ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე "ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის 10 წლისთავი"
6 სექტემბერს, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, ჯეოქეისისა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე "ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ათი წლისთავი, ჩინური სტილის მოდერნიზაცია და ახალი შესაძლებლობები ჩინეთ-საქართველოს თანამშრომლობისთვის."
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი. ჩინელმა დიპლომატმა ისაუბრა თანამედროვე ჩინეთზე, ჩინური ინიციატივის "სარტყელი და გზის" მნიშვნელობაზე და ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობაზე.
ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის მიზანია ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა, ურთიერთგაგების გაძლიერება და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების ჩათვლით. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთგანვითარებას.
კონფერენციას დაახლოებით 120 ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, ჩინეთის საგარეო საქმეთა უნივერსიტეტისა და საერთაშორისო ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის აკადემიის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ხელისუფლების, პარლამენტის, სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, "ჯეოქეისის", მედიისა და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრები.
„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 8 ფილიალი სხვადასხვა ქალაქში, მრავალფეროვანი სერვისები და მომსახურების მაღალი ხარისხი
«ხალიკ ბანკი საქართველოს“ ორგანიზებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და მზარდ ეკონომიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას „ხალიკ ბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უმუტ შაიახმეტოვა და „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალური დირექტორი - ნიკოლოზ გეგუჩაძე უძღვებოდნენ, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
„ხალიკ ჯგუფი“ ყაზახეთის უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია, რომელიც 4 ქვეყანაში - საქართველოში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში ოპერირებს. ჯგუფი ყაზახეთში წამყვან სადაზღვევო, სალიზინგო, საფინანსო და სატელეკომუნიკაციო კომპანიებით, ხოლო სამ ქვეყანაში საბანკო ინსტიტუტციით არის წარმოდგენილი. „ხალიკ ბანკი საქართველო“ ჰოლდინგში შემავალი „ხალიკ ბანკ ყაზახეთის“ შვილობილი ბანკია და ქართულ საბანკო ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს. თავად „ხალიკ ბანკი ყაზახეთი“ რეგიონში უმსხვილესი - 30 მილიარდ დოლარზე მეტი აქტივების მფლობელი ბანკია, რომლის კაპიტალიც 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. 2022 წელს ბანკის მოგებამ მილიარდ ხუთას მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ხალიკ ბანკს მსოფლიოში აღიარებული 3 სარეიტინგო სააგენტოს - Fitch (BBB), S&P (BB+/B) და Moody’s (Ba1) - უმაღლესი რეიტინგი აქვს რეგიონში მინიჭებული და მისი აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2006 წლიდან ივაჭრება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ხალიკ ბანკი“ წელს იუბილარია და 2023 წელს ყაზახეთში მოღვაწეობის 100 წელი შეუსრულდა.
ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ - უმუტ შაიახმეტოვამ - განვლილი გზა და ქართულ-ყაზახური თანამშრომლობა შეაფასა:
„ქართულ-ყაზახური მეგობრული ურთიერთობები მრავალ ათწლეულს ითვლის, თუმცა, ბოლო პერიოდში ორი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად მზარდმა ეკონომიკურმა ურთიერთობებმა დააკავშირა. ჩვენ - ხალიკ ბანკი - ვართ ერთ-ერთი უძველესი კომპანია, რომელიც ფინანსურ ბაზარზე ფუნქციონირებს. ჩვენი ბანკის კაპიტალის 30%-ს საერთაშორისო პარტნიორები ფლობენ. ვთანამშრომლობთ ამერიკულ, ევროპრულ, აზიურ ფონდებთან,რაც ჩვენი კომპანიის სტაბილურობასა და გამჭვირვალობას განაპირობებს. რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ უკვე 15 წელია ბაზარზე ვართ. ბანკი 2008 წელს გავხსენით და მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი საქართველოსთვის არ იყო მარტივი, ჩვენ დავრჩით ქვეყანაში და ახლაც ვაგრძელებთ თანამშრომლობას,“ - განაცხადა უმუტ შაიახმეტოვამ.
დღეს „ხალიკ ბანკ საქართველოს“ სხვადასხვა ქალაქში 8 ფილიალი აქვს და მრავალფეროვანი სერვისებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
„ხალიკ ბანკი“ განვითარებული და ტექნოლოგიური ბანკია. ჩვენ ძალიან დიდ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს ვხედავთ. „ხალიკ ბანკ საქართველოს“ აქვს Fitch-ის საუკეთესო რეიტინგი (BB+) საქართველოში, რაც დამფუძნებელი კომპანიის მაღალი რეიტინგის დამსახურებაა. მიუხედავად ჩვენი არც თუ ისე დიდი ზომისა, ვცდილობთ მომხმარებლებს უნივერსალური მომსახურება შევთავაზოთ: გვაქვს ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველს საბანკო სივრცეშია აპრობირებული. შემიძლია ვთქვა, რომ 15 წლის განმავლობაში „ხალიკ ბანკიდან“ საქართველოში დამფუძნებლის მიერ სხვადასხვა სახით ორას მილიონ დოლარზე მეტია ინვესტირებული,- განაცხადა „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში არსებული გამჭვირვალე კანონმდებლობისა და მიმზიდველი ბიზნეს-გარემოს გათვალისწინებით თანამშრომლობის ინტერესი მაღალია და განვითარების სურვილიც თვალნათლივ ჩანს.
„საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანია. ჩვენი მთავარი მიზანია ვიყოთ კლიენტების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული და მათ აზროვნებაზე მორგებული ბანკი. ამისთვის გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა და ვთვლით, რომ ხალიკ ბანკ საქართველოს საინტერესო და პერსპექტიული მომავალი აქვს - აღნიშნა გეგუჩაძემ.
საქართველოში წინანდლის კლასიკური მუსიკის მეხუთე საიუბილეო ფესტივალი იმართება
2023 წლის 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში წინანდლის კლასიკური მუსიკის მეხუთე საიუბილეო ფესტივალი იმართება.
ფესტივალი წინანდალში იზიდავს უდიდეს შემსრულებლებს, დირიჟორებს, კომპოზიტორებს, ასევე კლასიკური მუსიკის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.
ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკოსები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან და თურქმენეთიდან.
ფესტივალის გახსნა დაიწყო პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის შემადგენლობაში თურქმენეთის წარმომადგენლობით თურქმენელი მუსიკოსების შესრულებით.
ფესტივალის ფარგლებში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი დ.სეითმამედოვი შეხვდა ფესტივალის ორგანიზატორებს, ასევე ახალგაზრდა თურქმენ მუსიკოსებს.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებს და აღნიშნა, რომ თანამედროვე თურქმენულ-ქართული სახელმწიფოთაშორისი დიალოგის განუყოფელი ნაწილია კულტურული და ჰუმანიტარული სფერო, სადაც თურქმენეთსა და საქართველოს აქვთ ერთობლივი საქმიანობისა და შემოქმედებითი თანამშრომლობის შესანიშნავი ტრადიციები. მსგავსი ღონისძიებების გამართვა მოემსახურება ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურათაშორისი კავშირების გაძლიერებას, ასევე უნიკალურ შესაძლებლობებს შეუქმნის ახალგაზრდა მუსიკოსებს, შეისწავლონ მუსიკის სამყარო და გააუმჯობესონ თავიანთი მუსიკალური განათლება.
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები ცნობილია
განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოსფინალისტები დასახელდნენ, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, კონკურსის მხარდამჭერებმა დაასახელეს. ესენი არიან:
- ქამრან აფანდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი;
- ინა იმედაშვილი, თბილისის UG სკოლის დაწყებითი საფეხურის და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მარინე კვარაცხელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ნინო ნიპარიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის შპს „ბესიკ ნიპარიშვილი“ მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის მე და საზოგადოების, მოქალაქეობის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- ნინო ფსუტური, გორის N8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეშვიდედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორები არიან ლიბერთი ბანკი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპონსორები არიან: EPAM Georgia, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (ctc) და ალტე უნივერსიტეტი, ხოლო ჯილდოს მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.
პოლონეთში ლეგიონელეზის ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა
პოლონეთში ლეგიონელეზის ვირუსით დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ეპიდემიის კვლევა გრძელდება ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჟეშოვში.
ჟეზოვის ჯანდაცვის ინსპექციის ხელმძღვანელმა იარომირ სლაჩკამ განცხადებაში აღნიშნა, რომ 16-ვე ადამიანი, ვინც დაიღუპა, მკურნალობდა სხვა სამედიცინო დაავადების გამო.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებული სულ მცირე 155 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია.
ლეგიონელეზის დაავადებამ, რომელიც იწყება გრიპის მსგავსი სიმპტომებით და პროგრესირებს პნევმონიამდე, შეიძლება გამოიწვიოს რესპირატორული და მრავალორგანული უკმარისობა და სიკვდილი, თუ მკურნალობა არ მოხდება.
ლეგიონელეზის ბაქტერია, რომელიც ძირითადად გვხვდება ადამიანის მიერ შექმნილ წყლის სისტემებში, შენობებში, სადაც ნაკლები დეზინფექცია ტარდება, რათა არ შემცირდეს ეფექტურობა, და შენობებში, რომლებსაც ბევრი ადამიანი იყენებს, როგორიცაა სასტუმროები, საერთო საცხოვრებლები და საავადმყოფოები.