კომერციული ბანკების თანამშრომლები პროფესიული დამსახურებით დაჯილდოვდნენ
დღეს, 8 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ბანკირთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროფესიული დამსახურების მიხედვით ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.
ეროვნულმა ბანკმა საპატიო სიგელით, ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა აკობია დააჯილდოვა.
მანანა აკობიას საბანკო სექტორში მუშაობის 22 წლიანი უწყვეტი გამოცდილები აქვს. მან თავისი კარიერა დაიწყო ოპერატორის პოზიციიდან და იყო პირველი პირადი ბანკირი ქვეყანაში. 2005 წლიდან მისი მონაწილეობით შეიქმნა და განვითარდა პირადი ბანკირის ინსტიტუტი საქართველოში. 2009 წლიდან ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
,,ბანკირთა პროფესიულ დღეს ვულოცავ ჩემს კოლეგებს და ყველა გამარჯვებულს. ჩემთვის დიდი პატივია ეროვნული ბანკის ჯილდოს მიღება, მაგრამ კიდევ უფრო მეამაყება, რომ ამ ჯილდოზე ლიბერთის გუნდმა წარმადგინა. ეს არის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა როგორც ჩემი თანაგუნდელების, ასევე ჩვენი მომხმარებლების წინაშე, რომ მუდმივად გავამართლოთ მათი მოლოდინები.“ - მანანა აკობია, ლიბერთის დაგროვილი კაპიტალის მართვის მიმართულების ხელმძღვანელი
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტიმომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს!
ევროკომისია დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი! შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში მიმდინარე პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.
"საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მაიდანის პროტესტები დაიწყო, მაიდანის პროტესტი ისეთი ადგილი იყო, სადაც ადამიანები დახვრიტეს იმიტომ, რომ გაეხვივნენ ევროპულ დროშებში და 10 წლის შემდეგ დღეს ისტორიული დღეა, რადგან დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები. კომისია, ასევე, გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა ბოსნია ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე," - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ბრიუსელში პრესკონფერენცია, რომელზეც უსრულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მედიას, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე ანგარიშს აცნობს, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
თურქმენეთის ელჩის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან
2023 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის ახლადდანიშნულ ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან. მინისტრმა თურქმენ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა და აღნიშნეს, რომ ბოლო წლების მანძილზე საქართველო-თურქმენეთის თანამშრომლობა გაძლიერდა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზეც, რომ გასულ წელს ორ ქვეყანას შორის აღნიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი.
საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ვაჭრობა, ტურიზმი და ტრანსპორტი. ამ კონტექსტში აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობა.