Items filtered by date: ოთხშაბათი, 14 დეკემბერი 2022 - NEWSDAY GEORGIA

ევროპარლამენტმა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაზე რეზოლუციას 608 ევროპარლამენტარიდან 430-მა დაუჭირა მხარი, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა.

რეზოლუცია სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის წევრის, ევროპარლამენტარ სვენ მიქსერის მოხსენების საფუძველზეა შედგენილი და მას ევროპარლამენტმა კენჭი შესწორებებით უყარა. შესწორებებიდან უმეტესობას, ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს. 

ევროპელი დეპუტატები წუხილს გამოთქვამენ, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპულ საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში პირველადაა მოხსენიებული არა "ყოფილ პრემიერმინისტრად", არამედ "ოლიგარქად".

რეზოლუციის კიდევ ერთი ადრესატი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მას სთხოვენ, "გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება" მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად და ასევე შეიწყალოს "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

დოკუმენტში საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ მხოლოდ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შემდეგ შეძლებს ქვეყანა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ევროკომისიის პრიორიტეტებს შორისაა: სასამართლოს გათავისუფლება პოლიტიკური ზეგავლენისგან, მედიის თავისუფლების დაცვა და დეოლიგარქიზაცია.

წყარო: https://mtavari.tv/news/106760-ivanishvilis-sanktsireba-mikheil-saakashvilis

გამოქვეყნებულია მსოფლიო
#IBSU-ს მედია ცენტრის, რადიო გადაცემის "საუბრები ჟურნალისტიკაზე" სტუმარი თამარ გეგენავა იყო.
თამარი ჟურნალისტიკის პროგრამის სტუდენტებს ესაუბრა დამწყები ჟურნალისტებისთვის კარიერის პირველ ეტაპებსა და იმ მთავარ ღირებულებებზე, რომლის გარეშეც ეს პროფესია წარმოუდგენელია.
რადიო გადაცემა მოამზადეს ლიკუნა ჟორდანიძემ, დავით მათიაშვილმა, ანა ჩალაშვილმა და ლუკა ამბალიამ.
გამოქვეყნებულია განათლება

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, პარლამენტარი კახა ოქრიაშვილი დღეს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ნიუს დეი საქართველო" უცვლელად გთავაზობთ: 

დღეს ბატონმა კალაძემ განაცხადა, არ გვინდა ევროპა, ევროპელებმა ეს არაფრისმომცემი სტატუსი თავისთვის დაიტოვონო. რა თქმა უნდა, კალაძეს არ უნდა ევროპა, რადგან როდესაც ევროპაში ვიქნებით, ხალხი კარგად იცხოვრებს და „დიდებული“ მენეჯერი კალაძე  250 000 დოლარად ვეღარ იყიდის თითო ავტობუსს, ნაცვლად 150 000 დოლარისა. მას ჯერ არ გაუცია პასუხი, როგორ მოახერხა თბილისის მერიამ, დანარჩენ ქალაქებთან შედარებით 20 მილიონი დოლარით უფრო ძვირად ეყიდა ავტობუსები.  როგორც კი ევროპაში მოვხვდებით, კალაძე მაშინვე იძულებული იქნება, უპასუხოს მისთვის უხერხულ კითხვებს, მათ შორის,  ავტობუსებზე, შადრევანში კორუფციის შედეგად დაღუპულ ბავშვზე და სხვა უამრავ შეკითხვაზე, რომელიც „ოცნების“ მიმართ არსებობს.

ევროპაში რომ არ ვართ, ხალხი ცუდად ცხოვრობს და ქვეყნიდან გარბის, კალაძე კი - კარგად. როცა ევროპაში ვიქნებით, პირიქით იქნება. ამიტომ არ უნდათ ევროპა კოლექტიურ კალაძეებს", - აცხადებს კ. ოქრიაშვილი.  

გამოქვეყნებულია საზოგადოება

პეკინი, 13 დეკემბერი (სინხუა) -- ჩინეთის კომუნისტური პარტიი ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პეტერ სიიარტოსთან, რომლის დროსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ჩინეთ-უნგრეთის მთავრობათაშორისი თანამშრომლობის კომისიის შექმნის შესახებ, „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ფარგლებში.

ვან ი-მ აღნიშნა, რომ ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების მდგრადი, ჯანსაღი და სტაბილური განვითარება ემსახურება ორი ქვეყნის ხალხთა საერთო ინტერესებს და ხელს უწყობს ჩინეთ-ევროპული ურთიერთობების მდგრად და გრძელვადიან განვითარებას.

მისივე თქმით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, უნგრეთის მსგავსად, ობიექტურად და მეგობრულად შეხედავენ ჩინეთის განვითარებას, და შეინარჩუნებენ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის მეგობრული თანამშრომლობის მთავარ ლაიტმოტივს.

პ. სიიარტომ თავის მხრივ, მიულოცა ჩინეთს კომუნისტური პარტიი მე-20 ეროვნული კონგრესის წარმატებით ჩატარება და განაცხადა, რომ ჩინეთი ევროპის პარტნიორია და არა მოწინააღმდეგე. „უნგრეთი მზადაა გააძლიეროს ურთიერთნდობა და გააღრმაოს პრაქტიკული თანამშრომლობა ჩინეთთან სხვადასხვა სფეროებში“, დასძინა მან.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

“სტარტაპ ბიურო”, “იმფაქთ ჰაბ თბილისსა” და “ფორსეტთან” თანამშრომლობით, იდეათონს (იდეების კონკურსს) მასპინძლობს. იდეათონი “ეფეს საქართველოს” მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში ტარდება და მისი თემა გარემოს დაცვა და ცირკულარული ეკონომიკაა. იდეათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, რომელსაც გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

მონაწილეობისთვის აუცილებელია აპლიკაციის ფორმის შევსება 16 დეკემბრამდე: https://forms.gle/Hcbw3P82TvNjFUKY7

იდეთონის ფარგლებში, ასევე, ტარდება უფასო ვორკშოპების სერია მათთვის, ვისაც კონკურსში მონაწილეობა სურს, თუმცა იდეა ჯერ არ აქვს და რელევანტურ თემებზე ცოდნისა და ინსპირაციის მიღება უნდა. გასულ კვირებში უკვე ჩატარდა ორი ვორკშოპი ნარჩენების გადამუშავებასა და HR მართვის პროცესების გაციფრულებაზე. მესამე და საბოლოო ვორკშოპი კი დაგეგმილია 16 დეკემბერს.

ვორკშოპის თემა: მდგრადი მოხმარება

დრო: 14:00 სთ.

მისამართი: Impact Hub Tbilisi, ნინოშვილის 8, თბილისი

ადგილების შეზღუდული რაოდენობის გამო, საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: https://forms.gle/Q2pAoAvsH9McXfZ27

იდეათონის დასკვნით ფაზაზე, 25 დეკემბერს, თბილისში ჩატარდება ერთდღიანი ბუტკემპი (ინტენსიური ბანაკი), რომლის დროსაც შერჩეული მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს გამოცდილი მეწარმეებისგან და გაიგებენ მეტს ბიზნესმოდელის შექმნის, ბიუჯეტირების, ფინანსებისა და იმ ყველაფრის შესახებ, რაც საკუთარი იდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნისთვის სჭირდებათ.

“ეფეს საქართველოს” მეწარმეობის პროგრამის პრეზენტაცია 3 ნოემბერს, PechaKucha Night Tbilisi-ის ღონისძიებაზე გაიმართა. პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს ქართველ მეწარმეებს ქვეყნის მდგრად განვითარებაში. “ეფეს საქართველო” ახორციელებს სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს, რომლებიც მოიცავს ჩამდინარე წყლის წმენდას, პლასტმასის გამოყენების შემცირებას, ენერგოეფექტურობას და ა.შ.

გამოქვეყნებულია საზოგადოება

ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე სპორტული ინვენტარის მწარმოებელმა კომპანია adidas-მა ახალი ბურთი წარადგინა. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.

ნახევარფინალსა და ფინალს ახალი ბურთით ითამაშებენ. პირველ ნახევარფინალურ მატჩში არგენტინამ ხორვატია 3:0 დაამარცხა.

მსოფლიო ჩემპიონატის საინტერესო ნახევარფინალური მატჩები გაგრძელდება.

სპორტული აღჭურვილობის მწარმოებელმა adidas-მა ახალი ბურთი სწორედ დარჩენილი მატჩებისთვის წარადგინა.

გამოქვეყნებულია მსოფლიო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი იმყოფება. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციას.
გენერალ დანიელ პეტრესკუს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები განიხილეს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობისა და განვითარების მნიშვნელობას, რეგიონში საქართველოსა და რუმინეთს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს. ხაზგასმით აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მნიშვნელოვანი როლი და პაკეტის ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში რუმინეთის წვლილი.
ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ რუმინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე გენერლებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო სამხედრო განათლებისა და სამხედრო წვრთნების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.
ქართულმა მხარემ გენერალ დანიელ პეტრესკუს მადლობა გადაუხადა რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი დანიელ პეტრესკუ ნატო-ს ძირითად ჯგუფს და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების შესახებ ისაუბრეს. დღესვე რუმინელმა გენერალმა ვაშლიჯვარში, სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაც მოინახულა.
რუმინეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა დანიელ პეტრესკუმ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გამოქვეყნებულია სამხედრო

პეკინი, 13 დეკემბერი (სინხუა) – ჩინურმა მხარემ მოუწოდა გაზარდოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინმა ორი ქვეყნის ოფიციალურ პირებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სე ფენმა მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან აღმოსავლეთ აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში დანიელ კრიტენბრინკთან და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს უფროს დირექტორთან ჩინეთის საკითხებში ლორა როზენბერგერთან ქალაქ ლანგფანგში. შეხვედრა გაიმართა ჰებეის პროვინციაში, ჩრდილოეთ ჩინეთში, პეკინის მახლობლად.

ჩინეთმა განაცხადა, რომ ორივე მხარემ უნდა განიხილოს ორი სახელმწიფოს მეთაურის მიერ ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მიღწეული მნიშვნელოვანი კონსენსუსის განხორციელება, როგორც მთავარი გზამკვლევი ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციისა და განვითარებისთვის შემდეგ ეტაპზე, განაცხადა ვან ვენბინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჩინეთმა ასევე მოუწოდა ორივე მხარეს გააძლიერონ კომუნიკაცია და დიალოგი, განახორციელონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და სათანადოდ მოაგვარონ უთანხმოება, რათა ორმხრივი ურთიერთობები ნორმალურ ვითარებას დაუბრუნდეს, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

გამოქვეყნებულია ჩინეთი

ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს. ესაა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ანაკლიის პორტში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2016 წელს ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ, ინვესტორის მხრიდან ვალდებულებები არ შესრულდა და პორტი არ აშენდა, რაც არის ძარცვის კლასიკური მაგალითი.
„მეორე საკითხი, რაც მინდა ვაცნობო საზოგადოებას, ეხება ანაკლიის პორტს. ჯერ კიდევ 2016 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ ეს პორტი აშენებულიყო. ეს ყველას კარგად მოგეხსენებათ. მანამდე, ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს, ჩვენ ღიად ვსაუბრობდით ყველგან ამ საკითხზე, ყველა ტრიბუნასა და პლატფორმას ვიყენებდით ამისთვის, მათ შორის, გაეროს ტრიბუნიდანაც განვაცხადეთ, რომ ჩვენი გაცხადებული ინტერესი და პრიორიტეტი არის ამ პორტის აშენება. 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, კარგად მოგეხსენებათ ყველას, თუ ვინ არის ეს ეგრეთ წოდებული ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ უნდა მიგვეღო პირველი გემები 2020 წელს, თუ არ ვცდები. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, 3-ჯერ, 4-ჯერ, თუ არ ვცდები, და, ამის მიუხედავად, ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორს, ჯაფარიძეს 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, ჩემი ინფორმაციით, დანარჩენი მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, 20 თუ 25 მლნ დაახლოებით. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო, და მიწა უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდეც, გზების, რკინიგზის მიყვანას, ასეულობით მლნ უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი არ უნდა მიეღო. ანუ რეალურად ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის. მას შემდეგ, რაც 4-5 წლის მერე ჩააგდო ეს პროექტი და ვერ განახორციელა, მას შემდეგ გადაწყვიტეს ამ ადამიანებმა, რომ გაძარცვონ ჩვენი ქვეყანა და რატომ, – უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს ედავებიან მილიარდ ხუთას მილიონ დოლარს. წარმოგიდგენიათ, რა ხდება, ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს ედავება მილიარდ ხუთას მილიონს. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა და ჩვენ კარგად ვიცით, რა თქმა უნდა, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა, ეს იყო ჩვეულებრივი გამდიდრების და ძარცვის იდეა.
ამიტომ, ჩვენ ახლა, ამის თაობაზე გახსოვთ კარგად, რომ რამდენიმე თვის წინ მე დავავალე ეკონომიკის სამინისტროს, მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, კონკურსს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს, პარტნიორ კომპანიებს, ესაა მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც მინდა ვაცნობო ჩვენს საზოგადოებას. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული, კარგად მოგეხსენაბათ, ანაკლიაში რაც ხდება ახლა, მტვრის ბუდედ გადააქციეს ეს ადგილი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. ეს პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით, სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს უცხოურ კომპანიებთან თუ სხვა კომპანიებთან ერთად, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება,” – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური
გამოქვეყნებულია პოლიტიკა

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« December 2022 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური