გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ მან საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა.
გ. კვირიკაშვილმა გადადგომის მიზეზად მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
"ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გუშინ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდის საგანგებო სხდომა გაიმართა. სხდომას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო.
შეხვედრის დაწყებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებების შესახებ, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი პარტიის წევრებმა გააკეთეს განცხადება, რომ მათ "გაერო"-ს კვლევის შედეგებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.
ამასთან, პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.
პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.
მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე, ძველ შემადგენლობას მოვალეობის შესრულება ეკისრება.
ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილს მარტო არ შევხვდები, ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდა, თუმცა აცხადებს, რომ მარტო პრემიერ-მინისტრს არ შეხვდება.
მისი თქმით, ერთი საათის განმავლობაში დაელოდება გადაწყვეტილებას შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით.
როგორც სარალიძემ განაცხადა, მედიის წარმომადგენლებმა დატოვონ მიკროფონები და კამერები და მათთან ერთად შევა პრემიერთან შესახვედრად.
მისი თქმით, მიუღებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად პრემიერთან შეხვედრაზე არ შეუშვებენ.
„ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ. აქ მე მარტო ჩემი შვილის სახელით აღარ ვლაპარაკობ. ჩვენს გვერდში არის მალხაზ მაჩალიკაშვილი და ყველა შვილმოკლული მშობელი.
რაც შეეხება განცხადებას იმის თაობაზე, რომ მარტო მიმიღებენ შეხვედრაზე, დაველოდები ერთი საათის განმავლობაში და თუ არ შემიშვებენ იმ მოთხოვნებით, რაც მე მაქვს, კარგად ბრძანდებოდნენ. მარტო პრემიერს არ შევხვდები. 6 თვე ვეხვეწე და ახლა რა უნდათ, ულტიმატუმებს აქეთ მიყენებენ? - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგი CNCEC საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესაძლებლობას შეისწავლის
საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკასა და საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგის CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაი ჰეგენმა დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
საუბარი შეეხო გარდაბანში კომბინირებული ციკლის 230 მეგავატი სიმძლავრის მეორე თბოსადგურის მშენებლობის პროექტს, რომელსაც CNCEC-ის შვილობილი კომპანია TCC და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ერთობლივად ახორციელებენ. თბოსადგურის ექსპლუატაციაში შესვლა 2019 წლის ბოლოსთვის იგეგმება. პროექტის ღირებულება 159 მილიონი აშშ დოლარია. ხაზი გაესვა პროექტის სტრატეგიულ მნიშვნელობას საქართველოს ენერგეტიკის სისტემისთვის, ენერგოსექტორის მდგრადობისა და განვითარებისთვის.
შეხვედრისას პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება და მთავრობა მიესალმება ჩინური კომპანიების მზარდ ეკონომიკურ ინტერესს რეგიონში. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების პერსპექტივა, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.
CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას კომპანია TCC-ის წარმომადგენლები, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური და ფინანსური დირექტორები დაესწრნენ. CNCEC პეტროქიმიური მრეწველობისა და სასუქების წარმოების სფეროში მოღვაწე 17 სახელმწიფო ჩინური კომპანიას აერთიანებს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ჩინეთის ქიმიური ინდუსტრიის განვითარებაში.
თბილისში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიღება გაიმართა
28 მაისს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა, რომელსაც მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართაეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, წელს ამ თარიღს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. "ჩვენი ქვეყნები წელს ზეიმობენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის ასი წლის იუბილეს. სიმბოლურია, რომ ჩვენ ახლა სწორედ იმ ისტორიულ კედლებში ვიმყოფებით, სადაც ასი წლის წინ, ჩვენმა ერებმა წინსვლისა და კეთილდღეობის გზა აირჩიეს. ზუსტად ერთი საუკუნის წინ, 1918 წლის 28 მაისს, აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ სწორედ აქ, ამ შენობაში გამოაცხადა აზერბაიჯანის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ორი დღით ადრე კი, ამავე შენობაში, დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსება გამოაცხადა", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მშვიდობიანი და სტაბილური რეგიონი, უმნიშვნელოვანესია იმ სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. პრემიერ-მინისტრმა ყურადღება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზისა და ტრანსანატოლიური გაზსადენის - TANAP-ის პროექტზე გაამახვილა. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობა კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის გამორჩეული მაგალითია.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს, აგრეთვე, აზერბაიჯანელ ხალხს ჰეიდარ ალიევის 95 წლის იუბილე მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.
„მიედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევითა და ჩართულობით შევძლებთ აღვასრულოთ ჩვენზე დაკისრებული უდიდესი მისია და მომავალ თაობებს მშვიდობიანი, სტაბილური და აყვავებული რეგიონი დავუტოვოთ. როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფოს მშენებლობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ჰეიდარ ალიევის სახელს, რომლის წვლილი უდიდესია ამ საქმეში. ცოტა ხნის წინ, 10 მაისს, მისი დაბადებიდან 95 წელი შესრულდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ეს დღე ოდნავ დაგვიანებით, მაგრამ განსაკუთრებულად მივულოცო აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს და მის ოჯახს. ასევე, აზერბაიჯანელ ხალხს. მინდა, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვუსურვო კიდევ უფრო მეტი წარმატება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. კიდევ ერთხელ გილოცავთ აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს და მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას ვუსურვებ,"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი - გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების
გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ასევე, მოსახლეობამ, რომელიც ქუჩაში იდგა, მისცა საშუალება სამართალდამცველებს აღესრულებინათ საკუთარი ფუნქცია.
"მინდა შევეხო გასულ 2 დღეში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენს ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს. არასოდეს ვიკავებთ თავს ახალგაზრდობასთან საუბრისგან. გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალდამცველები, პოლიციელები, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად. ვიხილეთ სამართალდამცველი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა ერთ პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ასევე უნდა ითქვას, რომ მოსახლეობამ, რომელიც ქუჩაში იდგა, მათმა უდიდესმა ნაწილმა მისცა საშუალება სამართალდამცველებს აღესრულებინათ საკუთარი ფუნქცია",- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი - თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში
თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კვირიკაშვილი მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, რომ პარტიის ხელმძღვანელობის შეთავაზებას დათანხმდა. „მივესალმები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე დაგვთანხმდა, უხელმძღვანელოს ჩვენს პარტიას, რისთვისაც მთელი „ქართული ოცნების“ სახელით მინდა მადლობა გადავუხადო.
ჩვენ, როგორც ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა, ვგრძნობთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის წინაშე და ვთვლით, რომ პარტია, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის ყველა რგოლში - აღმასრულებელ, ადგილობრივ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, საჭიროებს მეტ სიმტკიცეს და ახლებურ მიდგომას. აუცილებელია პარტია „ქართული ოცნება“ გრძელვადიანი პერსპექტივის მქონე ძლიერ ინსტიტუციად ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებიდან არჩევნებამდე მთლიანი ციკლის განმავლობაში იმუშავებს სრული დატვირთვით და ორიენტირებული იქნება განვითარებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია და ეს გზა არ იყო მარტივი. „ჩვენი გუნდი მძიმე მემკვიდრეობას, დიდ გამოწვევებს შეეჭდა და ბევრი პრობლემის გადაჭრა შეძლო. თუმცა, რა თქმა უნდა, არავინ ფიქრობს, რომ ყველა სირთულე უკან მოვიტოვეთ და შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ.
მეგობრებო, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ჩვენს ხალხს თამამად ჩავხედოთ თვალებში, რადგან ჩვენი ყოველდღიური ნაბიჯი მხოლოდ მათთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას ემსახურებოდა. ჩვენი გუნდის და პირადად ჩვემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის და პრემიერმინისტრის ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა და მოემსახურება საქართველოს წინსვლას“, - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.
გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდაზე იასუბრა და განაცხადა, რომ გასული წელი ამ მხრივ რეკორდული იყო:
„ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების მისაღწევად. გასული წელი ტურისტების რაოდენობის მხრივ რეკორდული იყო. საქართველოს 7.5 მლნ-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.
ტურისტების მაჩვენებლის ზრდამ 28 %-ს მიაღწია, რაც ვფიქრობთ, რომ არის მართლაც ზრდის უპრეცედენტო მაჩვენებელი.
2018 წლის იანვარი-მარტის მონაცემებით კი, საქართველოს მილიონ ნახევარი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ტურისტების რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასევე, 28 % გაიზარდა.
მხოლოდ მარტის თვეში, წინა წილის მარტთან შედარებით 33%-ით გაიზარდა ტურისტების მაჩვენებელი. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მეზობელი ქვეყნების მსგავსად, ძალიან მზარდია ევროკავშირიდან ტურისტების ზრდის მაჩვენებელი. კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ მარტში დიდი ბრიტანეთიდან შემოსულმა ტურისტების ზრდამ 74% შეადგინა, გერმანიიდან - 47%, ლატვიიდან - 45%, ლიტვიდან - 35% და საფრანგეთიდან - 25%. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით პირდაპირი ავიარეისები და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ პირდაპირი რეისები, როგორც ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, ისე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მიმართულებით არის გაზრდილი. მე ძალიან გამიხარდა ორიოდე დღის წინ გამოქვეყნებული ახალი ამბავი, რომ ქართულმა კომპანია „საქართველოს ავიახაზებმა“ მთელი რიგი ევროპული ქალაქების მიმართულებებით ახალი პირდაპირი რეისები გახსნა. იმედი მაქვს, რომ ეს სეზონური არ იქნება და მომავალშიც გაგრძელდება.
ტურიზმი 2016 წელს საქართველოში იყო 2 მლრდ-ის შემოსავლის წყარო, 2017 წელს კი, ტურიზმიდან შემოსავალმა ჩვენს ქვეყანაში 2, 75 მლრდ დოლარი შეადგინა და ეს არის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი პირდაპირ ჩვენი მოსახლეობისთვის, სხვადასხვა სახით: სასტუმროებში დახარჯული ფული, კვებაზე დახარჯული ფული, ტრანსპორტზე, საოჯახო სასტუმროებში დახარჯული ფული, რაც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის არის შემოსავალი. დამეთანხმებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურაში ჩაიდოს ინვესტიციები 4-პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, სივრცითი მოწყობის განვითარების მიმართულებით კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ეს დახარჯული ფული პირდაპირი ამონაგების სახით მიიღოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ და მე მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება მაია ცქიტიშვილის ამ მიმართულებით.
რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები შევასრულეთ ბოლო წლის განმავლობაში უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტი შესრულდა, რაშიც ზურა ალავიძემ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და კიდევ ერთხელ მინდა, მას მადლობა გადავუხადო.“- გაანცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომეხ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სომეხ კოლეგას, პირისპირ შეხვედა. კვირიკაშვილმა, კარენ კარაპეტიანს თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება იქნება ის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რომელსაც მხარეები შეხვედრაზე განიხილავენ. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, როგორც საქართველო, ისე სომხეთი წელს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.
"მიხარია, რომ ვიმყოფები ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. მაღალი დონის ვიზიტები ქმნის საჭირო ფონს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, თავის მხრივ, ქვეყნებს შორის არსებულ კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და ყურადღება მაღალი დონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე გაამახვილა. კარენ კარაპეტიანის თქმით, უმნიშვნელოვანესია არსებული ურთიერთობებისთვის ახალი დინამიკის შეძენა.
მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე ქართულ დელეგაციას პრემიერი ხელმძღვანელობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციაზე, რომელიც 16-18 თებერვალს გაიმართება.
მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
სამუშაო ვიზიტის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანთან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან. ასევე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის წევრების ორმხრივი შეხვედრები.
პრემიერ-მინისტრი, მონაწილეობას მიიღებს სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებაში „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა", რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით იმართება.
მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვედრას გამართავს ბიზნესის წარმომადგენლებთან.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე არიან.
გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური შვეიცარიის კონფედერაციას 22-24 იანვარს ეწვევა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა დისკუსიაზე - Strategic Outlook - Eurasia. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებთან, ევროკომისიის ხელმძღვანელ პირებსა და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი არიან