საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმი: ევროპის კავშირის საბჭო დაფინანსებას 2027 წლამდე 7.98 მილიარდ ევრომდე გაზრდის
ევროპის კავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2027 წლამდე ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) დაფინანსების მაქსიმუმი 7.979 მილიარდ ევრომდე გაიზრდება, რაც დამატებითი საჭიროებების დაფარვას უზრუნველყოფს.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმი 2021 წლის მარტში ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) ქმედებათა დასაფინანსებლად შეიქმნა. მისი მიზანი კონფლიქტების პრევენცია, მშვიდობის შენარჩუნება და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაა. კერძოდ, ევროპული სამშვიდობო მექანიზმი ევროკავშირს ისეთ ქმედებათა დაფინანსების საშუალებას აძლევს, როგორიც სამხედრო და თავდაცვის სფეროებში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების თუ რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების გაძლიერებაა.
ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, დღეისათვის ევროკავშირმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მხარდაჭერა შვიდი პაკეტის საშუალებით აღმოუჩინა. გარდა ამისა, ის არაერთ სხვა ქვეყანას დაეხმარა, რომელთა რიცხვში საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკაცაა. უკრაინისთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის საშუალებით გაწეული მხარდაჭერის მთლიანი მოცულობა დღეისათვის 3.6 მილიარდ ევროს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შ. მიშელი საქართველოს პრეზიდენტ ს. ზარუბიშვილს შეხვდა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზარუბიშვილს შეხვდა.
შარლ მიშელმა პრეზიდენტ ს. ზურაბიშვილის წინაშე კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზისადმი და მიესალმა მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში“, - წერს შ. მიშელი Twitter-ზე.
მან ასევე დასძინა, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ არის "ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გაუშვა ხელიდან".„პროგრესი რეფორმების მიმართულებით რჩება გადამწყვეტ ამოცანად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
პრეს-რელიზი
ევროპარლამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარებას დაუჭირა მხარი
ევროპის პარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, არ აღიაროს უკრაინის და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ გაცემული პასპორტები და სხვა სამგზავრო დოკუმენტები.
ევროპულ საბჭოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობამ (531 ხმა) დაამტკიცა. ხელშეკრულების მხარეები არ აღიარებენ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვიზების მისაღებად და ევროკავშირის საგარეო საზღვრების გადაკვეთის მიზნით რუსეთის მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს.
ევროპარლამენტის წინადადების თანახმად, ევროკომისიამ კონსულტაციები უნდა გაიაროს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან იმ რუსულ სამგზავრო დოკუმენტებთან — კერძოდ, პასპორტებთან — დაკავშირებით, რომლებიც არ იქნება აღიარებული. თუმცა, ის ადამიანები, რომლებიც უკრაინიდან ომს გაურბიან, ევროკავშირში შესვლას ჰუმანიტარულ საფუძველზე კვლავ შეძლებენ.
გადაწყვეტილება მაშინვე შევა ძალაში, როგორც კი ის ფორმალურად დამტკიცდება ევროპული საბჭოს მიერ და გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
დამატებითი ინფორმაცია
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩინეთს ეწვევა!
პეკინი, 28 ნოემბერი (სინხუა) -- ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მიწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ჩინეთს 1 დეკემბერს ეწვევა. ამის შესახებ ორშაბათს განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჰუა ჩუნინგმა.
წყარო: Embassy of The People's Republic of China in Georgia
უკრაინული მედია - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად აღიარებს და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ“, რომელშიც რუსეთის რეჟიმი ტერორისტულ რეჟიმად არის აღიარებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელზე, მარია მეზენცევასა და დელეგაციის წევრზე ოლექსი გონჩარენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რეზოლუციას მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა, კენჭისყრაში მონაწილეობისგან კი თავი ერთმა დეპუტატმა შეიკავა.
გონჩარენკოს განცხადებით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის რეჟიმი ტერორისტული რეჟიმია. გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ისტორიაში პირველად ევროპის საბჭომ გამოაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება.
მარია მეზენცევას თქმით, რეზოლუციის ძირითადი პუნქტები მოიცავს: რუსეთის ფედერაციის აგრესიის დაგმობას და მის საერთაშორისო სამართლის დანაშაულად აღიარებას, უკრაინის სუვერენიტეტის დადასტურებას, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის დევნის მიზნით სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის დაჩქარებას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფას, საერთაშორისო ორგანიზაციების რუსული აგენტებისგან გაწმენდას, გაერო-ში რუსეთის მონაწილეობის მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებს.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო: საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია
6 სექტემბერს ბრიუსელში ევროკავშირმა და საქართველომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრის თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ასოცირების საბჭოს შეხვედრის ძირითადი თემა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება გახლდათ. კერძოდ, სხდომაზე ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს მზადყოფნას, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაშინვე, როგორც კი ის ევროკომისიის მოსაზრებებში კონკრეტულად ჩამოყალიბებულ პრიორიტეტებს შეასრულებს.
ევროკავშირი მიესალმა საქართველოს პარლამენტში ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებას და მმართველ პარტიას სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად ინკლუზიურ პროცესში ჩართვის რეკომენდაცია მისცა. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზეა დამოკიდებული და რომ ევროკავშირი მზად არის, გამოიყენოს ყოველგვარი საშუალება მის მხარდასაჭერად.
საქართველომ უნდა გააგრძელოს მნიშვნელოვანი რეფორმები და დაძლიოს პოლარიზაცია, აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე. „არ არსებობს მარტივი გზები და არც სასწაულები მოხდება“, — დასძინა მან, — „ეს არის არა პოლიტიკური დეკლარაციების საკითხი, არამედ — პოლიტიკური ნებისა, რომელიც ნებას შედეგებად გარდაქმნის“.
ასოცირების საბჭო მიესალმა ევროკავშირი-საქართველოს 2021-2027 წლების დღის წესრიგის შესწორებული ვერსიის დამტკიცებას და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას. გარდა ამისა, ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის ორგანოების დამოუკიდებლობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მედიის წარმომადგენელთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფაც.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მან ასევე ხაზი გაუსვა თავის მზადყოფნას, დაეხმაროს ქვეყანას ჰიბრიდული თუ კიბერ საფრთხეების და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.
დამატებითი ინფორმაცია
Პრესრელიზი
თბილისსა და ბერნს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა 23 ივნისს ევროპული საბჭოს მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას და საქართველოს მტკიცე არჩევანს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს. აღინიშნა, რომ შვეიცარიის ჩათვლით, ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს დაახლოება, ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული წარმატებული ნაბიჯია.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ თბილისის და ბერნის მერებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. ქალაქებს შორის ურთიერთობები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ურბანული განვითარება, ტრანსპორტი, საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ტექნოლოგიები, განათლება, კულტურა და ტურიზმი.
„გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად, ხელი მოგვეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმისთვის, რომელიც რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ეს არის ურბანული განვითარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. ბერნი განვითარებული ქალაქია, შვეიცარია ულამაზესი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ინფრასტრუქტურის, ურბანული კეთილმოწყობის თვალსაზრისით. ეს მხარდაჭერა სხვადასხვა პროგრამისა და პროექტის განხორციელების ეტაპზე, მნიშვნელოვანი იქნება. მინდა, მადლობა გადავუხადო ბერნის მერს მასპინძლობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენ ქალაქებს და ხალხებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა კახა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ალეკ ფონ გრაფენრიდს გულთბილი მასპინძლობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ბერნის მერი ახლო მომავალში თბილისს ვიზიტით ეწვევა.
„არ ვიცი, არსებობს თუ არა მეგობრობა ერებს შორის, თუმცა, მჯერა, რომ არსებობს მეგობრობა ხალხს და ქალაქებს შორის და ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ჩვენ, ყველანი ევროპაში ვდგავართ ერთიან პრინციპებსა და ღირებულებებზე - ეს არის პატივისცემა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მიმართ. მჯერა, რომ რადგან ქალაქები უფრო ახლოს არინ მოქალაქეებთან, უფრო კარგად შეძლებენ, ამ ერთიანი ღირებულებების გარშემო ითანამშრომლონ. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ თბილისის და ბერნის ურთიერთობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბერნის მერმა.
ბერნის მერიაში გამართულ ღონისძიებას ქართული მხრიდან თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და შვეიცარიაში საქართველოს ელჩი რევაზ ლომინაძე დაესწრნენ.
დიდი შვიდეულის ლიდერები პუტინის რეჟიმზე და ბელარუსში მის მოკავშირეებზე ეკონომიკურ და პოლიტიკურ ზეწოლას გააძლიერებენ
დიდი შვიდეულის ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თავიანთ მზადყოფნას, მხარი დაუჭირონ უკრაინის მთავრობას და ხალხს ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. ისინი ასევე მზად არიან, გააძლიერონ საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის რეჟიმზე და მის მოკავშირეებზე ბელარუსში.
დიდი შვიდეულის ქვეყნების — კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოს და ამერიკის შეერთებული შტატების შეხვედრა გერმანიაში 26-28 ივნისს ჩატარდა.
დიდი შვიდეული მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნების სტატუსის მინიჭების შესახებ.
„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას და მხარში დავუდგებით უკრაინას იქამდე, სანამ საჭირო იქნება. ამ პროცესში ვალდებულებას ვიღებთ, გამოვავლინოთ გლობალური პასუხისმგებლობა და სოლიდარობა და შევამციროთ რუსეთის აგრესიის საერთაშორისო გავლენა — განსაკუთრებით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებზე“, — აღნიშნეს დიდი შვიდეულის ლიდერებმა უკრაინის მხარდასაჭერად გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაში.
გარდა ამისა, დიდი შვიდეულის ლიდერებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ზეწოლას პრეზიდენტ პუტინის რეჟიმზე და მის მოკავშირეებზე ბელარუსში: „ამით რუსეთს მოვუსპობთ ეკონომიკურ ბერკეტებს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად, ჩვენ კი გავაგრძელებთ ჩვენი კოორდინირებული სანქციების მიზნობრივ გამოყენებას მანამ, სანამ საჭირო იქნება“.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში გამონახავენ რუსეთის საერთაშორისო ბაზრიდან იზოლირების ახალ გზებს, შეამცირებენ მის შემოსავლებს, გააგრძელებენ სანქციებისთვის თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლას, შეამცირებენ რუსეთის მიერ ენერგეტიკიდან მიღებულ მოგებას, კოორდინაციას გაუწევენ სატარიფო ზომების მიღებას რუსეთიდან იმპორტზე, უფრო მეტად შეზღუდავენ ქვეყნის წვდომას დიდი შვიდეულის ქვეყნებში წარმოებულ ძირითად ინდუსტრიულ რესურსებზე, მომსახურებებსა და ტექნოლოგიებზე და სანქციებს დაუწესებენ მათ, ვინც ომის დანაშაულებზე და სურსათის უსაფრთხოების კრიზისზეა პასუხისმგებელი.
დამატებითი ინფორმაცია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით
გუშინ ევროპულმა საბჭომ მიიღო მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ.
ევროპული საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით.
საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა.
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში.
მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის.
საქართველო, როგორც საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას.
საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში.
ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.