აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას ყარაბაღში დაწყებული ოპერაციის შესახებ ესაუბრა
აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრ იაშარ გიულერთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრმა ჰასანოვმა გიულერს მიაწოდა ინფორმაცია ყარაბაღში აზერბაიჯანის არმიის მიერ დაწყებული ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებების შესახებ.
გიულერმა განაცხადა, რომ თურქეთი დღეს, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს ადგილობრივი ანტიტერორისტული ღონისძიებები ყარაბაღში კონსტიტუციური წყობის აღდგენის, სომხური შეიარაღებული ძალების დანაყოფების განიარაღებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან გაყვანის მიზნით.
საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
საქართველო არ ცნობს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არ ცნობს აზერბაიჯანის ყარაბაღის რეგიონში სომხური ძალების კონტროლის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.
სამინისტროს წერილობით განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს მხარდაჭერას აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არ აღიარებს 2023 წლის 9 სექტემბერს ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“. - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვიზიტი საქართველოში
საქართველოში ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვიცე-პოლკოვნიკ ელგუნ ალიევსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა კახა პეტრიაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს, ყურადღება კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილეს და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს. ქართულმა მხარემ აზერბაიჯანელ სტუმრებს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ამოცანისა და საქმიანობის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი წარუდგინა.
ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონს ეწვივნენ, სადაც ბაზაზე წარმოდგენილი ტექნიკა, შეიარაღება და სატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერეს და მათ შესაძლებლობებს გაეცნენ. სტუმრებმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის ფუნქცია-მოვალეობებზე, მიზნებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგი შეხვედრა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ში შეხვდნენ ერთმანეთს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
აზერბაიჯანი და სომხეთი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას მართავენ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ინიციატივით შეხვდნენ ერთმანეთს.
სამმხრივ შეხვედრაზე ითქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება.
მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე დღე გაგრძელდება.
თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთისა და საქართველოს ჟურნალისტების პირველი შეხვედრა ჩატარდა
29 აპრილს თბილისში, სასტუმრო „ჰილტონში“ აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრა გაიმართა. ერთობლივი სემინარი თემაზე - „მშვიდობა და მედიის როლი სამხრეთ კავკასიაში“ მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარდა. გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC) ეგიდით გამართულ სემინარზე განიხილეს სხვადასხვა საკითხები და მათ შორის „მასმედიის როლი რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში“.
გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს საქართველოს წარმომადგენელმა, სააგენტო „ნიუს დეი საქართველოს“ მთავარმა რედაქტორმა ავთანდილ ოთანაშვილმა მიულოცა დამსწრე ჟურნალისტებს შეკრება და ყურადღება გაამახვილა სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე. ასევე მან ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების საქმეში მასმედიის როლის მნიშვნელობას.
შემდეგ სიტყვით გამოვიდა გლობალური ჟურნალისტურისაბჭოს პრეზიდენტი მეჰმეთ ალი დიმი, რომელმაც მსოფლიოში ომებით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრა. მისივე თქმით, მასმედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ყველა ომის, კონფლიქტის და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში. „ამ ღონისძიების გამართვის მიზანია მასობრივი ინფორმაციის საშუალებების როლის გაზრდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, თითქმის 40 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარებაში“, აღნიშნა მან.
აზერბაიჯანის თანამედროვე მედია ჯგუფის ხელმძღვანელმა ელშად ეივაზლიმ ისაუბრა ჟურნალისტების როლის მნიშვნელობაზე კონფლიქტების მოგვარების საქმეში. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მსოფლიო ომების დროს ბევრი ჟურნალისტიც დაიღუპა. მისი წინადადებით, კონფლიქტურ რეგიონებში დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნას, სემინარის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
სომხეთის სააგენტო „არმინფოს“ დირექტორმა ემანუელ მკრტჩიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთანხმება შეკრებილი ჟურნალისტების მოსაზრებებს და ძალიან აფასებს ჟურნალისტთა ასეთი შეხვედრების გამართვას.
ღონისძიების მნიშვნელობაზე ასევე ისაუბრეს გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტის“ თანამშრომელმა მირანდა ოგანეზოვამ, პორტალ apsny.ge-ს დირექტორმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა გოჩა გვარამიამ,
თურქეთის „ჰაბერ გლობალის“ წამყვანმა რედაქტორმა ბენან კეფსუტლუმ, აზერბაიჯანის პრესის საბჭოს წევრმა იეგანე ჰაჯიევამ. მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღო AZERTAC-ის საქართველო ბიუროს ხელმძღვანელმა ხატაი აზიზოვმა და პორტალ 24news.ge-ს რედაქტორმა აზერ მამედოვმა.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების გამართვა ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი სამუშაოების განხორციელებას და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას. ასევე ითქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი მსგავსი სახის ჟურნალისტთა ოთხმხრივი შეხვედრები სამომავლოდ სტამბულში, ბაქოსა და ერევანშიც გაიმართება.
აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოსა და სომხეთის ჟურნალისტების პირველი შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას.
საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებები თანამშრომლობას გააძლიერებენ. საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის აზერბაიჯანის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. ჯუანშერ ბურჭულაძეს აზერბაიჯანელმა კოლეგამ უმასპინძლა. თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს მადლობა გადაუხადა გულთბილი მასპინძლობისთვის და ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან ხალხთაშორისი მჭიდრო კავშირები და კეთილმეზობლური ურთიერთობა. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების დინამიკაზე, რაც ადასტურებს მზაობას, კიდევ უფრო გამყარდეს კავშირები ქვეყნების და რეგიონის საკეთილდღეოდ.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის საერთაშორისო სწავლებებსა და სამხედრო-საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა. საუბარი შეეხო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში თანამშრომლობის საკითხებს. აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის შეხვედრები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა, ერთობლივი სწავლებები და ექსპერტთა შეხვედრები კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობას.
შეხვედრის დასასრულს, ჯუანშერ ბურჭულაძემ აზერბაიჯანელი კოლეგა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია. ოფიციალურ შეხვედრამდე, თავდაცვის მინისტრმა „საპატიო ხეივანში“ გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი.
ილხამ ალიევი: აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს
აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა აჩვენონ, რომ ურთიერთსიძულვილისა და მტრობის ხანგრძლივი მდგომარეობა უნდა დასრულდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიუნხენში დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, პლენარულ სხდომის მთავარი თემა გახლდათ: „წინაარმდეგობის გადალახვა? უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
როგორც პრეზიდენტმა ი. ალიევმა აღნიშნა, ამჟამად ვმუშაობთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. „იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ სამუშაოს უმოკლეს ვადაში დასრულებას, განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა და დაამატა, რომ ეს შეიძლება გახდეს კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გაერთიანდნენ ქვეყნები, რომლებსაც სერიოზული ისტორიული განსხვავებები ჰქონდათ და მტრობის გვერდი აუარეს„, დასძინა ილხამ ალიევმა.
პრეზიდენტი ი. ალიევი: ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აზერბაიჯანს გარკვეული უპირატესობები შეუქმნა საკომუნიკაციო პროექტებთან მიმართებაში
ახალმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აზერბაიჯანს გარკვეული უპირატესობები შეუქმნა საკომუნიკაციო პროექტების კუთხით. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
АЗЕРТАДЖ-ის ცნობით, პლენარულ სხდომის მთავარი თემა გახლდათ: „წინაარმდეგობის გადალახვა? უსაფრთხოების მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში“.
როგორც პრეზიდენტმა ი. ალიევმა აღნიშნა, ამავდროულად, იყო გარკვეული უპირატესობები, განსაკუთრებით საკომუნიკაციო პროექტებთან დაკავშირებით. „აზერბაიჯანი მრავალი წელია ინვესტიციას ახორციელებს თანამედროვე ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის შექმნაში. ახლა კი ტვირთების გადაზიდვა ცენტრალური აზიიდან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში დამატებით შესაძლებლობებს ქმნის“, - დასძინა სახელმწიფოს მეთაურმა.
"რატომ გაილაშქრა "მთავარმა ლეიბორისტმა" ასე მოულოდნელად აზერბაიჯანის წინააღმდეგ" - აზერბაიჯანის საელჩო განცხადებას ავრცელებს
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს პრესსამსახური, "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის მიერ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ პოზიციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საზოგადოებრივ ცხოვრებაში არის ასეთი კანონზომიერება: პოლიტიკოსები გამოცდილებას წლების განმავლობაში იძენენ, პოლიტიკანები კი ჯამბაზებად გადაგვარდებიან. როგორც ჩანს, შალვა ნათელაშვილმა, რომელიც ინერციით რეესტრებში არის შეტანილი ხმამაღალი ტიტულით "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, საბოლოოდ გადაწყვიტა თავისი სტატუსი ჯამბაზად დაეფიქსირებინა.
მთელი მისი მოღვაწეობა მრავალი ათწლეულის მანძილზე უკვე შენარჩუნებული იყო მძვინვარე პოპულიზმის ჟანრში. თუმცა, ამან ოდნავადაც არ შეუწყო ხელი მის საარჩევნო შედეგებს, რამაც საბოლოოდ მიიყვანა პარტია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, სტატისტიკური შეცდომის ზღვარზე მყოფი ამომრჩევლების სიმპათიამდე.
რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ჯგუფის ქცევის არჩევანი მისი წევრების გემოვნების საკითხია. თუმცა, ასევე არსებობს უძველესი იმპერატივი, რომ ერთის თავისუფლება შეიძლება გავრცელდეს მეორის თავისუფლების საზღვრებამდე. საერთაშორისო ურთიერთობებში კი ეს ძირითადი პოსტულატია. სწორედ მას ეყრდნობა საერთაშორისო სამართლის ყველა ფუნდამენტური პრინციპი და სახელმწიფოთა თანაარსებობის ჩვეულებები და წესები. იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა და სსრკ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ასპირანტმა, თეორიულად, ბუნდოვნად მაინც უნდა გაიხსენოს ეს ძირითადი ჭეშმარიტებები. მაგრამ პირიქით აღმოჩნდა...
6 თებერვალს შ. ნათელაშვილმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეხსენებინა საკუთარი თავი საზოგადოებისთვის და ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე ძირითად საკითხებზე ხანგრძლივი დუმილის მიუხედავად, მისთვის ჩვეულ სტილში გაეკეთებინა სკანდალური განცხადება, მან მოულოდნელად აღმოაჩინა საქართველოს "მთავარი პრობლემა..." მრავალსაუკუნოვანი, უძველესი და თანამედროვე ისტორიის ათწლეულების სტრატეგიული პარტნიორი და კარგი მეზობელი - აზერბაიჯანი; რა თქმა უნდა, მარგინალურ პოლიტიკოსებს შეიძლება ჰქონდეთ ძალიან არასტანდარტული და ალოგიკური შეხედულებები, მაგრამ მათაც კი უნდა ჰქონდეთ საზღვარი.
არავის აქვს უფლება შეურაცხყოფა მიაყენოს ქვეყანას, მის სიმბოლოებს და სახელმწიფოს მეთაურს. ეს არის ტაბუ, არამარტო საერთაშორისო პოლიტიკის, არამედ უბრალოდ ადამიანური სინდისის თვალსაზრისით.
მით უმეტეს, ამგვარი დაბალი მორალური, პოლიტიკურად პროვოკაციული და დიპლომატიური თვალსაზრისით არაკომპეტენტური განცხადებები ჩრდილს აყენებს სახელმწიფო საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხს, რომელიც მიმდინარეობს ორივე მხარის შესაბამისი უწყებათაშორისი კომისიების ფარგლებში და რომელსაც პროფესიონალები განიხილავენ.
ამ კომისიების მუშაობა პროფესიულ სიჩუმეს მოითხოვს და ამ პროცესზე კომენტარის გაკეთების ნებისმიერი პოპულისტური მცდელობა, ქირურგიული ოპერაციის პროცესში, ხმაურიანი მოყვარულის ჩარევას ჰგავს, და ორივე შემთხვევაში შედეგი შესაბამისი უნდა იყოს - დილეტანტი სკანდალისტის გაძევება მოცემული სივრციდან.
ეს ყველაფერი ანბანური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ჩნდება კითხვა: რატომ გაილაშქრა "მთავარმა ლეიბორისტმა" ახლა ასე მოულოდნელად აზერბაიჯანის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობით იწყებს ძირითად და უმსხვილესი სტრატეგიული პროექტების რეალიზებას შუა დერეფნის ლოგიკის ფარგლებში? სად არის საქართველოს, აზერბაიჯანის და მთელი რეგიონის ობიექტური ინტერესები და სად არის იაფი ფარსი და ქაოსის შექმნის მცდელობები? ჭეშმარიტი პოლიტიკოსი და დიპლომატი უპირველეს ყოვლისა მუშაობს ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებაზე, პირველ რიგში, მთავარ მეზობლებთან და გარე პარტნიორებთან, ხოლო აურზაური და პოლიტიკანური კლოუნადა - ეს "ნათელაშვილი და პარტნიორების" ცირკის ხვედრია," - აღნიშნულია აზერბაიჯანის საელჩოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისათვის, "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა რამდენიმე დღის წინ, დავით გარეჯის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მიერ ხორციელდება არქეოლოგიური გათხრები და არტეფაქტები გაურკვეველი მიმართულებით გადააქვთ. ნათელაშვილი მოუწოდებს იუნესკოს, გამოყოს შესაბამისი კომისია და ძეგლის მდგომარეობა ადგილზე შეამოწმოს.
თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა
ირანის დედაქალაქ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაიღუპა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაქოს დროით დაახლოებით 08:30 საათზე თეირანში მდებარე საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
განცხადების მიხედვით, თავდამსხმელმა, რომელმაც კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, მოკლა საელჩოს დაცვის უფროსი და დაჭრა დაცვის 2 თანამშრომელი.
თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.