ირაკლი კობახიძე - საქართველოს პრეზიდენტი უხეშად არღვევს კონსტიტუციას
ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან არღვევს, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადება რამოდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებას, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი, შესაბამისად, ის არ მონაწილეობს საგარეო პოლიტიკის განხორცილებაში.
„გარდა ამისა, უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში. აქედან გამომდინარე, ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას აქვს ფიცი დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა ძალიან უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. ზედმეტად დიდ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი ამ თემას, ისედაც ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესს. მნიშვნელობა არ აქვს ის ევროინტეგრაციის საპირისპირო განცხადებებს გააკეთებს საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ საგარეო ვიზიტის განხორციელების დროს. ეს ინფორმაცია ისედაც მიდის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. თქვენ გახსოვთ, საქართველოს პარლამენტის შენობიდან დაუპირისპირდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. კერძოდ, მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და, უფრო მეტიც, თქვა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში. შესაბამისად, გამოდის, რომ, მისი აზრით, წელსაც არ იმსახურებს საქართველო კანდიდატის სტატუსს. როდესაც ასეთი გზავნილების შესახებ ძალიან კარგად იციან ჩვენმა პარტნიორებმა, გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან“, – განაცხადა კობახიძემ.
თურქმენეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
2023 წლის 31 აგვისტოს, თურქმენეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე ხვთისიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
მინისტრის მოადგილემ მიულოცა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველო-თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და მაღალი დონის თანამშრომლობა, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გამართვის მნიშვნელობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობაზე. აღინიშნა გასულ წელს თურქმენეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის და ასევე, მიმდინარე წელს ქ. თბილისში გამართული საქართველო-თურქმენეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის დადებითი შედეგები.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა თურქმენეთის პატივისცემა და მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.