ლიბერთის მხარდაჭერით "ევროპის უნივერსიტეტმა" მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
ლიბერთის მხარდაჭერით "ევროპის უნივერსიტეტმა" მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა!
ლიბერთის თანადგომით, პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციამ, ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ჩაატარა.
“ლიბერთი აგრძელებს განათლების მხარდაჭერას და იმ პროექტების ხელშეწყობას, რომელიც დაეხმარება ახალგაზრდებს, ქონდეთ მომავალი პროფესიის არჩევის მოტივაცია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით. პროგრამირების მხარდაჭერის ასოციაციასთან ერთად, მომავალშიც ვგეგმავთ სხვადასხვა საინტერესო პროექტების განხორციელებას და ნიჭიერი მოსწავლეებისა და სტუდენტების წახალისებას“- ავთანდილ ყავრელიშვილი, ლიბერთის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორის მოადგილე, დეველოპმენტის უფროსი.
ოლიმპიადა 12 მარტს გაიხსნა და ერთდროულად 4 საშეჯიბრო მოედანზე გაიმართა. მათგან ორი საქართველოში - თბილისში, "ევროპის უნივერსიტეტსა“ და ქუთაისის უნივერსიტეტში ხოლო ორი უკრაინაში, უჟგოროდის ეროვნულ უნივერსიტეტსა და ქალაქ ხუსტში, მრავალპროფილიან ლიცეუმში ჩატარდა.
ოლიმპიადაში მონაწილეობა 72-მა მოსწავლემ მიიღო, მათ შორის 37-მა საქართველოდან, 35-მა კი უკრაინადან. ოლიმპიადა ალგორითმული ტურის სახით ჩატარდა და 28 მარტს ოლიმპიადის საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა 15 წლის არჩილ ბერაიამ. ყველა საპრიზო ადგილი ასევე ქართველმა მოსწავლეებმა დაიკავეს.
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
Air Astana ზაფხულის განრიგზე გადადის!
ავიაკომპანია Air Astana ზაფხულის პერიოდიდან თბილისისა და ალმა-ათის მიმართულებით ფრენებს ყოველდღიურად შესრულებს. ასევე ივნისიდან განახლდება სეზონური ფრენები ბათუმი-ალმა-ათი და თბილისი-ასტანას მიმართულებით.
ყაზახურ კომპანიაში აცხადებენ, რომ ავიარეისები ბათუმსა და ალმა-ათას შორის კვირაში 5-ჯერ შესრულდება, გარდა ოთხშაბათისა და სამშაბათისა.
თბილისსა და ასტანას შორის კვირაში 3-ჯერ ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.
ფრენები განხორციელდება კომფორტული Airbus A320/A321 თვითმფრინავით.
„Air Astana“ ყაზახეთის რესპუბლიკის უმსხვილესი და ცენტრალური აზიის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახლავთ, რომელიც ახორციელებს 60 ავიარეისს ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მიმართულებებით” – აცხადებენ ავიაკომპანიაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავის ქვეყანაში მიიწვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი თავის ქვეყანაში მიიწვია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ გამომცემლობა „ასოშიეტედ პრესთან“ (AP) ინტერვიუს დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის უკრაინაში მიწვევისას, ზელენსკიმ თქვა, რომ მათ ჰქონდათ მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე (2022 წლის 24 თებერვალი).
უკრაინაში ომის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ 12 პუნქტიან დოკუმენტზე, ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ ის (სი) აქ ვიხილოთ. მსურს მასთან საუბარი. მე მასთან კონტაქტი მქონდა მანამ, ვიდრე სრულმასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. მაგრამ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მე არ მქონია მასთან კონტაქტი.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების საუბარი იგეგმებოდა, თუმცა საბოლოო შედეგი ჯერ არ არის მიღწეული.
შეგახსენებთ, სი ძინპინი 20-22 მარტს რუსეთში იმყოფებოდა, სადაც რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლა დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტსა და ხალხს მიმართა.
