გერმანიის ფედერალური მინისტრის სვენია შულცეს ვიზიტი საქართველოსა და სომხეთში
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრი, ქალბატონი სვენია შულცე საქართველოსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი თქმით, საქართველოში ვიზიტის დროს, 2022 წლის 28-30 ივნისს, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ბატონ ლაშა ხუციშვილთან და ვიცეპრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ბატონ ლევან დავითაშვილთან.
მინისტრის ვიზიტისას საჯარო შენობებში ენერგოეფექტიანობის პროგრამის ფარგლებში ხელი მოეწერება 40 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხელშეკრულებას და ასევე 3,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოში ათობით საჯარო სკოლის ენერგოეფექტიანი რეაბილიტაციისათვის. იმავე პროგრამის ფარგლებში ასევე ხელი მოეწერება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 12,2 მილიონი ევროს მოცულობის საგრანტო ხელშეკრულებას გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. ამიტომ ხელშეკრულების ხელმოწერას ევროკავშირის ელჩიც დაესწრება.
საგურამოს პროფესიულ კოლეჯსა და შატო მუხრანში ვიზიტის დროს ქალბატონი მინისტრი მიიღებს ინფორმაციას საქართველოში დუალური პროფესიული განათლების შესახებ და გაესაუბრება სტუდენტებს.
განვითარების სფეროში გერმანიასა და საქართველოს შორის 30 წლიან თანამშრომლობას 2022 წელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად დაგეგმილი მიღების დროს ქალბატონ მინისტრს ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცემა.
განვითარების სფეროში თანამშრომლობა თავიდანვე გერმანულ-ქართული ურთიერთობების მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო. 1990-იანი წლებიდან საქართველო გერმანიის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით და გერმანიამ 1992 წლიდან საქართველოს 1,2 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის დახმარება გაუწია. გერმანია მხარში უდგას საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში და მისი ევროკავშირთან დაახლოების გზაზე. მაგალითად გერმანია საქართველოს დაეხმარა ელექტროენერგიის სისტემის აღდგენაში, მართლმსაჯულების, ენერგეტიკის, ბუნების დაცვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში რეფორმების განხორციელებაში, ასევე თანამედროვე მდგრადი ტყის კოდექსის შემუშავებაში.
გერმანულ-ქართული თანამშრომლობის განსაკუთრებულ სფეროს წარმოადგენს დუალური პროფესიული განათლება. 2016 წლიდან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ჩართულია პრაქტიკაზე ორიენტიერებული განათლების განვითარებაში მეღვინეობის, მშენებლობის, ტურიზმის, ლოგისტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგებში. ამ პროგრამაში უკვე 13 პროფესიული კოლეჯი და 80-ზე მეტი კერძო კომპანია მონაწილეობს. გარდა ამისა, გერმანიის სახალხო უნივერსიტეტების ასოციაცია (DVV International) ახორციელებს ზრდასრულთა განათლების პროგრამას და მას ამჟამად ზრდასრულთა განათლების 13 ცენტრი აქვს საქართველოში.
KfW საქართველოს ქალაქების ინფრასტრუქტურის მოდერნიზების მრავალ პროექტს ახორციელებს, მაგალითად ბათუმში, სადაც გერმანიამ დააფინანსა სასმელი წყლით მომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების სრული რეაბილიტაცია და გაფართოება 200.000 მაცხოვრებლისთვის.
კომპანია „Baykar“ უკრაინას 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“ უფასოდ გადასცემს
თურქული საავიაციო კომპანია „Baykar“-ი, უკრაინას 3 შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“, უფასოდ გადასცემს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფოს.
Baykar-ი Twitter-ის გვერდზე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნავს: „ჩვენ შევიტყვეთ, რომ კამპანია „სახალხო ბაირაქტარის“ ფარგლებში შეგროვდა თანხა უკრაინელებისთვის სამშობლოს დასაცავად 3 უპილოტო საფრენი აპარატის შესასყიდად. კომპანიისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული თანხა შეგროვდა ბიზნესმენებისა და რიგითი მოქალაქეების ძალისხმევით. პატრიოტი უკრაინელი ხალხის სურვილმა, რომ მიაღწიონ დასახულ მიზანს და სოლიდარობის სულისკვეთებამ ასევე შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. სწორედ ამის ფარგლებში ჩვენ კომპანია „Baykar“-ი, უკრაინელებს უსასყიდლოდ გადავცემთ 3 უპილოტო საფრენ აპარატ „Bayraktar TB2-ს“. როგორც „Baykar“, ჩვენ პატივისცემით ვაცხადებთ, რომ გვინდა საკითხის სამართლიანი გადაწყვეტა და ვლოცულობთ ხანგრძლივი მშვიდობისთვის“.
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტებმა აქცია გააუქმეს – რა დავალება გასცა ჯანდაცვის მინისტრმა პრობლემის მოსაგვარებლად
#ნუგანგვასხვავებთ - თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების დღევანდელი აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან დროებით გაუქმებულია. ინფორმაციას ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“ ავრცელებს, რომელიც ამ აქციის ორგანიზატორი იყო. ორგანიზაციის განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო მზადაა დიალოგისთვის, შესაბამისად „ევროპა დონა საქართველო“ ქმედითი ნაბიჯების მოლოდინშია.
შეგახსენებთ, რომ #ნუგანგვასხვავებთ – თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში – ამ სლოგანით ორგანიზაციამ აქცია 28 ივნისს, 13:00 საათზე დააანონსა. პროტესტს გამოთქვამენ ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები, რომელთა მოთხოვნაა თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა პაციენტს თბილისსა თუ რეგიონში.
„თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე თბილისსა თუ რეგიონში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის. ჩვენ, თბილისისა და რეგიონების მცხოვრებ ძუძუს კიბოს მქონე ქალებს ერთი დიაგნოზი და ერთი ქვეყანა გვაერთიანებს, შესაბამისად, მოვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მიდგომაც ერთი იყოს,“ – ასეთია მათი ინიციატივა და მიაჩნიათ, რომ პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.
„რეგიონში მცხოვრები ძუძუს კიბოს მქონე პაციენტები მკურნალობის დაფინანსების მოლოდინში ვართ! მოაწერეთ ხელი ონლაინ პეტიციას და ამით დაგვეხმარეთ, მივაწვდინოთ ჩვენი ხმა მათ, ვისაც შეუძლიათ პაციენტების ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება და სიცოცხლის გადარჩენა. ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება! სწორედ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მკურნალობა,“ – ნათქვამია ძუძუს კიბოს მქონე პაციენტების განცხადებაში.
ცნობისათვის, ძუძუს კიბოს მკურნალობის ონკოლოგიურ სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა რეგიონში მცხოვრებ ქალებზე აისახება და გამოიხატება შემდეგში:
საერთაშორისო გზამკვლევების მიხედვით, ადრეული მაღალი რისკის მქონე HER+ ძუძუს კიბოს პაციენტებისთვის თარგეთული მკურნალობის (დამიზნებითი თერაპია- ორმაგი ბლოკადით) 18 ციკლის ჩატარებაა რეკომენდებული. დღეს, რეგიონში მცხოვრები ანალოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის ორმაგი ბლოკადით მკურნალობის ჩატარება ხელმისაწვდომი არაა, რაც დედაქალაქში (თბილისში) მცხოვრებ პაციენტებთან შედარებით დისკრიმინაცია და უთანასწორობაა. არასრულფასოვნად ჩატარებული მკურნალობა ზრდის დაავადების პროგრესირების და რეციდივის რისკებს მაშინ, როცა, დღეს, ადრეული ძუძუს კიბოს განკურნება შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ თარგეთული პრეპარატებით მკურნალობის დროს შესაძლებელია ძუძუს კიბოს დამარცხება და ნებისმიერ სტადიაზე პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
მეტასტაზური HER2 დადებითი ძუძუს კიბოს დროს, რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს არ აქვთ ოპტიმალური მკურნალობის შესაძლებლობა: დედაქალაქთან შედარებით განსხვავებულია სამკურნალო ციკლების რაოდენობა (ხელმისაწვდომია მხოლოდ 8 ციკლი, დედაქალაქის პაციენტთათვის კი, 12 ციკლი), რაც ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხს აუარესებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას მნიშვნელოვნად ამცირებს.
ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი ონლაინ პეტიცია შეიმუშავა. ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის.
„პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ,“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
რა პერსპექტივა აქვს პაციენტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და კონკრეტულად რა გახდა აქციის გადადების მიზეზი, ჯანდაცვის სამინისტროში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ მინისტრის დავალებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ინფორმირებული არიან პაციენტებიც.
შეგახსენებთ, რომ ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომის მხარდამჭერი ონლან პეტიცია შეიმუშავა. ისინი მიმართავენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შექმნას თანაბარი ხელმისაწვდომობა ძუძუს კიბოს მკურნალობაზე რეგიონში მცხოვრები პაციენტებისთვის!
პაციენტებმა არ უნდა დაკარგონ სიცოცხლის შენარჩუნების შანსი მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისში არ ცხოვრობენ და ფინანსების არარსებობის გამო, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მკურნალობის კურსს ვერ იტარებენ.
გადადით ლინკზე და პეტიციაზე ხელის მოწერით გამოხატეთ თქვენი მხარდაჭერა
ერთი დიაგნოზი, ერთი ქვეყანა, ერთი მიდგომა - სწორედ ამ მიზნით ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა ორგანიზაციამ „ევროპა დონა საქართველო“ რეგიონში მცხოვრები ძუძუს პაციენტების დასახმარებლად კამპანია #ნუგანგვასხვავებთ დაიწყო.
#ნუგანგვასხვავებთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების ბედი ამჯერად პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელშია
პაციენტები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსგან რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ
გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტები „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების მოლოდინში არიან. იმის შემდეგ, რაც პაციენტებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ დაავადება ადამიანებს საცხოვრებელი ადგილით არ არჩევს, სამინისტრომ საკითხზე მუშაობა განაახლა.
როგორც ირკვევა, აქციამ ყურადღება მიიქცია, თუმცა ჯანდავის სამინსიტროში ცენტრალიზებული პროგრამის ამოქმედების კონკრეტულ ვადებზე ამჯერადაც არ ან ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს და ამასთან, საკითხი სხვა ინსტანციებაშია გადაგზავნილი. ამავე დროს, თავისი გავლენა იქონია პეტიციამ, სადაც პაციენტებმა 7600 მხარდამჭერის ხელმოწერა მიიღეს და საქმემ უკვე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში გადაინაცვლა. ამ ფონზე კი, ერთი პრობლემა იკვეთება - პარლამენტში საზაფხულო არდადეგები დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ საკითხის განხილვა სექტემბრამდე გადავადდა, მაშინ როცა ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის დეტალებზე მუშაობას აგვისტოში იწყებს და შესაძლებელია „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ამოქმედების საკითხი გახანგრძლივდეს ან საერთოდ 2023 წლის ბიუჯეტში არც იყოს გათვალისწინებული.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში საკითხის აქტუალობას ადასტურებენ და იმასაც ამბობენ, რომ პრობლემა მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. თუმცა ვერ ასახელებენ დროს, ვადას და თარიღს, რაც პაციენტებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ამ ფონზე პაციენტებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების მკურნალობის დაფინანსება მთელი საქართველოს მასშტაბით და დაუშვებელია მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ისინი არ უნდა გახდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ რეგიონში ან ქალაქში არ ცხოვრობენ.
პაციენტები ამჯერად ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსგან რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩანიშვნას და ფინანსთა სამინისტროს დროულად საქმის კურსში ჩაყენებას ითხოვენ.
„როცა დაავადების მკურნალობა თბილისსა და აჭარაში უკვე რამდენიმე წელია ფინანსდება, დისკრიმინაციაა, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მაცხოვრებლები ჯერ კიდევ დაფინანსების პასუხის მოლოდინში ვართ. სახელმწიფომ იცის, რომ დაავადება სწრაფად პროგრესირებადია და მკურნალობის გარეშე ჩვენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ვიქნებით. დაავადების მამოდიფიცირებელ მკურნალობას კი შეუძლია ბევრი წლით გადაავადოს ჩვენი მდგომარეობის დამძიმება და ცხოვრების საუკეთესო წლების სრულფასოვნად გატარება შევძლოთ - ვიმუშაოთ, შევქმნათ ოჯახები, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ ჩვენთვის სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებული დაფინანსების დაპირების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებენ რეგიონში მცხოვრები პაციენტები.
შეგახსენებთ, 2019 წლიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მკურნალობას უფინანსებს. ანალოგიური მომსახურებით 2020 წლიდან სარგებლობენ თბილისში მცხოვრები პაციენტებიც. დაპირებების მიუხედავად, დღემდე უცნობია, რა ელით რეგიონში მცხოვრებ პაციენტებს და წელს გახდება თუ არა დაავადების მამოდიფიცირებელი მკურნალობა მათთვის ხელმისაწვდომი. ცნობისათვის, 2022 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის მიმართულებით სხვადასხვა პროექტის დაფინანსება ჩაიდო, თუმცა მოლოდინის მიუხედავად, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების ცენტრალიზებული პროექტი მასში ვერ მოხვდა.
ინფორმაცია გაფანტული სკლეროზის შესახებ:
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა და მსოფლიოში დაახლოვებით 2.3 მილიონი ადამიანია დაავადებული ამ პათოლოგიით. პირველი სიმპტომები უპირატესად 20-დან 40 წლის ასაკის პერიოდში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია ახალგაზრდებში. დროული მკურნალობის ფონზე გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებს მიეცემათ შესაძლებლება დაუბრუნდნენ სრულფასოვანი ცხოვრების წესს ოჯახსა და სოციუმში და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში!
გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ძირითადი მიზანია დაავადების აქტივობის შემცირება დაავადების ადრეულ სტადიაზევე, რათა არ მოხდეს უნარშეზღუდულობის პროგრესირება. დღესდღეობით გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ მოწოდებულია დაავადების მამოდიფიცირებელი თერაპია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირების დაავადების აქტივობას და უნარშეზღუდულობის პროგრესირებას.
დომუსის ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსი გაზაფხულის ქუჩაზე
დომუსი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ბუნებასთან ახლოს, ახალი, მზიანი და ნათელი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას იწყებს.
დომუსი გაზაფხული, - ეს არის ადგილი, სადაც ოთხივე სეზონზე შესაძლებელია, იცხოვრო გაზაფხულის შეგრძნებით. კომპანიის ახალი პროექტი, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, საბურთალოზე, ყველაზე მშვიდ და გამწვანებულ ლოკაციაზე, გაზაფხულის ქუჩაზე მდებარეობს.
22 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 2 სადარბაზოსგან შედგება, სადაც 230 ბინაა წარმოდგენილი. 3 სართული ეთმობა მიწისქვეშა პარკინგს, რომელიც 300-მდე ავტომობილისთვის არის გათვალისწინებული. პროექტი განსაკუთრებით, მომხიბვლელია რეკრეაციული სივრცით, რომელიც 4000 კვ.მ. ფართობზეა გაშლილი და სხვადასხვა გასართობ, თუ მოსასვენებელ კუთხეს მოიცავს; ეზოში, ბავშვებისთვის შემოქმედებითი ბაღის მოწყობაც იგეგმება. პროექტში განხორციელებული ინვესტიცია, სრულად მიმართულია ეკოლოგიურად სუფთა და მყუდრო განაშენიანების შექმნაზე.
მნიშვნელოვანია, რომ გაყიდვების საწყის ეტაპზე, „დომუსი” მომხმარებლებს განსაკუთრებულ ფასსაც სთავაზობს, რომელიც მომდევნო თვეებში აღარ განმეორდება. ამასთან, შიდა, უპროცენტო, 30 თვიანი განვადება და ერთიან გადახდაზე დამატებითი ფასდაკლებებიც ძალაშია.
და რაც ყველაზე მომხიბვლელია, დომუსი ახალ პროექტს გაზაფხულივით მშვენიერ შეთავაზებასთან ერთად წარადგენს - პირველი 30 მყიდველი, 100 კვ.მ. და მეტი ფართის ბინის შეძენისას და მისი ღირებულების მინიმალური შენატანის - 30%-ის გადახდის შემთხვევაში, მალდივებზე 2 კაციანი საგზურით დასაჩუქრდება.
დომუსი, არის ბრენდი, რომელიც უძრავი ქონების სექტორში თავად აწესებს ხარისხის სტანდარტს და ნერგავს ინოვაციებს საქართველოს ბაზარზე. თუ ერთხელ მაინც გქონიათ შეხება დომუსის სახლთან, ერთი შეხედვაც საკმარისია უპირატესობების გამოსავლენად. დომუსის სახელის უკან, უდიდესი პასუხისმგებლობის მქონე, პროფესიონალები დგანან და მათი მთავარი მოტივაციაა, ადამიანებს მომავალ სახლში უზრუნველი და კომფორტული საცხოვრებელი გარემო დაახვედრონ.
რატომ „გაზაფხული“?.. გაზაფხული გამორჩეულად ლამაზი ქართული სიტყვაა, გაზაფხულს მოაქვს სიცოცხლე და იშლება ცხოვრების ახალი ფურცელი; გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ჩვენში იღვიძებს სიახლეების სურვილი და რაც მთავარია, დომუსის ახალი პროექტი, გაზაფხულის ქუჩაზე მდებარეობს. ვინაიდან, მალდივებზეც სულ მზე და სითბოა, გადავწყვიტეთ, რომ „დომუსი გაზაფხულის“ საცხოვრებელი კომპლექსის პირველი 30 მყიდველი 2 კაციანი საგზურით დავასაჩუქროთ. თქვენ დაისვენეთ, ჩვენ ავაშენებთ! გარდა ამისა, ჩვენი ურთიერთობა ბინის შეძენით მხოლოდ იწყება, წინ მრავალწლიანი ჰარმონიული თანაცხოვრება გველის,“ - აღნიშნავს დომუსის მარკეტინგის ხელმძღვანელი ტატიანა ქათამაძე.
დომუსი 2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. კომპანიის მისიაა შექმნას გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიულად იგრძნობს. „დომუსი“ გახსნის დღიდან ქმნის ინოვაციურ სამშენებლო პროექტებს, სადაც მომხმარებლის ყველა სურვილი და საჭიროებაა გათვალისწინებული. გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები დომუსის სამშენებლო პროექტების და მისი მობინადრეების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
დომუსი - სიცოცხლის ენერგიით და ადამიანის შთაგონებით შექმნილი არქიტექტურა.