საქართველოს პრეზიდენტი - კატეგორიულად ვგმობ ყველანაირ შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, როგორც ქალი და ვგმობ, როგორც პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"შემაშფოთებელია, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო, ამის სხვადასხავა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. ჩემთვის გაუგებარია ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა როგორც ადამიანურად, ასევე, მორალურად, მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება.
კატეგორიულად ვგმობ ყოველივე შევიწროვებას, სიტყვიერსა თუ ფიზიკურ თავდასხმებს, ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი.
ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. და რამაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიასაც იცნობდნენ და კიდეც იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას, ქვეყანას, სადაც ქალებს არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას. ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე, პოლიტიკური ზიანი.
იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს იწონებს სწორედ 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ქალთა უფლებებს და გენდერს ეხება, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ, მეორეთი ქაღალდზე დატანილს, მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს. ეს ჩვენ ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ!", - ნათქვამია პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს
31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხომაზე საქართველოს პრეზინდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.
„რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.
პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ანალენა ბერბოკთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას.
,,აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს.
თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
ყაზახეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო პარლამენტის არჩევნების კენჭისყრაში
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის და ადგილობრივი მასლიხატების არჩევნების კენჭისყრაში.
სააგენტო "ყაზინფორმის" ცნობით, ყაზახეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა ალ-ფარაბის სახელობის მოსწავლეთა სასახლის შენობაში მდებარე საარჩევნო უბანზე.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში მეჯლის და მასლიხატის დეპუტატების არჩევნები იმართება. ამომრჩეველთა სიებში 12 მილიონ 32 ათას 550 ადამიანია რეგისტრირებული.
მანამდე ყაზახეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ამომრჩეველი 1,177,507 იყო თურქესტანის რეგიონში, ყველაზე მცირე 138,277 - ულიტაუსის რეგიონში.
ჩინეთის პრეზიდენტად სი ძინპინი მესამე ვადით აირჩიეს
ჩინეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით სი ძინპინი აირჩია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სი ძინპინი პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. მას მხარი ეროვნული სახალხო კონგრესის 3 000 წევრმა დაუჭირა. ხმის მიცემის პროცედურა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ელექტრონული დათვლა კი 15 წუთში დასრულდა.
სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე 5-წლიანი ვადით აირჩიეს.
წყარო: https://1tv.ge/news/chinetis-prezidentad-si-dzinpini-mesame-vadit-airchies/
საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო მიმართვა!
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი მე თვითონაც. მე ვდგავარ აქ, ნიუ იორკში და ჩემ უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს ის სიმბოლოა, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა და რისთვისაც დღემდე მოვედით.
მე ვარ თქვენ გვერდით, რადგან დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს! ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში და არავის მისცემს უფლებას, წაართვან ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს მომავალ თაობებს, ყველას! ეს მომავალი არის ის, რომელსაც ამზადებდნენ ჩვენი წინა თაობები და რომელსაც ვამზადებდით ჩვენც. ამიტომ არავის აქვს უფლება, წაგართვათ თქვენ თქვენი მომავალი. არავის აქვს უფლება, დააგოს მახეები. ეს კანონი, რომელიც არავის სჭირდებოდა და რომელიც არსაიდან მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით, გასაუქმებელია რა ფორმითაც გინდათ, არანაირად არ არის გასაგზავნი ვენეციის კომისიაში, ვენეციის კომისიამ ძალიან კარგად იცის რა ტიპის კანონია ეს.
მე პირველივე დღიდან ვთქვი, რომ ამ კანონს ვეტოს დავადებდი და დავადებ ვეტოს! არ მაინტერესებს მისი მუხლობრივი განხილვა, არ მაინტერესებს მისი მსგავსება რაღაც ძველ ამერიკულ კანონთან, რომელიც ძალიან კარგად ვიცით, რომ სულ სხვა რამეს ემსახურება.
მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი. მე მაინტერესებს მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტიც ვარ და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში, მე, მაგრამ ასევე, მთავრობა, ხელისუფლება ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე, რომ ევროინტეგრაციის გზა დაცული იყოს. და დღეს, ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, ყველა ის, ვინც დღეს ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპას.
მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს წარმოადგენენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ან აქ, ამერიკაში: ჩვენ რას ვიცავთ, ან თქვენ რას წარმოადგენთ თუ არა ამ ევროპულ მომავალს?!
ჩვენ ყველა ერთად: თქვენ, ახალგაზრდები, ვინც თბილისში ხართ, მე, როცა აქ ვაწარმოებ მოლაპარაკებებს [და მექნება ძალიან მნიშვენელოვანი შეხვედრები], ან გაეროს ტრიბუნიდან, როცა იგივეს ვამბობ და ვამბობთ, რომ არ გვინდა ის კანონი, რომელიც უაზროა, მისი აზრი სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ ჩამოგვაშოროს ევროპას.
ჩვენ ყველანი ერთად ვართ დღეს, ერთად ვიქნებით ხვალ და გავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში. ამის პირობას გაძლევთ მე თქვენ, რადგან ეს პირობა მე ჩემს თავს დავუდე, დიდი ხნის წინ", აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი თავის მიმართვაში.
პრეზიდენტი - რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს.
საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა.
ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნრლოვანესი ელემენტია.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია
პრეზიდენტი - როცა მეტი ქალი იქნება ქართულ პოლიტიკაში, პოლარიზაცია, ეს უდიდესი სენი, უფრო დაძლეული იქნება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ფორუმი ,,პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის“ გახსნა და მოწვეულ სტუმერბსა და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
ყოველწლიური პოლიტიკური ფორუმი ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას, რათა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების წევრებმა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის, განვითარების საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა შეაფასონ მიღწეული შედეგები და დაგეგმონ მომავალი თანამშრომლობა. ,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და Მიხარია, რომ ასეთი შეხვედრები ამ ქვეყანაში ამ ძალიან მნიშვნელოვან დროს ტარდება, როცა გენდერული საკითხები კიდევ უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ამ კუთხით, შეიძლება ითქვას რომ, საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, რომლითაც შეიძლება ვიამაყოთ. ქალები ამ ქვეყანაში მართლაც ძალიან დიდ ძალას წარმოადგენენ, უფრო დიდ ძალას, ვიდრე ჩვენ გვგონია.
ერთადერთი ჩვენი ვალდებულება არის ის, რომ ჩვენ ამ ძალას გავუხსნათ კარი და მივცეთ გასაქანი. მე ახლა იმ ახალგაზრდებზე ვსაუბრობ, რომლებისთვისაც მთელი მომავალი ღიაა, სწორედ მათ უნდა გავუხსნათ კარი და მივცეთ საშუალება, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად საკუთარი ადგილი დაიჭირონ. ბევრი რამ გაკეთდა, კანონმდებლობა შეიცვალა, კვოტების კუთხით ერთგვარად გაუმჯობესდა მდგომარეობა და 2020 წლიდან არჩევნებით პარლამენტში და თვითმართველობებში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა და ახალი ცვლილებები კიდევ უფრო გააძლიერებს ამ საკითხს, მაგრამ ეს საკმარისი ნადვილად არ არის რადგან, მთავარი არა კვოტები (მე ამას მუდამ ვფიქრობდი, კვოტები საჭიროა და ეს გზა მაინც გასავლელია), არამედ გადაწყვეტილებებში რეალური ადგილი და რეალური მონაწილეობაა. ამ კუთხით, დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ არის. ქალები ალამაზებენ ხან პარლამენტს, ხან საკრებულოებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ისინი იღებენ მთავარ გადაწყვეტილებებს. მე მჯერა, რომ ის დროც მოვა, როცა ქართულ პოლიტიკაში ქალები წინა პლანზე იქნებიან, მიიღებენ გადაწყვეტილებებს, ექნებათ ფინანსური და სხვა ტიპის რესურსი იმისათვის, რომ თავიანთი სიტყვა თქვან და ეს სიტყვა იყოს წონიანი და მოსმენილი.
ამ ძალიან ახლო მომავალში, ჩვენი მოვალეობაა ფორმალურიდან რეალობაში გადავიდეთ - ამ ქვეყანაში ამისი საშუალება მართლაც არსებობს, ამას ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი და პირველ რიგში, მთავრობამ, პარლამენტმა და თქვენ, ვინც ხართ მეორე ძალა - არასამთავროებმმა, თქვენ, რომლებსაც ამ კუთხით გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ჩათვალეთ, რომ მე თქვენს გვერდით ვარ, რომ დაგეხმაროთ.
მივემგზავრები ნიუ-იორკში, სადაც ქალთა სტატუსის შესახებ გაეროს კომისიის 67-ე სესიაში მივიღებ მონაწილეობას და იქაც, თუ წარსადგენია თქვენი რომელიმე რეკომენდაცია, იქაც ვიქნები თქვენი ხმა და თქვენი წარმომადგენელი.
მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ერთ-ერთ შემდეგ შეხვედრაზე შეიძლება მე აღარ ვიყო პრეზიდენტი, მაგრამ როცა მეტი ქალი იქნება ქართულ პოლიტიკაში, როცა საკრებულოებში თავჯდომარეები, მერები, პარლამენტის კომიტეტების თავჯდომარეები ქალები იქნებიან და მე მგონი, რომ როცა ეს მოხდება, საქართველოში ნაკლები დაპირისპირება და პოლარიზაცია იქნება და პოლარიაზაცია, რომელიც უდიდესი სენია და დღეს უკან გვწევს, უფრო დაძლეულიც იქნება.
ამისთვის აუცილებელია, ერთად ვებრძოლოდ იმას, რასაც ქალთა მიმართ ძალადობა და პოლიტიკური ძალადობა ჰქვია, რადგან ესეც ერთ-ერთი, ყველაზე დიდი ხელშემშლელი ფაქტორია იმისთვის, რომ ქალები პოლიტიკაში წამოვიდნენ. როცა ქალები უყურებენ რა ხდება, რა დღეში არიან პოლიტიკაში პირდაპირ ჩართული ქალები, ახალგაზრდებისთვის ეს დიდად არ არის მიმზიდველი. მათთვის მთელი დანარჩენი დარგები ღიაა და შეუძლიათ პროფესიონალურად სხვაგან უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილნი და უფრო დაფასებულნი, ვიდრე პოლიტიკაში - ესეც დასაძლევია.
და კიდევ ერთი... პირველი ვიყავი, მე მგონი, რომელმაც გააკეთა ამ თემაზე კომენტარი. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ იმ კანონის [,უცხოური გავლენების შესახებ"], რომელიც იხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში, ვეტოს ყოველშემთხევაში დავადებ, მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები.. არ ვარგა ან ის, ან ეს მუხლი. ეს კანონი პირდაპირ იმისათვისაა მიღებული, რომ დაგვაშოროს ევროპას და ამდენად, ჩემთვის მიუღებელია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
პოლიტიკური ფორუმი გენდერული თანასწორობისთვის იმართება საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, შვედეთის და დანიის მთავრობების მხარდაჭერით.
ჯო ბაიდენი: „ამერიკა ნატოს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს“
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა: „ამერიკა ნატოს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს“. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
მან ამის შესახებ, პოლონეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა. ბაიდენმა აღნიშნა, რომ იგი ძლიერ მოკავშირეებთან ერთად ყოფნის გამო ძალიან ბედნიერია რა, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღემდე „შესანიშნავი სამუშაოები შეასრულა“.
„დღეს, როდესაც ვუახლოვდებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ წლისთავს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ერთად დგომა და ვფიქრობ, ეს იმის დასტურია, თუ რამდენად ძლიერად ვგრძნობთ თავს. თქვენ (აღმოსავლეთის ფლანგის ქვეყნები) ხართ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის წინა ხაზზე. ეს კონფლიქტი მნიშვნელოვანია დემოკრატიის თავისუფლებისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ ევროპაში და მსოფლიოში. უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერა, ფაქტიურად მილიონობით ლტოლვილის მხარდაჭერაა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდში დგომას. ნატოს მეხუთე მუხლი წმინდა ვალდებულებაა. ასე, რომ ჩვენ დავიცავთ ნატოს ფაქტიურად ყველა სანტიმეტრს,“ განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეხვედრაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი განაცხადა: „რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ემზადებოდა მშვიდობისთვის. პირიქით, ის ემზადება უფრო მეტი ომისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და გავზარდოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც მას სჭირდება გამარჯვებისთვის“.
ცნობისათვის, „ბუქარესტის ცხრიანი“ (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი), რომელიც ნატოს აღმოსავლეთ ფრთის ქვეყნების ნაწილია, 2015 წლის 4 ნოემბერს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში შეიქმნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ. "სწორედ იმ დროს, როცა მზადდება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პირველადი შეფასება, როცა 24 თებერვლის მოახლოება, ასოცირებული ტრიოს სამივე ქვეყნისთვის, სულ უფრო აქტუალურს ხდის ევროპული მომავლის საკითხს, სწორედ ამ დროს ირჩევს ერთ-ერთი პოლიტიკური დაჯგუფება, რომ მოახდინოს კანონის ინიცირება, რომელიც თავისი შინაარსით ევროპას კი არა, რუსეთის მანკიერ მოდელს გვაახლოებს.
და ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყანაში ამერიკელი სენატორების დელეგაციაა ჩამოსული! ამ ყველაფერს შემთხვევითობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. ამუშავებულია ძალა, რომელიც საქართველოს ევროპული გზის განმტკიცების მაგივრად, ქართულ ინტერესად სხვა გზას მიიჩნევს.
ასეთ კანონმდებლობას და ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ცხრება პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ გარშემო. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც ქვეყანაში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას დაფინანსების წყაროების გასაჯაროებას ავალდებულებს და ფინანსური გამჭვირვალობის მოტივით უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს.