Items filtered by date: ხუთშაბათი, 22 დეკემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

2021 წელს საქართველოში კიბოს 10432 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დიაგნოზით  7388 ადამიანი გარდაიცვალა. ესაა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელშიც, ცხადია, არ ჩანს, გარდაცვლილთაგან რამდენი ადამიანის განკურნება ან სიცოცხლის გახანგრძლივება იყო შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი მათ თანამედროვე მკურნალობაზე ექნებოდათ წვდომა. თუმცა სიმსივნის მკურნალობის დაფინანსების ის მოდელი, რომელიც საქართველოში დღეს მოქმედებს, ცალსახად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ხელმისაწვდომი მკურნალობის შემთხვევაში, ლეტალობის სტატისტიკა გაცილებით  მცირე იქნებოდა.

ამას ასევე ადასტურებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში მოცემული კიდევ ერთი მონაცემი: მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების 90%-ზე მეტმა განაცხადა, რომ კიბოს მკურნალობა მათთან ხელმისაწვდომია, ამავე დროს, იგივე სერვისი ხელმისაწვდომია დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნების მხოლოდ 30%-ში.

სწორედ ამ უკანასკნელში ერთიანდება საქართველო. მართალია, დაბალი შემოსავლების არაერთი სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში სიმსივნეების მკურნალობა გაცილებით წინაა წასული და პაციენტები სახელმწიფოსგან ათიათასობით ლარის დაფინანსებას იღებენ, თუმცა ქვეყანას, სადაც ბიუჯეტიდან არაერთი დაავადების სამკურნალო  ძვირადღირებული პრეპარატები ფინანსდება და სადაც ონკოლოგიის სკოლა საკმაოდ განვითარებულია, აქვს შესაძლებლობა, თუნდაც არსებული ფინანსების ფარგლებში, კიბოთი დაავადებული მოქალაქეების მკურნალობა  ბევრად ხელმისაწვდომი გახადოს.  თემა წლებია, არათუ კარგავს, სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში, სკრინინგის დაბალი მოცვის გამო, კიბოს გამოვლენა ყველაზე ხშირად (შემთხვევათა თითქმის 40%-ში) ხდება გვიან ეტაპზე - მესამე და მეოთხე სტადიებზე. ამას ემატება საერთაშორისო საპროგნოზო შეფასებები (დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით), რომელთა თანახმად, 2018-2030 წლების პერიოდში საქართველოში კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 6%-ით მოიმატებს - ქალებში - 5%-ით, კაცებში კი - 7%-ით.

საქართველოში მოქმედი სისტემით, სიმსივნეების მკურნალობის ყველაზე კარგი პაკეტი საყოველთაო ანუ სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემას აქვს. სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტებისთვის იფარება შემდეგი ონკოლოგიური სერვისები: ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, მონოკლონური ანტისხეულები/თიროზინკინაზას  ინჰიბიტორები/ბისფოსფონატები, ონკო ქირურგია. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ბიუჯეტი ერთ პაციენტზე 25 000 ლარს შეადგენს. 

თუმცა ეს სერვისები ყველა მოქალაქეს თანაბრად არ უფინანსდება და მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა სრულად ხელმისაწვდომი, რომლებიც გარკვეულ კატეგორიაში შედიან. ეს კატეგორიებია:

სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანები, 17 წლამდე ბავშვები, პედაგოგები, სტუდენტები, იძულებით გადაადგილებული პირები, შშმ პირები და საპენსიო ასაკის პირები, ასევე მაღალი დაფარვები აქვთ ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, თვითდასაქმებულებს, არარეგულარული შემოსავლის მქონე ადამიანებს.

დასახელებულ კატეგორიებს სახელმწიფო აძლევს კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას: მათ აქვთ უფლება, კერძო პაკეტი შეიძინონ, რაც მათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე წვდომას არ უზღუდავს. თუმცა მდგომარეობა სხვაგვარია საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებთან მიმართებაში. ესენი არიან ადამიანები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს. ანუ თვეში 1000-დან 3300-მდე ლარის შემოსავალი აქვთ. მათ უნდა აირჩიონ - ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დარჩნენ (თუმცა - შეზღუდული პირობებით) ან კერძო დაზღვევა შეიძინონ. რაც შეეხება ონკოლოგიურ სერვისებს, თუ კერძო დაზღვევას შეიძენენ, სახელმწიფოს მხრიდან უნარჩუნდებათ  ქიმიო და ჰორმონოთერაპიები. ამ შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ კერძო დაზღვევას, საუკეთესო პირობების შემთხვევაშიც კი, არ აქვს ონკოლოგიური სერვისების დაფინანსების ისეთი მაღალი ლიმიტები, როგორიც სახელმწიფო დაზღვევას.

რაც შეეხება 40 ათასი ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ადამიანებს, მათზე საყოველთაო ჯანდაცვა აღარ ვრცელდება, ასე რომ დაზღვევის ფორმებს შორის მხოლოდ კერძო დაზღვევის შეძენა შეუძლიათ (სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობის უფლება მხოლოდ მშობიარობის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში უნარჩუნდებათ). პრობლემა ამ შემთხვევაშიცაა : მაგალითად, 4 ათასლარიანი შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის რამდენიმე ათეული და არცთუ იშვიათად ასეული ათასი ლარის ღირებულების სამედიცინო სერვისი უკვე კრიტიკული დანახარჯია და, შესაბამისად, მათთვისაც ხშირ შემთხვევაში ხელმიუწვდომელია. მიზეზი იგივეა - კერძო სადაზღვევო პაკეტებში ონკოლოგიუეი სერვისების სათანადო დაფინანსების არარასებობა.

როდესაც ადამიანი კერძო დაზღვევას ყიდულობს, თავს უპირატეს მდგომარეობაში გრძნობს, რადგან აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ სერვისებით, რასაც საყოველთაო ვერ ფარავს. ასევე შეუძლია აირჩიოს სასურველი ექიმი, დამატებითი სერვისები, უკეთესი პირობები და ა.შ. თუმცა ეს უპირატესობები ქრება, როდესაც ადამიანს ონკოლოგიურ დიაგნოზს უსვამენ. ონკოლოგიის მკურნალობა ათიათასობით ლარს უკავშირდება. ასეთი დაფარვები კი, როგორც აღვნიშნეთ, კერძო სადაზღვევო კომპანიებს არ აქვთ. კერძო სექტორს ამაზე ასეთი არგუმენტი აქვს: საქართველოში არ მოქმედებს ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, ბაზარი არის პატარა (კერძო დაზღვევა მოსახლეობის მხოლოდ 16%-ს აქვს) და დაბალგადამხდელი. ამიტომ შეუძლებელია ბევრი და შედარებით ძვირადღირებული პაკეტების გაყიდვა, რის გარეშეც ძვირადღირებული სერვისები ვერ დაიფარება. სწორედ ამიტომ, სადაზღვევო კომპანიები ითხოვენ უნივერსალური პაკეტის შექმნას, რაც იქნება აუცილებელი მინიმუმი ყველა მოქალაქისთვის, თანაც - იქნება სავალდებულო. ბაზისურ პაკეტში სავალდებულო უნდა იყოს სავალდებულო ონკოლიგიური პაკეტიც.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, უნდა შეიქმნას პაკეტი, რომელიც ერთნაირი იქნება ყველა მოქალაქისთვის და რომელიც დაფარავს ყველა საბაზისო, მათ შორის ონკოლოგიურ სერვისს - მინიმუმ, ისეთსავე ლიმიტებს, რაც საყოველთაო ჯანდაცვას აქვს. ამასთან, ამ პაკეტს მოსახლეობის მოწყვლად ნაწილს (პენსიონრები, ბავშვები, სოცდაუცველები და ა.შ.)  სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს, გარკვეული შემოსავლების მქონე მოქალაქეებს - ნაწილობრივ, მაღალშემოსავლიანი ადამიანები კი სადაზღვევო პრემიებს მთლიანად თავად გადაიხდიან. ასეთია სქემა, რომელიც, სადაზღვევო კომპანიებისა და ექსპერტების აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, სადაზღვევო ბაზარს გაზრდის, ეს კი ნიშნავს დაზღვევის განვითარებას და მეტი სერვისის დაფინანსებას. თანაც, ამ ინიციატივის თანახმად, დამატებითი პაკეტის შეძენის, ანუ უნივერსალური-საბაზისო პაკეტის გაუმჯობესების უფლება ნებისმიერ მოქალაქეს ექნება განურჩევლად შემოსავლისა.

ეს ის პირობაა, რომელიც თავად სახელმწიფოს აქვს აღიარებული: პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ხედვა 2030 წლისთვის ითვალისწინებს ერთიანი სტანდარტიზებული პაკეტის შემოღებას, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისთვის, ნაწილობრივ დააფინანსებს საშუალოშემოსავლიანი ჯგუფებისათვის, ხოლო მაღალშემოსავლიანი მოსახლეობა თავად დაფარავს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი მიდგომა სახელმწიფოსთვის დამატებითი ფინანსური ტვირთი არ იქნება, სამაგიეროდ მოსახლეობას გაცილებით მეტი და ძვირადღირებული სერვისი დაუფინანსდება. გარდა ამისა, ეს აღმოფხვრის იმ დისკრიმინაციას, რომელსაც ონკოლოგიურ პაციენტებს შორის მოქმედი კანონი აჩენს. ამის მაგალითია ის შემთხვევები, რომლებზეც jandacva.ge უკვე წერდა: ჩვენი ერთი რესპონდენტი არის პაციენტი, რომელიც დასაქმებულია და გარკვეული  ხელფასი აქვს. მეორე კი სოცდაუცველია. ორივე მათგანს რამდენიმე ათეული ათასი ლარის დაფინანსება დასჭირდა. პირველ შემთხვევაში, რადგან მოქალაქეს კერძო დაზღვევა ჰქონდა, ის სრულფასოვნად ვერ სარგებლობდა საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსებით, კერძო დაზღვევა კი მისი მკურნალობის მხოლოდ მცირე ნაწილს წვდებოდა, რაც მკურნალობის გარეშე დარჩენის ტოლფასია. ამ პაციენტს შეეძლო კერძო დაზღვევაზე უარის თქმა და საყოველთაოში გადასვლა, თუმცა ამისთვის მოცდის პერიოდი არსებობს, რაც ონკოპაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დროის დაკარგვას ნიშნავს. ამიტომ ამ ადამიანს განკურნებისთვის საჭირო თანხები ახლობლებმა შეუგროვეს. 

მეორე შემთხვევაში კი, სოციალურად დაუცველმა პაციენტმა მკურნალობა სრულად სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაიტარა და გამოჯანმრთელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პირველი რესპონდენტი დასაქმებულია, სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებს იხდის და შესაბამისად, აფინანსებს სოცდაუცველების მკურნალობას, თავად სახელმწიფოსგან პრაქტიკულად მკურნალობის გარეშე დარჩა. მისი ხელფასი მას, სოცდაუცველ პაციენტთან შედარებით, არანაირ უპირატესობას არ აძლევდა, რადგან საუბარია ათობით ათასი ლარის ღირებულების მკურნალობაზე. სწორედ ამ სისტემის გამოსწორებას ითხოვენ არა მხოლოდ სადაზღვევო სექტორი და ექსპერტები, არამედ პაციენტები და ექიმებიც კი, რომლებიც, დაავადების მართვასთან ერთად, ფინანსების მოძიებით არიან დაკავებულები.

ექიმები ყვებიან, რომ, როდესაც პაციენტს დიაგნოზს დაუსვამენ, ამის შემდეგ იწყება ფიქრი იმაზე, ფინანსური თვალსაზრისით როგორ შეურჩიონ ისეთი მკურნალობა, რომლის დაფინანსების მოპოვებასაც ონკოპაციენტი შეძლებს. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც პაციენტი წყვეტს მკურნალობას ან არჩევს ნაკლებ ეფექტურ, თუმცა ფინანსურად დამზოგველ რეჟიმებს.

ონკოლოგები ამბობენ, რომ მსოფლიო მედიცინა ონკოლოგიაში წინ მიდის, ჩნდება ახალი და ეფექტიანი მეთოდები, საქართველოში არსებული დაფინანსებით კი პაციენტები იმ მეთოდებით მკურნალობაზე მიდიან, რომლებიც მედიცინის წარსულია და ნაკლებშედეგიანია. შეუძლებელია, სახელმწიფოს დავუკარგოთ ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ სიმსივნეებით დაავადებული პაციენტების მკურნალობისთვის ბოლო წლებში მიაღწია. ბიუჯეტის ზრდამ ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

ონკოლოგიური მედიკამენტების ბიუჯეტის მხოლოდ მედიკამენტების დაფინანსების ზრდის დინამიკა  2019-21 წლებში ასეთია: 2019 წელი - 24 მლნ. ლარი, 2020 წელი - 40,7 მლნ. ლარი, 2021 წელი - 80,3 მლნ. ლარი. ზრდა შთამბეჭდავია, თუმცა არასაკმარისი. ერთი წლის ჭრილში მკურნალობის ლიმიტი არ არის საკმარისი მრავალი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის და მოიცავს შემდეგ მედიკამენტებს: 

ჰორმონდადებითი ძუძუს კიბო: რიბოციკლიბი - 3 თვე, პალბოციკლიბი - 2 თვე;

კოლორექტული კიბო: ბევაციზუმაბი - 7 თვე, ცეტუქსიმაბი - 7 თვე, ლონსურფი - 2 თვე;

ფილტვის კიბო: ოსიმერტინიბი - 1 თვე, ალექტინიბი - 3 თვე, ერლოტინიბი - 7 თვე, ატეზოლიზუმაბი - 3 თვე; 

საკვერცხის კიბო: ოლაპარიბი - 2 თვე, ბევაციზუმაბი - 4 თვე;

პროსტატის კიბო: ენზალუტამიდი – 5 თვე, აბირატერონი - 6 თვე;

თირკმლის კიბო: სუნიტინიბი - 5 თვე, პაზოპანიბი - 4 თვე;

ღვიძლის კიბო: სორაფენიბი - 6 თვე;

მელანომა: დაბრაფენიბი/ტრამეტინიბი - 3 თვე, ვემურაფენიბი - 5 თვე.

 სიმსივნეების მკურნალობა, მათი ლოკალიზასიის, სტადიისა და სხვა კრიტერიუმების მიხედვით სხვადასხვა მიდგომას და მედიკამენტებს მოითხოვს. უახლესი მედიკამენტების ნაწილს კი სახელმწიფო საერთოდ არ აფინანსებს. მეტიც: ონკოლოგების მზაობის მიუხედავად, ქვეყანას არ აქვს შესაბამისი გაიდლაინები. მიზეზი ხელისგულზე დევს: გაიდლაინებში მკურნალობის თანამედროვე მეთოდები უნდა ჩაიწეროს და არა ონკოლოგიის წარსული მონაპოვრები. შესაბამისად, უნდა გაიწეროს თანამედროვე მედიკამენტები. ამ ყველაფრის დეკლარირებით კი სახელმწიფო ამ მედიკამენტების დაფინანსების ვალდებულებას აიღებდა. თუმცა პრობლემა მხოლოდ ეს არ არის.

არის სიმსივნეები, რომელთა მკურნალობისთვის ერთ პაციენტზე გამოყოფილი 25 ათასი ლარი არ არის საჭირო. არსებული სისტემით კი, ეს თანხა არ რჩება იმ პაციენტებს, რომლებსაც, მათი დიაგნოზიდან გამომდინარე, 25 ათასზე მეტი თანხა ესაჭიროებათ.

ის, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნეების სამკურანლო ბიუჯეტი და ერთ პაციენტზე გამოყოფილი თანხები იზრდება, ცხადია, კარგია, თუმცა გაცილებით ეფექტიანი იქნებოდა, მოქმედებდეს დიაგნოზზე მიბმული დაფინანსება. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ პაციენტზე გამოყოფილი უნდა იყოს არა ფიქსირებული თანხა, არამედ საჭირო თანხა განისაზღვროს კონკრეტული დიაგნოზისთვის აუცილებელი მკურნალობისა და მედიკამენტების მიხედვით.

ასეთი სისტემა სხვა დაავადებების შემთხვევაში უკვე ამოქმედდა 1 ნოემბრიდან. სისტემა „დიარჯის“ სახელითაა ცნობილი. ამ სისტემის პრინციპია, ავადმყოფის მკურნალობა დაფინანსდეს არა „მოჭრილი“ ტარიფით, არამედ მკურნალობისთვის აუცილებელი კონკრეტული ჩარევების ტარიფის მიხედვით.

თუმცა რეფორმა არ ეხება რამდენიმე ჩარევას და მათ შორის მოხვდა ონკოლოგიური პაციენტებისთვის აუცილებელი თერაპიები - ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები.

ჯანდაცვის საკითხების ექსპერტი თენგიზ ვერულავა ამბობს, რომ „დიარჯი“ ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშაა.

„“დიარჯი“ სატესტო რეჟიმში ამოქმედდა და ეს სისტემა დაკვირვების ქვეშაა. ონკოლოგიური პაციენტები ერთერთი პრიორიტეტული პაციენტები არიან და ცხადია, სახელმწიფო მათ ყურადღების მიღმა არ დატოვებს. დიდი ალბათობით, სწორედ სიმსივნური დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, ეს ნაწილი არ მოხვდა „დიარჯის“ პირველ ეტაპზე. ჯერ პროგრამა დაკვირვების ქვეშაა. უნდა გამოიკვეთოს მისი ხარვეზები და შესაძლო ცვლილებები და ამის შემდეგ შევა მასში ისეთი რთული სფერო, როგორიც ონკოლოგიაა. „დიარჯის“ ამოქმედების პირველ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ მაგალითად პენსიონრებს თანხობრივად გაეზარდათ მათი გადასახდელი ლიმიტი - 10%, რადგან მომატებული ტარიფის 10 პროცენტი თანხაში უფრო მეტი გამოვიდა. ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა კი გაცილებით დიდ თანხებს უკავშირდება და შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტროში სწორედ ამ პროცესებს აკვირდებიან. არაა გამორიცხული, სამინისტრო ყველა ონკოპაციენტის სრულ დაფინანსებას განიხილავდეს, რათა მათ თანაგადახადა არ მოუწიოთ. ონკოლოგიური პაციენტები რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ამას ისიც ადასტურებს, რომ იანვრიდან რეფერენტული ფასების დაწესება პირველ რიგში სწორედ ონკოლოგიურ მედიკამენტებს შეეხება,“ - განაცხადა თენგიზ ვერულავამ.

მისი თქმით, ამ პროცესების პარალელურად აუცილებლად დასაწყებია საუბარი საბაზისო პაკეტის ამოქმედებაზეც, რათა დისკრიმინაცია აღმოიფხვრას.

„კერძო სადაზღვევო კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული და შესაძლოა, მან საკუთარ პაკეტში არ ჩასვას ძვირადღირებული სერვისები. სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს სტანდარტული პაკეტი, რომელზე უარეს პაკეტსაც ის მომხმარებელს ვერ შესთავაზებს. ეს პაკეტი კი ამავდროულად სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა მისი გადახდის მექანიზმი სხვადასხვა უნდა იყოს ადამიანის სოციალური სტატუსისა და შემოსავლების მიხედვით. მსგავსი სისტემა მოქმედებს მაგალითად გერმანიაში, სადაც მოქალაქეს, რომელსაც 5 ათას ევროზე მეტი შემოსავალი აქვს, შეუძლია დატოვოს სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა და კერძო დაზღვევაში გადავიდეს, თუმცა პაკეტი, რომელსაც ის კერძო სადაზღვევო კომპანიისგან შეიძენს, უნდა აკმაყოფილებდეს საბაზისო პირობებს,“ - განმარტავს ვერულავა. ექსპერტი ამბობს, რომ მართალია „დიარჯი“ დაგვიანებულია და უნივერსალურ პაკეტზე მუშაობაც დაწყებული არ არის, თუმცა ეს ის ცვლილებებია, რომელთა განხორციელება ქვეყანას აუცილებლად მოუწევს, რათა რეალური უნივერსალური დაზღვევა მივიღოთ.

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა

ჰანჯოუ, 21 დეკემბერი (სინხუა) -- ორთვიანი სოციალური კვლევის საფუძველზე, ქ. ჰანჯოუში, /ჟეჯიანგის პროვინცია, აღმოსავლეთ ჩინეთი/ ოთხშაბათს გამოაქვეყნდა „ჩინეთის ყველაზე ბედნიერი ქალაქები 2022“-ის სია.

სიაში შედის 10 პროვინციის დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქი, მათ შორის ჩენდუ, ჰანჯოუ, ნინბო, სინინგი, გუანჯოუ, ჩანგშა, შენიანი, ჰეფეი, ცინდაო და ნანჯინგი.

გარდა ამისა, ამ სიაში ასევე მოხვდა ქვეყნის საოლქო დონის 11 ქალაქი, ქვეყნის მაზრის დონის 10 ქალაქი და რაიონული დონის 10 ქალაქი.

„2022 წლის ყველაზე ბედნიერი ქალაქების“ შერჩევა შეგროვილი მონაცემების ანალიზის, სოციალური გამოკითხვების, სასწავლო ტურებისა და ექსპერტების შეფასებების საფუძველზე განხორციელდა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ ყოველკვირეული გაზეთი "Liaowang Dongfang" /"Oriental Outlook"/ და ანალიტიკური ცენტრი "Liaowang" /Liaowang Institute/. ორივე მათგანი საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ეკუთვნის. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, შერჩევის პროცესში ძირითადად გათვალისწინებული იყო ისეთი პარამეტრები, როგორიცაა ქალაქის ძალისხმევის ეფექტურობა მოსახლეობის ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მაღალი ხარისხის განვითარების სურვილი, მწვანე განვითარების დონე და ქალაქის ეკოლოგიური წარმატება, ასევე მენეჯმენტი.

„ყველაზე ბედნიერი ქალაქების“ შერჩევა ჩინეთში 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ისინი არასოდეს დანებდებიან რუსეთს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" აქვეყნებს ინფორმაციას.

ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში სიტყვით მიმართა კონგრესმენებს.

მან თქვა, რომ მთელი მსოფლიოს გონებაში მათ დაამარცხეს რუსეთი ომში, რომელიც 24 თებერვლიდან გრძელდება და დაამატა: "მიუხედავად ყველა საშინელი პეიზაჟისა, უკრაინა არ დაეცა. უკრაინა ცოცხალია და უკან უბიძგებს (რუსეთს)".

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ომში გამარჯვებას ამერიკელებმა და ევროპელებმაც მიაღწიეს.

„სწორედ ამიტომ ევროპელები ახლა უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ოდესმე“. - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ასევე თქვა: „ეს ბრძოლა გადაწყვეტს, თუ რა სამყაროში იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები“.

ზელენსკიმ, რომელმაც უკრაინელი ჯარისკაცების ბრძოლა 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკელ ჯარისკაცებს შეადარა, თქვა, რომ „უკრაინა არასოდეს დანებდება“.

მან განაცხადა, რომ მათთვის მიცემული საბრძოლო მასალით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი და დაამატა: "რუსეთმა იპოვა მოკავშირე ამ გენოციდის პოლიტიკაში: ირანი. ირანმა ასობით მომაკვდინებელი დრონი გააგზავნა რუსეთში, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩვენს ინფრასტრუქტურას“.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მათ განიხილეს უკრაინის 10 პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულის წინადადებები აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.

”ჩვენ უნდა განვახორციელოთ ეს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოება მომავალი ათწლეულების განმავლობაში.” განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

მისივე თქმით, მათ წამოაყენეს წინადადება ამ კონტექსტში სამშვიდობო სამიტის მოწყობის შესახებ და თქვა, რომ ბაიდენის მიერ ამ ინიციატივი მხარდაჭერის გამო კმაყოფილია.

ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების მოწოდება გააკეთა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

პეკინი, 22 დეკემბერი (სინხუა) - პეკინის “შიდაის” სახვითი ხელოვნების მუზეუმში ახლახან გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების გამოფენა "ხმა და სიცოცხლე". ღონისძიებაზე წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნების 11 მოღვაწის 14 ნამუშევარი.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იერუსალიმის მასტერსის მეორე საშეჯიბრო დღე ოქროს მედლით დაასრულა.  წარმატებას მიაღწია ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც 2022 წელს არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა და მსოფლიო ძიუდოს ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მომავალი ჩემპიონი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. წმინდა გამარჯვებები მოიპოვა უნგრელ და იტალიელ მეტოქეებთან. ნახევარფინალში ფრანგ ალფა ომარ დიალოს ორი ვაზარით გაუმკლავდა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ოქროს ქულით დაამარცხა აზერბაიჯანელი საიდ მოლაი და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.

აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილმა 2022 წელს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა, იერუსალიმის მასტერსის მოგებამდე კი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გრიგალაშვილი 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარა.

ოლიმპიური კომიტეტი

გამოქვეყნებულია სპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრს, მის სამეფო უდიდებულესობა პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შეხვდა.

ალ-იამამის სასახლეში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა მიმოიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის და დიდი პოტენციალის მქონე სატრანსპორტო დერეფნის, გაზრდილ როლსა და მნიშვნელობას. საუდის არაბეთის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, რომ უფრო აქტიურად იქნეს ათვისებული საქართველოს პოტენციალი.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორია, საუდის არაბეთის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და მისასალმებელია, რომ საუდის არაბეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საინვესტიციო მიმართულებები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საუდის არაბეთისთვის მიმზიდველი ქვეყანაა როგორც სახელმწიფო საინვესტიციო ფონდების, ისე კერძო ბიზნესის მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა მიესალმება საუდის არაბეთის სამეფოდან უფრო მეტი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში.
საქართველოს მთავრობის მეთაურის საპატივცემულოდ,  ალ-იამამის სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მისთვის ხელსაყრელ დროს საქართველოში მოიწვია.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა არ დაუშვა კვიპროსზე, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში „პოსტფაქტუმი“ და არც მომავალში დაუშვებს. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" იუწყება.

თურქეთ-საქართველო-აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მე-9 შეხვედრის შემდეგ, ჰულუსი აქარმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვთან და საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ ვმუშაობთ სამი ქვეყნის სინერგიისთვის, მშვიდობისთვის“. - თქვა აქარმა და დაამატა: „ჩვენ გვინდა, რომ სომხეთისთვის გაწვდილ მშვიდობის ხელს ხელი მოჰკიდონ. თუ სომხეთი დაიცავს შეთანხმებებს, შეიძლება იყოს მშვიდობისა და სტაბილურობის ნაწილი“.

აქარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბერძნეთი აგრძელებს ექსპანსიონისტურ და აგრესიულ პოლიტიკას თავისი პროვოკაციული ქმედებებით და რიტორიკით, რომელიც იწვევს არასტაბილურობას და ამას ყოველდღიურად ამატებს ახალ პროვოკაციებს.

მან განაცხადა, რომ თურქეთი ღიაა დიალოგისთვის კვიპროსზე, ეგეოსისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხზე და მან არ დაუშვა „პოსტფაქტუმი“ და არც მომავალში დაუშვებს.

„ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი და საბედნიეროდ, შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი და ჩვენი კვიპროსელი ძმებისა და დების უფლებები და ინტერესები“. - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

აქარმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თაოსნობით ნატოს სხვა მოკავშირეებისგან,  მიუკერძოებელ, ობიექტურ, გონივრულ და ლოგიკურ მიდგომას ელიან.

მისივე თქმით, თურქეთის ბრძოლა ტერორიზმთან გრძელდება. „არავინ უნდა მოელოდეს ჩვენგან, რომ შევეგუებით ტერორისტებს ჩვენს საზღვრებთან ახლოს“. - თქვა ჰულუსი აქარმა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური