თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა!
გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას
თბილისი. 13 სექტემბერი 2023 — თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.
უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.
უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.
უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.
„გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა.
„რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.
"უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება", - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა.
უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.
გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.
საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.
კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.
მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში
ევროკავშირის და UNDP-ის კვლევა: საქართველოში ლგბტქი+ პირების პერსონალურ მონაცემებს ხშირად ემუქრება გასაჯაროება
საქართველოში ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ხშირად ასაჯაროებენ ჟურნალისტები და შედარებით იშვიათად — ჯანდაცვის მუშაკები, სამართალდამცავი უწყებები და ადვოკატები. ეს არის იმ კვლევის დასკვნა, რომელიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“ ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩაატარა.
კვლევა, „ლგბტ+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობა საქართველოში“, ლგბტქი+ პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევებს შეისწავლის. ამასთან, ის საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო თუ კერძო სექტორებისთვის გასცემს რეკომენდაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ასამაღლებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად.
მაგალითად, კვლევამ დაადგინა, რომ მედია და ჟურნალისტები ხშირად ასაჯაროებენ ლგბტქი+ თემის წევრების სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას — მათ შორის ამ ადამიანების თანხმობის გარეშე და არასათანადო ფორმით.
ჯანდაცვის სექტორში ლგბტქი+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემები რიგ შემთხვევებში არაკანონიერად მუშავდება — მათ შორის არაოფიციალური (პირადი) მიზნებით. ანგარიშისვე თანახმად, მონაცემები თემის წევრებისგან ღირსების შემლახავი ფორმით იკრიბება.
მსგავსი პრობლემები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ამუშავებენ ლგბტქი+ თემის წევრების მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. არის შემთხვევები, როცა ლგბტქი+ პირებისგან გამოკითხვისას მიღებული და/ან სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაცია არაუფლებამოსილ მესამე პირებს გადაეცემათ.
ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ადვოკატები მედიასთან საუბრისას და/ან სოციალური ქსელის გამოყენებით არაეთიკური, ღირსების შემლახავი ფორმით თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ასაჯაროებენ სასამართლო პროცესის მონაწილეთა პერსონალურ ინფორმაციას — მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ცნობებს.
კიდევ ერთი პრობლემაა სამუშაო ადგილზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხი, ვინაიდან დამსაქმებლები ხშირად ათავისუფლებენ სამსახურიდან ლგბტქი+ პირებს, როდესაც მათი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის შესახებ იღებენ ინფორმაციას.
კვლევის დასკვნის თანახმად, ლგბტქი+ პირები თავიანთი პერსონალური მონაცემების დაცვისა თუ კონფიდენციალურობის და მონაცემთა დაცვის მექანიზმების შესახებ შეზღუდულ ინფორმაციას ფლობენ და, დასჯის შიშით, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო და საგამოძიებო ორგანოებს არ მიმართავენ.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი
საგანმანათლებლო დებატები კლიმატის ცვლილებაზე
25 ნოემბერს, 12:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი) დაიწყო დებატების ეროვნული ტურნირი საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდისა და UNDP-ის მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხს შეეხება.
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში არსებული დებატების კლუბების წევრებმა მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად გაიარეს სხვადასხვა თემები, რომლებიც მსოფლიოში გლობალურად შექმნილ პრობლემას - კლიმატის ცვლილებას ეხება და სიღრმისეულად შეისწავლეს საკითხი დარგის ექსპერტებთან უშუალო კომუნიკაციის შედეგად.
პროექტი მოიცავს გადამზადების ინტენსიურ კურსს, დებატების ტურნირს, რეგიონალურ და ნაციონალურ კონკურსებს, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც დებატების 60 კლუბის 500-ზე მეტი მოსწავლე, ასევე დებატკლუბების ხელმძღვანელები.
ქვეყნის მასშტაბით, დებატკლუბები უკვე ფუნქციონირებს აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში.
პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
საქართველოს დებატების და განათლების ინსტიტუტი (GIDE), საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ორგანიზაციის (IDEA) ოფიციალური წევრია, რომელიც მრავალი წელია ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნავს და ხელს უწყობს მათი აზროვნების ფორმირებას.
განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (25 ნოემბერი)
წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალიზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს,გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის, ხორვატიისსაელჩოები საქართველოში.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას.
სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც.
ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია.
როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები. შედეგად, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ამას გარდა, ძალადობაგამოვლილი პირებისთვის სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა.
თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან.
ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება.
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ.
საქართველოში გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე აღინიშნა
24 ოქტომბერს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.
კონცერტის დაწყებამდე სტუმრებს მიმართეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა და გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლიმ. გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გაერო-ს შორის თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება ყველა სფეროში. "ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და წინსვლაში", დასძინა საბინე მახლიმ.
რუსთაველის თეატრის სცენაზე წარსდგნენ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი. აგრეთვე, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდა 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა. ასევე შესრულდა ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები.
გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა სახელწოდებით "გაერო სურათებში: პარტნიორობის 30 წელი". აგრეთვე ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი, დოკუმენტური ფილმი საქართველოს და გაეროს 30 წლიანი პარტნიორობის შესახებ.
საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეების და მასმედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონცერტის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც სტუმრებისთვის სპეციალურად მომზადებული უგემრიელესი ტორტი გაიჭრა.
შეგახსენებთ, რომ 77 წლის წინ, 1945 წლის 24 ოქტომბერს, ძალაში შევიდა გაეროს ქარტია და ოფიციალურად შეიქმნა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოში როგორც გაერთიანებული ერების დღე.
მიმდინარე წელს, გაეროს დღე ასევე არის საქართველოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში გაწევრიანების 30 წლისთავის აღნიშვნის დღე. 1992 წლის 31 ივლისს საქართველო გაეროს ერთიანი ოჯახის წევრი გახდა.
ავთანდილ ოთინაშვილი
გაერო-საქართველოს პარტნიორობის 30 წლისთავი და გაეროს დღე საზეიმო კონცერტით აღინიშნება
24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართება გაეროს დღისა და საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი.
რუსთაველის თეატრის სცენაზე წარსდგებიან საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ახალი თაობის გამორჩეული მუსიკოსი ცოტნე ზედგინიძე და საერთაშორისო აღიარების ქართველი ალტისტი გიორგი ცაგარელი. აგრეთვე, თბილისის ქალთა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გუნდი, სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით.
შესრულდება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოებები. საიუბილეო საღამოს ფარგლებში თბილისში პირველად აჟღერდება 12 წლის ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის ნაწარმოები ,,ფანტაზია ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის", რომლის მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ გერმანიაში გაიმართა.
საზეიმო კონცერტს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით, ქართული სოფლები Google Maps-ზე გამოჩნდა
საქართველოს აგრორუკაზე, რომელიც ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) და საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ერთობლივად შექმნეს, უკვე 50-ზე მეტი სოფელია დატანილი.
Google Maps-ის საფუძველზე შექმნილი ეს რუკა ინტერაქტიური საინფორმაციო სისტემაა. ის შეიცავს ვრცელ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის საწარმოების, აგრომომსახურების მიმწოდებლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტების, პროფესიული ასოციაციების და სამეურნეო თუ კვების სექტორის სხვა დაწესებულებების შესახებ. კერძო კომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, რუკაზე ასევე იძებნება სამთავრობო პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მეწარმეობის განვითარებას უწყობს ხელს.
რუკის მომხმარებელს ინფორმაციის მოძიება ორგანიზაციის ადგილმდებარეობის ან საქმიანობის სფეროს მიხედვით შეუძლია. მას ასევე აქვს შესაძლებლობა, უშუალოდ დაუკავშირდეს კომპანიებს და დაუსვას ბიზნესთან დაკავშირებული კითხვები. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია შეაფასოს მიღებული ინფორმაციის ხარისხი და ბიზნესთან კითხვა-პასუხის ეფექტიანობა.
აგრორუკა 2020 წელს საპილოტე ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდა და ის თავიდან მხოლოდ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტზე ვრცელდებოდა. დღეისათვის რუკაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტი ადგილმდებარეობაა დატანილი. ის სოფლის მეურნეობის 24 სექტორში მომუშავე 500 კომპანიის და ორგანიზაციის შესახებ იძლევა ინფორმაციას.
„ციფრულ ტექნოლოგიებს შეუძლიათ სოფლის ცხოვრების გარდაქმნა, ფერმერული საქმიანობის მიმზიდველობის გაზრდა ახალგაზრდა თაობისთვის და ფერმერთა შრომის ეფექტიანობისა და მდგრადობის გაუმჯობესება“, — აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა.
საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ENPARD პროგრამას ეფუძნება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 234.5 მილიონ ევროს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაცია
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე: იპოვო შენი ადგილი თანამედროვე საზოგადოებაში
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, საქართველოს სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფცია დაინერგება
თბილისი. 12 აგვისტო 2022 – განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში თანამედროვე მეთოდები ინერგება, რომელთა მიზანია და ახალგაზრდების მოტივაციის გაზრდა განათლებისა და პროფესიული წარმატების მიმართ. რეფორმის შედეგად, უნდა გაუმჯობესდეს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხი, გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა და მონაწილეობა და შემცირდეს საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ამ მხრივ არსებულ განსხვავება.
დღეს საქართველოში ახალგაზრდების 34 პროცენტი არაა ჩართული არც განათლებაში, არც პროფესიულ ტრენინგსა თუ დასაქმებაში, მაშინ როდესაც ევროკავშირში, ეს მაჩვენებელი საშუალოდ 13 პროცენტს შეადგენს. საქართველოს ზოგ რეგიონში, ახალგაზრდების უმუშევრობა 40 პროცენტს აღწევს (ევროკავშირში, საშუალოდ 13.3 პროცენტი). საქართველოში, საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა მხოლოდ 5 პროცენტი აგრძელებს სწავლას პროფესიულ სასწავლებლებში (ევროკავშირში, საშუალოდ 48 პროცენტი).
ასეთი თვალსაჩინო განსხვავების მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს განათლების სისტემა ხშირ შემთხევაში სრულად ვერ პასუხობს ახალგაზრდების საჭიროებებსა და მისწრაფებებს, ხოლო სწავლების მეთოდები მოძველებულია და არაფორმალური განათლების ელემენტებს ნაკლებად შეიცავს.
არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ხელს უწყობენ სკოლებსა და კოლეჯებში ახალგაზრდული მუშაკების კონცეფციის დანერგვას. ინიციატივაში ასევე ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მზიანი სახლი“, რომელიც ახალგაზრდული მუშაკების ტრენინგსა და გადამზადებას უზრუნველყოფს.
2022 წელს, 18-მა ახალგაზრდულმა მუშაკმა პროფესიული გადამზადება გაიარა, ხოლო ცხრა სკოლასა და კოლეჯში ახალგაზრდული კლუბები გაიხსნა.
ივლისსა და აგვისტოში, 100-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო არაფორმალურ და ინტერაქტიულ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც ახალგაზრდული მუშაკების ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და UNDP-ის ხელშეწყობით გაიმართა.
ივლისში, კაჭრეთის სათემო კოლეჯ „აისის“ ტერიტორია ჯადოსნურ სამყაროდ იქცა, სადაც სათავგადასავლო თამაშის მონაწილეებს დაკარგული განძის ძიება, ფიზიკური წინაღობების გადალახვა და ინტელექტუალური თავსატეხების ამოხსნა მოუწიათ.
აგვისტოში, ქობულეთში გაიმართება ახალგაზრდების შეხვედრა ცნობილ მწერლებსა და პოეტებთან. კოლეჯის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მათი თაობის გამოწვევებზე ისაუბრებენ, ხოლო დამწყები პოეტები შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. შეხვედრის ორგანიზატორი და მასპინძელია კოლეჯი „ახალი ტალღა“.
“ევროკავშირი ხელს უწყობს ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას შორის კავშირის განმტკიცებას. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებს ხელი მიუწვდებოდეთ მაღალი ხარისხის განათლებასა და ტრენინგზე და ადვილად შეძლონ სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლა“, - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ოფიცერმა.
„მეტი ახალგაზრდის დასაქმება - ღირსეული ხელფასითა და კარიერული პერსპექტივებით - საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი და UNDP, ჩვენს ეროვნულ პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერენ ახალი და უფრო ეფექტიანი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას. ახალგაზრდების დასაქმება ქმნის უკეთესი მომავლის პერსპექტივას და ხელს უწყობს უფრო დიდი და დინამიური ეკონომიკის განვითარებას, რაც სიკეთეს მოუტანს თითოეულ ადამიანს“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
„ჩვენი საქმიანობის ამოსავალი წერტილია მოსწავლეებში იმ უნარ-ჩვევების განვითარება და გაძლიერება, რომლებიც მათ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარება. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდებმა კოლეჯში მიღებული ფორმალური განათლება არაფორმალური განათლების კომპონენტებით გაამდიდრონ“, - თქვა ახალგაზრდულმა მუშაკმა თამუნა ხალიჩაშვილმა.
სექტემბერში, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, განახლდება ახალგაზრდული კლუბების მუშაობაც, ხოლო ახალგაზრდული მუშაკები ხელს შეუწყობენ ახალგაზრდების პირად განვითარებას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და აქტიური მოქალაქეობის ჩამოყალიბებას.
ევროკავშირისა და UNDP-ის დახმარება ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 1,000,000 აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც პროფესიულ განათლებაში ახალი შესაძლებლობებისა და სერვისების შექმნას და პროფესიული განათლებისა და შრომის ბაზრის მდგრად და თანასწორ განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სასწავლო დაწესებულებებთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში.
პრაიდის კვირეული 2022: წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების უფლებათა დაცვის სფეროში
ევროკავშირი და მისი პარტნიორები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ თბილისში 2 ივლისს 2022 წლის პრაიდის კვირეული წარმატებით დასრულდა.
ამასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, იაპონიის, ისრაელის, საფრანგეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოებმა საქართველოში.
განცხადებაზე ხელმომწერებმა კვირეულის წარმატებით ჩატარება მის ორგანიზატორებს — თბილისი პრაიდსა და სხვა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიულოცეს. მათ ასევე სოლიდარობა გამოუცხადეს ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს და მხარი დაუჭირეს მათ სამოქალაქო უფლებას, შიშისა და შეზღუდვების გარეშე ისარგებლონ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებით.
„კარგად გვესმის, რომ პრაიდ კვირეულის აღნიშვნა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებსა და ბევრ სხვა სტრესულ ვითარებას გულისხმობს”, — ვკითხულობთ განცხადებაში, — „უამრავი ლგბტქი+ ადამიანი მსგავს გამოწვევებს ყოველდღიურად უმკლავდება. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ წლევანდელი პრაიდ კვირეული წინ გადადგმული ნაბიჯია ლგბტქი+ თემის უფლებების დაცვის, მათ შორის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის მხრივ“.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა საქართველოს ხელისუფლებას შეახსენეს, რომ აუცილებელია შესაბამისი ზომების მიღება 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით. ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ძალადობის წამქეზებელი და ჩამდენი ყველა პირის დანაშაულის გამოძიებას, რათა მათ კანონის წინაშე აგონ პასუხი.
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი