თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით!
ბორელი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა!
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
მათი ინფორმაციით, ოფიციალური შეხვედრების გასამართად საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოსულ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დახვდა.
ბორელმა, რომელიც ევროკავშირის თბილისის ოფისში მივიდა, განაცხადა, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტი პირველად ექნება და ხვალ (დღეს) მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს გამართავს.
მან თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, და რამდენიმე კვირის შემდეგ შესაბამისი შეფასებები გაკეთდება საქართველოსთვის „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს და დაამატა: "ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ გვინდა დაგეხმაროთ ამ გზაზე."
ბორელმა განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა შეასრულოს 12-პუნქტიანი კრიტერიუმები, რომლებიც მათ ევროკავშირმა მისცა, რათა საქართველოს მიენიჭოს „კანდიდატი ქვეყნის“ სტატუსი და რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
„მე ვხედავ ბევრ ევროპულ დროშას ამ ქალაქის (თბილისის) ქუჩებში და ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას“. - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ ისინი განაგრძობენ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერის გაწევას და რომ ქართველ ლიდერებთან შეხვედრებზე ისინი ასევე განიხილავენ რეგიონზე რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის უარყოფით გავლენას.
ბორელი დღეს შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ჩავა საოკუპაციო ხაზთან.
ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში 7-8 სექტემბერს შედგება
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.
„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ევროკავშირი 30 მილიონ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სექტორის მხარდასაჭერად 30 მილიონ ევროს გამოყოფს, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დღეს საბჭომ მიიღო დახმარების ორი ზომა ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად, ორი ქვეყნის თავდაცვის სექტორში ეროვნული უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მედეგობის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
ევროპული საბჭოს ცნობით, საქართველოსთვის დამტკიცებული 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი მოიცავს 36-თვიან პერიოდს. აღნიშნული თანხით დაფინანსდება საქართველოს თავდაცვითი ძალების დანაყოფებისთვის არალეტალური აღჭურვილობა, მომარაგება და მომსახურება, მათ შორის ტექნიკური მომზადება მოთხოვნის შემთხვევაში. დამტკიცებული აღჭურვილობა მოიცავს საინჟინრო, სამეთაურო-საკონტროლო, სამედიცინო, ლოგისტიკურ და კიბერთადაცვით აღჭურვილობას.
„ამ ახალი დახმარებით, ჩვენ ვაგრძელებთ მოლდოვის შეიარაღებული ძალებისა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების მოდერნიზების მხარდაჭერას. რთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და ევროპული მისწრაფებების შესაბამისად, ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვის სექტორების გაძლიერებაში და ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობის უნარების განვითარებაში. ეს არის ორივე ქვეყნისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში გამოყოფილი დახმარების მესამე პაკეტი, რაც მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას რეგიონის მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.
ევროპული საბჭოს ცნობით, დახმარების ბოლო პაკეტი, წინა პაკეტებთან ერთად, ხელს შეუწყობს მოლდოვისა და საქართველოს ძალების ოპერატიული ეფექტურობის გაზრდას, დააჩქარებს ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და ურთიერთთავსებადობას შეუწყობს ხელს, შესაბამისად, უზრუნველყოფს მოქალაქეების უკეთეს დაცვას კრიზისებისა და საგანგებო მდგომარეობების დროს. ასევე, დახმარების პაკეტის მიზანია მოლდოვისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება მესამე ქვეყნებში ევროკავშირის სამხედრო მისიებსა და ოპერაციებში მათი მონაწილეობის კუთხით.
საბჭოს ცნობით, დახმარება საქართველომ 2023 წლის 8 თებერვალს მოითხოვა. მანამდე, 2022 წლის დეკემბერში საბჭომ დაამტკიცა 20 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების პაკეტი, ხოლო 2021 წლის დეკემბერში – 12,75 მილიონი ევროს ოდენობის პაკეტი.
ანალოგიური მიზნებისთვის ევროკავშირის საბჭომ მოლდოვის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 40 მილიონი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის ვიზიტი საქართველოში
გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია 2023 წლის 2-5 მაისს საქართველოს ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს.
დელეგაციაში იქნებიან ბატონი კრისტიან პეტრი (სოციალ-დემოკრატიული პარტია, დელეგაციის ხელმძღვანელი), ბატონი რალფ ბრინკჰაუსი (ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირი), ბატონი მიხაელ ზახერი (კავშირი 90/ მწვანეები), ბატონი თომას ჰაკერი (თავისუფალ დემოკრატთა პარტია) და ბატონი ჰარალდ ვაიელი (ალტერნატივა გერმანიისთვის).
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს იუსტიციის მინისტრ, ბატონ რატი ბრეგაძესთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ბატონ ლევან დავითაშვილთან, ასვე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონ თეიმურაზ ჯანჯალიასთან.
დელეგაცია შეხვდება ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებს.
პროგრამაში არის ასევე შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში განაცხადი შეიტანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე და 2022 წლის ივნისში მიიღო ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, შეხვედრების თემები იქნება აუცილებელი რეფორმების გატარება, ურთიერთობების გაფართოება და თანამშრომლობა ევროკავშირთან და გერმანიასთან.
რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე საუბარი შეეხება ასევე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხთა შეთანხმებასა და რეგიონში ომით გამოწვეულ შედეგებს, ასევე გეოპოლიტიკურ საკითხებს.
“რუსული ოცნების“ პროპაგანდამ საქართველოში თავისი შედეგები გამოიღო - ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეების რაოდენობა 79 %-დან 89 %-მდე გაიზარდა
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ბელგიაში გაემგზავრა.
ევროკავშირი უვიზო მიმოსვლით მოსარგებლე ქვეყნებისთვის სამოგზაურო ავტორიზაციის სისტემას 2024 წლიდან აამოქმედებს
2024 წლიდან ყველა იმ 59 ქვეყნისთვის, რომლებსაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს, „ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემა“ (ETIAS) ამოქმედდება. ევროკავშირის ამ ახალი მოთხოვნის თანახმად, სამოგზაურო ავტორიზაციის გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლებსაც შენგენის 27 ქვეყნიდან ნებისმიერში, ასევე ბულგარეთში, რუმინეთსა და კვიპროსის რესპუბლიკაში შესვლა სურთ.
ETIAS-ი ონლაინ გასავლელი სამოგზაურო ავტორიზაციაა და არა — ვიზა.
ETIAS-ის მოქმედი სამოგზაურო ავტორიზაციის მქონე პირს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში შეეძლება ევროპის 30 ქვეყნიდან ნებისმიერში 90 დღის განმავლობაში დარჩენა.
ETIAS-ისთვის განაცხადის შესატანად პირს დასჭირდება პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც 3 თვეს აღემატება, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ონლაინ ფორმის შევსება და 7 ევროს ოდენობის გადასახადის გადახდა.
არსებობს ETIAS-ის მხოლოდ ერთი ოფიციალური ვებგვერდი: europa.eu/etias. მასზე განაცხადის ფორმა სისტემის ამუშავების შემდეგ განთავსდება.
დამატებითი ინფორმაცია
სუდანში ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა მოხდა
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩს, ეიდან ოჰარას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ.
"ტრტ-ქართულის" ცნობით, შეტაკებები არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის სუდანში 15 აპრილიდან გრძელდება.
ბორელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში თავს დაესხნენ მის რეზიდენციაში. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური ობიექტების და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლით დაკისრებულია ვალდებულებაა“.
ოჰარას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში ფოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
პერტესმა მიმდინარე კონფლიქტზე თქვა: „ეს არის ძალიან არასტაბილური სიტუაცია, ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ სად გადაიხრება ბალანსი“.
ევროკავშირის ფოტოკონკურსი „ოჯახური კავშირები“: გაიცანით გამარჯვებული ფოტოგრაფი საქართველოდან
ფოტოკონკურსის „ოჯახური კავშირები“ გამარჯვებული საქართველოდან ნათელა გრიგალაშვილი გახდა პროექტით, „ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები“. მასთან ერთად, EUNEIGHBOURS EAST - FOTOFESTIWAL ფოტოკონკურსის სხვა გამარჯვებულების ვინაობა 31 მარტს თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდა ცნობილი.
ფოტოკონკურსში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, მონაწილეობას იღებდნენ პროფესიონალი ფოტოგრაფები აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. მათ „ოჯახური კავშირების“ თემაზე შექმნილი ფოტოსერიები წარადგინეს და თითოეული ქვეყნიდან თითო გამარჯვებულმა 1,000 ევროს ოდენობის ჯილდო მიიღო.
დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლეს პაველ ჰერჩინსკიმ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და ნესტან ნიჟარაძემ, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის თანადამფუძნებელმა. ცერემონიას დაესწრნენ ცნობილი სახეები და მედიის წარმომადგენლები საქართველოდან და ბლოგერები მთლიანი რეგიონიდან.
„ჩვენ ამ ფოტოკონკურსის დახმარებით სიამაყით ვადასტურებთ ევროკავშირის მზადყოფნას, ხელი შეუწყოს კულტურათაშორის ურთიერთობას და ფოტოგრაფიის, როგორც რეალობის ასახვისა და ცვლილებების იარაღის, ძალის წარმოჩენას“, — განაცხადა ცერემონიაზე ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, — „ოჯახისა და ოჯახური კავშირების თემა ხაზს უსვამს ჩვენი საზიარო ღირებულებების მნიშვნელობას და იმ როლს, რომელსაც ოჯახი საზოგადოებათა ფორმირებაში ასრულებს. ვულოცავ ყველა ფოტოგრაფს, რომ მათ ამ თემის ასე შემოქმედებითად და შთამბეჭდავად ინტერპრეტირება შეძლეს“.
ფოტოკონკურსის მონაწილეებს „ოჯახური კავშირების“ თემა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა წარმოეჩინათ: როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?
ქართველი გამარჯვებული, ნათელა გრიგალაშვილი, თბილისში მცხოვრები დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. ის, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა სოფელში გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს. მისი გამარჯვებული პროექტი, “ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები”, მაღალმთიანი აჭარის მომთაბარე ოჯახების ცხოვრებას იკვლევს.
ნათელა გრიგალაშვილი ამ პროექტს ასე აღწერს:
„მაღალმთიანი აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხარეა. აქ ჯერ კიდევ შემორჩენილია ტრადიციები და ცხოვრების ძველი წესები. თუმცა ამ მაღალმთიან მხარეში მცხოვრებთა იზოლაცია და გაუცხოება უკვე დიდი ხანია, მუდმივ პრობლემადაა ქცეული. ამ რეგიონისთვის განსაკუთრებით მძიმე ბოლო რამდენიმე ათწლეული აღმოჩნდა. ქვეყანაში არსებულმა რთულმა სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ რეგიონის განვითარება და აქ მცხოვრებთა დანარჩენ ქვეყანასთან ინტეგრაცია შეაფერხა.
„უკვე წლებია, რაც აჭარის მკვიდრებს არ მიუწვდებათ ხელი სათანადო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და სხვა მრავალ სერვისზე. სოფლებში ხშირად ითიშება ელექტროენერგია და ზამთრის დიდთოვლობების დროს გზებიც იკეტება. მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო აჭარის მრავალი სოფელი დღეს დაცარიელებულია. მრავალი ოჯახი ეკომიგრანტი გახდა, რადგან ისინი იძულებულები გახდნენ, გადასულიყვნენ საქართველოს სხვა რეგიონებში ან საზღვარგარეთ — ძირითადად, თურქეთში. ხულო და ღორჯომის ხეობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყველაზე მაღალი დასახლებებია. ხეობაში სხვადასხვა სიდიდის 18 სოფელი მდებარეობს. ზოგ სოფელში, მცირე მოსახლეობის გამო, მხოლოდ დაწყებითი სკოლებია გახსნილი და საშუალო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასასწრებლად სხვა სოფლებში სიარული უწევთ. სოფლებს შორის გზები დაზიანებულია, ინფრასტრუქტურა კი გაუმართავია.
„ამ სოფლების თითქმის ყველა მცხოვრები მუსლიმია და ყველა მოზრდილ სოფელში მეჩეთი დგას. ადგილობრივები, ძირითადად, მესაქონლეები არიან, მაგრამ საძოვრების სიმწირის გამო, მათ თავიანთი ნახირი ზაფხულში მთებში აჰყავთ და იქ გვიან შემოდგომამდე რჩებიან. მომთაბარე აჭარლებს წელიწადში რამდენჯერმე უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამის მიუხედავად, კაცების უმრავლესობა თურქეთშიც მუშაობს და დამატებითი შემოსავლისთვის სეზონურ სამუშაოს ასრულებს. ასეთი მძიმე მდგომარეობის გამო ამ მაღალმთიანი რეგიონის უნიკალური ტრადიციები ნელ-ნელა ქრება, ხოლო მისი გამორჩეული ცხოვრების წესი დავიწყებას ეცემა“.
ნათელასთან ერთად, საქართველოდან არჩეულ სამ ფინალისტ ფოტოგრაფს შორის იყვნენ ეკატერინე კოლესნიკოვა (მალე თენდება) და თაკო რობაქიძე („სამშვიდობოები“).
ექვსი გამარჯვებული ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ 400-ზე მეტ მონაწილეს შორის არჩეული 18 ფინალისტისგან გამოავლინა. თითოეული ქვეყნიდან არჩეული სამ-სამი ფინალისტი თბილისში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიეს.
ფოტოკონკურსის დანარჩენი გამარჯვებულები არიან ნაზიკ არმენაკიანი (სომხეთი), ორხან აზიმოვი (აზერბაიჯანი), პაშა კრიტჩკო (ბელარუსი), კატერინა შოშევა (მოლდოვა) და მარისია მიანოვსკა (უკრაინა).
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, ასევე ფოტოგრაფები, მედიის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი სახეები აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.
დაჯილდოების ცერემონიის წინა დღეს, 30 მარტს, ფინალისტმა ფოტოგრაფებმა კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრებთან მასტერკლასი გაიარეს.
კონკურსი ორგანიზებული იყო EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ პოლონურ Fotofestiwal-თან პარტნიორობით.
დამატებითი ინფორმაცია:
ნათელა გრიგალაშვილის შესახებ
ნათელა გრიგალაშვილი თბილისში მცხოვრები შტატგარეშე დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია. წარსულში გრიგალაშვილს უმუშავია ფოტორეპორტიორად და კინო ოპერატორად. კარიერის დასაწყისში ის, მეტწილად, შავ-თეთრი ფირით იღებდა, მაგრამ უკვე ათ წელზე მეტია, რაც გრიგალაშვილი ციფრული ფოტოაპარატით მუშაობს და ფერად ფოტოებს იღებს. ის ახლა, ძირითადად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გრძელვადიან დოკუმენტურ პროექტებზე მუშაობს და სოფლებსა თუ პატარა ქალაქებში მცხოვრებთა ყოფას და პრობლემებს აღბეჭდავს. ფოტოსერიებზე მუშაობისას გრიგალაშვილი ფოკუსირდება ისტორიაზე, რომელიც კადრებით გადმოიცემა.