მარიამ ქვრივიშვილი - ჩინეთთან რეგულარული ფრენები 2023 წლიდან აღდგება
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია China Southern Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ჩინეთის ავიაკომპანიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა.
„სასიხარულოა, რომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება. ჩინეთი საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ტრადიციულად, ჩინეთიდან ჩამოსული ტურისტები გამოირჩევიან მხარჯველუნარიანობით. დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი რეისები ხელს შეუწყობს მეტი ჩინელი ტურისტის ჩამოსვლას, აგრეთვე დადებითად აისახება 2023 წელს ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე და დამატებითი სტიმული გახდება საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებითაც,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ქვეყნის საავიაციო პოლიტიკის განმსაზღვრელი სხვა უწყებები აქტიურად საქმიანობენ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად. მისი თქმით, საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, რათა გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი სამოქალაქო ავიაციის სექტორში.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პანდემიამდე ჩინეთიდან 48,071 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც 50.9%-იანი მატება იყო 2018 წელთან შედარებით, ხოლო ტოპ 15 ქვეყანას შორის ჩინეთი მეთხუთმეტე ადგილზე პოზიციონირებდა.
ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის საჰაერო ხაზზე რეგულარული ფრენები 2023 წლის იანვრიდან დაიწყება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, რეგულარული რეისები ურუმჩისა და თბილისს შორის ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2023 წლის 25 მარტამდე – კვირაში ერთხელ, ყოველ პარასკევს შესრულდება. China Southern Airlines-მა საქართველოს მიმართულებით ფრენები, „კოვიდ-19“-ის ინფექციასთან დაკავშირებული პანდემიის გამო, 2020 წლის იანვარში შეაჩერა. ბოლო რეგულარული რეისი საქართველოს მიმართულებით 2020 წლის 23 იანვარს განხორციელდა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მერმა უკრაინელ მოზარდებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა
უკრაინელი მოზარდები, რომლებიც თბილისის მერიის მოწვევით და სრული დაფინანსებით უკვე კვირაზე მეტია თბილისში იმყოფებიან, დღეს თბილისის მერს შეხვდნენ. თბილისის მერმა კახა კალაძემ უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრებს და მათ მწვრთნელებს „საახალწლო სოფელში“ უმასპინძლა.
საფეხბურთო გუნდის წევრებმა თბილისის მერს მადლობა გადაუხადეს გულთბილი მასპინძლობისთვის და საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატი აჩუქეს. „მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი და გისურვოთ, რომ არასდროს, არასდროს აღარ გენახოთ ომი. მშვიდობა და კეთილდღეობა ჰქონოდეს უკრაინას და ბევრი დღესასწაული გეზეიმოთ,“- განაცხადა კახა კალაძემ მოზარდებთან შეხვედრაზე.
უკრაინული ახალგაზრდული სპორტული სკოლა „მიკოლაივის“ საფეხბურთო გუნდის წევრები თბილისში, „დინამოს აკადემიის“ ბაზაზე ცხოვრობენ, ატარებენ მატჩებს, ესწრებიან სხვადასხვა სახის ტრენინგებს თუ საგანმანათლებლო ტურებს, რის ხარჯებსაც თბილისის მერია უზრუნველყოფს.
„თბილისის მერია მასპინძლობს მიკოლაივის სპორტული სკოლის აღსაზრდელებს და მათ მწვრთნელებს "დინამოს აკადემიის" ბაზაზე. ძალიან საინტერესო პროგრამა აქვთ - ვარჯიშები, ქალაქის ტური. სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ფარგლებში დავათვალიერებინეთ დედაქალაქი, სახელოვნებო სივრცეები, ჩაუტარდათ საგანმანათლებლო ტრენინგებიც. ვიმედოვნებთ, ძალიან კარგი შთაბეჭდილებებით წავლენ. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრომლობას და სხვადასხვა სპორტული და გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აუცილებლად მოვიწვევთ მომავალშიც. ვფიქრობ, ასეთ მძიმე და სტრესულ მდგომარეობაში მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის მხარდაჭერა“, - განაცხადა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ.
„საახალწლო სოფელში“ მერთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და მერის მოადგილე ანდრია ბასილაია იმყოფებოდნენ.
მინისტრის მოადგილე ბაკურიანში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ბაკურიანში, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
მარიამ ქვრივილმა, მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელთან ირაკლი ბურჭულაძესთან ერთად დიდველსა და მიტარბიზე მოწყობილი ტბის ორი ხელოვნური რეზერვუარი და გათოვლიანების სისტემები დაათვალიერა. აღსანიშნავია, რომ ტბის ხელოვნურ რეზერვუარებს ჯამურად 300 მლნ ლიტრი წყლის მარაგი ექნება და გათოვლიანების სისტემას უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფენ.
„ბაკურიანში პრაქტიკულად დასრულებულია მსოფლიო ჩემპიონატის სრულფასოვნად მასპინძლობისთვის საჭირო მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც გულისხმობს ხელოვნური რეზერვუარების მოწყობასა და 29-კილომეტრიანი გათოვლიანების სისტემის მონტაჟს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარების წყლით შევსების პროცესი. აღნიშნული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ხელს შეგვიწყობს, რომ საქართველომ ღირსელად უმასპინძლოს ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში. ამავდროულად, აღნიშნული ინფრასტრუქტურა გააძლიერებს კურორტ ბაკურიანს, გაახანგრძლივებს ზამთრის ტურისტულ სეზონს და გაზრდის ვიზიტორთა გამტარუნარიანობას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში ბაკურიანში აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლაინების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები, 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა, შეძენილი იქნა სპეც.ტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. შესაბამისად, განხორციელდა დაახლოებით 300 მლნ ლარის ინვესტიცია.
თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება, წარმდგენი კი კომპანია „სილქნეტია“.
საფრანგეთში ირანელმა ახალგაზრდამ პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა
ირანში ახალგაზრდა ქალის დაკავების შემდეგ გარდაცვალების გამო დაწყებული საპროტესტო აქციები სხვადასხვა წერტილში ისევ გრძელდება. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.
მათი ინფორმაციით, საფრანგეთში მცხოვრებმა ირანელმა მოჰამად მორადიმ ქალაქ ლიონში მდინარე რონში გადახტა და თავი მოიკლა, რათა ყურადღება მიექცია მის ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისადმი.
სანამ თავს მოიკლავდა, მორადიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც იწყება სიტყვებით „ეს არის ჩემი თვითმკვლელობის ვიდეო“.
მასში მორადი ამბობს, რომ თვითმკვლელობის მიზანია „ევროპის ქვეყნებისა და ხალხების ყურადღების მიქცევა ირანში განვითარებულ მოვლენებისადმი“.
"სანამ ამ ვიდეოს უყურებთ, მე მდინარეში მოვკვდები. თვალი ვერ დავხუჭე ჩემი ხალხის პრობლემებზე. მირჩევნია მოვკვდე ვიდრე ვიცხოვრო დამცირებით." - ამბობს ირანელი ახალგაზრდა.
ფრანგული მედიის ცნობით, გუშინ ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე, გამვლელების ჩარევის მიუხედავად, 38 წლის მორადი მდინარე რონში გადახტა და ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა მდინარეში ცხედარი იპოვეს.
ირანის დედაქალაქ თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციის მიერ თავსაბურავის წესების დარღვევის გამო დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილი 22 წლის მაჰსა ამინის, 16 სექტემბერს გარდაცვალებამ ქვეყანაში საპროტესტო აქცების დაწყება გამოიწვია.
ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ანტირეჟიმულ გამოსვლებში გადაიზარდა, ასობით ადამიანი დაიღუპა და 10 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს.
განცხადება ჩინეთისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებული დროებითი ზომების შესახებ
კახა ოქრიაშვილი: „დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან!“
პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ:
"ბატონი კალაძის გამოსვლამ დღეს საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. ადამიანს არ გააჩნია ნამუსის ნატამალი. კალაძის მერიაში გამეფებულმა კორუფციამ შეიწირა 13 წლის ბავშვის სიცოცხლე და ამ ტრაგედიის შემოქმედი კალაძე თავადვე წუთიერი დუმილით პასუხობს ტრაგედიას.
უკვე მერამდენედ უნდა შევახსენოთ ავტობუსების თემა - რატომ იყიდა „აღმშენებელმა“ კალაძემ ასობით ავტობუსი 250 000 ევროდ და რატომ გადაიხადა თითოეულში 70 000 ევროთი მეტი, ვიდრე ზუსტად იგივე ავტობუსებში ყველა დანარჩენმა დედაქალაქმა?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ფულის დაბრუნება მალე მოგიწევთ.
დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არამარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან და საავტომობილო საცობებსაც მოევლება", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2022 წლის ანგარიში
მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, პატივცემულო სტუმრებო, საპატრიარქოს წარმომადგენლებო, ძვირფასო ელჩებო, საელჩოების წარმომადგენლებო. პირველ რიგში, მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დღეს მინდოდა ერთგვარი ანგარიში ჩამებარებინა საზოგადოებისთვის და თქვენთვის. დიდი პატივია ჩემთვის, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველამ ერთად ძალიან რთული პერიოდი გავიარეთ. მთავრობა, პარლამენტი, მთელი საზოგადოება იყო ჩართული ამ პროცესის მართვაში. საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყანა, შეიძლება ითქვას, გამარჯვებული გამოვიდა ამ ეტაპზე. პირველ რიგში, მე მინდა დავიწყო რეგიონის სიტუაციის აღწერით. ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის არის დიდი გამოწვევა. ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე, ჩვენს რეგიონზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველაზე, მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე და შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული. ეს არის ურთულესი გამოწვევა, ამიტომ, ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენ შესაბამისად ავაწყეთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ პოლიტიკას ვახორციელებთ. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, ამ იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში სჭირდება ჩვენს ხალხს და ჩვენი ხალხის ინტერესებს.
პრემიერის ადმინისტრაცია
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი განაგრძობენ არმიის მომზადებას მომავალი წლისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი განაგრძობენ არმიის მომზადებას მომავალი წლისთვის. ამის თაობაზე "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.
ზელენსკიმ ერს ვიდეო გზავნილით მიმართა, რომელიც მან ღამით საკუთარი Telegram-ის ანგარიშით გაავრცელა და გააკეთა შეფასებები მის ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომის შესახებ.
მან აღნიშნა, რომ ისინი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ფრონტზე უახლესი ვითარება განიხილეს. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო არმიის მომავალი წლისთვის მომზადებას.
„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მომზადებას მომავალი წლისთვის. ეს გადამწყვეტი წელი უნდა იყოს“. - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის არმია მზად უნდა იყოს ყველა სეზონისთვის და დაამატა: „ჩვენ ვიცით, რა რისკებია ზამთარში, რა უნდა გავაკეთოთ გაზაფხულზე და, შესაბამისად, რა შედეგი უნდა აჩვენოს მთელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორმა“.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მათი მიზანი უკრაინის მთელი მიწების გათავისუფლებაა და რომ ამ რწმენით შევლენ 2023 წელში.