კახა ოქრიაშვილი რუს ვიზიტორებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მსურს, რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორებთან დაკავშირებით, ჩემი პოზიცია სულ რამდენიმე პუნქტით გაგაცნოთ:
1. ვიზიტორი, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ან დარღვეული აქვს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონი, არ უნდა დაიშვებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე.
2. ტურისტული მიზნით შემოსული მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ შემცირდეს 60-90 დღემდე, როგორც ერთი ვიზიტისას, ისე ჯამურად, კალენდარული წლის განმავლობაში - ნაცვლად უწყვეტი ერთი წლისა, როგორც ეს 2015 წლიდან დღემდე მოქმედებს.
3. სამუშაო ვიზის გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეზე უნდა ხდებოდეს სპეციალური პროცედურით, რომელმაც უნდა ცხადყოს, რომ ამ პირისთვის საქართველოში მუშაობის უფლების მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვისაც საჭიროებას წარმოადგენს.
4. ბინადრობის უფლების გაცემა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე უნდა განხორციელდეს სპეციალური, არაგამარტივებული მექანიზმით, რომელიც დაადასტურებს ამ პირის ლოიალურობას ჩვენი სახელმწიფოსადმი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ბინადრობის გაუქმება კი უნდა ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში, ნებისმიერი, მათ შორის სიტყვიერი ქმედებისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
სწორედ ამ ოთხ პრინციპზე დაყრდნობით უნდა შემუშავდეს ახალი კანონმდებლობა, რომელიც ერთის მხრივ, დაადასტურებს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ლოიალურობას საქართველოს სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის მიმართ, ხოლო მეორეს მხრივ, უზრუნველყოფს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის რეალურ ამოქმედებას", - აღნიშნულია განცხადებაში.
სომხეთი არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სომხურმა შეიარაღებულმა შენაერთებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს 10-ჯერ გაუხსნეს ცეცხლი. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსი ელემენტები არიან განლაგებული, არალეგალური სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების მხრიდან, სნაიპერული და სხვადასხვა კალიბრის იარაღით მთლიანობაში 10-ჯერ ესროდნენ აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ქალბაჯარის და ფიზულის რაიონების მიმართულებით.
სამინისტრო თავის განცხადებაში იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ აზერბაიჯანის არმიაში პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგი არ ყოფილა რა, სომხურ მხარეს ადეკვატური პასუხი გაეცა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაძაბულობაზე, რომელიც განვითარდა როგორც საზღვარზე, ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიებზე, სადაც დროებით რუსული ელემენტები არიან განლაგებული, სომხეთის ადმინისტრაციას ეკისრება.
ჩინეთის არმია განაგრძობდა საბრძოლო წვრთნების ჩატარებას წერტილოვანი დარტყმის შესაძლებლობების შესამოწმებლად
ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთის საბრძოლო სარდლობამ, კვირას განაგრძო ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება კუნძულ ტაივანის მიმდებარე წყლებში და საჰაერო სივრცეში. ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" იუწყება.
კვირას სწავლება ფოკუსირებული იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოცდაზე როგორც სახმელეთო, ასევე შორ მანძილზე საჰაერო სამიზნეების წინააღმდეგ. ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საბრძოლო სარდლობის აღმოსავლეთ ზონის ავიაციამ განათავსა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, მათ შორის ადრეული გამაფრთხილებელი თვითმფრინავები, ბომბდამშენები, რადიოელექტრონული, გამანადგურებელი ბომბდამშენები და გამანადგურებლები, რათა შეესრულებინათ ისეთი ამოცანები, როგორიცაა დაზვერვა, საჰაერო სივრცის კონტროლი, სახმელეთო დარტყმები და მხარდაჭერა.
საზღვაო და საჰაერო საბრძოლო სისტემების მხარდაჭერით, საჰაერო დარტყმის ძალებმა, შორ მანძილზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებთან და არაბირთვულ სარაკეტო ძალებთან ერთად, ჩაატარეს ერთობლივი წვრთნები წინასწარ დანიშნულ სამიზნეებზე ზუსტი დარტყმების განსახორციელებლად. ბომბდამშენების რამდენიმე ჯგუფი გადაფრინდა ტაივანის სრუტეზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისა და საპირისპირო მიმართულებით და რამდენიმე მათგანმა აწარმოა ერთობლივი ოპერაციები გამანადგურებელებთან და ფრეგატებთან.
ამჯერად განხორციელდა შეტევითი ოპერაციის ჩატარების სისტემატური შემოწმება ინფორმაციული კონტრმოქმედების პირობებში და შემუშავდა და გაუმჯობესდა კუნძულზე სტრატეგიული მიზნების განადგურების შესაძლებლობები, განაცხადა აღმოსავლეთის ზონის საჰაერო ძალების ერთ-ერთმა ოფიცერმა.
წყარო: http://russian.news.cn/20220808/d63e2bbd591a4775baf1ee74c133648a/c.html
თავდაცვის უწყებაში აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია!
თავდაცვის უწყებაში აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაშვებულია!
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 14 წელი გავიდა. ომის წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, რეგიონებში არსებულ სამხედრო ბაზებსა და ბრიგადებში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს თავდაცვის უწყება კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველოს თავდაცვის უწყება
რუსეთის საქართველოში შეჭრის 14 წლისთავი
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ჯ. ბლინკენის განცხადება
მიმდინარე წელს, რუსეთის არაპროვოცირებული შემდგომი შეჭრა უკრაინაში ხაზს უსვამს საქართველოსა და უკრაინის ხალხის მიმართ სოლიდარობის საჭიროებას. ქართველმა ხალხმა ძალზედ კარგად იცის, თუ როგორ იწვევს რუსეთის აგრესიული ქმედებები, მათ შორის დეზინფორმაცია, ე. წ. „ბორდერიზაცია“ და მასობრივი იძულებითი გადაადგილება ენით აუწერელ გაჭირვებასა და ნგრევას.
რუსეთი პასუხისმგებელია იმ ვალდებულებებზე, რომლებიც მან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში აიღო: რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და დაუშვას შეუზღუდავი წვდომა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე. მან უნდა გააუქმოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება. ეს აუცილებელია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება.
ჩვენი მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ კვლავაც მტკიცეა, ესწრაფიან რა ისინი თავიანთი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით
2022 წლის 7 აგვისტოს, სრულდება 14 წელი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს განხორციელებული ღია სამხედრო ინტერვენციიდან, რასაც მოყვა რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია და ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
ოკუპაციის მე-14 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და აფართოებს საკუთარ უკანონო კონტროლს ოკუპირებულ რეგიონებში. საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების აღმართვით, უკანონო დაკავებებითა და გატაცებებით, ადამიანის უფლებების უხეში შელახვით, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაციით დარტყმას აყენებს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ გარემოს, რითიც, სხვა მიზნებთან ერთად ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები იზოლაციაში მოაქციოს დანარჩენი საქართველოსგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან.
საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში შელახვა, ეთნიკური დისკრიმინაცია და ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლში დაბრუნების უფლების დარღვევა კვლავაც რჩება რუსეთის უკანონო ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ ტვირთად. დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაუსჯელობის წახალისება კი ზრდის ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის საფრთხეს.
ამ ფონზე კიდევ უფრო კრიტიკული ხდება ადგილზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების შეუზღუდავი წვდომა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგება, აგრეთვე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, მისიის მანდატის მიუხედავად, რასაც სამწუხაროდ აბრკოლებს საოკუპაციო ძალა.
ამ მძიმე ფონზე, გარდამტეხი როლი ჰქონდა 2021 წლის 21 იანვარს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც სამართლებრივად დადასტურდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი და სწორედ რუსეთს დაეკისრა პასუხისმგელობა ადგილზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის რუსეთის-საქართველოს ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს, ცხადყოფს, რომ ამაოა რუსეთის ფედერაციის მრავალწლიანი მცდელობა, თავიდან აირიდოს სამართლებრივი პასუხისმგელობა უკანონო ოკუპაციასა და მის შედეგებზე.
საქართველო განუხრელად განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებას და მოწადინებულია, რომ დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, შესაძლებელი გახადოს ქვეყნის გამთლიანება და მშვიდობიანი განვითარება, საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და საერთო ევროპული მომავლის მშენებლობა.
საქართველო მადლიერია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერისთვის და დიდად აფასებს საერთაშორისო პარტნიორების წვლილს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში. აღნიშნული მხარდაჭერა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღეს, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიით, განაგრძობს უხეშ დარღვევას საერთაშორისო სამართლის პრინციპების და ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვეტოს უკანონო და პროვოკაციული მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს ევროკავშირის წინაშე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართვას საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებისკენ და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთოხების უზრუნველსაყოფად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო სარგებლობს შემთხვევით და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებს 2008 წელს დაღუპულთა ხსოვნას და სამძიმარს უცხადებს მათ ოჯახებს.