ნატო ბალტიის ზღვაში სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად ემზადება
ნატო, ბალტიის ზღვაში მრავალი ქვეყნიდან ათობით სამხედრო ხომალდის, საბრძოლო თვითმფრინავისა და 7000 ჯარისკაცის მონაწილეობით წვრთნების ჩასატარებლად ემზადება. ამის შესახებ "TRT-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ნატოს განცხადებით, 51-ე საზღვაო წვრთნები „ბალტიის ოპერაციები 22“ (BALTOPS22) 5-17 ივნისს ჩატარდება.
სამხედრო წვრთნებში თურქეთის გარდა, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი, ინგლისი და ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებენ მონაწილეობას.
სწავლებაში 45 ხომალდი, მინიმუმ 75 თვითმფრინავი და დაახლოებით 7000 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთვება.
წვრთნებში, რომელიც მიზნად ისახავს ბალტიის რეგიონში სანავიგაციო თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვისთვის საჭირო შესაძლებლობების გაძლიერებას, სწავლებები ჩატარდება ამფიბიურ ოპერაციებში, სროლის ტექნიკაში, წყალქვეშა გემების წინააღმდეგ ოპერაციებში, საჰაერო თავდაცვის მანევრებში, განაღმვაში, ასაფეთქებელი ნივთიერებების გაუვნებელყოფაში, უპილოტო წყალქვეშა აპარატების მართვასა და სამედიცინო ჩარევებში.
წვრთნებს BALTOPS22-ს, რომელიც პირველად 1972 წელს ჩატარდა და ყოველწლიურად იმართება, წელს შვედეთი უმასპინძლებს.
ჩინეთში ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგებიდან გადავარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით, გუიჟოუს პროვინციაში, რონგიანგის ოლქში, ჩქაროსნული მატარებლის ლიანდაგებიდან გადავარდნის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „სინხუა“ ჩინეთის რკინიგზის კორპორაციაზე დაყრდნობით იუწყება.
კომპანიის ცნობით, ტრაგედია შაბათს, დილის 10:30 საათზე მოხდა. სამგზავრო მატარებლი - D2809 გუიან-გუანჯოუს მიმართულებით მიემგზავრებოდა. მატარებლის ორი ვაგონი, რომელიც რონგიანგის სადგურზე მივიდა, მოვარდნილი ღვარცოფის გამო, ლიანდაგებიდან მოულოდნელად გადავარდა.
ავარიის შედეგად მატარებლის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შვიდი მგზავრი და გამცილებელი კი დაშავდნენ. ისინი ერთ-ერთ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინეს. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჩინეთის რკინიგზის კორპორაციიის ცნობით, სხვა 136 მგზავრის ევაკუაცია ოპერატიულად განხორციელდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.