Items filtered by date: პარასკევი, 26 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

ნურ-სულთანი, (სინხუა) - ჩინეთის საკალათბურთო ნაკრებმა დღეს აქ დაამარცხა ყაზახეთის ნაკრები 2023 წლის FIBA-ს კაცთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში.

მატჩი ანგარიშით 68:56 დასრულდა.

29 აგვისტოს ყაზახეთის დედაქალაქში გაიმართება მომდევნო შესარჩევი მატჩი ჩინეთისა და ბაჰრეინის ნაკრებებს შორის.

2023 წლის FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატი იქნება მე-19 მსოფლიო ჩემპიონატი მამაკაცთა ნაკრებებს შორის, რომელიც ტარდება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის /FIBA/ ეგიდით. ტურნირს ინდონეზია, იაპონია და ფილიპინები უმასპინძლებენ.

ტურნირის ჩატარების თარიღებია 2023 წლის 25 აგვისტოდან 10 სექტემბრამდე.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედების გამოყენებით, მსოფლიოში პირველი თაგვის სინთეზური ემბრიონი შექმნეს. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ჟურნალ The Journal Nature-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მეცნიერებმა თაგვების მოუმწიფებელი ღეროვანი უჯრედები და ორი სხვადასხვა ტიპის ღეროვანი უჯრედები გააერთიანეს ემბრიონის შესაქმნელად.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ღეროვანი უჯრედების ბიოლოგმა ზერნიკა-გოეციმ  თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ შექმნილ ყველა ემბრიონი არ იყო სრულყოფილი, საუკეთესოებიც იყო „განსხვავებული“ თაგვის ბუნებრივი ემბრიონებისგან.

მისივე თქმით, კვლევის მიზანია განვითარების ადრეული ეტაპების უკეთ გააზრება და ცხოველთა დიდი რაოდენობით გამოყენების აუცილებლობის თავიდან აცილება, როგორც საცდელ სუბიექტებს დაავადების მექანიზმების შესასწავლად.

 

გამოქვეყნებულია მსოფლიო

სარაევოში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს საქართველოს ნაკრები. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ოლიმპიური კომიტეტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ჩვენმა გუნდმა ოთხიდან  სამ წონაში  მედლები მოიპოვა. მათ შორის ორი მედალი უმაღლესი სინჯისაა, ორი კი - ბრინჯაოსი.

მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმეს დავით ქარელმა (60 კგ) და საბა სამადაშვილმა (66 კგ).

ქარელმა ფინალამდე ხუთი შეხვედრა ჩაატარა. დაამარცხა პოლონელი, სლოვაკი, უნგრელი, ყაზახი და აზერბაიჯანელი თანატოლები, ოქროს მედლისთვის შეხვედრაში კი წმინდა გამარჯვება მოიპოვა ფრანგ კელვინ რეისთან და საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.

სამადაშვილი ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა საუდის არაბეთის, ყაზახეთის, იტალიის და საფრანგეთის წარმომადგენლები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი უზბეკ შოჰჯახონ ოტაბოევს იპონით მოუგო და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

საქართველოს ნაკრებმა ერთბაშად ორი მედალი მოიპოვა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში. საბა საბაშვილმა და დავით ლომიტაშვილმა ბრინჯაოს მედლები მიიღეს.

გამოქვეყნებულია სპორტი

გავრცელდა ინფორმაცია, რომ წელს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამო დაღუპულთა რიცხვმა 1 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ჟენევის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა კოვიდ-19-ის პანდემიის უახლესი მოვლენების შესახებ ისაუბრა.

მან განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოდან, როდესაც ვირუსმა გამოვლენა დაიწყო, დღემდე მსოფლიოში ვირუსით 6,45 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

„ამ კვირაში ჩვენ გადავლახეთ სამწუხარო ეტაპი, წლის დასაწყისიდან 1 მილიონი ადამიანი დაიღუპა“. -  თქვა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინსტრუმენტები სიცოცხლის დაკარგვის თავიდან ასაცილებლად, ამდენი სიკვდილიანობა მიუღებელია.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მთავრობას ვაქცინაცია ჩაუტარონ ჯანდაცვის მუშაკებს, ხანდაზმულებს და მაღალი რისკის მქონე პირებს, რათა მიაღწიონ თავიანთი მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციის მიზანს“. - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.

გებრეისუსმა აღნიშნა, რომ 136 ქვეყანამ ვერ შეასრულა ივნისის ბოლომდე მოსახლეობის 70 პროცენტის ვაქცინაციის მიზანი და ხაზგასმით თქვა, რომ ამ ქვეყნებიდან 66-მა ჯერ კიდევ ვერ მოახდინა მათი მოსახლეობის 40 პროცენტის ვაქცინაცია.

გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის მასშტაბები თანდათან იზრდება იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და დაამატა: „მეტია გასაკეთებელი. მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი, ჯანდაცვის მუშაკების ორი მესამედი და მოხუცების სამი მეოთხედი ჯერ კიდევ არავაქცინირებულია“.

 

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

საქართველოს პარლამენტის წევრების, სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, გურამ მაჭარაშვილისა და მიხეილ ყაველაშვილის განცხადება:

"საზოგადოებისადმი ჩვენი მორიგი მიმართვა გვინდა დავიწყოთ მადლობით ამერიკის ელჩის, ქალბატონ კელი დეგნანის მიმართ. გვერწმუნეთ, ამ მადლობაში მცირეოდენი ირონიაც კი არ არის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე იმ სიმართლის მიტანაა, რომელიც ქართული პოლიტიკის კულისებს მიღმა იმალება. სწორედ ხალხამდე ამ სიმართლის მიტანაში ყველაზე მეტად გვეხმარება ქალბატონი დეგნანი, რომლის ყოველი ახალი განცხადება მორიგი აღიარებითი ჩვენებაა.

ქალბატონი ელჩის ბოლო ორი კომენტარით კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ სინამდვილეში ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან. როგორც ცნობილია, რადიკალური ოპოზიციის მეშვეობით თავს მოხვეული პოლარიზაცია ორ ძირითად ხელოვნურ საყრდენზე დგას: ესაა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარება. ამ საყრდენების გასამაგრებლად, „ნაციონალური მოძრაობა“, საბჭოური პროპაგანდის „საუკეთესო“ ტრადიციების მიხედვით, კონკრეტულ კლიშეებს იყენებს. ამ კლიშეებს შორის განსაკუთრებული ადგილი „გავრილოვის ღამეს“ და „არასამართლიან არჩევნებს“ უკავია. ბოლო რამდენიმე დღეა, ქალბატონი დეგნანი სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით შემოგდებული ამ მესიჯებით გველაპარაკება, რაც იმის მკაფიო დასტურია, რომ ეს მესიჯები, ისევე, როგორც პოლარიზაციის პრობლემა სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული.

ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ბევრს არ ვიტყვით, მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ იმ ღამით ერთი მხრიდან პარლამენტში საელჩოს ერთი ფავორიტი, ნიკანორ მელია იჭრებოდა, ხოლო მეორე მხრიდან ადამიანებს დამიზნებით საელჩოს კიდევ ერთი ფავორიტი, გიორგი გახარია ესროდა. შესაბამისად, ელჩის ადგილზე, ე.წ. „გავრილოვის ღამეზე“ ძალიან ცოტას ვილაპარაკებდით. როგორც ცნობილია, სიბრძნის ლაპარაკი ვერცხლია, დუმილი კი - ოქრო. როდესაც ვერცხლი შენგან ასე შორსაა, ხოლო ოქრო წინ გიდევს და არაფერში იყენებ, ეს, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია იმ სახელმწიფოს წინაშე, რომელსაც პარტნიორ ქვეყანაში ღირსეულად უნდა წარმოადგენდე.

რაც შეეხება არასამართლიან არჩევნებს: ქალბატონმა დეგნანმა თქვა, არჩევნები სამართლიანად არავის შეუფასებია და ხალხში არჩევნების შედეგებისადმი ნდობა არ არსებობსო. სწორედ აქ წამოცდა ქალბატონ ელჩს, რომ წარუმატებელი რევოლუციური სცენარი და რადიკალური ოპოზიციის ყალბი მესიჯი არასამართლიანი და გაყალბებული არჩევნების შესახებ საელჩოშია დაწერილი.

ქალბატონმა ელჩმა ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ეუთო/ოდირმა და ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ როგორც 2020 წლის, ისე 2021 წლის არჩევნები შეაფასა როგორც „თავისუფალი და კონკურენტული, რომელშიც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული“, რაც არჩევნების სამართლიანობის სინონიმია. ტერმინ „სამართლიანს“ ეუთო/ოდირი თავის ანგარიშებში უკვე დიდი ხანია აღარ იყენებს, რაც საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში „ისფედის“ ბორდის მაშინდელმა თავმჯდომარემაც აღიარა. როდესაც ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით გავრცელებულ და არგუმენტებით უკვე მრავალგზის განეიტრალებულ მესიჯს იმეორებს, ჩანს, რომ ხელისუფლების არალეგიტიმურობის აღქმისა და რევოლუციური განწყობის ხელოვნურად ჩამოყალიბება მისთვის თვითმიზანია.

ქალბატონმა ელჩმა ასევე აღნიშნა, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაცია ამომრჩეველთა დაშინებაზე, ხმების ყიდვაზე, ძალადობრივ ადმინისტრაციულ რესურსებზე და ე.წ. კარუსელზე მიუთითებდაო. ქალბატონ დეგნანს გვინდა შევახსენოთ, რომ ყველა ეს თემა საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, მათ შორის დეტალურად გამოიკითხნენ დამკვირვებელი ენჯეოების ხელმძღვანელები. საბოლოოდ, დადგინდა, რომ არცერთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას რაიმე მყარი ფაქტები ამომრჩეველთა დაშინების, ხმების ყიდვის თუ ადმინისტრაციული რესურსის სისტემური გამოყენების შესახებ არ ჰქონდა. სრულიად სამართლიანად, საქილიკო თემადაც კი იქცა ის ფაქტი, რომ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დარღვევებზე საუბრისას ყოველ ჯერზე სიტყვა „სავარაუდოს“ იყენებდნენ, რითაც მტკიცების ტვირთს სრულად იხსნიდნენ. ეუთო/ოდირი და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები საელჩოდან მართული ენჯეოების მიერ ჩამოთვლილ „სავარაუდო დარღვევებზე“ რომ მიუთითებდნენ, ეს ელჩისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია. რაც შეეხება ე.წ. კარუსელს, ეს ტერმინი ეუთო/ოდირის ანგარიშში საერთოდ არ მოხვდა და ელჩი რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ მოგონილ ამ ფეიკს იმეორებს, ჩვენთვის გასაკვირი აღარ არის.

სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის მორიგი გზავნილი „ისფედის“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების შესახებ. ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“ უწოდა და თქვა, „ისფედის“ მიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაცია ელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს.

რაც შეეხება „უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივე „პივიტის“, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაც „ისფედის“ მეთოდოლოგიის მიხედვით, 0,7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და „პივიტის“ შედეგებს შორის სხვაობა 0,7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ცესკოს და „პივიტის“ მონაცემებს შორის დაფიქსირდა 2,4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ან „პივიტი“. აქვე შეგახსენებთ, რომ 2,4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა და „პივიტის“ ამდენი ხმით გაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2,4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, „პივიტი“ იყო გაყალბებული.

რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, „ისფედის“ მიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევე მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „პივიტის“ ცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, „პივიტის“ თემაზე შედგა არაერთი შეხვედრა როგორც „ისფედის“ ხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. „ისფედის“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოს „პივიტის“ ცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ჰქონდა. ასეთ პირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდა „პივიტის“ სიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებების მოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული. ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია - ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც „პივიტის“ გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „პივიტისთან“ ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, „ისფედისვე“ დასკვნით, არჩევნებზე 4,1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, „ისფედმა“ „ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელურ დათვლაში 45,8 პროცენტი დაუწერა და ამას 4,1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არა 48,2, არამედ 41,7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ისფედის“ ფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მის მიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, „ისფედს“ ეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია.

ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის.

როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, „პივიტის“ გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს „პივიტის“ გაყალბება იყო.

თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს:.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ჩინეთისა და ASEAN-ის განათლების თანამშრომლობის მე-15 კვირეული სამშაბათს ჩინეთის პროვინცია გუიჟოუში დაიწყო.

მონაწილეები გაცვლიან იდეებს ისეთ თემებზე, როგორიცაა თანამშრომლობა განათლებისა და განათლების მდგრადი განვითარების შესახებ პოსტპანდემიურ ეპოქაში.

ვიდეო მომზადებულია Xinhua Global Service-ის მიერ

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გაძლიერებული ძალებით, მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ შსს-ს ადმინისტრაციაში განუცხადეს.

ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა.
ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე.
რთულ, მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.
მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.
გამოქვეყნებულია სამართალი

აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქ შუშაში გაიმართა მსოფლიო აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მე-3 საზაფხულო ბანაკი.

მსოფლიო აზერბაიჯანელი ახალგაზრდების მე-3 საზაფხულო ბანაკში, სადაც 50 ქვეყნიდან 115 ახალგაზრდა მონაწილეობდა, საქართველოს 7 ახალგაზრდა წარმოადგენდა.

ახალგაზრდებს ქ. შუშაში ძალიან საინტერესო პროგრამა დახვდათ. მსოფლიოს ახალგაზრდა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ქალაქის ოფიციალურ პირებთან. შეხვედრებზე მკაფიოდ აღინიშნა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია.

გარდა ამისა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ქ. შუშას ღირშესანიშნავობები და მოინახულეს ქალაქის აღსადგენად მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ბანაკი, რომელიც ჩატარდა 2-8 აგვისტოს,  ორგანიზებული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტისა და ჰეიდარ ალიევის ფონდის მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, აზერბაიჯანის ახალგაზრდული ფონდის, სახელმწიფო ტურიზმის სააგენტოსა და ქალაქ შუშას სახელმწიფო ნაკრძალის დეპარტამენტის პარტნიორობით.

ალმაზ ნადიროღლუ

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური