საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2023 10:32

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს პეტრ პაველს შეხვდა.

ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩეხეთი ყოველთვის იყო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მტკიცე მხარდამჭერი და მისასალმებელია, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ვიზიტების ინტენსივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.
ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე.
პრემიერ-მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკაზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტრ პაველმა შეხვედრაზე იმსჯელეს მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. მთავრობის მეთაურმა ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 19 სექტემბერი 2023 09:28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.
შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომელზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ირაკლი ღარიბაშვილი - 5 ათასი წარჩინებული სტუდენტი მიიღებს გაორმაგებულ სტიპენდიას!

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 11 სექტემბერი 2023 16:48

მეორე მიმართულებით რაც გვაქვს, ეს არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფასება, მათი წახალისება ერთგვარი, სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითოეულ სტუდენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას.
„მინდა კიდევ ერთი დადებითი, პოზიტიური ინფორმაცია გავუზიარო ჩვენს სტუდენტებს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. პირველი, მინდა გამოვყო ჩვენი განათლების საერთაშორისო ცენტრი, ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ უკვე წლებია, ჯერ კიდევ პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ აღნიშნული ცენტრი, 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში, საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლეთ მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა გავიხსენო ისიც, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან და საკუთარ ოჯახის წევრებს აფინანსებდნენ ბიუჯეტიდან, უფინანსებდნენ სწავლას, ეს არის განსხვავება. ჩვენ 1000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან, ზოგი ბრუნდება, ზოგი არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან და ეს ჩვენი სიმდიდრე და სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ, ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.
მეორე მიმართულებით რაც გვაქვს, ეს არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დაფასება, მათი წახალისება ერთგვარი, სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს, დაახლოებით, 2500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას გავაორმაგებთ, დღეიდან გახდება 300 ლარი თითოეულ სტუდენტზე და 5000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენი სტუდენტების. ეს კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2023 14:23

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით უზრუნველყოფილ იქნა რეკომენდაციების შესრულების ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგადაც განხორციელდა როგორც ინსტიტუციური რეფორმები, ასევე ინიციირებულ იქნა 100-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა როგორც ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების, ისე ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განსაზღვრული რეფორმების პროცესის მიმართ ქართული მხარის ერთგულებას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის.

გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხრიდან სათანადოდ დაფასდება საქართველოს ძალისხმევა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გადაიდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

დადებითი შეფასება მიეცა ასოცირების შეთანხმების, ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით, შესრულების პროცესს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და სექტორულ დაახლოებას და მნიშვნელოვნად ამზადებს ქვეყანას ევროკავშირში წევრობისთვის.

მხარეები მიესალმნენ ევროკავშირთან მაღალი დონის თანამშრომლობის არსებულ დინამიკას, მათ შორის, გადაწყვეტილებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრის მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამართვის გადაწყვეტილებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ როლზე ევროპასა და აზიას შორის ენერგოდერეფნებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ჩართულობით მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, შავი ზღვის შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში.

ქართულმა მხარემ უმაღლეს წარმომადგენელს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე მაღალი შეფასება მიეცა ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

VIDEO/პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2023 13:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა.

ჯოზეფ ბორელის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

 

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში 7-8 სექტემბერს შედგება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 სექტემბერი 2023 09:49

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.

„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზახ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრა გამართა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 23 ივნისი 2023 17:14

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ყურადღება დაეთმო როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს. ითქვა, რომ გასულ წელს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ყაზახეთში ვიზიტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სრულიად ახალ საფეხურზე ავიდა.
განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული პოზიტიური დინამიკა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ხაზი გაესვა ყაზახურ ინვესტიციებსა და ქვეყანაში შექმნილ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს. საუბარი შეეხო თანამშრომლობას : განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის, IT ტექნოლოგიებისა და ტრანსპორტის სფეროებში. ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის” განვითარების მნიშვნელობას.
აგრეთვე, საუბარი შეეხო ბოლო პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ მრავალი წელია, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში არ ყოფილა.
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი და საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 19 აპრილი 2023 12:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს ერიკა ოლსონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს. ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ერიკა ოლსონმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო-სამეზობლო ინიციატივის მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ ხელშესახებ პროგრესს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 24 მარტი 2023 21:24

პარტია „პროგრესი და თავისუფლება“-ს ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

წელს, პრემიერმა უკვე მეორედ ახსენა კომპანია PSP. PSP ჯგუფს გვიწოდა დესტრუქციული ძალა და ბრალი დაგვდო, თითქოს ერთ-ერთ მედიკამენტზე 300%-იანი ფასნამატი გავაკეთეთ. ეს არის ტყუილი! წინა პერიოდში, ეს ონკოლოგიური პროდუქტი  PSP-ს ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე 3-ჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა. მიღებული პრაქტიკაა, რომ მოკლევადიანი მედიკამენტი რამდენჯერმე უფრო იაფად იყიდება, ვიდრე მისი შესასყიდი ფასია, რათა ვადა არ გაუვიდეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ პრემიერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, პრემიერმა კი, უკვე მერამდენედ, გააჟღერა გადაუმოწმებელი ფაქტები და პარლამენტის ტრიბუნიდან დასდო ბრალი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ბურჯს, ჩემს მიერ აშენებულ PSP-ს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ხუთეულში შედის, რომელმაც 8 000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, რაც საქართველოს დასაქმებული მოსახლეობის თითქმის 1 %-ია  და რომელიც ყოველწლიურად, უკვე ათწლეულებია, 50 მილიონ ლარამდე გადასახადს იხდის  საქართველოს ბიუჯეტში.

რაც შეეხება  მედიკამენტებს, მათ შორის, თურქულს, კომპანიის წლიური მოგება არ აღემატება კომპანიის ბრუნვის

5-6 %-ს და ეს მოგება 10 %-იც რომ იყოს, აბსოლუტურად სამართლიანია. აქვე, შევეხები თურქეთის ბაზრის გახსნის თემას.

პრემიერი თავს იწონებს, რომ თურქეთის ბაზარი გახსნა და თურქეთიდან შემოსული მედიკამენტების ფასი შეამცირა. დიახ, ასეა, მაგრამ ამას ვითხოვდით ჩვენ, ფარმაცევტული კომპანიები, ჯერ კიდევ 2010 წლიდან.

ათი წლის მანძილზე „ქართულმა ოცნებამ“ ყური არ  შეიბერტყა და როგორც იქნა, ათი წლის თავზე, ერთფურცლიანი დადგენილება დაწერეს. რა მაგარი საქმე გაგიკეთებიათ! პირადად მე, ასჯერ მაქვს ნათქვამი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის, თქვენი მთავრობის ჯანდაცვის ყველა მინისტრისთვის, რომ გაგეხსნათ თურქული ბაზარი  - სად იყავით 10 წელი?! რატომ მოანდომეთ ამდენი დრო ერთი ფურცლის დაწერას? თურქული ბაზარი თქვენ კი არ გახსენით, ჩვენ, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და პირადად მე გაგახსნევინეთ!

არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს არ აქვს პროგრესი. ასე ეპყრობა ხელისუფლება ყველა ბიზნესს, თუ ეს ბიზნესი არ არის დაკავშირებული ბატონ ივანიშვილთან, ან „ქართული ოცნების“ წევრებთან. შეგახსენებთ ანაკლიის პორტის, ნამახვან-ჰესის  და სხვა მაგალითებს. ასე ებრძვის ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკას!  PSP ჯგუფი არ არის კახა ოქრიაშვილის პირადი საკუთრება. ეს კომპანია ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯია.

ბატონო პრემიერო, კატეგორიულად მოვითხოვ, თქვენი  და თქვენი მთავრობის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას და ბოდიშის მოხდას, პირადად ჩემთვის და PSPჯგუფის თითოეული თანამშრომლისთვის!", - ნათქვამია კ. ოქრიაშვილის ღია წერილში.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ვახშამზე უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 14 მარტი 2023 10:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

დიპლომატების პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. 

თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება. რეგიონულ ამბასადორიალში მონაწილეობენ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები; მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები. 
ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. 

როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა ხაზს უსვამს ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში; მათ შორის, საქართველოს როგორც ძლიერი მოკავშირის როლს ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური