გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში
გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.
დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.
პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართა.
საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს, უკრაინაში, ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. „მიმართვას ვიდრე დავიწყებ, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას. დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებიან: - პრემიერი და მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.
31 მარტს პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს მოუსმენს
31 მარტს, რიგგარეშე პლენარულ სხომაზე საქართველოს პრეზინდენტის ყოველწლიურ ანგარიშს მოისმენენ.
„რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით მივმართავთ პრეზიდენტს. შესაბამისად, 31 მარტს, 12:00 სთ-ზე, საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდგომ, ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ სიტყვით. რეგლამენტის მიხედვით, სხვა სახის გამოსვლები და კითხვები სხდომაზე არ იქნება.
კახა ოქრიაშვილი: „საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს საქართველოს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ე.წ. აგენტების რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით აჯანყებულ დეპუტატებს - ირაკლი კოვზანაძეს, გიორგი ხელაშვილს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ამილახვარს. ბიძინა ივანიშვილმა ისინი დასაჯა და გაყარა პარლამენტიდან!
„აჯანყებულ დასჯილებს“ შორის არ არის ბატონი დავით სერგეენკო. რატომ?! იმიტომ, რომ ის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია და მისი გაგდების შემთხვევაში, საბურთალოზე რიგგარეშე მაჟორიტარული არჩევნები დაინიშნება. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საბურთალოზე, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ პირწმინდად დამარცხდება. სწორედ ამიტომ არ გააგდეს ბატონი სერგეენკო. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ დრო ამოიწურა.
ბატონები, თქვენი დრო ამოწურულია და ისე მოიქეცით, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ტოტალურად ყველანი ციხეში არ აღმოჩნდეთ!", ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა 5 წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა 5 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
გიორგი ამილახვარს 75 ხმით, ირაკლი კოვზანაძეს - 69 ხმით, ვლადიმერ ჩაჩიბაიას - 68 ხმით, ნინო იობაშვილს - 70 ხმით და გიორგი ხელაშვილს - 67 ხმით პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
პარლამენტის 5 წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილებების პროექტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.
პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდა - გიორგი ამილახვარს, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილს და გიორგი ხელაშვილს, რაც შეეხება ირაკლი კოვზანაძეს, მან აღნიშნულთან დაკავშირებით პირადი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
არჩევნებზე დარღვევები არ დაფიქსირებულა - თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი
19 მარტს ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნები ჩატარდა. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გააზიარა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის (თსო) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა სადი ჯაფაროვმა, ასტანაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
„თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა 2023 წლის 19 მარტს მეჯლისის და მასლიხატის არჩევნებს. მისიაში შედიოდნენ ორგანიზაციის ოფიციალური სამდივნოს წარმომადგენლები, ასევე სხვა სახელმწიფოების დიპლომატები. მისიამ თავისი საქმიანობა განახორციელა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობისა და არჩევნების ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, - აღნიშნა სადი ჯაფაროვმა.
მისივე თქმით, ყაზახეთის ცესკოს თავმჯდომარემ ნურლან აბდიროვმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მათ საარჩევნო პროცესების, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის პროცესის მზადების შესახებ.
„არჩევნების დღის განმავლობაში თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისიამ ასტანაში 438 საარჩევნო უბანი მოინახულა. საერთო ჯამში, მისიამ დამატებით კიდევ 32 საარჩევნო უბანი მოინახულა. მონიტორინგის შედეგად, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის მისია აცხადებს, რომ ადმინისტრაციული და სამართლებრივი დარღვევები არ გამოვლენილა. მიღებულია ყველა საჭირო ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხალხის ნება“, - დასძინა ორგანიზაციის სპიკერმა.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად ასტანიდან
ყაზახეთში მეჯლისის დეპუტატთა არჩევნებზე ეგზიტპოლის პირველი შედეგები გამოცხადდა
ყაზახეთში მეჯლისის დეპუტატთა რიგგარეშე არჩევნებზე ეგზიტპოლის პირველი შედეგები გამოცხადდა, ამის თაობაზე Kazinform-ი იუწყება.
მათი ინფორმაციით, ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტმა საკუთარი მონაცემები ონლაინ მარათონ „საილაუ-2023“-ზე გამოაქვეყნა.
ამომრჩეველთა აქტივობამ 53,25% შეადგინა.
ინსტიტუტის ცნობით, ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: პარტია AMANAT - 53,46%. სახალხო დემოკრატიული პარტია „აული“ - 10,52%; რესპუბლიკა პარტია - 8,9%. ყაზახეთის სახალხო პარტია - 6,25%; მწვანეთა პარტია „ბაიტაკი“ - 3,22%; დემოკრატიული პარტია „აკ ჟოლ“ - 7,87%; ეროვნულ სოციალ-დემოკრატიული პარტია - 5,31%. ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის ინფორმაციით, კვლევამ 200 საარჩევნო უბანი მოიცვა. აქედან 124 - ქალაქებში, 76 - სოფლებში. გამოკითხვაში სულ 30 000 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამომრჩეველთა 4,47%-მა უპასუხა, რომ ხმა მისცა გრაფას „ყველას წინააღმდეგ“.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად ასტანიდან
ყაზახეთში, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
19 მარტს 20:00 სთ-ზე ყაზახეთში ქვეყნის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.
ქვეყნის ყველა რეგიონში 10 146 ღია საარჩევნო უბანმა მუშაობა კანონით გათვალისწინებულ დროს შეაჩერა. ასტანას დროით 20:00 საათზე კენჭისყრა დასრულდა ქვეყნის 15 რეგიონში, კერძოდ აქტობეში, ატირაუში, დასავლეთ ყაზახეთში, კიზილორდასა და მანგისტაუს რეგიონებში.
ამჟამად საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ბიულეტენებს ითვლიან, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი მონაცემები გახდება ცნობილი.
ყაზახეთის წარმომადგენლობებში - მსოფლიოს 62 ქვეყანაში 77 საარჩევნო უბანი გაიხსნა. მათგან 11-მა მუშაობა ასტანას დროით 18:00 საათზე დაასრულა. 66-ი საარჩევნო უბანი ახლაც განაგრძობს მუშაობას. საზღვარგარეთ ხმის მიცემა სან-ფრანცისკოს საარჩევნო უბანზე 20 მარტს 09:00 საათზე დასრულდება.
დადასტურებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში, ამომრჩეველთა სიაში 12 მილიონ 35 004 ამომრჩეველია შეყვანილი. ჯამში, 20:00 საათის მდგომარეობით, ყაზახეთის 6 509 695 მოქალაქემ მიიღო საარჩევნო ბიულეტენი. ეს კი შეადგენს ამომრჩეველთა სიაში შეყვანილი მოქალაქეების 54,09%.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად ასტანიდან
ყაზახეთის პარლამენტის არჩევნები უზრუნველყოფს ახალ პოლიტიკურ მოდელზე გადასვლას - ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველი
ყაზახეთის პარლამენტის მეჯლისის (ქვედა პალატის) არჩევნები უზრუნველყოფს ახალ პოლიტიკურ მოდელზე გადასვლას. ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა ერლან კარინმა ასტანაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დღეისათვის აშკარად შეიმჩნევა ამ არჩევნებში მოქალაქეების აქტიური მონაწილეობა და დაინტერესება. „ამ არჩევნების შედეგად ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკური მოდელი ჩამოყალიბდება“, - აღნიშნა მან.
სახელმწიფო მრჩევლის განცხადებით, დეპუტატებით უკმაყოფილო მოქალაქეები, დეპუტატობის მანდატის ჩამორთმევის ინიცირებასაც კი შეძლებენ. „ჩვენ გვყავს ძალიან მომწიფებული და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყოველთვის აქტიურად გამოდის სხვადასხვა პოზიციიდან და ჩვენ ასევე საკმაოდ მომთხოვნი საზოგადოებაც გვაქვს“, - დასძინა ერლან კარინმა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში „საქალაქო აკიმების“ არჩევნებიც არის მოსალოდნელი: „ესეც პოლიტიკური რეფორმების ნაწილია. ასევე პირველად გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც“.
ერლან კარინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მოქალაქეთა 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიემართება: „ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებასა და მოქალაქეებს ერთნაირად ესმით ქვეყნის განვითარების პერსპექტივები“. „ჩვენ შორს წავედით საბჭოთა კავშირიდან. გაიზარდა მოქალაქეების სრულიად ახალი თაობა. ახალგაზრდობა ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს. მათი უმეტესობა დამოუკიდებლობის ეპოქაში გაიზარდა და მათ განსხვავებული აზრი და სულ სხვა პოზიციები აქვთ“, - აღნიშნა ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა.
რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებდა დღეისათვის ყაზახეთში არსებულ სიტყვის თავისუფლებას 1-დან 5- ბალიანი სისტემით? ერლან კარინმა აღნიშნა, რომ იგი მას უფრო მეტ შეფასებას 10-ს დაუწერდა. „არანაირი ცენზურა არ გვაქვს. მოქალაქეები თავისუფლად საუბრობენ და გამოთქვამენ კრიტიკას. თანამედროვე პირობებში, როცა არის სოციალური ქსელები, მედია და სხვა ტექნოლოგიები, ცენზურის დანერგვა შეუძლებელია. მოქალაქეებს ინფორმაციის წყაროს ფართო არჩევანი აქვთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც 5-ბალიანი შკალით, ამ კრიტერიუმს 10 ქულით ვაფასებ“, - დაამატა ყაზახეთის სახელმწიფო მრჩეველმა.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად ასტანიდან
პარლამენტის არჩევნები საგანგებო მოვლენაა ყაზახეთისთვის - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
პარლამენტის (მეჯლისის) არჩევნები საგანგებო მოვლენაა ყაზახეთისთვის. ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რომან ვასილენკომ ასტანაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„არჩევნები - დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია და იგი მოსახლეობის მონაწილეობას ეფუძნება. ყაზახეთი ახალი სახელმწიფო ხდება. ქვეყანაში პოლიტიკური მოდერნიზაცია მიმდინარეობს. ჩვენ ვაშენებთ ახალ ყაზახეთს, რაც პირველ რიგში სამართლიან ყაზახეთს გულისხმობს“, - აღნიშნა მან.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მიუხედავად სირთულეებისა, მთავრობამ მოახერხა რეფორმების გატარება და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და „ეს არჩევნები ყველაზე კონკურენტული იქნება ყაზახეთის ისტორიაში“, - დასძინა მინისტრის მოადგილემ.
რომან ვასილენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვიდი პარტიის მონაწილეობა არჩევნებში, აძლიერებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში შეტანილ წვლილს. ყაზახეთისთვის უპრეცედენტოა არჩევნებში 359 კანდიდატის მონაწილეობა. არჩევნების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ყაზახეთში 800-მდე დამკვირვებელი და 250-მდე უცხოელი ჟურნალისტია მოწვეული. „ჩვენ გვინდა, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა განაგრძონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ეს არის მოსმენის მდგომარეობის კონცეფციის არსი. ყაზახეთის მოდერნიზაცია გაგრძელდება. არჩევნების შემდეგ პრეზიდენტი ამზადებს ახალ ინიციატივებს ქვეყანაში რეფორმებისთვის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, პარლამენტის (მეჯლისის) არჩევნები არის ბოლო 14 თვის განმავლობაში, ყაზახეთში განხორციელებული პოლიტიკური ტრანსფორმაციის დასკვნითი ეტაპი: „ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა, გადაწყვიტა გაეძლიერებინა რეფორმები, რომლის გაატარებაც მან 2019 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო“.
იანვრის მოვლენებამდე 3 წლით ადრე, ყაზახეთის პრეზიდენტის ინიციატივით, ქვეყანაში რეფორმების 4 ახალი პაკეტი განხორციელდა: „2022 წლის იანვრის შემდეგ, პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოყაევმა გადაწყვიტა, რომ დადგა დრო უფრო რადიკალური რეფორმების გატარებისთვის და სწორედ ამიტომ გასული წლის მარტში შემოთავაზებული იქნა საკონსტიტუციო რეფორმების ახალი პაკეტი და ჩვენ რეფერენდუმის დროს კონსტიტუციაში 60-ზე მეტი ცვლილება განვახორციელეთ“.
მინისტრის მოადგილემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ არჩევნებით სრულდება გარდაქმნების ეტაპი, მაგრამ ეს არ არის საბოლოო წერტილი და რეფორმები კიდევ გაგრძელდება: „ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოყაევი გეგმავს გამოაცხადოს შემდგომი რეფორმების გეგმები. სამყარო არ დგას ერთ ადგილას და იგი აუცილებლად უნდა განვითარდეს“.
ავთანდილ ოთინაშვილი
სპეციალურად ასტანიდან