Items filtered by date: ორშაბათი, 13 ნოემბერი 2023 - NEWSDAY GEORGIA

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩთან ჭოუ ციენთან.

შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ორი ქვეყნის მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა. ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე დღის წესრიგი.

მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას და გამოითქვა იმედი, რომ სტრატეგიული ურთიერთობის ფორმატი ხელს შეუწყობს დარგობრივი, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების, ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მდებარეობის განვითარების თვალსაზრისით, რაც ზრდის ქვეყნის, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის დამაკავშირებელი დერეფნის, პოტენციალს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის მიწვევით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩინეთში განხორციელებული ვიზიტის ისტორიულ მნიშვნელობას და მის უდიდეს როლს საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე განმტკიცების პროცესში.

პრემიერ-მინისტრის მიერ კიდევ ერთხელ უაღრესად დადებითად შეფასდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის განსაკუთრებული როლი, ხედვა და ეფექტური მმართველობის მიღწევები ჩინეთის ტრანსფორმაციასა და განვითარებაში, ამავდროულად ჩინეთის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩინეთის მთავრობის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა მასშტაბური რეფორმა, მათ შორის გლობალური მნიშვნელობის ინიციატივები, ასევე ჩინეთის პრეზიდენტის განსხვავებული და განსაკუთრებული ხედვა რეგიონული და საერთაშორისო პრობლემების მოგვარებისა და დარეგულირების კუთხით.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ამავდროულად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია.

აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. პრემიერის განცხადებით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიციირების მიზეზი.

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ.

პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, შეინარჩუნონ ურთიერთობის აქტიური დღის წესრიგი და იმუშაონ ორი ქვეყნის კავშირების კიდევ უფრო განსამტკიცებლად.

მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური

 

გამოქვეყნებულია პოლიტიკა

2023 წლის 2-5 ნოემბერსთურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში წარმატებით დასრულდა   გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC) ტრადიციული მე-3 გლობალური მედიის შეხვედრა. მე-3 გლობალურ მედია სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც GJC მასპინძლობდა, მონაწილეობდა დაახლოებით 50 უცხოელი ჟურნალისტი 32 ქვეყნიდან და დაახლოებით 200 ადგილობრივი და ძირითადი მედიის წევრი თურქეთიდან. ტრადიციული მე-3 გლობალური მედიის შეხვედრის განმავლობაში გაიმართა საინტერესო დისკუსიები, მოეწყო „ვორქშოპი“, სადაც განიხილეს ჟურნალისტური საქმიანობის აქტიური საკითხები.

შეხვედრაზე თავდაპირველად მოისმინეს საბჭოს მმართველთა საბჭოს და სხვადასხვა ინსტიტუტის წლიური ანგარიშები. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო GJC-ის შუამავლობით ჟურნალისტურ ორგანიზაციებსა და ცალკეულ ჟურნალისტებს შორის ურთიერთობების განვითარება, რათა მან წვლილი შეიტანოს ჟურნალისტური კავშირის გაძლიერებაში.

AZERTAC-ის საქართველოს სპეციალურმა კორესპონდენტმა ხატაი აზიზოვმა ყურადღება გაამახვილა საომარ ზონებში ჟურნალისტების საქმიანობაზე და ზოგჯერ მათ სიკვდილზე. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აზერბაიჯანის განთავისუფლებულ რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ AZERTAC-ისა და აზერბაიჯანის ტელევიზიის თანამშრომლები. მისი თქმით, ჟურნალისტები ასრულებენ ყველაზე საშიშ დავალებებს მსოფლიოში. თუმცა, მათი უსაფრთხოება ზოგჯერ უგულებელყოფილია. მან მოუწოდა ჟურნალისტებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან, ემსახურონ ძლიერ ერთობას, მშვიდობასა და სტაბილურობას. ამის შემდეგ, GJC-ის სხდომა გაგრძელდა სხვადასხვა პანელის სხდომებზე. ქართველმა და აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა პანელებზე ისაუბრეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საკუთარ ქვეყანაში ჟურნალისტურ სფეროში არსებულ მდგომარეობაზე.

სასტუმრო Alanya Eftelia Marin-ში გამართული 3 დღიან სემინარზე 200-მდე ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის მონაწილეობით ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბით. უცხოელ ჟურნალისტებისთვის ორგანიზებული იყო სინქრონული თარგმანი და ონლაინ თარგმანი ინგლისურ და რუსულ ენებზე.

სემინარის ბოლო ნაწილში GJC-ის არჩეული გამგეობებისა და კრებების შეხვედრებზე განისაზღვრა ის სფეროები, რომლებიც ხელს შეუწყობს სახალხო დიპლომატიის გააქტიურებას. გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შემუშავდა სათანადო გეგმა და საგზაო რუკა.

GJC-ს პრეზიდენტ მეჰმედ ალი დიმის მიერ ჟურნალისტების პრობლემების გაჟღერების გავლენის გაზრდის მიზნით, გადაწყდა პრეს-რელიზების შემუშავება, და პროგრამების გაკეთების მიზნით, ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი და ქვეყნის მედიის პროფესიულ პრობლემებთან დაკავშირებით გაკეთებული წინადადებებისა და გაფრთხილებების შესახებ.

გალა საღამოს, რომელიც წელს მესამედ გაიმართა და კვლავ სასტუმრო Lonicera World-ის სამეჯლისო დარბაზში მიმდინარეობდა, ტელეჟურნალისტი და GJC გენერალური მდივნის მოადგილე, ბენან კეპსუტლუ უძღვებოდა.

გალა საღამო პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა 24 სხვადასხვა ტელეარხზე, მათ შორის Ekotürk TV-სთან ერთად.

 

მასალა მოამზადა: ავთანდილ ოთინაშვილმა

ფოტოების ავტორი: გლობალური ჟურნალისტური საბჭოს (GJC)

გამოქვეყნებულია მსოფლიო

14 ნოემბერს, 10:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ (პირველი რესპუბლიკის მოედანი, თბილისი),  ევროკავშირი და გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეაჯამებენ 5.1 მილიონი ევროს ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის შედეგებს „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“.

ამ მნიშვნელოვანმა ინიციატივამ შესამჩნევი გავლენა მოახდინა საქართველოს ბიზნეს სივრცეზე და ხელი შეუწყო ისეთი საკვანძო მიმართულებების განვითარებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, ბიზნეს კლასტერები, ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემო და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

პროგრამა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში. მის განხორციელებაში ჩართული იყო გაეროს ოთხი სააგენტო: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM).

###

ღონისძიებას დაესწრებიან:

  • კატალინ გერმანი, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის უფროსის მოადგილე
  • გენადი არველაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
  • ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • დაგლას უები, UNDP-ის მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში
  • გიორგი ანდღულაძე, UNIDO-ს პროექტების ეროვნული კოორდინატორი
  • სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი, IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი
  • საქართველოს კერძო სექტორისა და ბიზნეს კლასტერების წარმომადგენლები
გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ცნობილი ესპანელი მხატვრის, მოქანდაკის, დრამატურგის და პოეტის პაბლო პიკასოს  ნახატი „ქალი საათით“ (Femme a la Montre), რომელიც 1932 წელს შეასრულა, აუქციონზე 139,4 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის თაობაზე "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

პაბლო პიკასოს  ნახატი „ქალი საათით“ მხატვრის ნამუშევრებს შორის მეორე ყველაზე ძვირადღირებული ნახატია. 

Sotheby's-ის აუქციონის სახლმა ნახატი აუქციონზე გაიტანა, როგორც ხელოვნების კოლექციონერ ემილი ფიშერ ლანდაუს კუთვნილი კოლექციის ნაწილი. ითქვა, რომ ლანდაუმ ნახატი 1968 წელს იყიდა.

ნახატზე გამოსახულია ფრანგი მოდელის მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი, რომელიც პიკასოს საყვარელი ქალი და მრავალჯერ მისი შთაგონების წყარო იყო.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ლიბერთიმ საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ინოვაციური პროექტის - ,,ტელეკლინიკა MyDoc,, კონცეფცია წარადგინა!

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” (,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს - UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, საჯარო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას, მრავალფეროვნებას, ინოვაციების ხელმისაწვდომობას.

ლიბერთიმ აღნიშნულ კონფერენციაზე ბანკის უპრეცენდენტო და ინოვაციური პროექტი - ,,ტელეკლინიკა MyDoc,, წარადგინა, რომელიც ბანკის ინიციატივით უფროსი თაობის ადამიანებისთვის შეიქმნა და კომპანია „ტელეკლინიკასთან“ ერთად წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების დახმარებით, ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა განსაკუთრებით მათთვის, ვინც ქალაქისგან მოშორებულ სოფლებსა და რაიონებში ცხოვრობს.

მობილური კლინიკა საშუალებას იძლევა მოსახლეობას გაეწიოს სადიაგნოსტიკო და საკონსულტაციო სერვისები (გულსისხლძარღვთა, ენდოკრინული, სასუნთქი სისტემების შეფასება და შემოწმება) სრულიად ახალი ტექნოლოგიის - ტელემედიცინის მეშვეობით. შედეგების აღრიცხვა მყისიერად ხდება ციფრულ რეჟიმში, შემდგომ დისტანციურად გადაეცემა შესაბამის სპეციალისტებს და საჭიროების შემთხვევაში, მომხარებელი მომდევნო გამოკვლევების ჩასატარებლად, უახლოეს რეგიონულ კლინიკაში გადამისამართდება.

პროექტის მიმართ მოსახლეობის გამოხმაურება პოზიტიური, დაინტერესება კი მუდმივად მზარდია, რამაც განაპირობა საერთაშორისო აღიარება: „ტელეკლინიკა MYDOC“ გაეროს გლობალური შეთანხმების - კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდო 2022-ის კონკურსის გამარჯვებული გახდა. ბანკს კარგად ესმის მდგრადი განვითარების შინაარსი და ლიბერთის ყველა პროექტი სწორედ გრძელვადიანი შედეგის მიღწევაზეა ორიენტირებული. ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის მომხმარებლებზე ზრუნვას და ამ ინოვაციური და უპრეცენდენტო პროექტის განხორციელება ქვეყნის ყველა რეგიონშია დაგეგმილი.

„საქართველოს გაეროს ასოციაციის და გაეროს ასოციაციის მსოფლიო ფედერაციის მიერ ჩატარებულ კონფერენციაზე მოწვეულ დელეგატებს გავაცანით ლიბერთის და კომპანია „ტელეკლინიკის“ ერთობლივი ინოვაციური პროექტი „ტელეკლინიკა MyDoc”-ის კონცეფცია. ამ პროექტის მიზანია, საქართველოს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, მობილური მაღალტექნოლოგიური კლინიკების გამოყენებით, თანამედროვე - ტელემედიცინის მეთოდით ჩაუტარდეს უფასო პირველადი სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევები და საკონსულტაციო მომსახურება. პროექტის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის გამოხმაურება საკმაოდ პოზიტიურია და დაინტერესებაც მუდმივად მზარდია. 2022 წლიდან დღემდე 400-მდე სოფელს ვესტუმრეთ და 5,000-მდე ადამიანს გაეწია უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევა. „ტელეკლინიკა MyDoc”-ის პროექტი ორიენტირებულია სწორედ მდგრადი, გრძელვადიანი შედეგების მიღწევაზე. მომავალში დაგეგმილი გვაქვს ქვეყნის რეგიონების სრულად დაფარვა“. - დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

ლიბერთი ბანკის შესახებ:

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2023 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური