Items filtered by date: პარასკევი, 09 დეკემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 7 დეკემბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დაწესების წინადადება წამოაყენა.
ევროკომისიის წინადადებით, ევროკავშირის სანქციების სიას კიდევ 200-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი უნდა დაემატოს. სიაში შესულია რუსეთის შეიარაღებული ძალები მთლიანად და ცალკეული ოფიცრები, თავდაცვითი სამრეწველო კომპანიები, სახელმწიფო დუმის და ფედერაციის საბჭოს წევრები, მინისტრები, გუბერნატორები და პოლიტიკური პარტიები. 
„სია მოიცავს ფიგურებს, რომლებიც არსებით როლს ასრულებენ სამოქალაქო მოსახლეობაზე სასტიკ და მიზანმიმართულ სარაკეტო თავდასხმებში, უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და რუსეთში გადაყვანაში და უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მოპარვაში“, — ნათქვამია ევროკომისიის პრესრელიზში.
მეორე რიგში, ევროკომისია თვლის, რომ სანქციები უნდა დაუწესდეს რუსეთის კიდევ სამ ბანკს. ამაში შედის რუსეთის რეგიონული განვითარების ბანკისთვის ტრანზაქციის სრულად აკრძალვა. 
მესამე რიგში, ევროკომისიის წინადადებით, საჭიროა საექსპორტო კონტროლის ახალი ზომების და შეზღუდვების დაწესება — განსაკუთრებით, ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე. ამაში შედის ძირითადი ქიმიკატები, ნერვულ-პარალიზური მოქმედების მომწამლავი ნივთიერებები, ელექტრონიკა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტები, რომელთა გამოყენებაც რუსულ არმიას შეუძლია.
მეოთხე რიგში, სანქციები რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებზე წვდომას შეუზღუდავს. გარდა ამისა, ევროკომისიის შეთავაზებით, უნდა აიკრძალოს ახალი ინვესტიციები რუსეთის სამთო მრეწველობის სექტორში.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე განაცხადა, რომ ევროკომისიის მიზანია, კიდევ ოთხ პროპაგანდისტულ არხს აეკრძალოს ეთერში გასვლა და ყველა სხვა სადისტრიბუციო პლატფორმაზე წვდომა. 
ამავე კვირის დასაწყისში ევროკავშირის მიერ სრულად აიკრძალა რუსეთის საზღვაო ნავთობის იმპორტი. დიდი შვიდეულის ქვეყნები კი რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებაზე შეთანხმდნენ.
 
დამატებითი ინფორმაცია
პრესრელიზი

გამოქვეყნებულია მსოფლიო

8 დეკემბერს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს.

შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა მინისტრს გააცნო ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობის ძირითადი საკითხები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და მართლმსაჯულების სფეროში თანამშრომლობის განვითარების გზებზე.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა ელჩის პირადი მხარდაჭერა მიმდინარე წლის სექტემბერში „ჰუალინგ პლაზაში“ იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის პროცესში.

 

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. 

ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული. 

საქართველომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსათვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. 

ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. 

ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით. 

გამოქვეყნებულია ეკონომიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური