Items filtered by date: ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

„წლევანდელი სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022" მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება ერთად წვრთნისა და მომზადების შესახებ.

როგორც ხმალი ლესავს ხმალს, ერთად, მოკავშირე ძალები სწავლობენ ქართველებისგან და ქართველები - მოკავშირეებისგან. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ", - პოლკოვნიკი ჯეიმს ტომფსონი, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ატაშე სამხედრო წვრთნა „ღირსეული პარტნიორი 2022"-ს შესახებ.

ავტორების მიხედვით 

 

გამოქვეყნებულია სამხედრო

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩთან, ჭოუ ციენთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ პარლამენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობაზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ ელჩს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, უკრაინაში რუსული აგრესიის გავლენაზე საქართველოსა და ზოგადად შავი ზღვის რეგიონზე.

მხარეებმა ასევე განიხილეს ტაივანის ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები.

შეხვედრაზე ორივე მხარემ დაადასტურა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და ამ მიმართებით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების ერთგულება.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და კონკურენტუნარიანობის ზრდა იყო დღეს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა. 

ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების ფონზე სულ უფრო იზრდება აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო-სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა და მისი განვითარების საკითხი, ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი ხდება.   

„თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა სატრანზიტო, სატრანსპორტო, ლოგისტიკური მიმართულებით არის უმნიშვნელოვანესი. შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს დერეფნის კონკურენტუნარიანობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. ჩვენ განვიხილეთ არსებული მიმდინარე, კონკრეტული პრობლემები და გადაჭრის გზებიც დაისახა იმისთვის, რომ ტვირთბრუნვა დაჩქარდეს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტი ტვირთი გადავზიდოთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ინფრასტრუქტურის გამოყენებით და საბოლოოდ, შევქმნათ არსებული სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების რეალური ალტერნატივა“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა.

სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოგლუმ. მისი თქმით, რაც მეტი იქნება ჩვენი ქვეყნების დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნები, მით უფრო ძლიერი იქნება სამ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა. როგორც ის აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. შუა დერეფანი და აქედან გამომდინარე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც შუა დერეფნის, ისე უწყვეტი სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ჩინეთიდან ლონდონამდე.  

„ამის საშუალებას იძლევა უკვე არსებული პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, მარმარაის გადასასვლელი სტამბოლში და ამ პროექტების მეშვეობით შესაძლებელი იქნება, რომ ჩინეთიდან გამოსული ტვირთი უწვეტ რეჟიმში მოხვდეს ლონდონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი როგორც რეგიონისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის, 800 მილიარდის სავაჭრო მოცულობა უნდა იქნას ათვისებული, არ მოხდეს მისი დაკარგვა, სხვა სატრანსპორტო დერეფნებში გადანაწილება. აქედან გამომდინარე ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ სატვირთო გადაზიდვებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში სატვირთო გადაზიდვებთან ერთად დაიწყოს სამგზავრო გადაყვანებიც“, - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.  

შუა დერეფნის მიმართ გაზრდილ საერთაშორისო ინტერესზე ისაუბრა აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა.  

„ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი, თურქეთი და საქართველო, ამ დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის განსახილველად. ჩვენი მიზანია გავზარდოთ დერეფნის ეფექტურობა ისეთი საკითხების გადახედვით, როგორიცაა ტარიფების რეგულირება, ბლოკ-მატარებლების გაერთიანება და საზღვრების გასწვრივ რეგულაციებისა და აქტივობების სინქრონიზაცია“ - აღნიშნა რაშად ნაბიევმა.

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ყაზახური და ქართული მხარე რელიგიათაშორისი განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ

25 აგვისტოს, 15:00 საათზე, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს ორგანიზებით და ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელშეწყობით გაიმართება ღონისძიება, თემაზე „რელიგიათაშორისი და ინტერცივილიზაციური დიალოგი მშვიდობისა და ჰარმონიისთვის“. მრგვალი მაგიდა, რომელიც ონლაინ ფორმატში მოეწყობა, მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა VII ყრილობას ეძღვნება და მისი მიზანია რელიგიათა შორის ურთიერთკავშირების გაძლიერება, თანხმობის შენარჩუნება და მის უზრუნველსაყოფად ქვეყნების ექსპერტებს შორის მოსაზრებების გაცვლა, ყაზახეთის რესპუბლიკის დადებითი იმიჯის ფორმირება მსოფლიო ასპარეზზე და მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა დაგეგმილი VII ყრილობის პოპულარიზაცია, რომელიც 14-15 სექტემბერს ქალაქ ნურ-სულთანში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კასიმ-ჟომარტ ტოკაევის თავმჯდომარეობით იგეგმება.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ყაზახური და ქართული მხარე, კერძოდ, სამდივნოსა და ყრილობის წევრები, წამყვანი ექსპერტები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
„ყაზახეთს სამართლიანად უწოდებენ „ცივილიზაციათა გზაჯვარედინს“. ჩვენი რესპუბლიკა ოდითგანვე იყო ბუნებრივი საზღვარი მსოფლიოს უდიდეს რელიგიებს - ისლამს, ქრისტიანობასა და ბუდიზმს შორის. საუკუნეების მანძილზე აქ ერთად ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ სხვადასხვა ხალხისა და ეთნოსის წარმომადგენლები. აქ ყალიბდებოდა ძლიერი კულტურული და სამეურნეო კავშირები, რასაც ამ ქვეყნის ხალხი დღემდე ინარჩუნებს და შთამომავლობას გადასცემს. ყაზახეთის ეთნოკულტურული და კონფესიური მრავალფეროვნება არის უზარმაზარი სიმდიდრე, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ღირებული კულტურული მიღწევები სხვა ხალხებთან გავცვალოთ. სულიერი დიპლომატიის პრინციპების განვითარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტაში, მხოლოდ ერთმანეთთან სოლიდარობა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ ჩვენს საერთო მიზნებს ყველა საინტეგრაციო პროცესში, რომ მთელი მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობა გავაუმჯობესოთ,“ - მიაჩნიათ ღონისძიების ორგანიზატორებს.

დღეს ყაზახეთის რეპუსბლიკაში 130-ზე მეტი ეროვნებისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს. რელიგიური გაერთიანებების რაოდენობამ 3808-ს მიაღწია, რომლებიც წარმოდგენილია 18 რელიგიური კონფესიით.

„მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ლიდერთა ყრილობა“ პირველად 19 წლის წინ გაიმართა. ყრილობამ, რომელმაც დიდი რეზონანსი გამოიწვია, მსოფლიოში ტრადიციული სახე მიიღო და ყოველწლიურად ეწყობა. ყაზახეთი მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიებს შორის დიალოგის გასამართად უნიკალურ საერთაშორისო პლატფორმად იქცა და პოზიტიურ როლს თამაშობს საზოგადოებებს, რელიგიებსა და კულტურებს შორის კონსტრუქციული დიალოგის, რელიგიათაშორისი შემწყნარებლობის, კეთილგანწყობის და ურთიერთგაგების დამყარებაში. ყრილობა აღიარებულია მსოფლიო საზოგადოების, წამყვანი საერთაშორისო სტრუქტურების/ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა გაერო, ეუთო, ცივილიზაციათა ალიანსი, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია, მსოფლიო ისლამური ლიგა, იუნესკო და მსოფლიო და ტრადიციული რელიგიების ავტორიტეტული ლიდერები. I-VI ყრილობების ფარგლებში მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა რელიგიისა და აღმსარებლობის წარმომადგენლებს შორის ძლიერი კავშირების განმტკიცების პროცესი, რაც ხელს უწყობს სასულიერო იერარქების კონსოლიდაციას, რელიგიურ თემებს შორის ნდობისა და ურთიერთპატივისცემის მუდმივ ზრდას.

 

გამოქვეყნებულია საზოგადოება

“გავიმარჯვეთ, მაგრამ ისე ვერ ვზეიმობთ, როგორც საჭიროა. ჩვენმა კაპიტანმა და გუნდის ლიდერმა, თორნიკე შენგელიამ ტრავმა მიიღო, რაც უდიდესი დანაკლისია – ამ სიტყვებით დაიწყო ნიდერლანდების დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და დაამატა – ღმერთმა ქნას, მისი ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდეს და თორნიკე მალე დაუბრუნდეს მოედანს”.

პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ კლინიკიდან სამწუხარო ინფორმაცია მოვიდა: თორნიკე შენგელიას მხრის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და ის ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მინიმუმ კარსმომდგარ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. ეს არის შეუფასებელი დანაკლისი ჩვენი ნაკრებისთვის, რომელმაც 3 დღეში იტალიაში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი უნდა ითამაშოს, ხოლო 1 სექტემბრიდან საკუთარ დედაქალაქ თბილისში ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მატჩებს უნდა უმასპინძლოს.

ილიას ზუროსს სწორედ შენგელიას შესაძლო გამოკლებაზე დაუსვეს კითხვა, რაზეც ჩვენი ნაკრების თავკაცმა უპასუხა: “თორნიკეს არყოფნას, რა თქმა უნდა, ვერ ავანაზღაურებთ, თუმცა აუცილებლად ვიპოვით გზას, რათა კონკურენტუნარიანები ვიყოთ და შედეგის მისაღწევად ვიბრძოლოთ”.

თუ რამხელა ძალა დააკლდა საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე, თუნდაც დღევანდელმა მატჩმა გამოაჩინა. ტრავმის მიღების მომენტში თორნიკეს 21 წუთში 20 ქულა ჰქონდა მოგროვებული – ის იყო უპირობო ლიდერი მოედანზე, რომელსაც გუნდის თამაში მიჰყავდა და ის გაქცევა, რომელმაც ჩვენს ნაკრებს ფაქტობრივად თამაში მოაგებინა, შენგელიას დიდებულ თამაშს უკავშირდება. 

მძიმე პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 35:35 დასრულდა, საქართველოს ნაკრები საოცარი შემართებით დაბრუნდა გასახდელიდან. ჩვენმა ბიჭებმა მოედანზე ცეცხლი დაანთეს და შენგელიას, გოგა ბითაძის, გიორგი ცინცაძის, სანდრო მამუკელაშვილისა და ყველა იმ მოთამაშის მონდომებით, რომელიც მესამე პერიოდის პირველ ნახევარში მოედანზე იმყოფებოდა, 16:0 გაქცევა მოაწყვეს. სწორედ ამ ეპიზოდში, ბურთის ჩაჭრისა და სწრაფ შეტევაში გაქცევის შემდეგ მიიღო თორნიკემ ავადსახსენებელი ტრავმა. ის მეტოქესთან შეჯახების შემდეგ უხერხულად დაეცა და მხარი დაიზიანა. ძვალი იმდენად იყო გადაადგილებული, რომ მოედნიდან გასვლის დროს მის მხარს არაერმა ადამიანმა თვალი ვერ გაუსწორა.

შენგელიას დანაკლისი ჩვენს გუნდს მყისიერად დაეტყო. ნიდერლანდელებმა შეტევის დიაპაზონი გააფართოვეს და დაცვაში მარყუჟებს მოუჭირეს. მე-3 პერიოდის საწყის 6 წუთში ვერც ერთი ბურთის ჩამგდებმა ჰოლანდიელებმა დარჩენილ დროში 9 ქულა მიითვალეს და ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს. ბოლო პერიოდში ნიდერლანდელები სამქულიან სროლებზე გადაერთნენ და როცა დუორტი დე იონგს მიზანი გაეხსნა, საქართველოს ლიდერობიდან აღარაფერი დარჩა. ჩარლონ კლუფის სამქულიანის შემდეგ, მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანგარიში 60:60 გახდა და ფსიქოლოგიური უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო.

ჩვენმა კალათბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ ნამდვილი მებრძოლები არიან. ლიდერის ტრავმის გამო 17-ქულიანი ლიდერობის დაკარგვის შემდეგ ხელახლა გაერთიანდნენ, მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს და გამარჯვების მოპოვება შეძლეს. გამარჯვების, რომელიც თორნიკე შენგელიამ გამოჭედა და მისი ტრავმის შემდეგ ეროვნული ნაკრების წევრებმა კბილებით დაიცვეს. ილიას ზუროსმა და გოგა ბითაძემ, რომლებსაც პრესკონფერენციაზე კომენტარების გაკეთების შესაძლებლობა მიეცათ, ნიდერლანდებთან გამარჯვება ნაკრების კაპიტანს მიუძღვნეს.

შეხვედრა საქართველოს ნაკრების 11-ქულიანი გამარჯვებით – 77:66 (სტატისტიკა) დასრულდა. ჩვენი გუნდის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც 21 წუთში 20 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. გიორგი შერმადინმა უმაღლეს დონეზე ითამაშა და არაერთი ბურთი მოხდენილად ჩატენა. მის ანგარიშზე 13 ქულა, 5 მოხსნა და თითი ჩაჭრა, პასი და დაფარებაა. 19 ქულა და 5 პასი მოაგროვა თად მაკფადენმა, რომელმაც თავიდან დაბალი პროცენტულობით ესროლა სამქულიანები, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჰაერივით საჭირო სამიანები ჩააგდო და გამარჯვებაში უდიდესი წილი დაიდო.

ჩვენსავე ჯგუფში იტალიამ უკრაინა რიგაში – 97:89 დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს სწორედ იტალიასთან, ქალაქ ბრეშაში, 27 აგვისტოს გამართავს. ჩვენი ნაკრები აპენინის ნახევარკუნძულზე 25 აგვისტოს, გამთენიისას გაემგზავრება. ზუროსით დავიწყეთ და ზუროსის სიტყვებით დავასრულებთ:

„სამი დღის შემდეგ იტალიაში ვთამაშობთ. ეს კიდევ ერთი შანსია. იქ გვაქვს მნიშვნელოვანი მატჩი გუნდთან, რომელსაც მხოლოდ ერთი წაგება აქვს. იტალიაში მოსაგებად მივდივართ. ყველა ფოკუსირებული უნდა ვიყოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ახლა ოფიციალურ მატჩებს ვთამაშობთ და ყველა მათგანი უნდა მოვიგოთ”.

კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური

გამოქვეყნებულია სპორტი

პეკინი, 24 აგვისტო (სინხუა) -- ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის და "ჟენმინ ჩუბანშეს" (სახალხო გამომცემლობა) გამომცემლობამ ერთობლივად გამოსცეს წიგნი, რომელშიც მოთხრობილია ჩინეთის პრეზიდენტისარმი სი ძინფინგის იდეების შესახებ, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ჩინეთის შეიარაღებული ძალები.

წიგნი, რომელიც კითხვა-პასუხის სახით გვამცნობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის იდეებს, მოიცავს 63 კითხვას 16 სხვადასხვა თემას. 

წიგნი სრულყოფილად და სისტემურად უხსნის მკითხველს სი ძინფინგის იდეების მნიშვნელობას, სამეცნიერო სისტემას, მდიდარ შინაარსს და პრაქტიკულ მოთხოვნებს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ჩინეთის შეიარაღებულმა ძალებმა უფრო მაღალ დონეს.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, საომარი მოქმედებების დროს, 9000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

ინტერფაქსის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ზალუჟნიმ ერთ-ერთ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ უკრაინელ ბავშვებს ომის გამო დაცვა სჭირდებათ.

„ამ ომში მონაწილეობენ არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები და ისინი, ვინც ხელში იარაღი აიღეს, არამედ პატარა ბავშვებიც, რომლებიც არაფერში არიან დამნაშავეები გარდა იმისა, რომ დაიბადნენ აქ (უკრაინაში). ისინი ვერაფერს იგებენ, რა ხდება, მაგრამ მათ დაცვა სჭირდებათ, რადგან მათი მამები ფრონტზე წავიდნენ და შესაძლოა, იმ დაღუპულ 9000 გმირს შორის არიან“, განაცხადა ზალუჟნიმ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აპრილში მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ომში 3000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური