Items filtered by date: ორშაბათი, 01 აგვისტო 2022 - NEWSDAY GEORGIA

სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა დაღუპულების ოჯახის წევრებს, კოლეგებს და საზოგადოებას.
“პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო. ჩვენ დავკარგეთ ამ ქვეყნის ღირსეული შვილები, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ეკიპაჟის წევრები და მაშველები, ასევე, გამოჩენილი მფრინავები, ღირსეული ადამიანები. მე ძალიან კარგად ვიცნობდი ამ ადამიანებს. წლებია უკვე, ჩვენ ერთად ვმგზავრობდით და მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო მათ ოჯახებს, მთელ ჩვენს საზოგადოებას, სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ შემადგენლობას და თითოეულ თანამშრომელს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს. ეს დიდი ტრაგედიაა, ჩვენ ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული ამ ტრაგედიამ და მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენი მწუხარება გამოვხატო ამ ოჯახების მიმართ. სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეულ ოჯახს გამოუყოფს 100 000 ლარს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტრო ასევე დაღუპული ექიმების ოჯახებისთვის გამოყოფს 100 000 ლარს”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს, გუდაურში უბედური შემთხვევა მოხდა. სამაშველო ოპერაციის დროს მოულოდნელად ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომლის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. რვავე მათგანი ადგილზევე დაიღუპა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი იწყებს აბიტურიენტთა ნაშრომებისა და ქულების გამოქვეყნებას. გთავაზობთ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის, ასევე  ოსური ენის გამოცდის პირველად შედეგებს.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე  online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ.
შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის, ასევე ოსური ტესტის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).
 
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
 
 
გამოქვეყნებულია განათლება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევების რაოდენობამ მსოფლიოში 18 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა, ჟენევაში ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო მონაცემებით, მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევები მსოფლიოს მასშტაბით 78 ქვეყანაში დაფიქსირდა და 18 ათასს გადააჭარბა.

მისივე თქმით, შემთხვევების 70 პროცენტი ევროპის ქვეყნებშია, ხოლო 25 პროცენტი ამერიკის რეგიონში.

გებრეისუსმა ასევე დაამატა, რომ, შემთხვევების 10 პროცენტი ჰოსპიტალიზირებულია. „ეს ეპიდემია შეიძლება შეჩერდეს, თუ ქვეყნები, თემები და ინდივიდები სერიოზულად მიიღებენ ამ რისკს და მიიღებენ აუცილებელ ზომებს მისი გავრცელების თავიდან ასაცილებლად“, დასძინა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

იაპონიის საელჩოს ადმინისტრაციამ საქართველოში დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომელსაც "ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: "მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2022 წელს ჩვენ აღვნიშნავთ იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბელეს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჩვენმა საელჩომ უკვე ჩაატარა მრავალი კულტურული ღონისძიება. https://www.ge.emb-japan.go.jp/itpr_ka/11_000001_00256.html

შემდეგი ღონისძიება იქნება იაპონიის ფონდის იაპონური სამზარეულოს ვაშიოკუს გამოფენა „მე მიყვარს სუში“, რომელიც გაიმართება თბილისის ისტორიის მუზეუმში (სიონის ქ. 8) 12 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე. გახსნის ცერემონია გაიმართება 12 აგვისტოს 17:00 საათზე.

მოგზაური გამოფენა „მე მიყვარს სუში“, როგორც  კულტურული გაცვლის ახალი პროგრამა,  ფოკუსირდება სუშიზე, და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული იაპონური სამზარეულოს ირგვლივ. 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა ვაშოკუ - იაპონური სამზარეულო, და სუში როგორც არქეტიპული მაგალითი.   სუში დახვეწილი და ჯანმრთელი საკვებია, რომელიც გამოიყურება მიმზიდველად, გემრიელია, და უკვე მსოფლიოში სხვადასხვა სამზარეულოს მენიუში  კარგად ცნობილია.

ამ გამოფენის მიზანია უზრუნველყოს სიღრმისეული ვიზუალური სახელმძღვანელო სუშის მიმზიდველობის წარმოსაჩენად. გამოფენა გვაძლევს შესაძლებლობას ვისწავლოთ, თუ როგორ მიიღო იაპონიამ სუში თავდაპირველი ფორმით, და თუ როგორი სახის ცვლილებები განიცადა ბუნებრივ გარემოსთან, კულტურასთან და ინდივიდუალური ადგილმდებარეობის ცხოვრების წესთან შერწყმის შესაბამისად.

აგრეთვე, გამოფენა  წარმოგვიდგენს დღევანდელ, აქტიურ სუშის კულტურას, და ბიძგს გვაძლევს ვიფიქროთ სუშის სამომავლო პოტენციალზე როგორც თანამედროვე კვებასთან დაკავშირებულ საკითხზე.

ეს გამოფენა მოიცავს იაპონიაში სუშის რესტორანში ვიზიტის სიმულაციას. ის ადამიანები, ვისაც ცოტა რამ სმენია სუშის შესახებ ძალიან ისიამოვნებენ გამოფენით, და სუშის გულშემატკივრებიც არანაკლებ აღფრთოვანებულნი დარჩებიან. ვიმედოვნებთ, რომ სუშის საშუალებით, გამოფენა ხელს შეუწყობს სახელდობრ იაპონიის ისტორიის და წეს-ჩვეულებების მეტად გაცნობას.

იაპონიის საელჩო დიდ მადლობას უხდის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის ისტორიის მუზეუმს თანამშრომლობისთვის", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

გამოქვეყნებულია კულტურა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური