Items filtered by date: სამშაბათი, 14 ნოემბერი 2023 - NEWSDAY GEORGIA
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "ამ კვირაში გამოქვეყნდა უამრავი კვლევა, მათ შორის, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები, თუ ვინ რამდენ პროცენტს მიიღებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.
საქართველოში არცერთი კვლევის შედეგი სანდო არ არის, ორი ფაქტორის გამო.
პირველი და უმთავრესი - ეს არის შიში, რომ შესაძლოა, გამოკითხული ადამიანის აზრი გაიგოს სუს-მა და პირი დაისაჯოს სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის, სამსახურის დაკარგვით და ა.შ. ამიტომ ხალხი თავის აზრს ღიად არ გამოთქვამს - ან უარს აცხადებს პასუხზე, ან იტყუება, რომ ხმას „ოცნებას“ აძლევს. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ არავინ იტყუება, რადგან ნაკლებია შანსი, რომ ოპოზიცია მათ პრობლემებს შეუქმნის.
მეორე - დიდ საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები ოპტიმიზებას უკეთებენ როგორც კვლევის პროცესსა და შინაარს, ისე შედეგებს, დამკვეთის სასარგებლოდ. დღეს „ქოცბანდამ“, თავისივე ჩატარებული კვლევით გამოაცხადა, რომ 55%-იანი რეიტინგი აქვს, „ნაციონალებს“ 20 %, ყველა დანარჩენი პარტია კი - ბარიერს მიღმა დატოვა.
ყველამ დავიმახსოვროთ: 2024 წლის არჩევნებში „ოცნება“ მიიღებს 40 %-ზე გაცილებით ნაკლებს, მეორე ადგილზე გავა „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაახლოებით 5-6 %-ით ნაკლებს აიღებს „ოცნებაზე“, გახარიას პარტია, „საქართველოსთვის“, დაახლოებით 15 %-ს მიიღებს, 5 %-იან ბარიერის გადალახავენ „ლელო“, „გირჩი-დროა“ და დიდი შანსები აქვთ „ლეიბორისტებსაც“. დღევანდელი გადასახედიდან,
5 %-იან ბარიერს სხვა პარტიები ვერ გადალახავენ და აგრეთვე, პარლამენტში ვერ მოხვდებიან „ქოცების“ სატელიტები. გაუნაწილებელი ხმების რაოდენობა კი არ იქნება 7-8 %-ზე მეტი.
ეს არის რეალური სურათი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობებში დადგება. მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნება“ აპირებს, არჩევნებზე 55 % დაიწეროს და ამით საკუთარ თავს განაჩენს გამოუტანს - აღარც „ოცნება“ იარსებებს და აღარც მისი ე.წ. ლიდერშიპი. ასე რომ, ყველაფერი კარგად მიდის!", - აღნიშნულია განცხადებაში.
გამოქვეყნებულია საზოგადოება

საქართველო ღვინის საერთაშორისო კონკურსს, IWSC Wine Judging in Georgia-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს. რეგისტრაცია დასრულებულია და პირველადი მონაცემებით,  კონკურსში უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობის - 170-ზე მეტი კომპანიის 520 ღვინო დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია, რომ  წელს, გურჯაანის ღვინის ფესტივალთან და საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, კონკურსი მნიშვნელოვან რეგიონულ ღონისძიებად გადაიქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში წარმოებულ ღვინოებთან ერთად კონკურსზე სომხეთის 18 კომპანიის 60 ღვინოსაც შეაფასებენ. კონკურსი მეღვინეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, წარმოაჩინონ თავიანთი ღვინოები ჟიურის წევრების, ინდუსტრიის საერთაშორისოდ აღიარებული, ავტორიტეტული  ექსპერტების წინაშე.

კონკურსის ბრენდამბასადორის, მარიამ გუჯაბიძის თქმით, რეგისტრაციის წლევანდელი შედეგები რეკორდულია. „ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო მარნებს საშუალება აქვთ, ასეთი დონის კონკურსზე წარადგინონ საკუთარი ღვინო და მოიპოვონ საერთაშორისო ბაზრებზე აღიარებული ჯილდო. წელს ამ კუთხით ფასდაუდებელია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერა. დარწმუნებული ვარ, შედეგებიც უკეთესი იქნება შარშანდელთან შედარებით“, - აღნიშნა მარიამ გუჯაბიძემ.

შარშან კონკურსზე 150 -ზე მეტი კომპანიის 487 ქართული ღვინო დარეგისტრირდა. IWSC-ის მედლები კი ასე განაწილდა: 16 ოქრო, 63 ვერცხლი და 209 ბრინჯაო. პირველად ისტორიაში, ქართველმა მწარმოებლებმა საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვეს.

ჟიური, რომელიც წელს ღვინის წარმოდგენილ ნიმუშებს შეაფასებს, უკვე ცნობილია. აღსანიშნავია, რომ უცხოელი მსაჯების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და ღვინის საერთაშორისო კონკურსის მსაჯების გუნდს, რომელიც საქართველოს ესტუმრება,  ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის აღიარებული მაგისტრი Cata d'Or-ის პრეზიდენტი და United Cellars-ის გლობალური კონსულტანტი ალისტერ კუპერი უხელმძღვანელებს. ალისტერს შეუერთდებიან საერთაშორისო მსაჯები - ღვინის ბაიერები, უფროსი სომელიეები და ღვინის კონსულტანტები. ჟიურის წევრები არიან: სალვატორე კასტანო - 2021 წლის ევროპის საუკეთესო სომელიე და სავაჭრო მრჩეველი „Fiarwood”-დან, მელანია ბეტისტონი, რომელმაც 2022 წელს ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა სომელიეს ტიტული მოიპოვა და „ჰარბორის“ ტოპ 25 სომელიეთა შორისაა, ქეთ ლომაქსი - “The Drinks Business”-ის მიერ დაჯილოებული წლის საუკეთესო საცალო ბაიერი, დევიდ კერმოდი - ღვინის მწერალი, BBC Breakfast-ის და Channel 5 News-ის ჟურნალისტი, ლუკ ჰარბორი - უფროსი სომელიე The Pig Hotel-დან, ზარა სერობიანი - ღვინის ექსპერტი, Ginvino-სა და Wine Origins-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გეორგიოს იორდანიდისი - ღვინის ექსპერტილონდონში მუშაობის 10 წლიანი გამოცდილებით, ვილ ჰილი - ღვინის ბაიერი და ემა პენმანი, უმსხვილესი ბრიტანული სუპერმაკეტების ქსელის Waitrose & Partners-ის ღვინის ბაიერი.

IWSC-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ადგილობრივი მსაჯები ღვინის სფეროს პროფესიონალები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, საქართველოს 2020-2021 წლების ჩემპიონი სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილი და  ღვინის ექსპერტი მაგდა სურგულაძე.

საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსის IWSC 2024 Wine Judging in Georgia-ს ორგანიზატორია გურჯაანის ღვინის ფესტივალი. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ღვინის ეროვნული სააგენტო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  ხოლო სპონსორები „თელიანი ველი“ და „საქართველოს ბანკი“.

IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1 დეკემბერს უმასპინძლებს და მედალოსანი ღვინოები გამოვლინდება.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

5.1 მილიონის ევროს ღირებულების ხუთწლიანი  პროგრამა პარტნიორობის, მეწარმეობის, ეკონომიკური მდგრადობისა და მწვანე ეკონომიკის განვითარების მიზნებს ემსახურება

თბილისი. 14 ნოემბერი 2023 – ევროკავშირმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ შეაჯამეს 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის შედეგები „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“.

ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ, რომელიც 2019-2023 წლებში ხორციელდებოდა, შესამჩნევი გავლენა მოახდინა საქართველოს ბიზნეს სივრცეზე და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

პროგრამის განხორცილება უშუალოდ აისახა 100-მდე მცირე და საშუალო მეწარმის საქმიანობაზე. მან ხელი შეუწყო საქართველოში ოთხი ბიზნეს კლასტერის ჩამოყალიბებას და კლასტერული ანალიზის ევროპულ ინიციატივაში (ECEI) ინტეგრირებას.

ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, 1,500-ზე მეტი მეწარმე და ფერმერი ჩაერთო სხვადასხვა სასწავლო და ქოუჩინგ პროგრამაში, რამაც გააუმჯობესა მათი მეწარმეობის უნარები და გაზარდა წარმატების პერსპექტივები საერთაშორისო ბაზრებზე.

კერძო სექტორის ხელშეწყობის პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

ამ პარტნიორული და თანამონაწილეობითი ინიციატივის შედეგების შეჯამება 14 ნოემბერს გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ევროკავშირის ინოვაციურმა პროექტმა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში შექმნა მრავალმხრივი ეკონომიკური შესაძლებლობები კერძო სექტორისთვის და საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ წარმატებას. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში. ჩვენი ხელშეწყობა ითვალისწინებს უფრო მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული ბიზნეს პრაქტიკის დანერგვას, რაც საფუძველს ჩაუყრის ქართული ბიზნესისა და წარმოების წარმატებას“, - განაცხადა კატალინ გერმანმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილემ.

დაგლას უებმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, აღნიშნა, რომ კერძო სექტორი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ეკონომიკური და სოციალური უფლების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში.

„ევროკავშირთან და გაეროს სხვა სააგენტოებთან ერთად, ვეხმარებით მეწარმეებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა ხელი შევუწყოთ ძლიერი და მდგრადი ეკონომიკის განვითარებას, რომელიც ადამიანებისა და პლანეტის ინტერესებს გაითვალისწინებს. ჩვენი ხელშეწყობით, საქართველოს ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა ბიზნეს კლასტერმა, შემფუთველთა კლასტერმა PMAG, საგრძნობლად გააფართოვა თავისი ქსელი, რომელიც ამჟამად 60-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, წარმატებით დანერგა ციფრული ტექნოლოგიები ბიზნესის წარმოებაში და ასევე დაიწყო გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკის, მათ შორის, მდგრადი წარმოებისა და ნარჩენების მდგრადი მართვის გამოყენება. ეს ცვლილებები შესამჩნევ ფინანსურ წარმატებაშიც აისახა. 2018 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში, PMAG კლასტერის წევრი კომპანიების  გაყიდვების საშუალო მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა“, - აღნიშნა დაგლას უებმა.

„ამ პროექტის ფარგლებში, FAO-მ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, შეიმუშავა საკანონმდებლო ჩარჩო რითაც, ხელი შეუწყო ნერგების ადგილობრივ წარმოებას. მან, ასევე ტექნიკური დახმარება გაუწია და აღჭურვა 20-მდე სანერგე მეურნეობა. უფრო მეტიც, FAO-ს მხარდაჭერით 1000-მდე მეწარმეს ჩაუტარდა ტრენინგი თანამედროვე, მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ასევე, ჩვენ ხელი შევუწყვეთ მეწარმეების ინტეგრაციას ადგილობრივ საბაზრო სისტემაში. საბოლოო ჯამში, პროექტის მიღწევები დიდ როლს ითამაშებს უფრო მდგარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში, რაც დადებითად აისახება პროდუქტის რაოდენობაში, ხარისხსა და გარემოზე ზეგავლენაში, ევროპული სტანდარტების შესაბამისად“, – განაცხადა FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სანს ალვარესმა

„UNIDO პირდაპირ დაეხმარა 36 მცირე და საშუალო მეწარმეს და ტრენინგების/ინდივიდუალური დახმარების გზით გადაამზადა 300-მდე ბენეფიციარი საქართველოს სხვადასხვა ბიზნეს სექტორებში. UNIDO-ს ჩართულობით მწარმოებლებმა გადალახეს წარმოებასთან და ხარისხის მართვასთან დაკავშირებული შეფერხებები, და შეძლეს გაეგრძელებინათ ბაზარზე მდგრადად ოპერირება. ერთ-ერთი ასეთი კომპანია, რომელსაც UNIDO დაეხმარა, გახდა GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სერტიფიცირებული და მოიპოვა ბაზარზე პროდუქციის გაყიდვის უფლება. UNIDO-ს დახმარებით საქართველოს საზღვაო თევზჭერისა და ბიოფარმაცევტულმა კლასტერებმა შეძლეს მწარმოებლების გაერთიანება და ერთობლივი ძალისხმევით ისეთი მიზნების მიღწევა, რაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის დახმარების გარეშე გადაულახავი დარჩებოდა“, - თქვა UNIDO-ს პროექტების ეროვნულმა კოორდინატორმა გიორგი ანდღულაძემ.

„დიასპორასა და ადგილობრივ ბიზნესს შორის დინამიური ურთიერთობის განვითარების მიზნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ შექმნა მაღალ-პროფილური დიასპორის წარმომადგენელთა მონაცემთა ბაზა, რომელიც ევროკავშირისა და მსოფლიოს მასშტაბით მცხოვრებ 4000-მდე დიასპორის პროფილს აერთიანებს. დიასპორის ინტერესების, უნარებისა და გამოცდილების იდენტიფიცირების მიზნით, IOM-ი ასობით დიასპორის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ჩვენს მთავარ ამოცანას წარმოადგენდა ადგილობრივ ბიზნესსა და დიასპორას შორის ძლიერი კავშირების დამყარება, დიასპორის რესურსების, ცოდნისა და იდეების ეფექტურად გამოყენების ხელშეწყობა. აღნიშნულმა ინიციატივამ არა მხოლოდ გააძლიერა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, არამედ ხელი შეუწყო შესაძლებლობების განვითარებას და თანამშრომლობის სტიმულირებას. ინიციატივის ფარგლებში, წარმატებით წარმოჩინდა დიასპორის როლი ადგილობრივ განვითარებაში“, - აღნიშნა IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა.

ბიზნეს კლასტერების ჩამოყალიბება და განვითარება ევროკავშირისა და გაეროს კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ერთ-ერთ საყურადღებო მიღწევაა. ამ ხელშეწყობის შედეგად, შეიქმნა ოთხი ძლიერი კლასტერი, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში:

  1. შემფუთველთა კლასტერი, PMAG, რომელმაც კლასტერული ანალიზის ევროპული ინიციატივის (ECEI) ბრინჯაოს ნიშანი (Bronze Label) მოიპოვა და შემფუთველთა მსოფლიო ორგანიზაციაში (WPO) სრული წევრის სტატუსით გაწევრიანდა. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNDP
  2. ჩითილებისა და სანერგე მეურნეობების კლასტერი, რომლის ფარგლებში შემუშავდა სანერგე მასალების სერტიფიცირების სისტემა და განხორციელდა სანერგე მეურნეობების ტექნიკური მხარდაჭერა, ჩატარდა ტრენინგები ფერმერებისთვის და გაიმართა აგრარული ბაზრების სერია. მხარდამჭერი ორგანიზაცია: FAO
  3. საქართველოს ბიო-ფარმაცევტული კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO
  4. საქართველოს საზღვაო თევზჭერის კლასტერი. მხარდამჭერი ორგანიზაცია: UNIDO

პროგრამამ ასევე შეუწყო ხელი საჯარო და კერძო პარტნიორობის განმტკიცებას ცირკულარული ეკონომიკის მშენებლობის სხვადასხვა საკვანძო სფეროში, მათ შორის, ნარჩენების მდგრადი მართვის გაუმჯობესებაში მუნიციპალურ დონეზე. 2023 წელს, ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ხელი მოაწერეს განზრახულობათა შესახებ დეკლარაციებს კერძო კომპანიებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან.

გარდა ამისა, პროგრამის განხორციელებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქმიანი კავშირების განმტკიცებაში საქართველოს მცირე და საშუალო მწარმოებლებსა და ევროკავშირის ქვეყნებში ქართულ დიასპორას შორის. ევროკავშირისა და გაეროს მიერ შეთავაზებულმა პარტნიორულმა მიდგომამ ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას და ქართველ მეწარმეთა დამკვიდრებას ევროპულ ბაზრებზე.

ხუთწლიანი პროგრამამ „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ შექმნა ახალი სივრცე და თანამედროვე შესაძლებლობები ბიზნესის განვითარებისთვის საქართველოში. ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებენ პასუხისმგებლიანი ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მდგრადი ეკონომიკურ განვითარების ხელშეწყობას.

###

დამატებითი ინფორმაცია:

„ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს ერთობლივი ინიციატივაა, რომლის განხორციელებაში ჩართულები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 5.1 მილიონი ევროს ღირებულების პროექტი ხორციელდება საქართველოს საჯარო და კერძო სექტორებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მისი მიზანია ქართული მეწარმეობის ხელშეწყობა, საკანონმდებლო ველის გაუმჯობესება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ევროკავშირთან თანამშრომლობის განმტკიცება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ კვლავ აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას. ამ მიზნით ისინი არ წყვეტენ რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას და მკაცრი სანქციებისა თუ სხვა შეზღუდვების დაწესებას. 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

„ჩვენ გავაძლიერებთ კოორდინაციას სანქციებთან დაკავშირებით, რათა შევზღუდოთ რუსეთის წვდომა უმნიშვნელოვანეს პროდუქტებსა და ტექნოლოგიაზე. ჩვენ მივიღებთ დამატებით ზომებს იმისათვის, რომ აღვკვეთოთ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვების თავიდან აცილების თუ გვერდის ავლის შემთხვევები“, — ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში, — „იმ შემოსავლების შესამცირებლად, რომლებსაც რუსეთი ექსპორტიდან იღებს, ჩვენ დავაჩქარებთ ჩვენს კონსულტაციებს ენერგეტიკის, ლითონებისა და ყველა არასამრეწველო ალმასის შესახებ — რუსეთში მოპოვებული, გადამუშავებული ან წარმოებული პროდუქციის ჩათვლით“.

გარდა ამისა, მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის სუვერენული აქტივები მათ იურისდიქციებში გაყინული დარჩება მანამ, „სანამ რუსეთი არ აანაზღაურებს იმ ზარალს, რომელიც მან უკრაინას მიაყენა“. 

მინისტრებმა ასევე განაცხადეს, რომ „მიუღებელია რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და მისი განცხადება ბელორუსში ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ“. 

„რუსეთის მიერ ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებას პასუხად მძიმე შედეგები მოჰყვება. ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მუდმივ ყოფნას და შეუზღუდავ წვდომას უკრაინის სამოქალაქო დანიშნულების ყველა ბირთვულ ობიექტზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, G7-ის მინისტრებმა გამოთქვეს ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის მერე მთიანი ყარაბაღიდან სომხების გადასახლების ჰუმანიტარული შედეგების გამო. მათ მოუწოდეს აზერბაიჯანს, სრულყოფილად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები. იმავე დროს, მინისტრები მიესალმნენ საერთაშორისო ძალისხმევას, რომელიც იძულებით გადაადგილებულთათვის გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების მიწოდებას ისახავს მიზნად. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური