მსოფლიოს მასშტაბით COVID-19 შემთხვევების რაოდენობა 585 მილიონს აღწევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 585 მილიონს გადააჭარბა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდის მიხედვით, ცენტრალური ევროპის დროით, 12 აგვისტოს, პარასკევს, 17:01 საათისთვის, COVID-19 ინფექციის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა დღეში გაიზარდა 905 979-ით და მიაღწია 585 086 861-ს.
COVID-19-ის დაავადებით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 2572-ით გაიზარდა და 6 422 914 ადამიანი შეადგინა.
უკრაინამ 522 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ
რუსეთის ფედერაციასთან შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ, უკრაინამ მოახერხა 522 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებოდნენ. ამის შესახებ „უკრინფო“ იუწყება.
როგორც უკრაინის წარმომადგენელმა უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საკითხებში ოლეგ კოტენკომ განაცხადა, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ნეშტი სხვადასხვა რეგიონიდან - დონეცკის, ლუგანსკის და ხარკოვის ოლქებიდანაა ჩამოსვენებული. ოფიციალურმა პირმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლა რუსეთის ფედერაციასთან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შუამავლობით ხდება.
"ამ საკითხზე მოლაპარაკებები "ნორმალურ ვითარებაში" მიმდინარეობს", - დასძინა ო.კოტენკომ.
უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლა პირველად 2 ივნისს მოხდა.