თბილისში უკრაინული სახლი გაიხსნა!

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 სექტემბერი 2023 17:40

გაეროს განვითარების პროგრამა და გერმანიის მთავრობა ხელს უწყობენ უკრაინის მოქალაქეთა სოციალურ ინტეგრაციას

თბილისი. 13 სექტემბერი 2023 — თბილისის ცენტრში უკრაინული სახლი გაიხსნა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ხელშეწყობის საქმეში. უკრაინული სახლის ორგანიზატორია სათემო ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული პლატფორმა“, რომელსაც მხარს უჭერს გერმანიის მთავრობა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით.

უკრაინული სახლი ერთიანობისა და თანამშრომლობის სიმბოლოა იმ დამანგრეველი ომის დროს, რომელიც განუზომელ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს და უმძიმესი შედეგები მოაქვს მთელი მსოფლიოსთვის. მისი მრავალფუნქციური საოფისე და სათემო სივრცე ხელს უწყობს უკრაინის მოქალაქეთა ინტეგრაციასა და რეაბილიტაციას და ხელმისაწვდომია ყველა ორგანიზაციისა და ჯგუფისთვის, რომელიც საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს ემსახურება.

უკრაინულ სახლში თავს მოიყრის ინფორმაცია უკრაინელებისთვის განკუთვნილი სოციალურ-ეკონომიკური სერვისების შესახებ. აქ გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები მოზრდილებისა და ბავშვებისთვის. გარდა მისა, ამოქმედდება კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ქართულ-უკრაინული კავშირების გამყარებას.

უკრაინული სახლის გახსნა 13 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ გერმანიის ელჩის მოადგილე საქართველოში ტანია ჰუტი, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში ანნა ჩერნიშოვა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელი ვალენტინა მარჯანიშვილი, და საქართველოში უკრაინის სათვისტომოს წარმომადგენლები.

„გერმანია სიამაყით უჭერს მხარს საქართველოში უკრაინული სახლის შექმნას. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ენერგიით სავსე სივრცე დაეხმარება უკრაინულ სათვისტომოს და აქტიურად შეუწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას“, - განაცხადა გერმანიის ელჩის მოადგილემ ტანია ჰუტმა.

„რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ლტოლვილთა ყველაზე დიდი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. უკრაინის მოსახლეობის თითქმის მესამედი, მათ შორის უკრაინელი ბავშვების ნახევარზე მეტი, იძულებული გახდა საკუთარი სახლები მიეტოვებინა და თავშესაფარი ეძებნა. დაახლოებით 25,000-მა უკრაინელმა ეს თავშესაფარი, უსაფრთხოება და იმედი სწორედ საქართველოში იპოვა. გაეროს განვითარების პროგრამა, გერმანიის გულუხვი მხარდაჭერით, მზადაა დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს. ჩვენი მხარდაჭერა მოიცავს სათემო სივრცის შექმნას უკრაინული არასამთავრობო და მოხალისეობრივი ორგანიზაციებისთვის, საგრანტო დახმარებას მეწარმეებისთვის და უკრაინელთა ხელშეწყობას დასაქმების, რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის საკითხებში“, - აღნიშნა ანნა ჩერნიშოვამ, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

"უკრაინული სახლის შექმნა ასახავს საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მჭიდრო კავშირს. ეს სივრცე პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს საქართველოში მცხოვრებ უკრაინელებს. გარდა ამისა, მას კულტურული და საგანმანათლებლო დატვირთვაც ექნება", - თქვა ვალენტინა მარჯანიშვილმა, ქართულ-უკრაინული პლატფორმის ხელმძღვანელმა.

უკრაინული სახლის შექმნა საქართველოში მცხოვრებ ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა უფრო ფართო დახმარების ნაწილია, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერითა და გერმანიის  დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნული დახმარება ასევე მოიცავს საგრანტო პროგრამებს, ტრენინგსა და კონსულტაციას მეწარმეებისთვის, რაც „CARE კავკასია“-სთან თანამშრომლობით განხორციელდება. ლტოლვილთა და უკრაინის მოქალაქეთა ეკონომიკური რეაბილიტაციის, დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „CARE კავკასია“ ჩაატარებს ბიზნეს ტრენინგს, მოაწყობს კარიერულ კონსულტაციებს და ხელს შეუწყობს უკრაინელთა პროფილირებას საქართველოს კერძო სექტორში დასაქმებისთვის.

სუდანში ევროკავშირის ელჩზე თავდასხმა მოხდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 18 აპრილი 2023 12:52

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში ევროკავშირის ელჩს, ეიდან ოჰარას საკუთარ სახლში თავს დაესხნენ.

"ტრტ-ქართულის" ცნობით, შეტაკებები არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის სუდანში 15 აპრილიდან გრძელდება.

ბორელმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „რამდენიმე საათის წინ, ევროკავშირის ელჩს სუდანში თავს დაესხნენ მის რეზიდენციაში. ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატიური ობიექტების და პერსონალის უსაფრთხოება სუდანის ხელისუფლების უპირველესი პასუხისმგებლობა და საერთაშორისო სამართლით დაკისრებულია ვალდებულებაა“.

ოჰარას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერ განცხადება არ გაკეთებულა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა სუდანში ფოლკერ პერტესმა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტების შედეგად 180-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

პერტესმა მიმდინარე კონფლიქტზე თქვა: „ეს არის ძალიან არასტაბილური სიტუაცია, ამიტომ ძალიან რთულია იმის თქმა, თუ სად გადაიხრება ბალანსი“.

პრეზიდენტი - რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 07 მარტი 2023 13:41

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით,  დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს.

საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას. 

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა. 

ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული.

საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაერო-ს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნრლოვანესი ელემენტია.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გაეროს საქართველოს წარმომადგენლობის განცხადება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 27 თებერვალი 2023 11:21

გაერთიანებული  ერების ორგანიზაცია საქართველოში ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გამო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში.

საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არსებით მხარდაჭერას უწევენ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად და დაუცველ ჯგუფებს და მათ უფლებებს იცავენ. სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის სტიგმატიზაციამ შესაძლოა, დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები სათანადო დახმარების გარეშე დატოვოს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, უმცირესობათა წარმომადგენლები, ხანდაზმულები, ქალები, ახალგაზრდები, ბავშვები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები და სხვა ადამიანები, რომელთაც ეფექტიანი მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.

კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ისეთი უფლებების პატივისცემასა და დაცვას, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლება, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოს ამჟამინდელი წევრობის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მოიძიოს სამართლებრივი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტზე კომპეტენტური რეგიონული და საერთაშორისო ორგანოებისგან, გაითვალისწინოს უკვე არსებული მოსაზრებები მსგავსი კანონმდებლობის შესახებ  და ჩაატაროს ფართო, ინკლუზიური და შინაარსიანი კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომელზეც ამ კანონპროექტის მიღება შესაძლოა აისახოს.

მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ქვეყნის სტრატეგია რომელსაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ერთად მოვაწერეთ ხელი. ოცდაათ წელზე მეტია, გაერო საქართველოს სანდო პარტნიორი და მოკავშირეა, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას ქვეყნის ეროვნული პრიორიტეტების შესაბამისად  და დახმარებას უწევს ქართველ ხალხს ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებთან, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ერთად.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან აიცილოს ისეთი ზომები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის ქართულ დემოკრატიას და შეაფერხებს ან შეანელებს საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში

ევროკავშირის და UNDP-ის კვლევა: საქართველოში ლგბტქი+ პირების პერსონალურ მონაცემებს ხშირად ემუქრება გასაჯაროება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 06 თებერვალი 2023 13:59

საქართველოში ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების პერსონალურ მონაცემებს უკანონოდ ხშირად ასაჯაროებენ ჟურნალისტები და შედარებით იშვიათად — ჯანდაცვის მუშაკები, სამართალდამცავი უწყებები და ადვოკატები. ეს არის იმ კვლევის დასკვნა, რომელიც ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „კანონის უზენაესობის ცენტრმა“ ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩაატარა.
კვლევა, „ლგბტ+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობა საქართველოში“, ლგბტქი+ პირების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შემთხვევებს შეისწავლის. ამასთან, ის საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო თუ კერძო სექტორებისთვის გასცემს რეკომენდაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ასამაღლებლად და ხარვეზების გამოსასწორებლად. 
მაგალითად, კვლევამ დაადგინა, რომ მედია და ჟურნალისტები ხშირად ასაჯაროებენ ლგბტქი+ თემის წევრების სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას — მათ შორის ამ ადამიანების თანხმობის გარეშე და არასათანადო ფორმით. 
ჯანდაცვის სექტორში ლგბტქი+ თემის წევრთა პერსონალური მონაცემები რიგ შემთხვევებში არაკანონიერად მუშავდება — მათ შორის არაოფიციალური (პირადი) მიზნებით. ანგარიშისვე თანახმად, მონაცემები თემის წევრებისგან ღირსების შემლახავი ფორმით იკრიბება.
მსგავსი პრობლემები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ ამუშავებენ ლგბტქი+ თემის წევრების მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. არის შემთხვევები, როცა ლგბტქი+ პირებისგან გამოკითხვისას მიღებული და/ან სისხლის სამართლის საქმეში არსებული ინფორმაცია არაუფლებამოსილ მესამე პირებს გადაეცემათ. 
ასევე ხშირია შემთხვევები, როცა ადვოკატები მედიასთან საუბრისას და/ან სოციალური ქსელის გამოყენებით არაეთიკური, ღირსების შემლახავი ფორმით თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ასაჯაროებენ სასამართლო პროცესის მონაწილეთა პერსონალურ ინფორმაციას — მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ცნობებს. 
კიდევ ერთი პრობლემაა სამუშაო ადგილზე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხი, ვინაიდან დამსაქმებლები ხშირად ათავისუფლებენ სამსახურიდან ლგბტქი+ პირებს, როდესაც მათი გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის შესახებ იღებენ ინფორმაციას. 
კვლევის დასკვნის თანახმად, ლგბტქი+ პირები თავიანთი პერსონალური მონაცემების დაცვისა თუ კონფიდენციალურობის და  მონაცემთა დაცვის მექანიზმების შესახებ შეზღუდულ ინფორმაციას ფლობენ და, დასჯის შიშით, პერსონალურ მონაცემთა საზედამხედველო და საგამოძიებო ორგანოებს არ მიმართავენ.
 
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი

ჩინური ჩაის წარმოებისა და მომზადების ტრადიციული ტექნიკა შეტანილია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ოთხშაბათი, 30 ნოემბერი 2022 12:23

რაბათი, 29 ნოემბერი (სინხუა) - ჩინური ჩაის წარმოებისა და მომზადების ტრადიციული ტექნიკა შეტანილია გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკოს) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

სპეციალური პუნქტი „ჩაის ტრადიციული გადამუშავება და მასთან დაკავშირებული სოციალური პრაქტიკა ჩინეთში“ განიხილეს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამთავრობათაშორისო კომიტეტის მე-17 სესიაზე, რომელიც გაიმართა მაროკოს დედაქალაქ რაბათში 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით.

ეს ნიშნავს ჩაის პლანტაციების მართვაში ჩართული ცოდნის, უნარებისა და პრაქტიკის აღიარებას, ჩაის ფოთლების შეგროვებას, ხელით დამუშავებას და ჩაის დალევასა და გაზიარებას, ნათქვამია იუნესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. უძველესი დროიდან ჩინელები თესავდნენ, კრეფდნენ, ამზადებდნენ და სვამდნენ ჩაის. ჩაის მწარმოებლებმა შეიმუშავეს ამ პროდუქტის ექვსი კატეგორია: მწვანე, ყვითელი, წითელი, თეთრი, ულონგი და შავი.

ჩინეთში 2000-ზე მეტი ჩაის პროდუქტია. ჩაი ყველგან არის გავრცელებული მათ შორის ჩინელი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ჩაის მიირთმევენ ოჯახებში, სამუშაო ადგილებზე, ჩაის სახლებში, კვების ობიექტებსა და ტაძრებში.

ჩაი ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური ურთიერთობისა და ცერემონიების დროს, როგორიცაა ქორწილები და რელიგიური რიტუალები, დასძენს იუნესკო.

ამჟამად ჩინეთს აქვს 43-ე პოზიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ქვეყანა აგრძელებს მსოფლიო ლიდერის პოზიციაზე ყოფნას.

საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფის ერთობლივი განცხადება თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვის რეგულაციის ძალაში შესვლის თაობაზე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2022 10:21

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ძალაში უნდა შევიდეს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის რეგულაცია. ეს კანონმდებლობა ძალაში 2018 წელს უნდა შესულიყო, თუმცა მიმდინარე წლის ბოლომდე გადაიდო. ამჟამად საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივა მისი კვლავ გადავადების შესახებ. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, ეს რეგულაცია ძალაში მოქმედი კანონით განსაზღვრულ ვადაში შევა.

საქართველოში თამბაქოს აქტიური და პასიური მოხმარების, მისგან გამოწვეული ძალზე დიდი ჯანდაცვითი, სოციალური და ეკონომიკური ზიანის შემცირების მიზნით 2017 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო თამბაქოს კონტროლის ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც მოგვიანებით ამ დარგის საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების მიერ აღიარებულ იქნა როგორც თვალსაჩინო რეგულაცია, რომელიც სამაგალითო გახდა მრავალი ქვეყნისთვის. ამ კანონის, ასევე თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის სხვა კომპონენტების წარმატებული დანერგვიდან უკვე 2 წლის შემდგომ, ქვეყანაში ჩატარებული კვლევებით, დაფიქსირდა თამბაქოს მოხმარების და  თამბაქოს მეორადი კვამლით დაბინძურების მნიშვნელოვანი კლება, შემცირების ტენდენციები გაჩნდა მასთან დაკავშირებული დაავადებების მიმართულებითაც.

აუცილებელია ჯანმოს თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის შესაბამისი ყოვლისმომცველი პოლიტიკის სრულფასოვნად და მდგრადად განხორციელება მიღწეული პროგრესის შესანარჩუნებლად და გასაღრმავებლად. თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვის კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი რეგულაციაა, რომელიც მიმზიდველობას უკარგავს თამბაქოს პროდუქტებს და ამცირებს თამბაქოს მავნეობის შესახებ მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობას.

მივესალმებით საქართველოს სხვადასხვა მოწვევის პარლამენტის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების მიმღებ პირთა მიერ არაერთხელ დაფიქსირებულ მტკიცე პოზიციას  თამბაქოს კონტროლის რეგულაციების შეუფერხებელი ამოქმედების კუთხით. იმედს ვიტოვებთ, რომ ამჯერადაც საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს სადა შეფუთვის რეგულაციის გადავადებას, და  უზრუნველყოფს მის ამოქმედებას 2023 წლის დასაწყისიდან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დღევანდელი და მომავალი თაობების ჯანმრთელობის დაცვას.

განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (25 ნოემბერი)

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 25 ნოემბერი 2022 16:07

წინამდებარე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში, ევროკავშირის წარმომადგენლობა  საქართველოში, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალიზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს,გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, შვედეთის, შვეიცარიის,  ჩეხეთის, ხორვატიისსაელჩოები საქართველოში.

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გვსურს, შევუერთდეთ ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, რათა გამბედავად აღვუდგეთ წინ ამ გლობალურ, უმძიმეს პრობლემას.

სტიგმისა და დაუსჯელობის გამო, ქალთა მიმართ ძალადობამ პანდემიის მასშტაბებს მიაღწია. მთელ მსოფლიოში, მათ შორის  საქართველოშიც, ქალების და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და დაფარულ დარღვევად რჩება, რაც ერთდროულად  გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის მიზეზიცაა და - შედეგიც.

ისეთი სამყაროს მშენებლობა, რომელშიც ქალთა მიმართ ძალადობა არა მარტო სათანადოდ დაგმობილი, არამედ აღმოფხვრილიც იქნება, სრულიად რეალურია. ამ პრობლემის  პრევენცია არა მარტო შესაძლებელი, არამედ აუცილებელია.

როგორც ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის 2022 წლის 22 ნოემბრის ანგარიშში აღინიშნა, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ ყოვლისმომცველი პოლიტიკა და საკანონმდებლო ბაზა შეიმუშავა, შეაგროვა მონაცემები და კანონის ეფექტიანად აღსრულების მიზნით, გააძლიერა ინსტიტუციები.  შედეგად,   ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ჩრდილოვანი პანდემიის დაძლევის გზაზე ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.  ამას გარდა, ძალადობაგამოვლილი პირებისთვის  სპეციალიზებული მომსახურებები შეიქმნა: ამოქმედდა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი; საგულისხმოა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა, საქმეებზე უფრო მგრძნობიარედ და მაღალკვალიფიციურად მუშაობის მიზნით, სპეციალიზაცია გაიარეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების აღქმები დადებითად შეიცვალა და მართლმსაჯულების სისტემისა თუ არსებული მომსახურებების მიმართ ძალადობაგამოვლილი პირების ნდობაც ამაღლდა.

თუმცა, საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების მიუხედავად, ქალებს ძალადობა კვლავ საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ხშირად ფემიციდი მათ მიერ განცდილი ძალადობის სხვა ფორმების გაგრძელებას წარმოადგენს. ისევ მწვავე პრობლემაა საქართველოში სექსუალური ძალადობაც, თუმცა, შეტყობინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და, შესაბამისად, სასამართლომდე საქმეების მხოლოდ მცირე რაოდენობა თუ აღწევს. ქართულ საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული პატრიარქალური ნორმების და ღრმად ფესვგადგმული სტერეოტიპების შედეგად, ხშირად თავად მსხვერპლს ადანაშაულებენ ხოლმე და, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შემთხვევებს შემწყნარებლობით ხვდებიან.

ჩვენი მოწოდებაა, ეროვნულ დონეზე გაძლიერდეს ყოვლისმომცველი მიდგომა საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის თავიდან ასაცილებლად. არსებული ძალისხმევა კონკრეტულ ქმედებებად უნდა იქცეს. ამ მიზნით კი  აუცილებელია: საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, მათ შორის  გაუპატიურების განმარტების ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, „სტამბოლის კონვენციასა“ და სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; ასევე, სათანადო გულისხმიერების გამოჩენა ძალადობის შემთხვევების პრევენციის (მათ შორის, საკითხის ზოგადი განათლების პროგრამებში ინტეგრირების გზით) გამოძიების, დასჯისა და შესაბამისი კომპენსაციის უზრუნველყოფის მიზნით. უმნიშვნელოვანესია ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური გაძლიერებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და გამყარება.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას გადამწყვეტი როლი ეკისრება, ამიტომ ჩვენ კვლავ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რათა დაცული და უზრუნველყოფილი იყოს ქალების და გოგოების ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების ხელშეუვალი უფლება თითოეული ადამიანის საკეთილდღეოდ.

ჩინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საერთაშორისო სისტემას, გაერო-ს მეთაურობით: ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი

გამოქვეყნებულია ჩინეთი
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2022 14:00

ბალი, ინდონეზია, 16 ნოემბერი (Xinhua) -- ჩინეთი საერთაშორისო სისტემის მტკიცე მხარდამჭერია, რომელსაც სათავეში გაერო უდგას, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან შეხვედრაზე.

მოლაპარაკებების დროს სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ მსოფლიო მშვიდობის მისაღწევად აუცილებელია გაერო-ს წესდების ძირითადი მიზნებისა და პრინციპების პატივისცემა და სერიოზული ყურადღების მიქცევა ყველა ქვეყნის უსაფრთხოების ლეგიტიმურ საზრუნავზე. "ჩინეთი მზადაა გააძლიეროს თანამშრომლობა გაერო-სთან და ერთობლივად შეუწყოს ხელი გლობალური განვითარების ინიციატივას და გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას ხელშესახები შედეგების მისაღწევად", განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

ა. გუტიერეშმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მიულოცა სი ძინფინგს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად ხელახლა არჩევა და განაცხადა, რომ გაერო აფასებს პეკინის ერთგულებას მულტილატერალიზმისადმი და მტკიცედ უჭერს მხარს "ერთი" ჩინეთის პრინციპს, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი წითელი ხაზი ჩინეთთან ურთიერთობაში, და რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

გაერომ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობა და ანაზღაურება დაუწესა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 17 ნოემბერი 2022 11:05

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს, მათ შორის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

193-წევრიან ორგანიზაციაში, კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, მათ შორის გახლდათ რუსეთი, ჩინეთი, ირანი და სირია. 73-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული „უკანონო ქმედებების“ შედეგად წარმოქმნილი ზარალისა და დანაკარგის რეპარაციისთვის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები არ არის იურიდიულად სავალდებულო, მათ აქვთ პოლიტიკური წონა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური