„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რაც მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ისევე როგოც აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ დაკავებას და ანექსიის მცდელობას 2014 წელს, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რაც წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვიცირებულ შეჭრას. ასევე ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
კითხვაზე, როგორ დაეხმარება აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს და მოლდოვას რუსეთის მხრიდან აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში და თუ განიხილება ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის გადაცემა ამ ქვეყნებისთვის, ნედ პრაისმა უპასუხა:
„რუსეთის აგრესიიდან უკრაინის წინააღმდეგ ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ პუტინის ხედვით რუსეთი ძალიან შორს სცდება საზღვრებს. ჩვენი პასუხიც ცალსახაა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია არის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და ამას საერთაშორისო საზოგადოება ვერ მიიღებს. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფებოდა მოლდოვაში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მოლდოვის მთავრობას, ხალხს და მოდლოვას ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. იგივე ვრცელდება საქართველოზეც. ქართველ ხალხს რუსეთის აგრეესიის შესახებ შედარებით ახალი მოგონებები აქვს. მათ ძალიან კარად ახსოვთ რუსეთის პროვოკაციები, მათ შორის რუსეთის მხარდაჭერილი ძალების პროვოკაციებისა. ჩენ ამ ქვეყნების გვერდით ვდგავართ. ჩვენი მკაფიო გზავნილია მოსკოვისადმი, რომ აგრესია მისი მეზობლების წინააღმდეგ არის მიუღებელი და მას მოჰყვება მტკიცე პასუხი“, - განაცხადა ნედ პრაისმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ესაუბრა. შესაბამისი პრეს-რელიზი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მისი განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც დაჟინებით მოითხოვს რუსეთისგან თავისი საჯარისო შენაერთების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნებასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებას.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საჭიროა დაიცვან სუვერენულ სახელმწიფოთა უფლება თავად აირჩიონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და მხარი დაუჭირონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე. საუბარი ასევე შეეხო ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების გზებს.
ამერიკელი ოფიციალური პირები ყატარში პირისპირ შეხვდნენ თალიბანის წარმომადგენლებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ნედ პრაისმა, თავის წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ზოგიერთმა ამერიკელმა ჩინოვნიკმა 9-10 ოქტომბერს ყატარის დედაქალაქ დოჰაში მოლაპარაკებები გამართა თალიბანის წარმომადგენლებთან. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ავღანეთში შექმნილი ბოლო ვითარება. ამავე განცხადებით, ეს იყო თალიბანების მიერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ მხარეების პირველი შეხვედრა და მოლაპარაკებები მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.
შეხვედრის დროს პრიორიტეტი მიენიჭა ამერიკელებისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხო გასვლის საკითხს. გარდა ამისა, განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების საკითხებიც, მათ შორის ქალების ადექვატური წარმომადგენლობა და ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-ი უშუალოდ დაეხმარება ავღანელ ხალხს.
მოლაპარაკებების დროს ამერიკულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ ის განსაზღვრავს საგზაო რუკას თალიბანის ქმედებების და არა მათი სიტყვების მიხედვით. როგორც ცნობილია 30 აგვისტოდან ავღანეთს თალიბანი მართავს.