ლონდონში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა განხორციელდა
გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, აზერბაიჯანის საელჩოზე რადიკალური რელიგიური ჯგუფის მხრიდან თავდასხმა განხორციელდა. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" წერს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რადიკალური ჯგუფი შევიდა ლონდონში მათ საელჩოს შენობაში და ვანდალიზმი ჩაიდინა, შენობის აივანზე რელიგიური დროშები ჩამოკიდეს და რადიკალური ლოზუნგები წამოიძახეს.
სამინისტროს განცხადებაში ასევ ნათქვამია, რომ რადიკალური ჯგუფის წევრები ადგილობრივი პოლიციის ჩარევის შემდეგ დააკავეს, საელჩოს თანამშრომლებს შორის კი არავინ დაშავებულა.
საკითხთან დაკავშირებით პირველი გამოხმაურება უკვე მოჰყვა თურქეთიდანაც. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის კოლეგა, ჯეიჰუნ ბაირამოვს ტელეფონით დაუკავშირდა რა, მომხდარი მკაცრად დაგმო და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას გამართავს
ყაზახეთის რესპუბლიკა ქართულ ბიზნესსექტორს უმაპისნძლებს
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ინიციატივითა და ხელშეწყობით ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყაზახურ-ქართული ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ყაზახეთს სავაჭრო-ეკნომიკური მისიით ქართული ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები ეწვევიან. დელეგაციის წევრები რამდენიმე დღის განმავლობაში ყაზახურ ბიზნეს სექტორთან B2B შეხვედრებს გამართავენ, რაც მათ ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობას მისცემს.
ღონისძიების მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარება წარმოადგენს. ანალოგიური ბიზნესფორუმები და B2B შეხვედრები მნიშვნელოვანია ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება მზად არის დაეხმაროს ქართულ ბიზნეს კომპანიებს, სტარტაპებსა და ყველა დაინტერესებულ პირს საკუთარი ბიზნესის გაფართოებასა თუ ახალი საქმიანობის წამოწყებაში.
„საქართველოსთვის ყაზახეთის ბაზარი მიმზიდველია და ბევრი მიმართულებით ასათვისებელი. ამისთვის კი საჭიროა, ერთმანეთის ბაზარს უკეთ ვიცნობდეთ, თუ რა საჭიროებები არსებობს და როგორ გამოვიყენოთ ეს რესურსი. სწორედ ამიტომ, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება წელს ყაზახეთის რესპუბლიკაში სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას გამართავს და ყველა მსურველს, რომელიც დაინტერესებულია ყაზახეთიდან საქართველოში იმპორტის ან ყაზახეთში ექსპორტის განხორციელებით, საშუალება ექნება, მონაწილეობა მიიღოს, გაცვალოს პოტენციურ პარტნიორებთან ინფორმაცია და გააცნოს საკუთარი შესაძლებლობები. ასეთი სახის ბიზნესფორუმები უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერებას“, - აღნიშნავს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დირექტორი, ნატალია ფედოსეევა.
ქართულ-ყაზახური სავაჭრო-ეკომონიკური მისია შემოდგომაზე იგეგმება. მონაწილეობისთვის შემუშავებულია სპეციალური განაცხადის ფორმა, რომლის შევსებაც დაინტერესებულ პირებს გაერთიანების ოფიციალური ვებგვერდიდან www.kaz.ge უკვე შეუძლიათ. კითხვარის შევსების შემდეგ, კომუნიკაცია მითითებულ ელ.ფოსტაზე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე ყაზახურ-ქართულმა ეკონომიკურმა გაერთიანებამ ყაზახეთის სავაჭრო-ეკონომიკურ მისიას თბილისში უმასპინძლა. მისიის ფარგლებში, ქართულ-ყაზახური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. საქართველოს მისიით ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის და 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესტუმრნენ. დელეგაციის წევრებმა, სამი დღის განმავლობაში, ქართული ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან B2B შეხვედრები გამართეს. ქართულმა და ყაზახურმა კომპანიებმა 11 მლნ დოლარამდე ღირებულების საექსპორტო ხელშეკრულებები გააფორმეს და B2B შეხვედრების შედეგად, ახალი ბაზრის ათვისების შესაძლებლობიც განიხილეს.
ინფორმაცია „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების შესახებ“
„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ ყაზახურ-ქართული ბიზნესის ერთობლივი ინიციატივით, 2021 წლის მარტში დაფუძნდა. გაერთიანების დამფუძნებლები საქართველოში ყაზახური კაპიტალის მქონე კომპანიები, კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ხალიკ ბანკი საქართველო“, „კაპიტოლ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“ და GK Logistics არიან. აღნიშნულ ინიციატივას, ასევე, შეუერთდნენ ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ავიაკომპანია „ეარ ასტანა“ და „რომპეტროლ საქართველო“. გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, წევრთა გადაწყვეტილებით, „კაპიტოლ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი და ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსული საქართველოში, გიორგი ჯახუტაშვილია, გენერალური დირექტორი კი, ნატალია ფედოსეევა გახლავთ. ორგანიზაციის მთავარ მიზანს ყაზახეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და სოციალურ-კულტურული ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. გაერთიანება ასრულებს ერთგვარი კომუნიკატორის როლს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის და შუამდგომლობს მათ საჯარო სტრუქტურებთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიუ-იორკში ორმხრივი შეხვედრები გამართა
2022 წლის 1-5 აგვისტოს, ნიუ-იორკში მიმდინარე ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ლაშა დარსალიამ ორმხრივი შეხვედრები გამართა გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, ასევე, უკრაინის, რუმინეთის, შვედეთის, ფილიპინების, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან და ჩილეს, ეკვადორის და სენტ-ლუშას მუდმივ წარმომადგენლებთან.
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწესთან, მიროსლავ იენჩასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს გაეროსთან საქართველოს თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა გენერალური მდივნის თანაშემწეს საქართველოში გაეროს სააგენტოების აქტიური მუშაობისა და მთელი რიგი პრიორიტეტული მიმართულებებით ჩართულობის გამო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მიკოლა ტოჩიტსკისთან (Mykola Tochytskyi) შეხვედრაზე ლაშა დარსალიამ მტკიცე სოლიდარობა გამოხატა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიის ფონზე. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების თემატიკას, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს და მრავალმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, მათ შორის ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მნიშვნელობას.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იულიან ფოტასთან (Iulian Fota) შეხვედრისას, ლაშა დარსალიამ მადლიერება გამოხატა რუმინეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერის გამო; აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა. მხარეები შეთანხმდნენ მჭიდრო თანამშრომლობაზე საერთო ინტერესების მატარებელ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან მაგნუს ნილსონთან (Magnus Nilsson) გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და ხაზი გაუსვეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობას. ლაშა დარსალიამ შვედ კოლეგას მადლობა გადაუხადა შვედეთის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და რეფორმების დღის წესრიგის მტკიცე მხარდაჭერის გამო.
ლაშა დარსალიასა და ფილიპინების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კარლოს სორეტას (Carlos Sorreta) შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის მზარდ თანამშრომლობაზე. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული მჭიდრო თანამშრობლობა, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივებისა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერაში გამოიხატება.
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დინარა კემელოვასთან შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების საკითხები და თანამშრომლობის ინიციატივები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
გაეროსთან ჩილეს, ეკვადორის და სენტ-ლუშას მუდმივ წარმომადგენლებთან ლაშა დარსალიას შეხვედრების ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და პრიორიტეტები მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში. მხარეები შეთანხმდნენ სხვადასხვა ფორმატებში საერთო ინტერესის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
ვიზიტის დასასრულს, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო გაეროსთან უნგრეთის მისიის მიერ ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების მე-10 გადახედვის კონფერენციის პრეზიდენტის, გუსტავო ზლაუვინენის პატივსაცემად გამართულ მიღებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება!
საქართველოს მმართველი პარტიიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც მოგეხსენებათ, ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც განასახიერებენ ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პარტიები, მისივე კუთვნილი მედიასაშუალებები, მასთან დაკავშირებული ცალკეული კომერციული სუბიექტები და რამდენიმე ყველაზე მდიდარი „ენჯეო“, მარტის დასაწყისში გაშლილი ჰქონდა სრულიად სამარცხვინო ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანია საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ.
ამ კამპანიით მათ რამდენიმე დღის მანძილზე დააჯერეს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით შემოდიოდნენ, რაც, მათივე მტკიცებით, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა.
თუმცა, მარტიდან ხუთი თვე გავიდა და ყველა დარწმუნდა, რომ რუსების უპრეცედენტო რაოდენობით შემოსვლა ომისა და ღალატის პარტიის მიერ მოგონილი ისეთივე სიცრუე იყო, როგორც მათივე მოგონილი უსაფრთხოების რისკები.
რამდენიმე დღეა, ომისა და ღალატის პარტია იგივე შემადგენლობით ცდილობს ააგოროს ქსენოფობიური კამპანიის მეორე ტალღა. ამ შემთხვევაშიც, მათ აქვთ მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ რუსები საქართველოში უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობით არიან შემოსული და რომ ეს ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს. ამ აღქმის ჩამოყალიბებას ისინი, ტრადიციულად, ფაქტების უხეში გაყალბებით ცდილობენ.
მაგალითად, ომისა და ღალატის პარტიის კუთვნილი ერთ-ერთი ტელევიზია რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას არწმუნებდა, რომ საქართველოში მყოფი რუსების რაოდენობა, თითქოს, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტს გაუტოლდა. სინამდვილეში, საქართველოში წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა სამჯერ ჩამორჩება ქვეყანაში 2019 წელს შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას. გარდა ამისა, საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ომის დაწყების, 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ საქართველოში და 31 ივლისის მდგომარეობით საქართველოში იმყოფებიან, 110 ათასზე ნაკლებია, რაც საქართველოს მოსახლეობის 3 პროცენტსაც კი არ შეადგენს. ამასთან, მათი დიდი ნაწილი ეროვნებით ქართველია.
განცხადებებზე, რომელთა მიხედვით საქართველოში რუსეთიდან მასობრივად არა ტურისტები, არამედ სამხედროები და სპეცსამსახურების თანამშრომლები შემოდიან, სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.
თუკი რამეა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული საფრთხის შემცველი, ეს სწორედ ქსენოფობიური და შოვინისტური კამპანიაა. შეგახსენებთ, რომ ამ კამპანიის შედეგად მარტში მძიმე ინციდენტი დაფიქსირდა, როდესაც საქართველოში სამი წლის წინ ჩამოსულ რუსი ეროვნების ახალგაზრდა ქალს თბილისის ცენტრში ქვა ესროლეს.
ქსენოფობიური კამპანიის ავტორებსა და გამავრცელებლებს ჭეშმარიტ ქართულ და ევროპულ ფასეულობებთან საერთო არაფერი აქვთ. ქსენოფობია და შოვინიზმი არასოდეს ყოფილა და არც არასდროს იქნება ქართული კულტურის ნაწილი. მოვუწოდებთ ყველას, გაემიჯნონ ანტისახელმწიფოებრივ და დისკრიმინაციულ კამპანიას, რომლის ერთადერთი მიზანი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევაა.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების დაწესებას ითხოვენ ადამიანები, რომლებმაც ნაწილობრივ 2010 წელს, ხოლო სრულად 2012 წლის თებერვალში, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღეს. ყველას კარგად გვახსოვს, 2011 წელს როგორ ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი ნაკადით. იმავე პერიოდს განეკუთვნება ვანო მერაბიშვილის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ რუსულ ფულს სუნი არ უდიოდა.
ყველას კარგად გვახსოვს ომისა და ღალატის პარტიის პროვოკაციული ქმედებები - ომის დაწყებისთანავე ანტისამთავრობო აქციების გამართვა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა და სხვ. ყველას გვახსოვს ომის რიტორიკა ეკა გიგაურის, ნინო ლომჯარიას, დავით უსუფაშვილის, ზურაბ ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას, მიშა მშვილდაძის, თენგიზ გოგოტიშვილის, გიორგი მარგველაშვილის, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების და ნაციონალური მოძრაობის უცხოელი ლობისტების შესრულებით. საბოლოოდ, საზოგადოების ჯანსაღი და მკვეთრი რეაქციის გამო, ადამიანებს, რომლებიც ქვეყანას ომისკენ უბიძგებდნენ, უკან დახევა მოუწიათ და დღეს ისინი თავის მართლების რეჟიმში არიან გადასული.
თუმცა, რასაც პირდაპირი ფორმით ვერ მიაღწიეს, ახლა იმის მიღწევას ირიბი გზით, ქსენოფობიური კამპანიით ცდილობენ. მათი გათვლა მარტივია - ქსენოფობიური კამპანიით უნდა გაღვივდეს აგრესია რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რამაც უნდა გამოიწვიოს ესკალაცია და ინციდენტები. ეს ყველაფერი კი, ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველო რამენაირად ჩართონ სამხედრო კონფლიქტში.
„ქართული ოცნება“ გმობს ქსენოფობიურ კამპანიას, რომელიც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების სფეროში.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას ნაციონალური მოძრაობისა და მისი პარტნიორების სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას ომი თავიდან ააცილოს", - აღნიშნულია ი. კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
.