„ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო
მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილე საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო წვრთნების დაწყება თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე ნატოს ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2022“ უკვე მეექვსედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებს. „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
სწავლების ისტორიაში წელს პირველად მიიღებენ მონაწილეობას იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები. მრავალეროვნულ სწავლებაში 2400-ზე მეტი სამხედროა ჩართული. წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი, იაპონია, ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა და შვედეთის შეიარაღებული ძალები.
პეკინში დასრულდა 2022 წლის მსოფლიო ახალი ენერგიის სატრანსპორტო საშუალებების კონგრესი (ვიდეო)
პეკინი, 29 აგვისტო (სინხუა) -- მაღალმა ტექნოლოგიებმა, როგორიცაა წყალბადის საწვავის უჯრედები და მანქანის ჩიპები, მიიპყრო დამსწრეების ყურადღება 2022 წლის მსოფლიო ახალი ენერგიის სატრანსპორტო საშუალებების კონგრესზე, რომელიც კვირას პეკინში დასრულდა.
კონგრესში მონაწილეობდნენ ენერგიის ახალი წყაროების მოძიების სფეროში მოღვაწე მსოფლიოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები. #GLOBALLlink
ვიდეო მომზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ
საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტის "ევრობასკეტი 2022" გამოშვებას იწყებს
ევრობასკეტი 2022 - წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკალათბურთო ღონისძიებაა, როგორც მონაწილე ქვეყნების სპორტული მიღწევების, ასევე, ქვეყნის, როგორც მასპინძლისა და ორგანიზატორის საერთაშორისო მნიშვნელობის სტატუსის თვალსაზრისით. საქართველომ ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება იტალიასთან (მილანი), გერმანიასთან (კიოლნი, ბერლინი) და ჩეხეთთთან (პრაღა) ერთად 2019 წელს მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ, ევროპის სპორტული საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოხატულებაა.
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, თბილისი მსოფლიო ყურადღების ცენტრში ექცევა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და საკალათბურთო რეიტინგის მოწინავე ნაკრები გუნდების მასპინძლობით. თბილისს ეწვევიან უმაღლესი რანგისა და მნიშვნელობის სტუმრები და გულშემატკივრები, რაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ტურიზმის პოპულარიზაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ქართულ კალათბურთს წელს 100 წელი უსრულდება. ევრობასკეტი 2022 - ის მასპინძლობას კი სპორტის ეს სახეობა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევრობასკეტი 2022 - ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა.
საკოლექციო მონეტის დიზაინი ღია კონკურსის წესით შეირჩა. მონეტის ავერსის ესკიზი - ალექსანდრე ვერულაშვილმა, ხოლო რევერსის ესკიზი - სოფიო წიქარიძემ მოამზადეს. მონეტა ბადენ-ვიურტემბერგის (გერმანია) სახელმწიფო ზარაფხანაში 5000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 70 ლარია.
ეროვნული ბანკი მუდმივად ცდილობს, გაითვალისწინოს ნუმიზმატების, კოლექციონერების და სხვა დაინტერესებული მხარეების სურვილები და რეკომენდაციები და ზრუნავს, გააუმჯობესოს საკოლექციო მონეტების რეალიზაციის პირობები. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა წინასწარი შეკვეთების პრაქტიკა 2021 წელს დაიწყო და ევრობასკეტი 2022 იყო პირველი საკოლექციო მონეტა, რომელიც წინასწარი შეკვეთით გაიყიდა.
წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის გვერდზე - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში შემდეგი პირობებით:
- 2022 წლის 22 აგვისტოდან 28 აგვისტოს ჩათვლით წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით, მიწოდების პირობით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულება-მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge
- 2022 წლის 29 აგვისტოდან 2 თვის განმავლობაში წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და ყვარლის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) მათი დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის პირობით.
2022 წლის პირველი სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით - https://moneymuseum.nbg.gov.ge, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ.) და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის (ყვარელი, შოთა რუსთაველის N10) სალაროებში. თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში, მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს 1 მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს კალათბურთის ფარისა და ბურთის სტილიზებული გამოსახულება. მარჯვენა მხარეს კი სტილიზებული სახით შესრულებულია ნომინალის აღმნიშვნელი წარწერა "5 ლარი". წრიულ რკალზე მარჯვენა ნაწილში დატანილია წარწერები "ქართული კალათბურთი - 100 წელი" და "საქართველო . Georgia", რომელთა შორის გამოსახულია ევრობასკეტის თასი.
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ცენტრში განთავსებული ევრობასკეტი 2022-ის ლოგო ქვეყნისა და ქალაქის წარწერით, კალათბურთის ბურთის კონტურული გამოსახულების ფონზე. მონეტის ქვედა მარცხენა ნაწილში დატანილია გამოშვების წელი "2022".
მონეტის მახასიათებლები:
ნომინალი: 5 ლარი
შემადგენლობა: Ag 925
წონა: 15.5 გ
დიამეტრი: 33 მმ
წიბო: გლუვი
ხარისხი: პრუფი
მოჭრის რაოდენობა: 5000 ცალი
გამოშვების წელი: 2022
დიზაინერები: ავერსი - ალექსანდრე ვერულაშვილი; რევერსი - სოფიო წიქარიძე
საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას მონეტის დიზაინში გამოყენებულ წარწერებსა და "ევრობასკეტი 2022" - ის ლოგოსთან დაკავშირებით გაწეული დახმარებისათვის.
სსფ-ის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა-კ. გვენეტაძე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. კობა გვენეტაძემ და ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები.
კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს, კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით ხვდება.
საუბარი, ასევე, შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროგრამას (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს.
"საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. წლების განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. პოლ ჰილბერსთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობაზე და სებ-ის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც სსფ-ის მიერ დადებითად არის შეფასებული", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას.
ეროვნული ბანკის პრეს-სამსახური
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრები სლოვაკეთთან მატჩისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.
ფეხბურთის ფედერაციის ადმინისტრაციის ცნიბით, გიორგი ჩხაიძის გუნდი, 1 სექტემბერს, გორში, სლოვაკეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩისთვის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება.
მატჩის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube არხი შემოგთავაზებთ.
ირაკლი ბერაია გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური პოლიციის დაცვის სამსახურის დირექტორთან შტეფან რუსსთან, რომელიც ამავე დროს პირადი დაცვის სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის თავმჯდომარეა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული საფრთხეები და გამოწვევები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა (სდსს) და პარტნიორი ორგანიზაციების პრიორიტეტები, დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები.
განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა სდსს-ს მაღალ ეფექტიანი საქმიანობა, პირადი შემადგენლობის პროფესიონალიზმი და აღჭურვილობის ხარისხი.
სამუშაო ვიზიტად მყოფ გერმანელ სტუმარს საქართველოში პარტნიორი ორგანიზაციის - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი მასპინძლობს.
ვიზიტის მიზანია პირადი დაცვის სამსახურების საერთაშორისო ასოციაციის მე-18 კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობა, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში, თბილისში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.
ღონისძიებას მსოფლიოს 50 მდე ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების დაცვის სამსახურების 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრება. პარლამენტში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნინო ბახსოლიანი და სამსახურის სასწავლო ცენტრის უფროსი, ირაკლი ფოჩხუა მონაწილეობდნენ.
ლი ჟანშუმ ხაზი გაუსვა ხუანხეს (ყვითელი მდინარის) დაცვის მნიშვნელობას, კანონის შესაბამისად
ლანჯოუ, 28 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრმა, ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარემ ლი ჟანშუმ ხაზი გაუსვა ხუანხეს (ყვითელი მდინარის) დაცვის მნიშვნელობას, კანონის შესაბამისად. აგრეთვე აღნიშნა მდინარის გამოყენება ხალხის სასარგებლოდ.
მან ეს განცხადება 26-28 აგვისტოს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის განსუს პროვინციაში ინსპექტირების დროს გააკეთა.
ლი ჟანშუ ეწვია ქალაქებს ცინგიანსა და ლანჯოუს, სადაც გაეცნო პროვინციაში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესების ვითარებას, წყლის რესურსების გამოყენებას, კულტურული მემკვიდრეობისა და ყვითელი მდინარის დაცვის ღონისძიებებს.
მან ასევე გამართა საუბარი ყვითელი მდინარის დაცვის თაობაზე საკანონმდებლო დონეზე, რომლის დროსაც მოისმინა შესაბამისი თანამდებობის პირების, სახალხო კონგრესის დეპუტატების, ექსპერტების, მეცნიერებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებები და წინადადებები.
ყვითელი მდინარისთვის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელსაც ჩინეთის კომპარტია უდიდეს ყურადღებას ანიჭებს, განაცხადა ლი ჟანშუმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ყვითელ მდინარის აუზის ეკოლოგიური გარემოს დაცვა და მისი მაღალი ხარისხის განვითარების უზრუნველყოფა.
გარდა ამისა, ლი ჟანშუმ ხაზი გაუსვა წყლისა და ნიადაგის რესურსების შენარჩუნების, ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენის, წყლის დაბინძურების პრევენციისა და კონტროლის და წყლის რესურსების რაციონალური გამოყენების მნიშვნელობას.
ინსპექტირების დროს მან ასევე მოინახულა რევოლუციის მემორიალური მუზეუმი და აღჭურვილობის საწარმოო ბაზა, რომელიც ქალაქ ნანლიანში მდებარეობს.
ბირთვული უსაფრთხოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ: ახალი გამოწვევები და რისკები
ბათუმის მეექვსე საზაფხულო უნივერსიტეტი წელს მიეძღვნა რუსეთის უკრაინაში შეჭრით გამოწვეული შედეგების ანალიზს. სამდღიანი სემინარის სადისკუსიო თემები იყო უკრაინაში რუსეთის აგრესიის ეროვნული, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ასპექტები ბირთვული უსაფრთხოების და გაუვრცელებლობის რისკების გათვალისწინებით.
წლების განმავლობაში, ბათუმის საზაფხულო უნივერსიტის მოწვეული საერთაშორისო ექპერტები სტოკჰოლმის უნივერსიტეტიდან, ლონდონის სამეფო კოლეჯიდან, ოდესის მეჩნიკოვის ეროვნული უნივერსიტეტიდან და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან ლექციებს ატარებენ და გამოცდილებას უზიარებენ ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე.
ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი დაარსდა 2015 წელს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ინიციატვით და აერთიანებს ბირთვული უსაფრთხოების და გაუვრცელებლობის სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ექსპერტებს, მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის წარმოამადგენლებს.
ილხამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 31 აგვისტოს შეხვდებიან
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს სამმხრივ შეხვედრაზე შეხვდებიან. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის განცხადებით, ი. ალიევი, ნ. ფაშინიანი და შ. მიშელი 31 აგვისტოს ბრიუსელში შეხვდებიან.
შ. მიშელის შუამავლობით ი. ალიევმა და ნ. ფაშინიანმა მანამდე შეხვედრები გამართეს ბრიუსელში 2020 წლის 14 დეკემბერს, 30 მარტს და 22 მაისს.
ი. ალიევისა და ნ. ფაშინიანის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, საზღვრის დემარკაციის კომისიები ვიცე-პრემიერების ხელმძღვანელობით კვლავ შეიკრიბებიან.
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის შაჰინ მუსტაფაევის და სომხეთის ვიცე-პრემიერის მჰერ გრიგორიანის ხელმძღვანელობით კომისიები 30 აგვისტოს მოსკოვში შეხვედრას გამართავენ.