საქართველოს პარლამენტის სხდომა, სადაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წლიურ ანგარიშს წარადგენს, უკრაინაში, ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. „მიმართვას ვიდრე დავიწყებ, მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ჩვენს მეგობარ უკრაინას. დღეს არის ბუჩას ტრაგედიიდან ერთი წლისთავი და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიშის წარდგენას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სიტყვით საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი, პრეზიდენტს დასკვნითი სიტყვით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
პრეზიდენტის მოსასმენად პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებიან: - პრემიერი და მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და სასულიერო პირები.
ფოტოკონკურსი: გაეცანით 18 ფინალისტის ნამუშევრებს
„ოჯახური კავშირების“ თემაზე გამოცხადებული EU NEIGHBOURS EAST – FOTOFESTIWAL-ის ფოტოკონკურსის 18 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. მოკლე სიაში მოსახვედრად თითოეული ქვეყნიდან — აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და უკრაინიდან — სამ-სამი ფოტოგრაფი შეირჩა.
18-ვე ფინალისტი თბილისში 31 მარტს დაგეგმილ საზეიმო დაჯილდოებაზეა მიწვეული. ღონისძიებაზე გამოვლინდება ექვსი გამარჯვებული — თითო თითოეული ქვეყნიდან — და ყველა მათგანს 1,000 ევროს ოდენობის პრიზი გადაეცემა.
საერთაშორისო ჟიურიმ, რომელიც სფეროს ხუთი წამყვანი სპეციალისტისგან შედგება, ფინალური ტურისთვის 400-ზე მეტ კონკურსანტს შორის თითოეული ქვეყნიდან სამი ფოტოგრაფი შეარჩია.
კონკურსანტებს ევალებოდათ, წარედგინათ 8-20 ფოტოსგან შემდგარი სერიები, რომლებშიც „ოჯახური კავშირების“ თემა საკუთარი ინტერპრეტაციით უნდა გაეშალათ: როგორ გვაკავშირებს ჩვენი ოჯახი ჩვენს ფესვებთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან და მომავალთან? რომელი კავშირები განსაზღვრავს ოჯახს და გვაძლევს მიკუთვნებულობის გრძნობას? როგორ ერგება ეს კავშირები ცვალებად სამყაროს, ტექნოლოგიას, კონფლიქტებს, სიყვარულსა და დანაკარგს?
ფინალში მოხვედრილი თითოეული კონკურსანტის ფოტოსერიათა ხილვა EU NEIGHBOURS EAST-ის ვებსაიტის სპეციალურ გვერდებზეა შესაძლებელი. 18 ფინალისტისგან შემდგარი სია ასე გამოიყურება:
სომხეთი
ნაზიკ არმენაკიანი – ჩემი ომი (ფრაგმენტული გამოცდილება)
ჰრანტ ხაჩატრიანი – ახლად შობილი
აზერბაიჯანი
ორხან აზიმოვი – განათლებისგან დაშორებული
აზიზ კარიმოვი – აზერბაიჯანი კორონავირუსის აფეთქებასთან გასამკლავებელ ზომებს მიმართავს
ილკინ იაგუბოვი – გადახლართულობა
ბელარუსი
პაშა კრიტჩკო – ბელარუსული კავშირები
ვერანიკა მალიაუკა – მოგონებები სახლზე
ტაციანა ტკაჩოვა – დედასამშობლო
საქართველო
ნათელა გრიგალაშვილი – ქართველი მომთაბარეების უკანასკნელი დღეები
ეკატერინე კოლესნიკოვა – დილა ზედმეტად სწრაფად მოდის
თაკო რობაქიძე – „მშვიდობისმყოფელნი“
მოლდოვა
რამინ მაზური – მარცხენა სანაპირო
უკრაინა
მარისია მიანოვსკა – ო, ძმაო, სად ხარ?
კონკურსი ორგანიზებულია EU NEIGHBOURS EAST პროგრამის მიერ, Fotofestiwal-თან პარტნიორობით. EU NEIGHBOURS EAST ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამაა, რომელიც ზრდის ცნობადობას ევროკავშირზე, მის პოლიტიკაზე და მხარდამჭერ პროექტებზე მის აღმოსავლეთ სამეზობლოში. Fotofestiwal ფოტოგრაფიასთან მომუშავე პროფესიონალების კოლექტივად 2001 წელს დაარსდა. მას მერე ის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფოტოგრაფიულ ფესტივალად იქცა.