საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს
ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-სომხეთის საზღვართან, მდინარე დებედაზე, ახალი საავტომობილო ხიდის ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია.
„მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო! მივესალმები ჩემს მეგობარს და ჩვენი ქვეყნის მეგობარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს. მე მოხარული ვარ, ვუმასპინძლო მას საქართველოში. კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა იზომება მრავალი საუკუნით. ჩვენი ურთიერთობა არა მხოლოდ ძმობის და მეგობრობის მაგალითია, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა მთლიანად რეგიონის კეთილდღეობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის. მეგობრობის ხიდი, რომელიც ერთად ავაშენეთ ჩვენი თანამშრომლობისა და მეგობრობის წარმატებას განასახიერებს. ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარე ერთობლივად აშენებული, თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრი სიგრძის 4-ზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია. მისი ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად ორმაგდება საზღვარზე ტრანსპორტის გამტარობა. უმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ხარისხი როგორც ორი ქვეყნის მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, ისე სატრანზიტო ავტოტრანსპორტისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებას,“- განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი.
„მინდა აღვნიშნო, რომ ხიდი არა მხოლოდ სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის იქნება სასარგებლო, არამედ იგი სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს ჩვენს ქვეყანაში საგზაო დერეფნის განვითარება მაღალი ტემპებით მიმდინარეობს, უკვე აშენებული გვაქვს აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის ნახევარი, ხოლო სულ რაღაც 2 წელიწადში მისი ყველა ძირითადი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდება. ასეთი მასშტაბური პროექტების კონტექსტში კიდევ უფრო აქტუალური ხდება, რა თქმა უნდა, გამშვები პუნქტების თანამედროვე სტანდარტების ხიდის ფუნქციონირებაც და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ორი მეგობარი ქვეყნის თანამშრომლობისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადგომა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბანკის წარმომადგენელს. ამ პროექტისთვის გამოიყო დაახლოებით 7 მლნ ევროზე მეტი. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო პირადად ბანკის ხელმძღვანელობას, ასევე სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიებს, ორივე მხარის სამთავრობო უწყებებსა და პროფესიონალთა გუნდს, პროექტის ავტორებს, ინჟინრებს, მშენებლებს, ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. შეიძლება ითქვას, ბატონო პრემიერ-მინისტრო, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობის ახალი ხიდი ავაშენეთ და დღეს ჩვენ ამას ოფიციალურად ვზეიმობთ. ეს ხიდი გვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს ქვეყნებს, მთლიანად რეგიონს, ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ, ვუსურვებ ჩვენს ქვეყნებს მშვიდობას, ჩვენს ხალხს კეთილდღეობას და წინსვლას. დიდი მადლობა!,“- განაცხადა პრემიერმა.
ახალი საავტომობილო ხიდის გახსნაზე დამსწრე საზოგადოებას აგრეთვე სიტყვით მიმართა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ამ ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას, ასევე სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
„ღრმად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო კოლეგებო, ქალბატონებო და ბატონებო! მოხარული ვარ, მოგესალმოთ ყველას სომხურ-ქართული პარტნიორული, მჭიდრო და მრავალშინაარსიანი თანამშრომლობის მაუწყებელი ამ ხიდის ამოქმედების ღონისძიებაზე. უსათუოდ საერთო ღირებულებებსა და ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული ჩვენი ორი, მეგობარი ქვეყნის საუკუნოვან კავშირებს აქვს ასეთი თანამედროვე და დროის მოთხოვნილების შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის საჭიროება, რაც მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს მომავალ ვრცელ თანამშრომლობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს არსებობს ყველა საჭირო წინაპირობა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების შესაბამისად განვავითაროთ და გავაღრმაოთ ძმურ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობა.
პატივცემულო დამსწრეებო, ამჟამინდელი ურთულესი გამოწვევების პირობებში, თვალსაჩინო ზრდა დაფიქსირდა სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. დღეს გამიკვირდა, დავაფიქსირეთ, რომ გასულ წელთან შედარებით, ამ დროსთან შედარებით 97%-ით გვაქვს სავაჭრო ბრუნვის ზრდა. მართალია, წინა წლების ბაზა არ იყო დიდი, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რაც უწყვეტი, თანმიმდევრული, ერთობლივი სამუშაოების განხორციელების შედეგია. ჩვენი ინტენსიური ურთიერთობების ფონზე, როდესაც ვუბრუნდებით და ციფრებს ვადარებთ, ვხედავთ ასეთ პოზიტიურ ტენდენციებს, ჩვენ უფრო განგვაწყობს, რომ ინტენსიური გავხადოთ ჩვენი შემდგომი ურთიერთობები. სომხურ-ქართულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს მეტად დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენი მუშაობით უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. არის შესაძლებლობები მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ფარმაციის, ინფორმატიკის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში. აშკარაა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს საკომუნიკაციო გზებს, რაც იძლევა მსოფლიო ეკონომიკასთან ინტეგრაციის საშუალებას და სასიცოცხლო კავშირის უზრუნველყოფას ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის სატრანსპორტო სფეროს პრიორიტეტი ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს რეალური ნაბიჯები გადავდგათ არა მხოლოდ სპარსეთის ყურის და შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის, არამედ სატრანსპორტო სფეროს საკვანძო კავშირის უზრუნველყოფის მიმართულებით სხვა საკვანძო ინიციატივებში. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი შეთანხმებების შერწყმით, აქტიური სამუშაოებით დავაინტერესებთ სხვა მხარეებს, ჩავრთოთ რეგიონულ თანამშრომლობაში. კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო სომხეთსა და საქართველოს შორის მგზავრთა კანონიერი გადაყვანა, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო გზებით. რაც შეეხება ტვირთგადაზიდვებს, საჭიროა დამატებითი ძალისხმევა და ერთობლივი უწყვეტი სამუშაოები მათი ადვილი გადაადგილებისთვის. ამ კონტექსტში ასევე ხაზს ვუსვამ სარკინიგზო და მულტიმოდალურ, კერძოდ, საბორნე გადაზიდვების მნიშვნელობას,“- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ახალი საავტომობილო ხიდი დაათვალიერეს.
საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ შეღავათიან ფასებში თურქეთში საუკეთესო სამედიცინო მომსახურება მიიღონ
ჯოზეფ ბორელი: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში პოლიტიზებული სამართლის არსებობა დაუშვებელია
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხზე შეშფოთება გამოხატა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება.
თავის სიტყვაში, რომელიც ევროპარლამენტში ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკისმა გააჟღერა, ბორელმა ოპოზიციური სატელევიზიო არხ „მთავარის“ მფლობელის და დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენზეც ისაუბრა. მისი თქმით, გვარამიასთვის სამწელნახევრიანი პატიმრობის მისჯა ეწინააღმდეგება ევროკავშირის განმეორებით მოწოდებებს სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების თაობაზე. ევროკავშირი მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები ნდობის დანერგვის და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის წინაპირობაა, რაც „დიდი ხანია, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებას წარმოადგენს“.
„ევროკომისიამ მკაფიოდ გამოთქვა აზრი ამ საკითხზე: თუ საქართველოს გულწრფელად სურს ევროპული მომავალი, ქვეყანაში დაუშვებელია პოლიტიზებული სამართლის არსებობა და მედიის თავისუფლების შეზღუდვა“, — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა, — „ჩვენ შეშფოთებით აღვნიშნავთ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევების გახშირებას საქართველოში. ძალადობა და მუქარა ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია“.
გარდა ამისა, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი კვლავ საქართველოს ახლო მეგობარი და პარტნიორია და აქტიურად მონაწილეობს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში.
დამატებითი ინფორმაცია
საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავი აღინიშნება
საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა 1992 წლის 21 მაისს. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
1921 წელს, ანკარაში გაიხსნა საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა სიმონ მდივანი. აღსანიშნავია, რომ 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, სიმონ მდივანმა, პირველმა უცხოელმა ელჩმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურს, თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირს, იმ პერიოდისთვის თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს მუსტაფა ქემალ ათათურქს.
პირველი ქართული დიპლომატიური მისიის ანკარაში მოღვაწეობიდან 70 წლის თავზე, 1991 წლის 16 დეკემბერს, თურქეთმა, კვლავ ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. 1992 წლის 30 ივლისს, საქართველოსა და თურქეთს შორის ,,მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ’’ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, თურქეთში საქართველოს პირველი საელჩო გაიხსნა 1994 წლის მაისში. საელჩოს გახსნამდე, აპრილის თვეში, ფუნქციონირება დაიწყო ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ, ხოლო მოგვიანებით, 1998 წელს, გაიხსნა საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში.
საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება, როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თურქეთი, როგორც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერი. ამასთან, თურქეთი, მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკის დასტურია წლების განმავლობაში განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ინტენსიური ვიზიტები.
საქართველო-თურქეთის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე ავიდა თანამშრომლობის ახალი ფორმატის - მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაფუძნებით, რომლის პირველი შეხვედრა გაიმართა ანკარაში, 2016 წლის 19 ივლისს, პრემიერ-მინისტრების დონეზე. სხდომის ფარგლებში ხელი მოეწერა "ანკარის განცხადებას", რომელშიც ასახულია საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.
თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - 2021 წლის სტატისტიკური მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა შეადგენდა 2,145,884,100 აშშ დოლარს - რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები ქართული ექსპორტის ზრდის მიზნით.
2021 წლიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის ოფიციალურად ამოქმედდა ე.წ. „დიაგონალური კუმულაციის“ მექანიზმი, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აქტიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ეკონომიკური/სატრანსპორტო პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ორი ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმით, პირადობის მოწმობების საფუძველზე. მნიშვნელოვანია საქართველოსა და თურქეთს შორის საკანონმდებლო ორგანოებში მეგობრობის ჯგუფების აქტიური თანამშრომლობა.
უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა საქართველო-თურქეთის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი. გრძელდება აქტიური თანამშრომლობა ბუნებრივი აირის სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის (TANAP და TAP) და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის სრულფასოვნად რეალიზაციისთვის.
მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში, მნიშვნელოვანი პოლიტიკური მექანიზმია საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც 2012 წელს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ჩაეყარა საფუძველი („ტრაპიზონის დეკლარაცია“). აღნიშნული მექანიზმი ასევე მოიცავს თანამშრომლობის ფორმატებს პრეზიდენტების დონეზე, პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებსა და თავდაცვის მინისტრებს, ასევე, სხვა უწყებების დონეზე. სამმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, არსებობს სამმხრივი ბიზნეს-ფორუმების ჩატარების პრაქტიკა.
აღსანიშნავია თურქეთსა და საქართველოს შორის კოვიდ-19 პანდემიის დროს აქტიური თანამშრომლობა, ასევე, თურქეთის მხარის მიერ გაწეული დახმარება პანდემიის აფეთქების პირველივე დღეებში საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების და სამედიცინო და საველე აღჭურვილობის რესურსების უსასყიდლოდ გამოყოფის მხრივ.
2022 წლის 27 იანვრიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის შედეგად იმპორტიორ კომპანიებს შეუძლიათ თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP-ის სტანდარტის შესაბამისი დაბალფასიანი მედიკამენტების შემოტანა.
2021 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავის აღსანიშნავად, საქართველოსა და თურქეთის ფოსტების მიერ, გამოიცა ერთობლივი ქართულ-თურქული საფოსტო მარკები.
ქართული მხარის ინიციატივით, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით, ახლო მომავალში, თურქეთის ეროვნული ზარაფხანის მიერ, მოიჭრება საიუბილეო მედალი.
საქართველოს ისტორიული არჩევანია, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს - ი. ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც იგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომლის ფარგლებშიც მთავარ განსახილველ საკითხს ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება წარმოადგენდა.
შეხვედრისას მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს განაცხადის განხილვის პროცესზე, მათ შორის, ევროკომისიის კითხვარზე, რომლის ორივე ნაწილი საქართველომ ვადაზე ადრე შეავსო, აგრეთვე საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა საქართველოს ისტორიული არჩევანი, დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ევროკომისიის მოსაზრებისა და ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. პრემიერმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს მთავრობისა და ხალხის სოლიდარობა და ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. მისი თქმით, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ომის დამთავრებას უკრაინაში და რომ ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ასევე საქართველოსთვის.
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერის პროცესში პირადი ძალისხმევისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტარები ქ. შუშაში შეიკრიბებიან
მომავალ კვირას, აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქ შუშაში, გაიმართება აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების წარმომადგენლების სამმხრივი შეხვედრა.
როგორც აზერბაიჯანული პრესა იუწყება, სამი ქვეყნის პარლამენტარების შეხვედრა 22 მაისისთვის არის დაგეგმილი.
რაც შეეხება შეხვედრის დღის წესრიგს და განსახილველ საკითხებს, იგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
11 მაისს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი აღინიშნება
“ეს მეგობრობა ომზე დიდხანს გასტანს” — საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად
რუსეთმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო. თითქმის ორი თვეა, ყოველი დღე უკრაინის ამბებით იწყება. სამწუხარო ცნობების ფონზე, ველით სასიკეთო სიახლეებს და ვიგებთ გმირობისა და სოლიდარობის ისტორიებს, რომლებიც ყველას აღგვაფრთოვანებს. უკრაინის მხარდასაჭერად საქართველოში ათასობით ადამიანი გაერთიანდა — რიგითი მოქალაქეები, მოხალისეები თუ ორგანიზაციები ჰუმანიტარულ ინიციატივებში ყოველდღიურად ერთვებიან.
18 თებერვალს ხუთი უკრაინელი მეგობარი საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა. 24 თებერვალს, როცა ომი დაიწყო, გუდაურში იყვნენ და სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლეს. უცხო ქვეყანაში დარჩენილებს საცხოვრებლად ფინანსური რესურსის მობილიზება და ამავე დროს, უკრაინაში დარჩენილი ოჯახი, მეგობრები და ქვეყნის ბედი ექცათ სადარდებლად.
მოგვიანებით მეგობრების ნაწილი პოლონეთში, უკრაინის საზღვართან წავიდა, იულიანა და კატერინა კი საქართველოში დარჩნენ.
ამ დროს გაიცნეს რუსუდან ცხომელიძე, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და უკრაინის მოქალაქეებს საცხოვრებლის უფასოდ დათმობა შესთავაზა. გამოუვალ სიტუაციაში ბინის ძიება უკრაინელი ახალგაზრდებისა და რუსუდანის ოჯახს შორის მეგობრობის დასაწყისად იქცა.
“ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას” — იულიანა
პროფესიით სოციოლოგი იულიანა კიევში დაიბადა და გაიზარდა. ჰყავს კატა, რომელიც მამამისთან, კიევში დარჩა, დედა კი ირპინთან ახლოს ცხოვრობს. იულიანა მუდმივად ნერვიულობს, თუმცა იმითაც ბედნიერია, რომ ოჯახთან მუდმივი კონტაქტი აქვს.
“ომის დაწყებისთანავე ოჯახის ჩატი შევქმენი და რამდენიმე საათში ერთხელ ვამოწმებ, როგორი მდგომარეობაა”, — გვიყვება იულიანა და დარწმუნებულია, რომ ომი მალე, უკრაინის სასიკეთოდ დასრულდება.
“ამერიკული პრესა მუდმივად წერს, რომ რუს აგრესორებს გამოელევათ ძალა, აღჭურვილობა, მათი მორალური მდგომარეობაც არაა მტკიცე და ეს ყველაფერი იმედს მაძლევს, რომ ყოველივე მალე დამთავრდება. რთულია რამე განსაზღვრო, არავინ იცის, რუსეთი რას მოიმოქმედებს. იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი გავლენას იქონიებს და სასურველ შედეგს გამოიღებს”.
იულიანას სირთულეებთან გამკლავებაში კარგი სიახლეები, რუსუდანის ოჯახთან ურთიერთობა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა ეხმარება.
“რუსუდანის და სულხანის ოჯახთან ურთიერთობა გვიმსუბუქებს დარდს, მაქსიმალურად ცდილობენ მხარდაჭერას, გარდა იმისა, რომ ფინანსურ საკითხებზე არ გვიწევს ფიქრი, მენტალურადაც გვიდგანან გვერდში. რუსუდანის ოჯახთან დავმეგობრდით და ეს გვეხმარება. ზოგადად, ქართველი ხალხისგან ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას.
ამ დღეებთან გამკლავებაში უკრაინასთან დაკავშირებული კარგი ამბებიც მეხმარება, ცუდი ამბებიც გამოერევა, მაგრამ ვცდილობ, კარგი სიახლეებით მცირედი შვება ვიგრძნო. ვსაუბრობ მეგობრებთან და ოჯახთან ვიდეოზარით, ვნახულობ კატებს, სოციალურ მედიას ვამოწმებ და ვხედავ, რომ უკრაინაში ცხოვრება გრძელდება, ახალ რუტინაზე გადაეწყვნენ — ეს ყველაფერი თითქოს ნერვიულობას ამცირებს”, — ამბობს იულიანა
“ომი არცერთ ქვეყანაში არ უნდა იყოს” — კატერინა
კატერინა ომამდე ბელორუსიდან, რუსეთიდან და უზბეკეთიდან ლტოლვილებს ეხმარებოდა და ცდილობდა მათთვის ქვეყნის დატოვების სტრესი შეემსუბუქებინა — უწევდა სამართლებრივ დახმარებას, სოციალურ სერვისებზე წვდომას უადვილებდა, ახლა კი თვითონ აღმოჩნდა სხვა ქვეყანაში დროებით ლტოლვილად.
“ჩვენ ომის გამო არ წამოვსულვართ, მაგრამ უკრაინაში დაბრუნების შესაძლებლობის მოსპობის გამო, ლტოლვილებად ვიქეცით. ომამდეც ლტოლვილებს ვეხმარებოდი, მოხალისე ვიყავი და ვცდილობდი, ადამიანებისთვის ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა. ახლა, როცა უკრაინის მოქალაქეები ტოვებენ ქვეყანას და ევროპამ მისცა მათ იგივე შესაძლებლობა, მახარებს.”, — ამბობს კატერინა.
მილოცვა საქართველოს პრეზიდენტს!
თურქმენეთის რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გაუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დაბადების დღის იუბილესთან დაკავშირებით.
"ვსარგებლობ ამ სასიამოვნო შესაძლებლობით და როგორც თურქმენეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტი, მსურს საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, ამოუწურავი სიხარული, ასევე დიდი წარმატება ყველა მიმდინარე საქმიანობაში", - წერს გ. ბერდიმუჰამედოვი თავის მისალოც წერილში.
საქართველომ იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე აღნიშნა
გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ფონდის მხარდაჭერით მეცამეტედ მოეწყო და მიზნად ისახავდა იშვიათი დაავადების კუთხით საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობის მიმოხილვას და ასევე, ფონდის მიერ 2020-2021 წლის პრიორიტეტად დასახელებული სპინალური კუნთოვანი ატროფიის იშვიათი დაავადებების მკურნალობის პროგრამაში შეტანის აღნიშნვას.
გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლეგ ქვლივიძემ, საქართველოს პედიატრ ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ნანა ტატიშვილმა, როშ ჯორჯიას დირექტორმა მაკა ასათიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციების „კავშირი სპინალური კუნთოვანი ატროფიისთვის“ და „სკა ფაუნდეიშენ საქართველოს“, ასევე სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, პაციენტებმა, პაციენტის ოჯახის წევრებმა ღიად ისაუბრეს სკა-ს დაავადების სიმძიმისა და საინფორმაციო კამპანიის „გამაძლიერე“ ფარგლებში დაფინანსების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე, გამოხატეს მადლიერება სახელმწიფოსა და ყველა იმ ჩართული პირის მიმართ, ვისი მხარდაჭერითაც მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა.
„ჩვენი ფონდის პოლიტიკა, დღესდღეობით, არის პაციენტებზე და მათ საჭიროებაზე მორგებული ინიციატივები და წინგადადგმული ნაბიჯები. ჩვენ ვცდილობთ ყველა ჩვენი აქტივობა მიმართული იყოს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ჩვენ 2020-2021 წლის პრიორიტედად დავასახელეთ სპინალურ კუნთვანი ატროფია. 2020 წელს დაავადების მკურნალობის მიმართულებით ჩავატარეთ სამუშაო. საქართველოში არსებობს ძალიან კარგად აღწერილი პაციენტების მდგომარეობა, მოწესრიგებული რეგისტრაცია, გვყავს კარგად მოტივირებული ექიმები. ვიმუშავეთ პარტნიორებთან, რომლებიც დაგვეხმარნენ მიზნის მიღწევაში, რომ აღნიშნული დაავადების მკურნალობა სახელმწიფოს ხელშეწყობით ხელმისაწვდომი გამხდარიყო,“ - აღნიშნა გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის დირექტორმა ოლეგ ქვლივიძემ.
„რამდენიმე წლის წინ სპინალური კუნთოვანი ატროფია -სკა, განსაკუთრებით მისი პირველი ტიპი, ბავშვთა სიკვდილობის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენდა. 2016 წლამდე ამ დაავადების მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობდა. ამ პერიოდიდან დღემდე მსოფლიო ბაზარზე გამოჩნდა დაავადების სამკურნალო 3 პრეპარატი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ორი წლის წინ ერთ ერთი ასეთი მედიკამენტი საქართველოშიც დარეგისტრირდა. პაციენტებს, მათ ოჯახებს და პროფესიონალებს მოგვეცა იმედი, რომ ჩვენთანაც შესაძლებელი გახდებოდა ამ დაავადების მკურნალობა, თუმცა მედიკამენტის წარმოუდგენლად მაღალი ფასი ამ იმედს საეჭვოს ხდიდა. მკურნალობის ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელი იყო სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური თანადგომა და მხარდაჭერა. საოცრად სასიხარულოა და შეიძლება ითქვას მოულოდნელიც, რომ ზუსტად ორი წლის თავზე ეს ოცნება ახდა, ეს მედიკამენტი პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა - ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღეს სპინალური კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა, რამაც ოცნება რეალობად აქცია, “ - აღნიშნავს საქართველოს ბავშვთა ნევროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ნანა ტატიშვილი.
შეხვედრაზე ასევე ხაზის გაესვა სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური დიაგნოსტიკის მნიშვნელობას. ცნობილია, რომ ოქტომბრიდან სპინალურ კუნთოვანი ატროფიის (სკა) მქონე პაციენტებისთვის გენეტიკური დიაგნოსტიკა უკვე ხელმისაწვდომი გახდა. „როშ ჯორჯია 10 წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოში იშვიათი დაავადებების დღის აღნიშვნას. იშვიათი დაავადებების ცნობადობის გაზრდის მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ გენეტიკური და იშვითი დაავადებების ფონდთან და თანამშრომლობის ფარგლებში მრავალი ეთობლივი წარმატებული პროექტი განხორციელდა პაციენტების საკეთილდღეოდ. ფონდის (GeRaD) მიერ 2020-2021 წლებში პრიორიტეტად გამოაცხადა იშვიათი დაავადება - სპინალური კუნთოვანი ატროფიია (სკა) . ძალიან სასიხარულოა რომ 2022 წელს მულტისექტორული თანამშრომლობის შედეგად ეს დაავადება შევიდა იშვიათი დაავადებების სახლემწიფო პროგრამაში და მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდა. ეს არის ერთობლივი მუშაობის შედეგი, სადაც როშმა თავისი წვლილი შეიტანა დაავადების ირგვლივ ინფორმირულობის გაზრდაში, გენეტიკური დიაგნოსტიკური ტესტების დაფინანსებაში და საქართველოში იმ მედიკამენტი რეგისტრაციაში რომელიც სიცოცხლისთვის აუცულებელია თითოეული პაციეტნისთვის. ჩვენ არ ვჩერდებით აღნიშნულ შედგზე და გვსურს სახლემწიფოსთან ერთად დავნერგოთ ახალშობილთა სკრინინგული პროგრამა, რაც ხელს შეუჭყობს დაავადების ადრეულ გამოვლენას და ეფექტურ მკურნალობას. ასევე მოვიაზრებთ, რომ პაციენტებს შევთავაზოთ სახლში მკურნალბის სერვისი, რადგან სკას მქონე პაციენტები ადრეულ ეტაპებზე არ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას,“ - აღნიშნავს „როშ ჯორჯიას“ დირექტორი მაკა ასათიანი.
ცნობისათვის, მსოფლიოში 300 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს სხვადასხვა იშვიათი დაავადება, რაც დედამიწის მოსახლეობის 6%-ზე მეტს შეადგენს და მათი 70% ბავშვთა ასაკში ვლინდება. დღეისათვის აღწერილია 6000-ზე მეტი სხვადასხვა იშვიათი დაავადება და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება. სამწუხაროდ, ბევრი მათგანის მკურნალობა, ჯერ კიდევ, შეუძლებელია, თუმცა ყოველწლიურად მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ჩნდება არაერთი ახალი ეფექტური სამკურნალო პრეპარატი, რომელიც პაციენტებს მნიშვნელოვნად უმსუბუქებს იშვიათი დაავადებებით გამოწვეულ უმძიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობას.
იშვიათ დაავადებათა დღე 2008 წლიდან აღინიშნება და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს ამ დაავადების მიმართ ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და იმ სიმძიმეებისა და სირთულეების წარმოჩინება, რომლებიც ამ დაავადების შედეგად ვლინდება პაციენტებსა და მათზე მზრუნველ პირებში.