ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 08 სექტემბერი 2023 15:45

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს. 

მათი ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების გასამართად საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოსულ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდა.

ბორელმა, რომელიც ევროკავშირის თბილისის ოფისში მივიდა, განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი პირველად ექნება და ხვალ (დღეს) მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს.

მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, და რამდენიმე კვირის შემდეგ შესაბამისი შეფასებები გაკეთდება საქართველოსთვის „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და დაამატა: "ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ ამ გზაზე."

ბორელმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა შეასრულოს 12-პუნქტიანი კრიტერიუმები, რომლებიც მათ ევროკავშირმა მისცა, რათა საქართველოს მიენიჭოს „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსი და რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.

„მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის (თბილისის) ქუჩებში და ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“. - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

მან აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას და რომ ქართველ ლიდერებთან შეხვედრებზე ისინი ასევე განიხილავენ რეგიონზე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის უარყოფით გავლენას.

ბორელი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ჩავა საოკუპაციო ხაზთან.

ილია დარჩიაშვილი ქ. რომში ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას დაესწრო

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 21 აპრილი 2023 12:11

2023 წლის 20 აპრილს იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ფლორენციის სასახლის ისტორიულ შენობაში, ქართული ანბანისადმი მიძღვნილ გამოფენას “სამოთხის შეხება” დაესწრო, სადაც წარმოდგენილი იყო  კალიგრაფისა და მხატვრის, გიორგი სისაურის ნამუშევრები.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 38 საზედაო ასოსა და 19 რელიგიურ თემაზე შექმნილი გამოსახულება.
ღონისძიება წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და  „დანტე ალიგიერის საზოგადოების“ მხარდაჭერით გაიმართა.
გამოფენას დიპლომატიური კორპუსის, რომის კურიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
2023 წლის 20-23 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ილია დარჩიაშვილის წერილი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 06 აპრილი 2023 15:13

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დღეს წერილი გაუგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:

"ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის სახელით, გიდასტურებთ ღრმა პატივისცემას და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობისადმი ერთგულებას.  როგორც შევიტყვეთ,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ქართული სასამართლო სისტემის სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირებასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, მსურს შეგახსენოთ ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დახვდა სასამართლო სისტემაში 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის დროს. რეალობა იყო უმძიმესი: სასამართლო პროკურატურის დანაყოფად და ავტორიტარული რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთ მორიგ რგოლად იყო ქცეული, 99 პროცენტს აღემატებოდა გამამტყუნებელი განაჩენების მაჩვენებელი, გასამართლებული იყო 300 ათასი მოქალაქე, ელიტური კორუფცია მოიცავდა როგორც სასამართლოს, ისე სხვა სფეროებსაც, ხელისუფლება ჩადიოდა სისტემურ დანაშაულს. უსამართლო და რეპრესიული სასამართლო სისტემის პირობებში, 25 ათასს მიაღწია პატიმრების რაოდენობამ ციხეებში, სადაც დანერგილი იყო პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა. შედეგად, უპრეცედენტოდ მაღალი იყო პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ციხეებში პატიმრების რაოდენობა 2,5-ჯერ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი - 10-ჯერ შემცირდა. გარდა ამისა, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, სამჯერ შემცირდა სასამართლოების მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, განახევრდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, ოცჯერ შემცირდა გირაოს შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ შემცირდა ჯარიმების შეფარდების მაჩვენებელი და ა.შ. 

წინა ხელისუფლების და მისი სასამართლო სისტემის პირობებში, ქართველი ხალხი საქართველოში სამართალს ვერ პოულობდა და იძულებული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართა. 2004-2012 წლებში სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოქალაქეების 5416 საჩივარი შევიდა. შედარებისთვის, 2013-2022 წლებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1132-ს შეადგენდა. 2009-2012 წლებში ევროპული სასამართლო განიხილავდა საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 4000-მდე საჩივარს. 2023 წლის მონაცემებით, სტრასბურგის სასამართლოში განიხილება საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 147 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელია. 
აღსანიშნავია, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლოს დანაშაულებრივი სისტემის ძირითადი შემოქმედები და არქიტექტორები - მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ იყვნენ სანქცირებული არცერთი ქვეყნის მიერ და მეტიც, სამწუხაროდ, ისინი ხელშეუხებლობის კონკრეტული გარანტიებით სარგებლობდნენ ან დღემდე სარგებლობენ. 

სტრასბურგის სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება, ისევე, როგორც ზემოაღნიშნული სტატისტიკა ნათელი დასტურია იმისა, რომ 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში სისტემური პრობლემები აღმოიფხვრა, რაც შესაბამისი პოლიტიკური ნების და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ გატარებული ფუნდამენტური სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის შედეგია. საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა დღეს ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ. მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი და დღეს ის უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა.

ხელისუფლებამ არაერთგზის მიმართა საქართველოს მოქმედი სასამართლო სისტემის კრიტიკოსებს მოწოდებით, წარმოედგინათ კონკრეტული სასამართლო საქმეები, რომლებიც, მათი აზრით, უსამართლოდ გადაწყდა. თუმცა, კრიტიკოსებმა დღემდე ვერცერთი ასეთი საქმე ვერ წარმოადგინეს. სასამართლო სისტემის კრიტიკოსების არაობიექტურობის ნათელი მაგალითია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ პირიქით, სასამართლოზე ხორციელდებოდა ზეწოლა „რუსთავი 2-ის“ მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის მხრიდან საქმის მოსამართლის მისამართით „განხორციელებული უსაფუძვლო მედია შეტევები შეიძლება განხილული იყოს როგორც მოსამართლის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის შეუფერებელი მცდელობა და აღნიშნულმა შეტევებმა, ზოგადად, წვლილი შეიძლება შეიტანოს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტის შელახვაში“. გვინდა შეგახსენოთ, რომ „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს რეპუტაციის შელახვის მცდელობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ოპოზიციის საკუთრებაში არსებული მედიასაშუალებები, ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი სახალხო დამცველი, ისევე, როგორც დიპლომატიური კორპუსის ცალკეული წარმომადგენლები.

ქართული სასამართლო მოსახლეობაში და საერთაშორისო კვლევებში აღიქმება როგორც ერთ-ერთი მოწინავე. „IPSOS FRANCE-ის“ კვლევის („სასამართლო რეფორმების შეფასება საქართველოში“) მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 55% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სამართლიანი, 52% ფიქრობს, რომ სასამართლო არის სანდო და 51% ფიქრობს, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი. ხელისუფლების ათწლიანი მუშაობისა და გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილებს იკავებს. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“ კანონის უზენაესობის 2022 წლის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში. 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ლიდერობს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, პირველად ინდექსის ისტორიაში, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანას უსწრებს.

ამავდროულად, გრძელდება სასამართლო რეფორმაზე მუშაობა ვენეციის კომისიასთან ერთად იმისთვის, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა კიდევ უფრო განმტკიცდეს და კანონმდებლობა კიდევ უფრო სრულყოფილი გახდეს.

ამიტომ, ამ რეალობის გათვალისწინებით, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეთა სანქცირების შესახებ, რომელიც ყოველგვარი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშე გასაჯაროვდა. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. სხვა შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა და მის საქმიანობაში უხეში ჩარევა, რაც საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივ მრავალწლიან მეგობრულ ურთიერთობებს დააზიანებს", - წერია ი. დარჩიაშვილის განცხადებაში.

აღნიშნული ვიზიტი საქართველოს მიმართ გამორჩეული ინტერესის გამოხატულებაა - ილია დარჩიაშვილი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 24 მარტი 2023 15:37

“გერმანიის საგარეო საქმეთა  მინისტრის ვიზიტი, საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას ადასტურებს” - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები მტკიცე, მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტსა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. მინისტრის თქმით,შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით,ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც გაამყარა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი და ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისაკენ.

“ვაფასებთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს.” - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო. ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების მიმდინარეობაზე და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე.

“გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით იქნება შეფასებული და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებს.”-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან გაგრძელდება ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესი ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების გზით და მაქსიმალურად იქნება ათვისებული ასოცირების შეთანხმების პოტენციალი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზეც და საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე.ხაზი გაესვა ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას და საქართველოს როლს ამ პროცესში. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ გერმანია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ სფეროში.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რეგიონში და ევროკავშირის კრიზისის მართვის მისიებში ჩართულობის გზით აგრძელებს საერთო ძალისხმევაში მონაწილეობას.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და ნატო–საქართველოს არსებით პაკეტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

“აღნიშნული პრაქტიკული მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს საბოლოოდ მიგვიყვანს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილების სრულ იმპლემენტაციამდე.“  - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.

ასევე, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მისიის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და ხაზი გაესვა ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური ფუნქციონირების  მნიშვნელობას.

მინისტრმა გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ განმტკიცებასა და ამ მიზნით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის გამოყენების გზებზე.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ისევე, როგორც ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განმტკიცების საწინდარი იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს უაღრესად წარმატებული მონაწილეობა უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში - ი-ტე-ბე ბერლინი 2023. ეს იყო გერმანიაში ჩვენი კულტურისა და ტრადიციების და მიმზიდველი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ცივილიზაციისადმი კუთვნილების მკაფიო დადასტურება.” - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

ჯეიმს კლევერლის ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 მარტი 2023 06:23

16 მარტს, საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია. 
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, სტუმარს ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. 

მხარეებმა ხაზი გაუსვეს აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას და მიმოიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები.
ბრიტანელი კოლეგის ვიზიტს, ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელ „Twitter”-ზე გამოეხმაურა. 
„მიხარია, რომ ვმასპინძლობ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა, და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის. მქონდა შესაძლებლობა კოლეგასთან ერთად განმეხილა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას,“ - წერს დარჩიაშვილი. 
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, ჯეიმს კლევერლი შეხვდება საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა ოფიციალური შეხვედრა 17 მარტს გაიმართება.

ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 13 მარტი 2023 12:58

2023 წლის 13-14 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ოფიციალური ვიზიტით შვედეთის სამეფოს ეწვევა. 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები შვედეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტობიას ბილსტრომთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდრეას ნორლენთან, ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, კრისტიან დანიელსონთან და საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან, დიანა იანსესთან. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება ევროკავშირის საბჭოს შვედეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. შესაბამისად ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული თანამშრომლობის საკითხების პარალელურად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობას და შვედეთის მხარდაჭერას ამ გზაზე. 

ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 15 თებერვალი 2023 12:01

15-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთს ეწვევა.  ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულოსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია.
გარდა ამისა, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი და საბერძნეთის პრეზიდენტი კომენტარს გააკეთებენ მედიის წარმომადგენლებისთვის.

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი საქართველოს ესტუმრა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 30 იანვარი 2023 15:04

30 იანვარს, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, საქართველოსა და ავსტრიის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, ეს გახლავთ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, კარლ ნეჰამერი შეხვედრებს გამართავს საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 26 იანვარი 2023 11:24

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილსა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული  სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს, პოლიტიკურ დირექტორს ენრიკე მორას შორის, რომელიც ქ. თბილისს 25 იანვარს დაგეგმილი უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ეწვია, შედგა შეხვედრა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტული მიმართულებები. მხარეებმა ხაზი გაუსვეს 2022 წლის ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ, რამაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შავ ზღვაზე დაკავშირებადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და საქართველოს როლზე ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების საკითხში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე და იმ რისკებზე, რომელიც დღეს არსებული გეოპოლიტიკური  ფონის გათვალისწინებით მწვავე პრობლემად დგას რეგიონში. ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით დადასტურდა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მზაობა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას, მათ შორის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებით, რომელიც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ერთიანი ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და უზრუნველყოფს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.

ილია დარჩიაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 დეკემბერი 2022 12:59

2022 წლის 19 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან, შერაზ გასრისთან. მინისტრმა ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და უსურვა წარმატებული საქმიანობა.

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობები და ნაყოფიერი თანამშრომლობა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ პოლიტიკურ დიალოგზე, მაღალი და უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკასა და სამომავლო დღის წესრიგზე. ხაზი გაესვა „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგის“ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს პოლიტიკური, თავდაცვის, შიდა უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობების ფართო სპექტრს და ასახავს მჭიდრო კავშირებს ორ ქვეყანას შორის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა დიალოგის მეორე რაუნდის ახლო მომავალში ჩატარებისთვის.

ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ელჩს  საფრანგეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის. შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებს. აღინიშნა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების მიმდინარეობა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობა. საფრანგეთის ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა, ახალ თანამდებობაზე მუშაობისას მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-ფრანგული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი დარჩება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდამჭერი. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური