ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის!
ლიბერთის და ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალის ერთობლივი პროგრამა
დღეს, სს ლიბერთი ბანკსა და სს ,,ევექსი ჰოსპიტლები“ - ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის სხვა მფლობელები განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ.
ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში ლიბერთის ბარათით გადახდისას, სპეციალური ფასები გავრცელდება ყველაზე მოთხოვნად - კარდიოლოგიურ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებზე. სპეციალური ფასდაკლებებით ისარგებლებენ საყოველთაო დაზღვევის მქონე ბენეფიციარები - კერძოდ, მომხმარებელი გადაიხდის თანადაფინანსების მხოლოდ 50%-ს.
ამას გარდა, შაბათ-კვირას, 50%- იან ფასდაკლებას მიიღებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები და ლიბერთის სოციალური ბარათის სხვა მფლობელები ლაბორატორიულ ანალიზებსა და მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე (მაგ. კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია).
„ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თავისი კონცეფციით „შენთან ახლოს“ მუდმივად ცდილობს პაციენტებს შეუქმნას მათზე მორგებული პირობები. ამ შემთხვევაში, ლიბერთისთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას სოციალური ბარათის მფლობელებისათვის სასურველ სარვისებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ და ამისათვის, ჩვენს ჰოსპიტალში შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ლიბერთისთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და ამჯერად შეგვიძლია როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლებს, ასევე სოციალური ბარათის სხვა მფლობელებისთვის ზრუნვაში გავერთიანდეთ.“ - მამუკა იმედაშვილი, ივ.ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გენერალური დირექტორი
„ლიბერთის სტრატეგიის „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის” ფარგლებში, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ საბანკო პროდუქტებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ჩვენი მუდმივი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ ,,ევექსი ჰოსპიტლებთან“ წარმატებულ თანამშრომლობას და დღეიდან ვიწყებთ ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალთან ერთობლივ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო სერვისები და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენი მომხმარებლებისთვის.“ - ვაჟა მენაბდე, ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.
ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატურის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციას მხარი 529 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმეგი 45 იყო, 14-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
"პარლამენტმა ხუთშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც სამიტს დღეს და ხვალ მართავენ, „დაყოვნების გარეშე“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკას. მათ იგივე უნდა გააკეთონ საქართველოსთან მიმართებაში „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა დაასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს", - აღნიშნულია ტექსტში.
პარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას დააჩქარონ რეფორმები, რათა რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმები.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები იმსახურებენ ცხოვრებას თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყნებში, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან.
უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცლოას მადლობა გადაუხადა "შესაბამისი სიმბოლური დადგენილების დღეს მიღებისთვის".
"უკრაინა არის ევროკავშირის ქვეყანა. ჩვენ კი ამ ამ უფლებისთვის ვიბრძვით არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ იურიდიულ სფეროშიც", - წერს სტეფანჩუკი.
წყარო: https://mtavari.tv/news/89822-evropulma-parlamentma-ukrainisa-moldovistvis
ამერიკელი სპორტსმენი ანიტა ალვარესი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა!
ბუდაპეშტში მიმდნარე საწყალოსნო სპორტის სახეობების მსოფლიო ჩემპიონატზე აუზში სინქრონული ცეკვების მონაწილე ამერიკელმა ანიტა ალვარესმა გამოსვლის დროს უცაბედად გონება დაკარგა.
ამერიკელი სპორტსმენი მისმა მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა გადაარჩინა, რომელიც მალევე აუზში გადაეშვა და ჩაძირული ანიტა ფსკერიდან ამოიყვანა, მერე კი აუზშივე, დელეგაციის წევრთან ერთად პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
„მის ფილტვებში მხოლოდ წყალი იყო. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულადა. ანიტა ალვარესს ფინალშიც ასპარეზობა სურდა. მადლობა მაშველებს, რომ მათ ძალიან სწრაფად იმოქმედეს. როდესაც წყლიდან ამოვიყვანე ანიტას კრიჭა ჰქონდა შეკრული. ძალიან შემეშინდა, მაგრამ ახლა ორივე ვიცინით. ჩვენ ვნახეთ სად გადის სპორტსმენის შესაძლებლობების ზღვარი“, - განაცხადა ანიტა ალვარესის მწვრთნელმა ანდრეა ფუენტესმა.
უცხოური მედიის ინფორმაციით ანიტა ალვარესი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა. გულის წასვლის მიზეზად გადაღლილობა და ცხელი მზიანი ამინდი სახელდება.
შეგახსენებთ,რომ ანიტა ალვარესმა გონება შარშან ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზეც დაკარგა.
ჩინეთის ელჩი საქართველოს პარლამენტის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა
„უკრაინის სახეები“ - ევროკავშირმა ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა
„უკრაინის სახეები“ — ევროკავშირმა ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ომისგან დაზარალებულ უკრაინელთა ისტორიები შეკრიბა.
მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, საკუთარი სახლი მილიონობით უკრაინელმა დატოვა. მათი ნაწილი ქვეყნის მეტად უსაფრთხო რეგიონებში გადავიდა, ნაწილმა კი სახელმწიფო საზღვრები გადაკვეთა.
20 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღეს, ჩვენ ავამოქმედეთ სპეციალური გვერდი, „უკრაინის სახეები“ (Faces of Ukraine). აქ იმ უკრაინელების ისტორიების გაცნობას შეძლებთ, რომლებიც ლტოლვილებად თუ იძულებით ადგილნაცვალ პირებად იქცნენ და მათ ამბებსაც შეიტყობთ, ვინც ქვეყნის დატოვება არ ისურვა. ამ ისტორიების საშუალებით თქვენ ევროკავშირის მიერ უკრაინელი ხალხისთვის გაწეული დახმარების შესახებაც მიიღებთ ინფორმაციას.
გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინელების ერთი მესამედი გახდა იძულებული, საკუთარი სახლი დაეტოვებინა – დღეისათვის ეს მიგრაციით გამოწვეული უდიდესი მსოფლიო კრიზისია. ქვეყნის საზღვრები 7 მილიონზე მეტმა უკრაინელმა გადაკვეთა. კიდევ 7 მილიონი ადამიანი კი იძულებული გახდა, უკრაინის საზღვრებშივე შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, ომით დაზარალებულ ტერიტორიებზე კიდევ დაახლოებით 13 მილიონი ადამიანია ჩარჩენილი. მათ წასვლა გადაადგილებასთან დაკავშირებული უზარმაზარი რისკის, ხიდების და გზების განადგურების ან იმის გამო არ შეუძლიათ, რომ არ იციან, როგორ მიაღწიონ უსაფრთხო ადგილებს.
„ზუსტად ერთი წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ევროკავშირის საზღვართან არსებული ქვეყნის 14 მილიონი მოსახლე რუსეთის აგრესიის გამო იძულებული გახდებოდა, საკუთარი სახლი მიეტოვებინა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ევროპაში ადამიანების ყველაზე მასშტაბური გადაადგილებაა“, — ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც ლტოლვილთა საერთაშორისო დღის წინ გაკეთდა.
ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავშესაფრით უზრუნველყვეს 6 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი, რომლებიც, ძირითადად, მეზობელ ქვეყნებში — პოლონეთში, რუმინეთში, უნგრეთში, სლოვაკეთსა და მოლდოვის რესპუბლიკაში გადავიდნენ. ლტოლვილების უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან.
დამატებითი ინფორმაცია
უკრაინის სახეები (Faces of Ukraine)
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) – უკრაინელ ლტოლვილთა მდგომარეობა
ნატო თურქეთის შეშფოთებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ფინეთი და შვედეთი მუშაობენ თურქეთის უსაფრთხოების შეშფოთებაზე ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მაგრამ მათი წევრობა ძალიან მოკლე დროში შეუძლებელია. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
საინფორმაციო საიტის Politico-ს პირდაპირ ეთერში კითხვებზე პასუხის გაცემისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოს წევრობისთვის განაცხადების შესახებ ალიანსში არაერთხელ გამოითქვა განსხვავებული შეხედულებები.
სტოლტენბერგმა საკითხთან დაკავშირებით მაგალითებად მოიყვანა 1950-იანი წლების სუეცის კრიზისი, 1960-იან წლებში საფრანგეთის გამოყოფა ნატოს სამხედრო ფრთისგან, 1970-იან წლებში ომები აფრიკასა და ვიეტნამში და მოკავშირეებს შორის განსხვავებული დამოკიდებულება ერაყის ომთან მიმართებაში.
„ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჩვენ ვართ 30 სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა გეოგრაფიით, განსხვავებული ისტორიით, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებით ხელისუფლებაში. მიუხედავად ყველა უთანხმოებისა, მოკავშირეები თანხმდებიან, რომ „დაიცვან ერთმანეთი“. მე მჯერა, რომ ჩვენ შეთანხმებულები ვართ ფინეთთან და შვედეთთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, არის დავსხდეთ და მოვაგვაროთ მოკავშირეების მიერ გამოთქმული უთანხმოება და შეშფოთება, როგორც ამას აკეთებს ახლა თურქეთი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ თურქეთი არის ერთადერთი ნატოს მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა ტერორისტული თავდასხმებით. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება სირიას და ერაყს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხშიც ყველაზე დიდი წვლილი მათ შეაქვთ. როდესაც თურქეთი გამოთქვამს თავის შეშფოთებას, რა თქმა უნდა, ჩვენ დავსხდებით და ვეცდებით მათ გამოსწორებას. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიპოვით გამოსავალს, რომელიც საშუალებას მისცემს ფინეთს და შვედეთს გახდნენ ალიანსის წევრები რაც შეიძლება მალე“, აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ეკატერინე გორგოძე Wimbledon 2022 წლის ძირითად ბადეშია!
27 ივნისს ლონდონში სტარტს აიღებს ჩოგბურთში უიმბლდონის 2022 წლის გათამაშება. რა თქმა უნდა, საქართველოს პირველ ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს ინგლისში ვიხილავთ, თუმცა ამის პარალელურად საკმაოდ კარგი ინფორმაციაც გავრცელდა.
უიმბლდონის წესების მიხედვით, ძირითად ბადეში რეიტინგის პირველი 128 ჩოგბურთელი ხვდება. ამ მომენტისთვის, ეკატერინე გორგოძე 580 ქულით 113-ე ადგილს იკავებს. აქედან გამომდინარე, ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში იასპარეზებს და მას კვალიფიკაციის გავლა არ მოუწევს.
ცნობისთვის, უიმბლდონზე ზოგადად ერთეულთა თანრიგში 144 მოთამაშე იღებს მონაწილეობას. დარჩენილ 16 ადგილს კი კვალიფიკაციიდან გადმოსული ჩოგბურთელები შეავსებენ, რისთვისაც კიდევ ერთი ქართველი მარიამ ბოლქვაძე იბრძოლებს. ცნობისთვის, ბოლქვაძე 358 ქულით 185-ე WTA-ს ოფიციალურ რეიტინგში185-ე ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ეკატერინე გორგოძეს "დიდი სლემის" ტურნირის ძირითად ბადეში ერთხელ აქვს ნათამაშები. ქართველი ჩოგბურთელი გასულ წელს „როლან გაროსზე“ გავიდა, თუმცა პირველივე წრეში დანიელ კლარასთან წააგო.
საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი
2022 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, სადაც თხოვნით მიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს, გაითვალისწინონ ქართველი ხალხის მისწრაფება ევროპული ოჯახისკენ, მისი ბრძოლა და ძალისხმევა ამ პროცესში და მიანიჭონ ჩვენ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რათა საქართველო არ მოწყდეს იმ საერთო სივრცეს, რომელშიც დღემდე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მოიაზრება და ხელიდან არ გავუშვათ ეს უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა.
იხილეთ საქართველოს სახალხო დამცველის წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისადმი
თქვენო აღმატებულობავ, გიდასტურებთ უდიდეს პატივისცემას პირადად თქვენ, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტს და ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს/მთავრობის მეთაურებს. ევროკავშირი ყოველთვის იყო საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი მის ევროპულ მისწრაფებებში და ამ მხარდაჭერის შედეგებს ბევრი ჩვენგანი გრძნობდა ათწლეულების განმავლობაში. ნება მომეცით გამოვხატო ჩვენი უდიდესი მადლიერება ამ დახმარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობა გააგრძელებს გაღრმავებას, ხოლო ევროინტეგრაციის მიმართულებით პროგრესი სარგებელს მოუტანს როგორც ევროკავშირის, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებს და რომელთაც უკეთესი, უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი მომავლის შექმნის იდეა აერთიანებთ.
მე დღეს მოგმართავთ როგორც საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი), რომელიც არის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო და ზედამხედველობს საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. ომბუდსმენი ათწლეულებია მტკიცედ მოქმედებს თავისი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში და სარგებლობს ფართო მხარდაჭერითა და ნდობით როგორც ადგილობრივი, ისე ფართო საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
ასეთ კრიტიკულ დროს თავს ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ 2022 წლის 23 და 24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სხდომის წინ, რომელიც, სავარაუდოდ, მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს წევრობის განაცხადების შესახებ. მოგეხსენებათ, 2022 წლის 17 ივნისს ევროკომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრებები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ევროკავშირის წევრობის განაცხადების შესახებ, რომლებშიც კომისიამ სამივე სახელმწიფოსთან დაკავშირებით ევროპული პერსპექტივის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. გარდა ამისა, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ კომისიამ გასცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, საქართველოსთან დაკავშირებით კი კომისიამ წამოაყენა მკაფიო პირობები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს გამოყოფას ასოცირებული ტრიოსგან, მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ლიდერი ამ სამ ქვეყანას შორის და მათთან ერთად იზიარებს რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე საფრთხეებს.
ეს არის ეგზისტენციალური საკითხი და მომენტი მთელი ერისთვის, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი გააზრებული არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც აისახა. საქართველოში ევროინტეგრაცია არის არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანი, ეს ასევე, მორალური და კულტურული არჩევანია, რომელსაც იზიარებს ფართო პოლიტიკური სპექტრი და რომელსაც მხარს უჭერს ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობა. ზემოხსენებულის ბოლო დასტურს წარმოადგენს 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით აქცია გაიმართა მხოლოდ იმ მიზნით, რომ გამოეხატათ ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა. ევროპა არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და მისწრაფება, რისთვისაც ყველა თაობამ გაიღო მსხვერპლი. ევროპული პერსპექტივის იდეა აძლიერებს საზოგადოების კონსოლიდაციას და ამცირებს პოლარიზაციას.
შესაბამისად, ყველაზე მწვავე საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევების ფონზე, ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკასთან ერთად, მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მკაფიო პირობებით, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს მკაცრ ვადებში. ევროკომისიამ უკვე მიუთითა ყველაზე პრობლემატურ საკითხებზე, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საქართველომ და ნება მომეცით დავადასტურო, რომ მოსაზრებაში ასახულ პრობლემებზე უკვე მრავალი წელია საუბრობს სამოქალაქო საზოგადოება და ქართველთა უმრავლესობა, ისევე როგორც ომბუდსმენი.
სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მოგმართავთ დღეს, განიხილოთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მე მტკიცედ მჯერა, რომ ევროინტეგრაცია არის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა საქართველოში წინსვლისთვის და ევროკომისიის რეკომენდაციები ამ პროცესში შეასრულებს საგზაო რუკის როლს. გარწმუნებთ, რომ სახალხო დამცველი ზედამხედველობას გაუწევს ამ პროცესს, ხოლო ქართველი ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება და მედია დაიცავენ ამ პირობების შესრულებას.
თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გამოვხატავ ჩემს ღრმა პატივისცემას თქვენდამი!
პატივისცემით,
ნინო ლომჯარია
საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი)