2022 წ. 10 თვის განმავლობაში ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა 9,5 პროცენტით გაიზარდა
პეკინი, 7 ნოემბერი (სინხუა) – 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში ჩინეთის საქონლით საგარეო ვაჭრობის მოცულობა 9,5 პროცენტით გაიზარდა.
ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული მონაცემებით, წლიურად საგარეო ვაჭრობამ 34,62 ტრილიონ იუანი (დაახლოებით 4,79 ტრილიონი დოლარი) შეადგინა.
კერძოდ, ექსპორტის მოცულობა 13 პროცენტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 19,71 ტრილიონ იუანს მიაღწია, იმპორტი კი 5,2 პროცენტით გაიზარდა და წლიური თვალსაზრისით 14,91 ტრილიონ იუანს გადააჭარბა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან და ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან"
გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია საქართველოს სტუმრობს
2022 წლის 7-11 ნოემბერს პირველად კოვიდ-პანდემიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკური დელეგაცია გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოს სტუმრობს. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" გერმანიის საელჩოს ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გერმანელი ბიზნესმენები მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებიდან მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ბაზრის გამოკვლევის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში.
მრეწველობის ამ დარგებზე მოდის საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი. ამავე დროს ეს სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებაში, რასაც გერმანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად უჭერს მხარს.
თბილისსა და კახეთში სტუმრობის დროს დელეგაციას ექნება შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გარდა ამისა ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს შორის კავშირების დასამყარებლად ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი. ვიზიტის პროგრამაშია ასევე ქართველ ბიზნესმენებთან სტუმრობა და კონკრეტული პროექტების მონახულება.
14-15 ნოემბერს „ასტანა ბალეტი“ ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება
ბალეტი რომელიც ქვეყნებს იპყრობს
14-15 ნოემბერს, "ასტანა ბალეტის" თეატრი საქართველოში გასტროლებს გამართავს. ორი დღის განმავლობაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, ყაზახეთის დედაქალაქის ბალეტის დასი კონტრასტულ და, ამავდროულად, დახვეწილ პროგრამას წარმოადგენს. პროგრამა მოიცავს ერთმოქმედებიან ბალეტებს „სალომე“, „A Fuego Lento“ და საკონცერტო პროგრამას „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“.
„ჩვენთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, დიდი პასუხისმგებლობაა განთქმულ სცენაზე პირველად გამოსვლა, ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საბალეტო ოსტატობის მაღალი ხარისხი. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით მივუდექით საგასტროლო აფიშის შერჩევას, არჩევანი ჩვენს მთავარ მიმართულებაზე გაკეთდა - თანამედროვე და ნეოკლასიკურ ბალეტზე, ასევე ჩვენი რეპერტუარის სიამაყეზე - ყაზახი და უცხოური საზოგადოების მიერ აღიარებულ ეროვნულ დივერსიმენტზე. ვიმედოვნებთ, რომ არტისტებისა და თეატრის მთელი გუნდის შემოქმედება დიდხანს დარჩება ქართველი მაყურებლის გულებში, ხოლო ჩვენ მოუთმენლად დაველოდებით მათთან შეხვედრას“, - აღნიშნა თეატრის დირექტორმა ალექსანდრე სოვოსტიანოვმა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელი დღისთვის „ასტანა ბალეტი“ წარმოადგენს, ყაზახეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ წამყვან ქორეოგრაფიულ კოლექტივს, რომელსაც ათასობით გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ის ეწევა აქტიურ საგასტროლო და საკონცერტო საქმიანობას, როგორც ქვეყანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ: არტისტები უკვე წარდგნენ ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე პეკინსა და შანხაიში (ჩინეთი), პარიზში (საფრანგეთი), ვენაში (ავსტრია), სეულში (კორეა), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), ნიუ-იორკში (აშშ), ტოკიოში (იაპონია), ვარშავაში (პოლონეთი), მინსკში (ბელორუსია), ბრიუსელში (ბელგია), მილანში (იტალია), მონტე კარლოში (მონაკო), დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები).
პირველ დღეს მაღალი ხელოვნების შემფასებლებისთვის წარმოდგენილი იქნება რიკარდო ამარანტეს ნეოკლასიკური ბალეტი "A Fuego Lento" შიფრინის, პიაცოლას, გარდელისა და კოსუგის მუსიკაზე. ეს არის ბალეტმეისტერის ფანტაზიის „თავისუფალი ფრენა“ სიყვარულსა და სურვილზე. ერთმოქმედებიანი ბალეტის თითოეული ნომერი წარმოადგენს ქორეოგრაფიულ მინიატურებს ყველაზე ტემპერამენტული და ემოციური ცეკვის - ტანგოს ელემენტებით, რომელშიც განსაკუთრებული როლი ენიჭება ვირტუოზული შესრულების ტექნიკას, ნამდვილ მზგნებარებას და ჭეშმარიტ გრძნობებს. ერთადერთი, რასაც ტანგო ვერ იტანს, არის თვალთმაქცობა და ფარსი, რადგან არ არსებობს ჩვენი გრძნობებისა და ემოციების უფრო სანდო „სიცრუის დეტექტორი“, ვიდრე საყვარელი ადამიანის გულში ჩაკვრა.
იმავე დღეს, მეორე განყოფილებაში, მაყურებელი იხილავს ოსკარ უაილდის პიესის მიხედვით დადგმულ საოცარ სპექტაკლს „სალომე“ ფაზილ საიას მუსიკაზე თეატრის მთავარი ბალეტმეისტერის მუქარამ ავახრის ქორეოგრაფიით. ბიბლიური სიუჟეტი ავტორის ინტერპრეტაციით საშუალებას მოგცემთ ჩაიძიროთ გრძნობების ნათელ სამყაროში, ხოლო მთავარი გმირების რთული კონტრასტული გამოსახულებები საშუალებას მისცემს საზოგადოებას ახადოს ფარდა ადამიანის სულის საიდუმლოებას. ბალეტმეისტერი სვამს მარადიულ კითხვებს სიბნელესა და სინათლეს შორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ მათ უპასუხოდ ტოვებს და ყველას სთავაზობს არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთებას. სპექტაკლის კულმინაცია ახალგაზრდა სალომეს ცეკვაა, უჩვეულოდ პოპულარული ეპიზოდი იმ მხატვრების, მოქანდაკეებისა და კომპოზიტორების წყალობით, რომლებმაც ის თავიანთ შემოქმედებებში აღბეჭდეს.
მეორე დღეს „ასტანა ბალეტის“ თეატრის კოლექტივი წარადგენს ყაზახეთის დამსახურებული მოღვაწეების აიგულ ტატისა და მუქარამ ავახრის მიერ დადგმულ ეროვნულ დივერსიმენტს „დიდი სტეპის მემკვიდრეობა“. საცეკვაო მინიატურების უნიკალური კოლექცია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ეთნოგრაფიულ მასალას და თანამედროვე ქორეოგრაფიას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს ეროვნული ცეკვის ხასიათსა და ორიგინალურობას, უცვლელად შედის თეატრის საგასტროლო აფიშაში. ესთეტიკა, სანახაობა, სიღრმე და განუმეორებელი მხატვრული გამოსახულებები ღრმად წვდება სულს და აღაფრთოვანებს მაყურებელს მთელ მსოფლიოში.
გასტროლები გაიმართება ყაზახეთის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
ნოემბრის ტესტ-მატჩი / საქართველო 34:18 ურუგვაი!
ნოემბრის ტესტ-მატჩების პირველ შეხვედრაში ბორჯღალოსნებმა ურუგვაი „დინამო არენაზე“, ლამაზ სტილში 34:18 დაამარცხეს.
ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება და საქართველომ ზედიზედ მეხუთედ მოახერხა სამხრეთელთა დამარცხება, რომელსაც ბოლო დროს დიდი პროგრესი აქვს და საფრანგეთის მსოფლიო თასის საგზური ამერიკა1-ის სახელით მოიპოვა.
შეხვედრა ბექა გორგაძისთვის ნამდვილ ბენეფისად იქცა. ფლანკერად მოთამაშე 26 წლის მორაგბემ მეტოქეს პირველ ტაიმში სამი ლელო გაუტანა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გორგაძემ ბორჯღალოსნების კვართით ერთ თამაშში სამი ლელო გაიტანა და ჯამში 11 მოუგროვდა. მესამე კეპი მოიხვეჭა და პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა გურამ პაპიძემ.
ურუგვაისთან ჯახი ასევე განსაკუთრებული იყო 29 წლის მერაბ შარიქაძისთვის, რომელმაც ბორჯღალოსნებს მე-40-ედ უკაპიტნა და ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი აქვს.
შეხვედრა გამორჩეული იყო სამი დებიუტანტისთვის – ვახტანგ აბდალაძემ, თენგიზ პერანიძემ და ლუკა მატკავამ ეროვნული გუნდის კვართით პირველად ითამაშეს.
შესანიშნავი გარემო შექმნეს რაგბის ქომაგებმა „ბორჯღალოსნებმა“, რომელებმაც მეტრო „მარჯანიშვილიდან“ „დინამო არენამდე“ მსვლელობა მოაწყვეს და მუხტი ჯერ კიდევ თამაშამდე აწიეს, უშუალოდ სტადიონზე კი მუდმივი შეძახილებით 20-ათასამდე გულშემატკივარი აიყოლიეს.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ურუგვაელებმა აღნიშნეს, რომ ისინი საქართველოსგან ტრადიციულ, ახლო ორთაბრძოლებს ელოდნენ, თუმცა ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა, ბოლო წლების დარად, მეტოქეს განსხვავებული, გაშლილი თამაში შესთავაზეს და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს. ამასთან, საქართველო მაქსიმალური ყურადღებით თამაშობდა დაცვაში, მეტოქეს ბურთს უნელებდა და მთავარი კოზირის – არეულ თამაშში სწრაფი შეტევების განხორციელების შესაძლებლობა არ მისცა.
იყო შეცდომებიც და ხშირი ჯარიმები, რის გამოც მთლიანობაში თამაშის ტემპი მაღალი არ იყო, თუმცა ბორჯღალოსნებს მუდამ უჭირთ ხოლმე პირველი შეხვედრის ჩატარება და ამ თვალსაზრისით ურუგვაისთან თამაში კარგი იყო.
რაგბის კავშირის პრეს-სამსახური
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს კაპიტალის ბაზარზე 80 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მწვანე ობლიგაციების განთავსებას
კომპანია ევროკავშირისაგან მიიღებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას ბონდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსების უზრუნველსაყოფად.
მხარდაჭერის მექანიზმს უზრუნველყოფს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ახორციელებს პროგრამის კონტრაქტორებთან - Galt & Taggart-სა და BDO Georgia-თან ერთად.
ტრანზაქცია სრულად შეესაბამება პროგრამის უფრო ფართო სტრატეგიულ მიზნებს, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოში კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებას, აგრეთვე გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობასთან დაკავშირებული საკითხებისა და ღირებულებების მხარდაჭერას.
5-წლიანი, აშშ დოლარში დენომინირებული ე.წ. ბულეტ გადახდის გრაფიკის მქონე ობლიგაციების გამოშვება და განთავსება 2022 წლის 12 ოქტომბერს მოხდა. ფიქსირებული კუპონი განისაზღვრა 7.00%-ით. ობლიგაციები გამოიცა და გაიყიდა ნომინალური ღირებულებით.
კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, ნუკა მშვიდობაძემ, აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ GRPO კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამიდან დახმარებას მიიღებს. იმედი მაქვს, რომ პროგრამა წაახალისებს მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და განახლებადი ენერგიის სხვა ოპერატორებსაც მისცემს დამატებით მოტივაციას, დააკმაყოფილონ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის მაღალი სტანდარტები. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და წვლილი შევიტანეთ საქართველოს განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო პროგრამის დონორებსა და მხარდამჭერებს - ევროკავშირს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), Galt & Taggart-სა და BDO Georgia-ს“.
საქართველოს პრეზიდენტი - პოლარიზაცია დემოკრატიის ერთ-ერთი გამოწვევაა და ასუსტებს ქვეყანას
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა სტრასბურგში ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმზე“
ვარდების რევოლუცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მრავალჯერ ახსენეს, თუმცა საქართველოს დემოკრატიზაცია ბევრად ადრე დაიწყო, უფრო ადრეულ საუკუნეებში. უახლესი პერიოდისთვის ეს გასულ საუკუნეში მოხდა, 1918 წელს პირველი დამოუკიდებლობით, რომელიც რუსეთის შემოჭრამ და რუსულმა ოკუპაციამ შეაფერხა, შემდეგ იყო 70 წლიანი საბჭოთა რეჟიმი, რომელმაც მენტალიტეტის ცვლილება, რეპრესიები, იზოლაცია მოიტანა.
დემოკრატიული მიმართულების ხელახლა აღება 1991 წლიდან მოხდა და მაშინაც იყო რუსეთის ახალი იერიში სეპარატისტული ტერიტორიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელმა მსოფლიომ იცოდა, დასავლეთს მაშინ არ სურდა იმის დანახვა, რომ ეს იყო რუსეთის იერიში თავისი შეიარაღებითა და ჯარით, და შემდეგ კვლავ 2008 წელს... ეროვნული წინააღმდეგობის ეს კურსი, ვიტყოდი, რომ დემოკრატიული სიმტკიცეა, რომელიც ამ დარბაზიდან იწყება, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრად მიიღეს, პირველი ევროპული ინსტიტუცია, რომელშიც საქართველო გაწევრიანდა და იმ დროს, პრემიერ-მინისტრმა თქვა სიტყვები, რომელსაც დღეს ყველა ქართველი სტუდენტი იმეორებს „მე ვარ ევროპელი და მაშასადამე, მე ვარ ქართველი“ ან ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი.“ და ასე ფიქრობს და ეს სურს მოსახლეობის 80%-ს.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ მიგვიღწევია იდეალური დემოკრატიისთვის, თუმცა რომელმა თქვენგანმა მიაღწია დღეს? ჩვენ ვნახეთ პერიოდები, როცა რეფორმები სწრაფად წავიდა და ისეთი პერიოდებიც, როცა ნაკლებად სწრაფად, მაგრამ ჩვენ დღეს ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელიც დღევანდელ დემოკრატიას ემუქრება. გამოწვევა, რომელსაც შესანიშნავად უწევს წინააღმდეგობას მთლიანად უკრაინელი ერი (და მსურს პატივი მივაგო მთლიანად უკრაინელ ხალხს, არა მხოლოდ მებრძოლებს). რაც კიდევ უფრო გასაოცარი და აღმაფრთოვანებელია, ამ დიდი გამოწვევის წინაშე, ამ ერის სრული ერთობაა. ეს არის ის ძალა, რომელიც ამ ომში წარმატებულია.
არის კიდევ დემოკრატიის სხვა გამოწვევაც - პოლარიზაცია, რომელიც ყველგანაა და ჩვენთან შემოიჭრა. იქნება ეს პოლიტიკურ პარტიებს შორის, მედიაში თუ ეკლესიაში, რომელიც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ინსტიტუტია საქართველოში. პოლარიზაცია იმ მნიშვნელობით, რომ აღარ ენდობი სხვას, როცა ფიქრობ, რომ სხვა უკვე მტერია, მაშინ, როცა მტერი საზღვართან გყავს, როცა ხარ რეგიონში, რომლის სტაბილურობაც ჯერ კიდევ ბოლომდე არაა მიღწეული, რადგან არაა არცერთი უსაფრთხოების ინსტიტუტი, ევროპულ და ნატო-ს საზღვარს ჯერ არ შევერთებივართ. ვართ, არ ვიტყოდი ნაცრისფერ ზონაში, თუმცა არც უსაფრთხოების ზონაში არ ვართ, და ასეთ მომენტში, პოლარიზაცია ერის წინაშე დანაშაული ხდება, რადგან ეს ყველაზე მეტად ასუსტებს [ქვეყანას], ყველაზე მეტად გამოყენებადია მტრის მიერ, მაშინ როცა სამხედრო თავდასხმას არ იყენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსული ბაზა დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრშია და ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ეს არაა დამამშვიდებელი სიტუაცია, ეს ის სიტუაციაა, რაშიც ვცხოვრობთ და რომლის მიუხედავადაც, ვავითარებთ ამ დემოკრატიულ გამძლეობას, მიუხედავად იმისა, რომ არაიდეალურია.
მესამე გამოწვევა, ეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების რეაქციის არარსებობაა. საქართველოსთვის ნაცნობია ეს გზა, რომელზეც მიიწევს წინ მეზობლობის პოლიტიკიდან დაწყებული. მე მახსოვს ეს პერიოდი, მაშინ როცა საფრანგეთის ელჩის რანგში, შემდეგ კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ჩავედი საქართველოში. მაშინ ყველა მეუბნებოდა, რომ მეზობლობის პოლიტიკა საქართველოსთვის არაა, რომ ეს ძალიან შორია და არასდროს მოხდება. შემდეგ ვიხილეთ მეზობლობის პოლიტიკა, ასოცირება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი სავაჭრო სივრცე - ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია, თუმცა არ ყოფილა ევროპის მხრიდან რეაქცია. შესაძლოა, ევროპულმა პოლიტიკურმა საზოგადოებამ ნაწილობრივ მოახდინა რეაგირება, თუმცა საქართველომ, უკრაინისა (რაც მოსახლეობისათვის ნათლად გასაგები იყო) და მოლდოვასათვის კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცესში, დიდი იმედგაცრუება განიცადა. მიუხედავად ყველაფრისა, იმედგაცრუება, ანუ პროცესის მიღმა დარჩენა სხვისთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, არსებობდეს მყიფე სიტუაცია, რომლის გამოყენებასაც ერთ დღეს შეძლებს, რითაც სხვა დანაკარგების და დეფექტების კომპენსირებას მოახდენს. ყურადსაღები საკითხია.
ასე რომ, ჩვენ განვიცადეთ ვიტყოდი ეს ეგზისტენციალური იმედგაცრუება. ჩვენ იმდენად ევროპელები ვართ და უკვე იმდენი ხანია რომ, რაღაც მომენტში უნდა შევუერთდეთ ამ ევროპულ ოჯახს. ვფიქრობ, დღეს დასაკარგი დრო აღარ გვაქვს. საქართველოსათვის საჭიროა კანდიდატობა. გზავნილი გაგებულ იქნა - თქვენ არ ხართ სრულყოფილი - და არ ვართ სრულყოფილი, თუმცა დღეს საჭიროა კანდიდატურა და საჭიროა, რომ შემდეგი გზაც იყოს ზედმიწევნითი.
ბაერბოკმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნები უკრაინის ზამთრის დახმარებას უზრუნველყოფენ
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა განაცხადა, რომ G7-ის ქვეყნებმა (გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, იაპონია, კანადა) კოორდინირებული ქმედებები დაიწყეს უკრაინის ზამთრის დახმარების უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ "ტრტ-ქართული" წერს.
გერმანიის ქალაქ მიუნსტერში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ სიტყვით გამოსვლისას ბაერბოკმა თქვა: ”ჩვენ უკრაინას ზამთრის დახმარებას გავუწევთ ჩვენს G7-ის პარტნიორებთან ერთად”.
მისივე თქმით, ბევრი სხვა ქვეყანაც დაუჭერს მხარს ამ დახმარებას და აღნიშნა: "ეს ზამთრის დახმარება ასევე ნიშნავს, რომ ჩვენ არ მივიღებთ საერთაშორისო სამართლის დარღვევას. ჩვენ არ მივიღებთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტრატეგიას უკრაინის დაშლის შესახებ. ჩვენ არ მივიღებთ იმას, რომ ის საერთაშორისო ერთიანობის დარღვევას იმედოვნებს“.
ბაერბოკმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გამო პუტინი უფრო მეტ არაადამიანურობაში დაადანაშაულა და დასძინა, რომ G7 ქვეყნები არ დაუშვებენ მოხუცები, ბავშვები და ახალგაზრდები შიმშილით ან სიცივით დაიღუპონ.
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ვიზიტი დაიწყო
ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პირადად მასპინძლობს.
დღესვე გაიმართება საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური მდივნის პირისპირ შეხვედრა. მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ,,დემოკრატიის მსოფლიო ფორუმში“, რომელიც ყოველწლიურად ევროპის საბჭოსა და საფრანგეთის მთავრობის პატრონაჟით ტარდება.
წელს დემოკრატიის ფორუმის მიზანს დემოკრატიის დაღმასვლის ძირითადი ფაქტორების გამოვლენა და ამ საკითხის გადაჭრისათვის შესაბამისი გზების მოძიება წარმოადგენს.
საფრანგეთში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან და ისლანდიის პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირთან.